Google+

გამოსვლები და განცხადებები

24.04.2008
საქართველში ახლადაკრედიტებულ დიპლომატებთან საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა განცხადება გააკეთა

მოგესალმებით ყველას.

მივესალმები საქართველოში ახლადაკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს.

ჩვენთვის დიდი პატივია თქვენგან რწმუნებათა სიგელების მიღება. საქართველოში ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, მინდა გავაკეთო განცხადება.

როგორც იცით, ბოლო კვირები საქართველოს გარშემო საკმაოდ დაძაბული იყო.

ჯერ, რუსეთის ფედერაცია დსთ-ის სანქციებიდან გავიდა და ამგვარად, პრაქტიკულად, ხელი აიღო აფხაზეთში ჩადენილი ეთნიკური წმენდის ავტორების მიმართ რაიმე სახის სანქციებზე.

შემდეგ, რუსეთმა გადადგა ბევრად უფრო საშიში ნაბიჯი და საქართველოს ხელისუფლების კატეგორიული აკრძალვისა და პროტესტის მიუხედავად, პირდაპირი კავშირი დაამყარა საქართველოს შუაგულის რეგიონთან - სამხრეთ ოსეთთან და ასევე ჩვენი ქვეყნის გულთან - აფხაზეთთან.

მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, ეს სრულიად უპრეცენდენტო ქმედებაა მსგავს ვითარებაში მსგავსი ტერიტორიების მიმართ.

ეს არის საერთაშორისო წესრიგის დარღვევისა და მთლიანად ამოყირავების მცდელობა.

ვფიქრობ, ეს იმ იმედით გაკეთდა, რომ საერთაშორისო თანამეგობრობა და მსოფლიო ამ ფაქტზე ისევე გაჩუმდებოდა, როგორც არ ამოუღია ხმა მაშინ, როდესაც 1992-93 წლებში ბომბავდნენ სოხუმს, როდესაც 450 ათასზე მეტი, შესაძლოა 500 ათასიც იქ მცხოვრები ადამიანი - ეთნიკური ქართველები, ეთნიკური ბერძნები, ეთნიკური უკრაინელები, ეთნიკური ესტონელები, ეთნიკური ებრაელები, ეთნიკური რუსები, ეთნიკური აფხაზები გამოაძევეს ამ ტერიტორიიდან; როგორც საკმაოდ მშვიდად შეხვდა და, პრაქტიკულად, არ ჰქონდათ რეაქცია მაშინ, როდესაც იბომბებოდა საქართველოს ტერიტორია ჩეჩნეთის ომის დროს.

შედარებით მეტი რეაქცია ჰქონდათ შარშან, როდესაც კოდორის ხეობა დაბომბეს, თუმცა რამდენიმე კვირა მაინც დასჭირდა, ვიდრე მსოფლიო რამეს მიაქცევდა ყურადღებას და ხმას ამოიღებდა.

შარშან, როდესაც სამხრეთ ოსეთის კონფლიქტის ზონის მახლობლად, ეთნიკურად შერეული სოფელი წითელუბანი დაიბომბა, საერთაშორისო კომისია შეიქმნა და ეს იყო პირველი შემთხვევა, როდესაც დადასტურდა რუსეთის ფედერაციის მიერ აგრესიული ქმედების განხორციელების ფაქტი საქართველოს მიმართ.

ვფიქრობ, ჩვენი პარტნიორებისთვის მოსკოვში სრულიად მოულოდნელი და გამაოგნებელი იყო მსოფლიოს რეაქცია, მათი ბოლო დიპლომატიური ქმედების გამო, რომელიც ჩვეულებრივი დიპლომატიის ფარგლებში ისედაც არ ჯდება.

რუსეთის ამ ქმედებებთან დაკავშირებით, მათ პირველად გაეცათ კონსოლიდირებული და ძალიან მკვეთრი პასუხი ყველა დიპლომატიურ დონეზე.

ძალზე მკვეთრი განცხადებები გაკეთდა ევროკავშირის, ნატო-ს, ჩვენი პარტნიორი ქვეყნების მხრიდან, ხოლო რაც შეეხება გაეროს უშიშროების საბჭოს გუშინდელ სხდომას, ესეც პირველი სხდომაა, მას შემხეგ რაც გაეროს მანდატი მოქმედებს აფხაზეთთან მიმართებაში.

საქართველოს საკითხებზე გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალური მდივნის მეგობართა ჯგუფის ოთხმა წევრმა გააკეთა ცალკე განცხადება, რომელიც რუსეთის ფედერაციის კრიტიკას შეიცავდა.

გაეროს საქართველოში მოქმედების 14-წლიანი ისტორიის განმავლობაში და მეგობართა ჯგუფის შექმნის შემდეგ, ეს პირველი მსგავსი შემთხვევაა.

ვფიქრობ, ეს არის ის, რამაც სერიოზულად უნდა დააფიქროს ჩვენი მეგობრები და პარტნიორები მოსკოვში.

საქმე იმაშია, რომ ამ გადაწყვეტილებით მათ ის ზღვარი გადალახეს, რომლის იქით ნორმალური ურთიერთობა და ნორმალური საერთაშორისო დიპლომატიური პროცესი ძალიან სერიოზული დარტყმის ქვეშ დგება.

საქართველო კონსტრუქციული, მშვიდობიანი ქვეყანაა.

ჩვენ ინტერესს შეესაბამება, რომ რუსეთის ფედერაციასთან მჭიდრო და მეგობრული ურთიერთობა გვქონდეს.

თუმცა ვერ შევეგუებით ვერც ერთ ნაბიჯს, რომელიც საქართველოს ტერიტორიის უმნიშვნელოვანესი ნაწილის ანექსიისკენ, ეთნიკური წმენდის შედეგების დაკანონებისკენ იქნება მიმართული, მით უმეტეს, თუ ამას ქვეტექსტად გამოიყენებენ იმისათვის, რომ საქართველომ საგარეო პოლიტიკური ორიენტაცია და საკუთარი პოლიტიკური სისტემა შეცვალოს.

დღეს დილით წავიკითხე ამერიკის შეერთებული შტატების ოფიციალური განცხადება, რომელშიც ამ წლების განმავლობაში პირველად, ყოველგვარი პოლიტიკური რევერანსებისა და მიკიბვ-მოკიბვის გარეშეა ნათქვამი იმის თაობაზე, რომ თვითმფრინავი, რომელმაც გუშინწინ საქართველოს ტერიტორია დაბობმა, იყო რუსული.

განცხადებაში კიდევ ერთხელ არის დადასტურებული ამერიკის პოზიცია იმასთან დაკავშირებით, რომ რუსეთმა საკუთარ პოზიციას უნდა გადახედოს.

ჩვენ ვართ და ვრჩებით კონფლიქტების მშვიდობიანი მოგვარების მომხრეები.

პირველად, მთელი ამ წლების განმავლობაში, გუშინ, ისევე, როგორც რამდენჯერმე ბოლო დღეებში, ჩვენმა მეგობრებმა გაერო-ში, ბევრმა პარტნიორმა და ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ეჭვქვეშ დააყენეს რუსეთის, როგორც ნეიტრალური შუამავლის როლი მთელ ამ პროცესებში.

ეს გვიბიძგებს, დავიწყოთ კონსულტაციები ჩვენს მეგობრებთან გაეროს მისიის ფორმატის გადასინჯვასა და გაეროს მისიის გაძლიერებაზე, ისევე როგორც მეგობრული სახელმწიფოების როლის და შუამავლის სტატუსის გაზრდასა და გაძლიერებაზე კონფლიქტის ორივე ზონაში.

ამავე დროს, რუსეთის სამშვიდობო კონტიგენტის შემდგომ იქ ყოფნის მიზანშეწონილობასთან დაკავშირებით, ჩვენ დავიწყებთ ინტენსიურ მოლაპარაკებას ყველა ჩვენს მეგობართან და მათ, ისევე როგორც რუსეთის ფედერაციას, შევატყობინებთ ჩვენი, ქართული სახელმწიფოს სუვერენული გადაწყვეტილების შესახებ.

ხაზგასმით აღვნიშნავ, რომ საქართველო არ გადადგამს არც ერთ ისეთ ნაბიჯს, რომელიც რაიმე სახით საფრთხის ქვეშ დააყენებს მშვიდობას და უსაფრთხოებას ამ რეგიონში.

დღეს რუსული კონტიგენტის კონფლიქტის ზონაში ყოფნა და მათ მიერ ბოლო დღეების განმავლობაში განხორციელებული ქმედებები, ცალსახად წარმოადგენს რისკფაქტორს.

ამიტომ, ჩვენ არ ვაპირებთ მოულოდნელი, ნაჩქარევი ან დაუსაბუთებელი ნაბიჯის გადადგმას, რომელიც მშვიდობასა და უსაფრთხოებას რაიმე პრობლემას შეუქმნის.

ჩვენ გადავდგამთ მხოლოდ ისეთ ნაბიჯებს, რომლებიც მშვიდობის განმტკიცებასა და კონფლიქტის მშვიდობიან მოგვარების საკითხს შეუწყობს ხელს.

გუშინ ჩვენ მოსკოვში გავაგზავნეთ წერილი, რომელშიც რუსეთის ამ გადაწყვიტელების გადასინჯვისა და შეცვლის პარალელურად, მზადყოფნას გამოვთქვამთ, რუსეთთან ვაწარმოოთ ყოვლისმომცველი მოლაპარაკება, რომელიც შეეხება ჩვენი ორმხრივი ურთიერთობების განვითარებას, ჩვენი ხალხების დაახლოებას, კონფლიქტების მშვიდობიან გადაწყვეტას კონფლიქტის ზონაში ადრე და ამჟამად მცხოვრები ყველა მოქალაქის ინტერესების გათვალისწინებით.

პოზიციის შეცვლას რუსეთისგან ჩვენს გარდა ელის ევროკავშირი, ყველა პარტნიორი სამშვიდობო პროცესში, ევროპის სახელმწიფოთა აბსოლუტური უმრავლესობა და, პრაქტიკულად, ყველა პოსტსაბჭოთა ქვეყანა.

ჩვენ ასევე გვაქვს დსთ-ის წევრი ქვეყნების პოზიცია, რომლებიც არ იწონებენ ამ გადაწყვეტილებებს.

ჩვენი ამოცანაა, თავიდან ავიცილოთ რაიმე სახის მასშტაბური ან სხვა გართულება და შეუქცევადი ხასიათი მივცეთ სამშვიდობო პროცესს, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და საქართველოს ერთიანობის იმ სამშვიდობო ინიციატივების ფარგლებში, რომლებიც მხარდაჭერილია გაეროს მეგობართა ჯგუფის ყველა წევრის მიერ რუსეთის გარდა, ევროკავშირისა და ამერიკის შეერთებული შტატების მიერ.

სამშვიდობო ინიციატივა მოიცავს რადიკალურ, საქმიან და ყველასათვის შთამბეჭდავ წინადადებებს.

დროა, სერიოზულად დავიწყოთ ამ წინადადებების განხილვა და გაცნობა საზოგადოებისათვის, მათ შორის სეპატრატისტულ ანკლავებში მცხოვრები საზოგადოებისთვის.

ამ წინადადებებს ხმა უნდა მივცეთ, რათა ეს საკითხები მშვიდობიანად და კონსტრუქციულად გადაწყდეს.

ეს არის დღევანდელ ვითარებასთან დაკავშირებით ჩემი განცხადება.

ამავე დროს, ვინაიდან ბევრი თქვენგანი საქართველოში პირველად არის, მინდა მოკლე მიმოხილვა გავაკეთო.

ამ სირთულეების მიუხედავად, საქართველო არის რეგიონალური ლიდერი ეკონომიკური განვითარების საკითხებში.

შარშან ჩვენ გვქონდა თითქმის 13-პროცენტიანი ეკონომიკური ზრდა და, თითქმის, 2 მილიარდის პირდაპირი ინვესტიცია.

ეს არის აბსოლუტური რეკორდი რეგიონისთვის, თუმცა წელს ამაზე ბევრად მეტს მოველით.

ჩვენ ავაშენეთ და ვაშენებთ ბევრად უფრო მეტ სკოლას საავადმყოფოს და გზას, ვიდრე აშენდა ბოლო 25 წლის განმავლობაში, მათ შორის, საბჭოთა პერიოდის ჩათვლით.

გვაქვს დიდი გეგმები სოციალურ საკითხებთან დაკავშირებით, სიღარიბის დაძლევისა და ხალხის დასაქმების მხრივ.

ჩემი პირველი საპრეზიდენტო ვადის პერიოდში საქართველოში სიღარიბე თითქმის ორჯერ შემცირდა, მაგრამ არის საზოგადოების სეგმენტები, სადაც სიღარიბის დონე გაიზარდა.

ამის გათვალისწინებით, გვჭირდება ასობით ათასი ჩვენი თანამოქალაქის დასაქმება, ამისთვის კი აუცილებელია სტაბილურობა, სიმშვიდე, განვითარება, ანტიკორუფციული გარემოს შენარჩუნება.

მსოფლიო ბანკისა და ევროპის ბანკის მონაცემებით, რეგონში ყველაზე არაკორუმპირებული ქვეყანა ვართ და ვაპირებ, ამ მიმართულებით მკვეთრი ნაბიჯების გადავდგათ, ახალი ინიციატივებით გამოვიდეთ.

იმედია, რეფორმები საქართველოში გაგრძელდება.

უახლოეს პერიოდში საქართველოში საპარლამენტო არჩევნები გაიმართება.

ჩვენთვის ღირსების, პრინციპისა და ეროვნული უსაფრთხოების საკითხია, რომ ეს არჩევნები იყოს გაჭვირვალე, თავისუფალი, და სამართლიანი.

ამ არჩევნების დასაკვირვებლად წარმომადგენელს ყველა ქვეყნიდან ვიწვევთ, ასევე მივესალმებით ყოველგვარ რჩევასა და ტექნიკურ დახმარებას, რათა არჩევნები მაღალ დონეზე ჩატარდეს.

რა გარემოებების არ უნდა იყოს საქართველოს გარშემო, საქართველო არ გადაუხვევს ფუნდამენტული ფასეულობების დაცვის გზას - ეს არის თავისუფლება, ეს არის განვითარება, ეს არის დემოკრატია, მათ შორის, საარჩევნო დემოკრატია, ეს არის სიღარიბის დაძლევა, ხალხის გაჭირვებიდან გამოყვანა და მათი დასაქმება.

დიდი მადლობა.


საქართველოს პრეზიდენტის
ადმინისტრაციის პრესსამსახური




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (11)
2012 (12)
2011 (12)
2010 (10)
2009 (12)
2008 (12)
2007 (11)
2006 (12)
2005 (12)
2004 (4)