Google+

გამოსვლები და განცხადებები

29.08.2008
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ფოთში ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდა

მოგესალმებით ყველას!

მე მქონდა შესაძლებლობა დამეთვალიერებინა დაბომბილი სამოქალაქო პორტი, მენახა ქუჩებში ხალხი, რომელიც ძალიან მაგრად დაუდგა მტერს.

მთელი სამეგრელო მოიქცა ისე, როგორც ეს ნამდვილ გმირთა მხარეს შეჰფერის.

ვფიქრობ, ოკუპანტები არ მოელოდნენ ასეთ ცივილიზებულ, მაგრამ შეუვალ წინააღმდეგობას, სიძლიერესა და ერთიანობას როგორც სამეგრელოში, ისე მთლიანად საქართველოში.

მინდა ვქთვა, რომ ბოლო კვირების განმავლობაში მთავრობა დადგა ძალიან მარგად, ყველამ ინერვიულა, პრაქტიკულად არავის არ დაუძინია, (გამგებლებს, გუბერნატორებსა და მინისტრებს). ნერვიულობით ყველამ ინერვიულა, თუმცა შიში ნამდვილად არავის არ ჰქონია.

არავინ არ გაქცეულა, არავის სამუშაო ადგილი არ მიუტოვებია.

ამის მთავარი მიზეზი არის არა ის, რომ ეს ხალხი გმირებად არიან დაბადებულები, არამედ ის, რომ ჩვენი ხალხი გმირული სულისკვეთების მქონენი არიან.

სწორედ ჩვენმა ხალხმა მოგვცა იმის ძალა, რომ უკან არავის დაეხია და ხელი არავის არ აკანკალებოდა.

როგორც სამეგრელო, ასევე გორი გმირული მხარეა.

ჩვენმა ჯარმა სამი დღის განმავლობაში შეაჩერა ბარბაროსული შემოტევა. ეს იყო საკმარისი იმისათვის, რომ მსოფლიოს გამოეღვიძა.

მთელი ჩემი წინა წლების მუშაობა ეძღვნებოდა იმას, რომ ამ მომენტში მსოფლიოს მარტო არ მიეტოვებინა საქართველო.

მინდა გითხრათ, რომ საქართველოს მთლიანობის, ერთიანობის და სახელმწიფოებრიობისთვის საერთაშორისო ერთულოვანმა მხარდაჭერამ ჩემს მოლოდინსაც კი გადააჭარბა.

ეს მხარდაჭერა არ იქნებოდა, თუ არა ჩვენი ხალხის ერთიანობა.

ჩვენს ხალხში რომ ყოფილიყო აზრთა სხვადასხვაობა, შიში, გაქცევა, მაშინ ჩვენთვის არავის არ ეცლებოდა.

თუ ჩვენ თვითონ არ ვიქნებოდით მზად ჩვენი ქვეყნის გვერდზე დასადგომად, სხვა რატომ დაუდგებოდა გვერდით ჩვენს ქვეყანას?.

ეს ეხება ჩვენს უახლოეს მომავალსაც. არაფერი არ არის დასრულებული. ოკუპანტები დგანან ამ ქალაქში, ჩვენს მიწაზე.

სანამ ერთი ოკუპანტი მაინც დგას ფსოუს და როკის გვირაბის აქეთ, საქართველოს ტერიტორია იქნება ოკუპირებული.

ჩვენ უნდა შევინარჩუნოთ ჩვენი ერთიანობა.

ჩვენ უნდა გვქონდეს დემოკრატია, უნდა ვიკამათოთ, ან შევთანხმდეთ რაღაცეებზე, მაგრამ მსოფლიომ უნდა ნახოს, რომ ჩვენ ერთიანი ვართ მთავარ საკითხებში.

ერთი რამ არის ნათელი - რუსეთს აქამდეც მითვისებული ჰქონდა აფაზეთისა და ცხივნალის რეგიონი, აქამდეც შეჰქონდა ამ ტერიტორიაზე იარაღი, ითვისებდა ქონებას, უბრალდოლდ, ამას ჩვენს გარდა არავინ არ აღიარებდა.

დღეს ჩვენ ველაპარაკებით ყველასამის თაობაზე.

რუსეთის ამ სამარცხვინო აღიარებას, რუსეთის გარდა არავინ არ ეთანხმება. თუკი ვინმე დაეთანხმება იქნება ერთი-ორი მათივე კუდი - არშემდგარი სახელმწიფო.

ჩვენ ვნახეთ გუშინ და მე მადლობელი ვარ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის, რომელმაც ძალიან მკაცრი პოზიცია დაიკავა. ასევე შუა აზიის ქვეყნებმა დაიკავეს პოზიციები. ერთი სიტყვით, პოზიცია დაიკავა სრულიად მსოფლიომ - დასავლეთმა და აღმოსავლეთმა, სამხრეთმა და ჩრდილოეთმა.

პირველ სექტემბერს არის ევროკავშირის საგანგებო სხდომა, შემდეგ თბილისში ჩამოდის ამერიკის ვიცე-პრეზიდენტი. იცით, რომ ბარაკობამამ დღევანდელ გამოსვლაში ერთადერთი ქვეყანა, რომელზეც რადიკალურად ილაპარაკა, გარდა ერაყისა და ავღანეთისა, იყო საქართველო და საქართველოს დაცვა.

იცით, მაკეინის განცხადებები, იცით კონკრეტული დახმარების პროექტებიც.

რუსეთმა ამ აღიარებით მიიღო შემდეგი რამ - თუ აქამდე საქართველოსთვის აფხაზეთის თემა იყო მხოლოდ თემა და ზოგიერთი ჩვენი მეგობრის სიმპატიანარევი რაღაც სახის დიპლომატიური მხარდაჭერა, დღეს ეს გახდა სასიცოცხლო საკითხი მთელი ცივილიზებული სამყაროსათვის.

დღეს უკვე, ეს აღარ არის ბრძოლა საქართველოსა და დიდ რუსეთს შორის, (ადრე გვეუბნებობდნენ, რომ ეს არის თქვენი შიდა პრობლემა) ეს არის ბრძოლა ცივილიზაციასა და არაცივილიზებულ მიდგომას შორის. ეს არის ბრძოლა მთელი საერთაშორისო თანამეგობრობის, კეთილი ნების ხალხისა და იმ ხალხს შორის, რომელთაც მსოფლიო არაფრად მიაჩნიათ.

მე უკვე ვესაუბრე ამერიკელებს იმის თაობაზე, რომ შემოიღონ სანქციები. პირველ რიგში ჩვენ მივიღებთ კანონს, რომლითაც აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში უკანონო ფულის ჩადება, ქონების შეძენა საქართველოს კანონმდებლობით იქნება დასჯადი.

ჩვენ გვაქვს კოორდინაცია იმაზე, რომ ამერიკის ხელისუფლება ზუსტად იგივე ზომებს მიიღებს ნებისმიერი კომპანიის მიმართ, რომელიც ამას გააკეთებს.

ჩვენ ასეთი ნაბიჯების გადასადგმელად ველაპარაკებით ინდივიდუალურ ევროპულ ქვეყნებსაც.

ერთი სიტყვით, საქართველოს წინააღმდეგ ჩადენილი უკანონობის წინააღმდეგ კანონიერი ზომების მიღების თემა, მსოფლიო მაშტაბის თემა გახდა.

ჩვენ აუცილებლად მშვიდობიანად გავაერთიანებთ ჩვენს ქვეყანას.

მშვიდობიანი გაერთიანების საწინდარი მთელი მსოფლიოს თანმიმდევრული ძალისხმევაა.

მსოფლიოს დრო ჭირდება ორგანიზების მოსახდენად. რუსეთში ადვილია, იქ ერთი კაცი წყვეტს ყველაფერს, ეს განზრახვა მას დიდი ხანია აქვს.

პირველად 2006 წელს დაგვემუქრა ამით.

მე ცივილიზებული ქვეყნების ლიდერებს მთელი ამ ხნის განმავლობაში ვეუბნებოდი, რომ ეს შეიძლებოდა მომხდარიყო. ისინი ვერ იჯერებდნენ, გულწრფელად რომ ვთქვათ, ამხელა რაღაცას ჩვენს ვერ წარმოვიდგენდით.

მსოფლიოს ჭირდება დრო - როგორც კონდოლიზა რაისმა აღნიშნა, როცა დასავლეთი დაიწყებს მოქმედებას, ნახავთ, რომ მათ სულ სხვანაირად იციან მოქმედება.

რუსეთს არ აქვს იმის რესურსები, რომ ცივილიზებულ სამყაროს დასავლეთსა და აღმოსავლეთში დაუპირისპირდეს.

მას ეგონა, რომ რაღაცას ჩაიდენდა, ცოტათი გააკრიტიკებდნენ და დაავიწყდებოდათ. ეს არავის აღარ დაავიწყდება.

დღეს რუსეთი იზოლირებულია როგორც არასდროს.

საქართველო პირველად თავის ისტორიაში მხარდაჭერილია ისე, როგორც არასდროს.

ჩვენი ამოცანა ახლა არის შემდეგი.

პირველ რიგში სიტუაციის ნორმალიზაცია და სტაბილიზაცია საჭირო. ეს ნიშნავს იმას, რომ ზამთრის დაწყებამდე არ უნდა გვყავდეს არცერთი უსახლკარო ადამიანი.

ყველას, ვინც დაკარგა სამუშაო და ბიზნესი, ხელი უნდა გავუმართოთ. ჩვენ მივიღებთ ძალიან დიდ დახმარებებს, მაგრამ სანამ ეს დახმარება დაიწყებს ჩამოსვლას, ამას დაჭირდება თვეები. გადაწყვეტილებები მიღებული იქნება სექტემბერში, მანამდე ჩვენი ყველა რესურსის მობილიზაცით დაზარალებულების დასახმარებლად ყველაფერს გავაკეთებთ.

ფოთში დაიწყება დიდი აღმშენებლობა. ჩვენ გვაქვს დიდი გეგმები თავისუფალ ეკონომიკურ ზონასთან მიმართებაში .

მინდა გითხრათ, რომ ინვესტორები გვეუბნებიან, რომ ისინი უკან არაფერზე დაიხევენ.

უფრო მეტიც, თუ ჩვენ გავაგრძელებთ ინტეგრაციას ევროპაში, რისი შანსებიც რეალურად გაჩნდა და იმ ტემპით დავახლოვდით ამერიკასთან, რისი პერსპექტივებიც გვაქვს. ჩვენ მივიღეთ ახალი ხელშეკრულებები, საინვესტიციო გეგმები, არა მხოლოდ ფინანსური დახმარება, მაშინ აქ წამოვა ათჯერ მეტი ინვესტიცია, ვიდრე აქამდე მოდიოდა.

ამ დღეებში, როგორც კი დაწყნარდა სიტუაცია, ქუთაისში ჩავიდა ხალხი ფულის ჩასადებად, დღეს იყო ფოთთან დაკავშირებითაც რამოდენიმე შეხვედრა, თბილისში კეთდება ბევრი რამ, ბათუმში არ შეჩერებულა მშენებლობები.

ჩვენი ამოცანაა, რომ ჩვენი ქვეყანა გახდეს ათჯერ უფრო ძლიერი, წარმატებული და ბედნიერი, ვიდრე იყო ამ ბარბაროსულ თავდასხმამდე იყო.

დღეს რამოდენიმე ადგილზე - ჩხოროწყუსა და წალენჯიხაში საპროტესტო აქციებზე ათასობით ადამიანი გამოვიდა. საოცრად მოხიბლული დავრჩი, როცა ვნახე აქცია ხობში. ( როცა რუსები კერძო საკუთრებაში შეიჭრნენ)

რუსეთის არმიას, დაახლოებით იგივე მოუვიდა, თუ გახსოვთ მეორე მსოფლიო ომის დროს. როცა საბჭოთა არმია შევიდა დანგრეულ ევროპაში და გაოგნებული წამოვიდა უკან, როცა ნაპოლეონთან ომის დროს რუსეთის არმია შევიდა ევროპაში და ჩამოვიდა უკან და მოაწყო დეკაბრისტების აჯანყება.

ისინი შევიდნენ სხვა ცივილიზაციის მქონე ქვეყანაში - ევროპული განვითარების გზაზე მქოფ ქვეყანაში.

ისინი ისროდნენ ავტომატს, ჩვენი ხალხი კი უკრავდა ტაშს. ამის მერე გამოვიდა გამოცდილი ასაკის მქონე კაცი და განაცხადა, რომ ესენი არღვევენ საერთაშორისო სამართლის ნორმებსო - ეს არის ჩვენი ხალხი. რამდენი სოფლის მკვიდრი იტყოდა თუნდაც საფრანგეთსა და გერმანიაში ასე მწყობრად ყველაფერს.

ჩვენ მართლაც ღრმა ევროპული კულტურისა და ცივილიზაციის ქვეყანა ვართ.

ჩვენი ხალხი მართლაც ბევრად უკეთეს ქვეყანას იმსახურებს. ჩვენმა ხალხმა ამ დღეებში ცივილიზაციის უმაღლესი პილოტაჟი აჩვენა.

ამ თავდასხმის მთავარი მიზანი ხომ ცხინვალის დაკავება არ იყო, რომელიც რეალურად პატარა პროვინციული ქალაქი იყო საქართველოსთვის, რუსეთს კი, საერთოდ არ გაუგია სად არის ცხინვალი.

ამ თავდასხმის მიზანი იყო საქართველოს ეკონომიკის ბოლომდე დანგრევა, თბილისის აღება, ხელისუფლების დამხობა.

თბილისი ვერ აიღეს, გუშინ მათ კიდევ ერთხელ ამაყად განაცხადეს, რომ საქართველოს მთავრობას სიამოვნებით დაამხობენ, შიდა არეულობებს შეეცდებიან. ამ ყველაფერს ჩვენ ყველა ერთად უნდა დავუპირისპირდეთ. მე ვთავაზობ პარლამენტს მივიღოთ პატრიოტის აქტი, რომლითაც ისეთ სტრუქტურას ჩამოვაყალიბებთ, რომელიც დემოკრატიის პირობებში, თავისუფლების უკლებლივ განხორციელების პირობებში, თავისუფალი მედიისა და სამოქალაქო თავისუფლების შემდგომი განვითარების პირობებში, შექმნის სათანადო პირობებს, რათა უცხოეთიდან ვერ მოხდეს საქართველოს დესტაბილიზაცია.

მეორე, ჩვენ დახმარებებზე ვლაპარაკობთ და ოპოზიციის წარმომადგენლებს ვთავაზობ ერთობლივი ანტიკრიზისული საბჭოს შექმნას, რომელშიც ოპოზიციის წარმომადგენლებიც იქნებიან და საზოგადოებისაც.

შესაძლოა, ოპოზიციის ზოგიერთი წარმომადგენელი მთლად ღირსეულად ვერ მოიქცა, რა თქმა უნდა მათ ჩამოთვლას არ დავიწყებ, მაგრამ, ძირითადად, ეს ადამიანები ძალიან კარგად იქცეოდენენ და ეს მე დიდად დავაფასე.

ამიტომ, დღეს ჩვენი ამოცანაა, შევქმნათ ანტიკრიზისული საბჭო როგორც ცენტრში, ისე ადგილებზე, რომლის შემადგენლობაში შევლენ ოპოზიციის, საზოგადოებისა და დაზარალებულთა წარმომადგენლები, რათა ყველამ ერთად გავაკონტროლოთ რა რაოდენობის დახმარება შემოვიდა და როგორ ნაწილდება ის.

მაგალითად, დღეს უკრაინიდან 11 მილიონამდე დოლარი შემოვიდა, შემოვა კიდევ 20, 50 მილიონი დოლარი, რამდენიმე დღეში ამერიკიდან 100 მილიონამდე დოლარს ველოდებით, შემდეგ, დაახლოებით, კიდევ 900 მილიონი შემოვა და ვნახოთ როგორ განაწილდება ეს დახმარება, ვის უნდა დავეხმაროთ უპირველესად, რომელ ეკონომიკურ პროექტში ჩაიდება ფული.

ამ პროცესში სიამოვნებით ჩავრთავთ მთელ პოლიტიკურ სპექტრს და საზოგადოებას.

დღეს, როდესაც რუსეთი ამბობს, რომ საქართველოს ხელისუფლების დამხობას აპირებს, აშკარაა, რომ იგი შიდა პოლიტიკურ პროცესებში ჩარევას გეგმავს.

ამიტომ, პოლიტიკური პარტიები სახელმწიფო ბიუჯეტიდან დავაფინანსოთ.

ამასთან დაკავშირებით, გვქონდა დავა, მაგრამ ამ საკითხზე დავასრულოთ კამათი და მთლიანად მოვხსნათ ეს გაუგებრობა - დავაფინანსოთ პოლიტიკური პარტიები, მაგრამ გავაკონტროლოთ, რომ ერთი ქვეყნიდან არ მოხდეს, ერთი მხრივ, დივერსიული აქტების განხორციელება, ხოლო, მეორე მხრივ, შიდა პოლიტიკურ საქმიანობაში ჩარევა.

ამას ჩვენ მოვახერხებთ დემოკრატიული საზოგადოების ფარგლებში - დემოკრატიის შეზღუდვა არც ერთ შემთხვევაში არ მოხდება.

ჩვენი მთავარი ძალა თავისუფლებასა და დემოკრატიაშია - ყველამ ნახა, რომ ამ პერიოდის განმავლობაში ჩვენ არ გამოგვირთავს არც ერთი ოპოზიციური არხი, არ დაგვიხურავს არც ერთი ოპოზიციური გაზეთი და არავინ არ შეგვიზღუდავს.

თუ ვინმეს სურს აჩვენოს თავისი უარყოფითი არსი, ეს მისი პრობლემაა.

ამ დღეების განმავლობაში ხალხმა კარგად დაინახა ვინ ვინ არის, რათა შემდეგ ვინმემ არ თქვას: ჩვენ იმ დღეებში მაგრად ვიდექითო. ეს ყველაფერი დაიწერა და ითქვა.

ჩვენმა საზოგადოებამ საოცარი კონსოლიდაცია და სიმტკიცე გამოიჩინა.

დალხენილი ცხოვრების დროს, დემოკრატიის პირობებში, ხალხი არ ეთანხმება და ეკამათება ერთმანეთს, მაგრამ, როდესაც მთავარ ფასეულობას შეგილახავენ, ხალხი ერთად დგება.

ისინი, ვინც ჩვენს მიწაზე შემოვიდნენ, თავისუფლებისა და დემოკრატიის მტრები იყვნენ.

რაც შეეხება სენაკის სახლებს, სენაკშიც და სხვა ადგილებშიც სახლებს ჩვენ მწყობრში მოვიყვანთ. ამ საკითხზე მუშაობა უკვე დავიწყეთ. სენაკში ეს პრობლემა მალე გადაიჭრება, მაგრამ თუ სადმე, ამ მხრივ, უფრო მძიმე მდგომარეობაა, ყურადღება განსაკუთრებულად უნდა მივაქციოთ, რათა მაქსიმუმ სამ თვეში ეს პრობლემა მოიხსნას.

სამეგრელოში ყველა გამგებლის, საკრებულოს, ყველა უწყების მადლობელი ვარ, გუბერნატორმა იმუშავა ძალიან კარგად და პოლიციამ იმუშავა საოცარი ენთუზიაზმითა და მონდომებით. ეს სტრუქტურა ერთი წუთითაც არ გაჩერებულა, რაც საკუთარი თვალით ვნახე. მათი შემოსვლის დღეს ვიყავი ზუგდიდში, ვნახე - ხომ არ ღირდა ფრონტალური წინააღმდეგობის გაწევა, მაგრამ იმ ვითარებაში ამას აზრი ნაკლებად ჰქონდა, თუმცა რესურსი საკმარისი იყო სხვა სახის წინააღმდეგობის გასაწევად. ჩვენ იქ დავტოვეთ პოლიცია და იმედებიც გაგვიმართლდა - მათ შესანიშნავად იმუშავეს.

პოლიცია გმირულად დადგა და ასევე გმირულად მუშაობს ახლაც. ხალხი აქ საოცრად მოიქცა და პოლიციამ დაამტკიცა, რომ ნამდვილად არის ამ ხალხის ღირსი. ეს ძალზე მნიშვნელოვანია.

ამიტომ, მთელ პირად შემადგენლობას უნდა გამოვუცხადოთ ძალიან დიდი მადლობა.

რაც შეეხება სახლებს, ყველა სახლი უნდა დავამთავროთ და გავაკეთოთ, მანამდე კი დაზარალებულ ადამიანებს ელემენტარული პირობები უნდა შევუქმნათ. აღარ უნდა ვნახო, რომ ვინმეს არა აქვს ლეიბი ან საკვები, ვინმე მხოლოდ მშრალი საკვებითა და ორცხობილებით იკვებება.

ამ ხალხს უმაღლეს დონეზე უნდა მოვეპყროთ და ყოველმხრივ შევუწყოთ ხელი.

ჩვენ კომპენსაციას ვაძლევთ დაღუპულთა ოჯახებს და ეს პროცესი დაწყებულია, მაგრამ ამას გარდა, ყველა დაზარალებულ უნდა შეუქმნათ ცხოვრების ნორმალური, ადამიანური პირობა.

თითოეული მათგანი უნდა იყოს დისლოკაციის ადგილებთან ახლოს, ოღონდ მათ იმაზე უკეთეს პირობებში, ვიდრე მანამდე ჰქონდათ.

რა თქმა უნდა, ამ ადამიანებმა მძიმე ტრაგედია გადაიტანეს, მაგრამ სიტყვა ლტოლვილი უნდა ამოვიღოთ ხმარებიდან. ისინი არიან დაზარალებულები, მაგრამ უსახლკაროდ დარჩენილი ადამიანები საქართველოში აღარ უნდა გვყავდეს.

ეს ძალზე მნიშვნელოვანია.

შემოსულ თანხას ჩვენ მშენებლობაში ჩავდებთ. მაგალითად, გორი გახდება ისეთი ქალაქი, როგორიც არ არის მთელ პოსტსაბჭოთა სივრცეზე. ეს არის გმირი ქალაქი, რომელსაც შესაბამისი სტატუსი უნდა მივცეთ და მართლაც ძალიან ლამაზად ავაშენოთ.

საერთაშორისო მხარდაჭერა და დახმარება ამ მხრივაც გვაქვს - თურქები მთელ კვარტალს აშენებენ, ნორვეგიელები აშენებენ გარკვეულ შენობებს, მეორე კვარტალს აშენებენ გერმანელები და, რა თქმა უნდა საქართველო ააშენებს ძალიან ბევრს.

ასევე, უნდა გავაგრძელოთ დასავლეთ საქართველოს განვითარება - მე დაგპირდით, რომ ფოთში რამდენიმე ათეული ცათამბჯენი აშენდება და უახლოეს წლებში ეს პირობა ნამდვილად შესრულდება.

მოვა დრო, როდესაც ოკუპანტების მიერ ჩადენილი საშინელებები მხოლოდ კოშმარული მოგონება გახდება.

სხვათა შორის, მინდა აღვნიშნო, რომ საქართველოს რამდენიმე ადგილზე კრიმინალური ვითარება გაუმჯობესდა - არ ვიცი, კრიმინალებმა გამოიჩინეს მეტი შეგნება თუ სხვა რამ მოხდა, მაგრამ ესეც ძალზე მნიშვნელოვანია.

გავაგრძელოთ მუშაობა და ყველაფერი კარგად იქნება!


საქართველოს პრეზიდენტის
ადმინისტრაციის პრესსამსახური




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (11)
2012 (12)
2011 (12)
2010 (10)
2009 (12)
2008 (12)
2007 (11)
2006 (12)
2005 (12)
2004 (4)