Google+

გამოსვლები და განცხადებები

08.11.2008
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ანტიკრიზისული საბჭოს წევრებს შეხვდა

მოგესალმებით ყველას!

უწინარეს ყოვლისა, მსურს მადლობა მოგახსენოთ იმისათვის, რომ ანტიკრიზისული საბჭო უკვე მუშაობს თითქმის ორი თვეა.

ეს კარგი ფორმატია იმისათვის, რათა დასაბუთდეს და ყველას ვაჩვენოთ, რომ განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებების პირობებში, წარსულში ბევრი უთანხმოების ფონზე, განსხვავებული პოლიტიკური მიზნების და პლატფორმის მქონე ძალებს შეუძლიათ გარკვეულ საკითხებთან დაკავშირებით თანამშრომლობა, შეთანხმება და ჩვენთვის ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება.

მიუხედავად იმისა, რომ გარკვეულ საკითხებზე ვერ ვთანხმდებით, მინდა კმაყოფილებით აღვნიშნო, რომ რაღაც საკითხები დაიძრა, კერძოდ, ანტიკრიზისული საბჭოს ინიციატივით, მთავრობამ და პარლამენტმა მიიღო რამდენიმე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება.

თქვენ იცით, რომ ქრისტიან-დემოკრატიული პარტიის ინიციატივით, სატელევიზიო ეთერებისა და ლიცენზიების კუთხით სერიოზული შეთანხმებას მივაღწიეთ. ეს ხელს შეუწყობს შემდგომ წინსვლას, რათა მასმედია კიდევ უფრო მეტად იყოს დემოკრატიული, გახსნილი და თავისუფალი.

ასევე ამუშავდა კომისია პაატა დავითიას ხელმძღვანელობით, პიარადად მე ტელევიზიით ვუყურებ და თუკი რამე რთული გამოცდა აქვთ ჩასაბარებელი მთავრობის წევრებსა და თითოულ ჩვენგანს, ამ კომისიის წინაშე ხდება. იქ სვამენ რთულ კითხვებს, ამ კითხვებზე პასუხის გაცემა კიდევ უფრო რთულია. რაც მთავარია, საზოგადოება ამას პირდაპირ ეთერში უყურებს და თუკი რაიმე კითხვა გაჩნდება, არც ის დარჩება პასუხგაუცემელი. კომისია მუშაობას გააგრძელებს და ჩვენ მთავრობას დავავალებთ, რომ მაქსიმალურად ამომწურავად გასცენ ამ კითხვებს პასუხები.

ბატონო პაატა, მსურს გითხრათ, რომ თქვენ ძალიან სერიოზულად აამუშავეთ მთავრობა და ძალიან აანერვიულეთ კიდეც, რაც თქვენი გადმოსახედიდან კარგი დასანახია. ეს არც ჩემი გადმოსახედიდან არის ცუდი, მაგრამ ხელისუფლების წარმომადგენლებს შესაძლოა არ სიამოვნებდეთ. მთავრობის ხვედრი ასეთია - ის მუდმივად უნდა იყოს ანგარიშვალდებული საზოგადოებასთან.

ვფიქრობ, ძალზე მნიშვნელოვანია, რომ ერთი წლის წინათ თქვენ იდექით ქუჩაში, პარლამენტის წინ და ჩვენ სრულიად განსხვავებული ურთიერთობა გვქონდა (ვგულისხმობ სხვადასხვა პოლიტიკურ ძალებს); ახლა კი თქვენ პარლამენტის შენობაში ხართ და იმ მინისტრებს, რომლებიც შარშან, შეიძლება, ზოგიერთებს ზემოდან უყურებდნენ, თქვენ იბარებთ, თქვენ უსვამთ კითხვებს, საცერში ატარებთ მათ, ისინი მთლიანად თქვენზე არიან დამოკიდებული და ბევრი რამის გადახედვაც უწევთ. ეს არის დემოკრატია მოქმედებაში და ეს უნდა განვავითაროთ.

მე აქ იმისთვის არ მოვსულვარ, რომ ჩემი აზრი მოისმინოთ, პირიქით, მე აქ იმისათვის მოვედი, რომ თქვენ მოგისმინოთ.

ამ ანტიკრიზისული საბჭოს ყველა წევრი ჩვენთვის ერთნაირად მნიშვნელოვანია პოლიტიკური შეხედულებისა და თანამდებობის მიუხედავად.

გთხოვთ, გამოთქვათ საკუთარი აზრი.

გია თორთლაძე:

რამდენიმე საკითხს შევეხები. უპირველეს ყოვლისა, მინდა ვილაპარაკო იმაზე თუ რისი გაკეთება მოვასწარით ამ პერიოდში.

ჩვენ გვქონდა საშუალება გვენახა თუ რა კეთდება დევნილებისთვის, რამდენჯერმე ვიყავით შიდა და ქვემო ქართლში. ვნახეთ თუ რა ხარისხის შენობები შენდება და უნდა გითხრათ, რომ შენობები ჩვენთვის სრულიად მისაღებია. არის ადგილები, სადაც შენდება კოტეჯის ტიპის სახლები, ხოლო ზოგან კაპიტალურად რემონტდება კორპუსები. ახლა იწყება იმ შენობების აღდგენა, საიდანაც ცოტა ხნის წინათ რუსები გავიდნენ და გაოხრებული, დამწვარი და დანრეული სახლები დატოვეს. ზოგან, სოფლების მცხოვრებლებმა გამოთქვეს სურვილი თავად ააშენონ თავიანთი სახლკარი, თუკი ხელისუფლება მათ თანხითა და საშენი მასალით დაეხმარება. ამ საკითხთან დაკავშირებით ისინი შეთანხებას აღწევენ გუბერნატორებთან. ამ დღეებში ჩვენ კიდევ ვაპირებთ წავლას. უბრალოდ, მე თხოვნა მექნება, რომ გასვლითი ღონისძიებების დროს ანტიკრიზისული საბჭოს უმეტესი ნაწილი ერთად ვიყოთ. ეს იმისათვის არის საჭირო, რომ ყველამ შეიქმნას გარკვეული სურათი.

რაც შეეხება სხვა საკითხებს, დარჩენილი იყო პოლიტიკური საკითხები, რომელთა გადაწყვეტას პოლიტიკური ნება და დიალოგი სჭირდებოდა. მაგალითად, პრაქტიკულად, გადაწყვეტილია პარტიების დაფინანსების საკითხი და ამას ცოტა ხანში კანონის სახე ექნება;

ასევე გადაწყდა სტუდია "მაესტროს" საკითხი.

მართალია ცოტა გაღიზიანდნენ, მაგრამ საზოგადოებრივ მაუწყებელთან დაკავშირებით ჩანაწერიც კი გავაკეთეთ, რომ ყოველკვირეულად პოლიტიკური დებატების გამართვა ევალება.

რაც შეეხება ამნისტიას, ამ დღეებში გამოვაქვეყნებთ იმ მუხლების სიას, რომლებსაც შეეხება ამნისტია. რა თქმა უნდა, ჩვენი მეცადინეობითა და ხელისუფლების დათმობით მივაღწიეთ კონსესუსს - 3000-მდე ადამიანს ამმნისტია პირდაპირ ეხება. აქედან დაახლოებით 2000 ადამიანი გარეთ გამოვა, ხოლო დანარჩენს სასჯელის ვადა გაუნახევრდება ან ერთი მესამედით მოაკლდება. გარეთ მყოფ ხალხს კი, რომლებსაც პირობითი სასჯელი აქვს მისჯილი, ეს სასჯელი გაუუქმდება.

არის ორი საკითხი, რომლებზეც მუშაობა დავიწყეთ, მაგრამ საბოლოო სახე ვერ მივაღებინეთ. ეს არის მწერალთა კავშირთან და კომპოზიტორთა სახლთან დაკავშირებული საქმეები. ვფიქრობ, ამ საკითხებსაც რაღაც ფორმით მივიყვანთ ბოლომდე ისე, რომ ყველა მხარე კმაყოფილი დარჩეს.

ადრე ვსაუბრობდით სტატისტიკის სახელმწიფო დეპარტამენტის აღდგენის შესახებ და მთავრობამ განაცხადა, რომ ის ფუნქციონირებას განაგრძობს. ქვეყანაში უნდა არსებობდეს დეპარტამენტი, რომელიც ზუსტ მონაცემებს მოგვცემს და სხვადასხვა გამოკითხვების განსხვავებული შედეგები არ გახდება-ხოლმე საკამათო. ამ საკითხთან დაკავშირებით მთავრობის წევრებთან შევთანხმდით და მუშაობაც დაწყებული აქვთ.

ამას გარდა, ჩვენ მოვისმინეთ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის კოტე კუბლაშვილის მოხსენება. ეს შეხვედრა სამ საათნახევარი მიმიდნარეობდა და მოვისმინეთ სრული ნუსხა იმისა თუ რა რეფორმები უნდა გატარდეს სასამართლო სისტემაში. ყოველივე ამან ჩვენს მოლოდინს გადააჭარბა, რადგან ველოდით ნაკლებს და მოვისმინეთ ბევრად მეტი. ჩვენ გამოვთქვით საკუთარი მოსაზრებები, რომელთაგან ნაწილი გაიზიარეს, ნაწილზე კი შევთანხმდით, რომ კიდევ ვიმსჯელებთ. ვფიქრობ, ეს ძალზე სერიოზული რეფორმაა, რომლის განხორციელება უმნიშვნელოვანესია ქვეყნისთვის.

დღის წესრიგში დადგა ახალი საკითხები, რომლებზეც უახლოეს მომავალში დავიწყებთ მუშაობას. ამათგან ყველაზე მნიშვნელოვანი საარჩევნო კოდექსია. ცსკ-ს დაკომპლეტების წესის მისაღებად თუ სხვა საკითხის მოსაგვარებლად, შეიქმნება ერთი ჯგუფი, რომელიც კონკრეტულად ამ თემაზე იმუშავებს.

ამას გარდა, გადასაჭრელია უამრავი სხვა საკითხი, მაგალითად მცირე ბიზნესისათვის შეღავათების დაწესება. ამ თემაზე უკვე დავიწყეთ მოლაპარაკებები ფინანსთა მინისტრთან ნიკა გილაურთან და ვფიქრობთ, უახლოეს პერიოდში შედეგებს მივაღწევთ - ომის ვეტერანებისთვის, მრავალშვილიანი ოჯახებისა და ინვალიდებისათვის შეღავათების დაწესებაზე, რასაკვირველია, სახელმწიფოს შესსაძლებლობების ფარგლებში.

რეზერვისთა საკითხთან დაკავშირებით. გვინდა, რომ თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლები მოვიწვიოთ და რეზერვისტთა გაწვევისა და მომზადების შესახებ მოვისმინოთ ინფორმაცია. დასამალი არ არის, რომ რეზერვისთა სისტემამ ვერ იმუშავა. სამოქალაქო თავდაცვასთან დაკავშირებით ჩვენი ხედვა გვაქვს, რომელსაც თვდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელებს გავუზიარებთ და ვნახოთ როგორ შევთანხმდებით. ჩვენ მათ ცუდს არაფერს ვთავაზობთ, ნამდვილად კარგი იდეები გვაქვს, რომელთა შესახებ ჯერ საბჭო იმსჯელებს, ხოლო შემდეგ თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებს გავაცნობთ.

თვითმმართველობის სისტემის რეორგანიზაციასთან დაკავშირებით უკვე ველაპარაკე შესაბამისი კომიტეტის თავმჯდომარეს. ამ დღეებში აუცილებლად მოვიწვევთ ანტიკრიზისულ საბჭოს და აღნიშნულ საკითხზე უკვე სერიოზულად ვიმუშავებთ. მოთელვის სახით, უკვე განვიხილეთ ეს თემა და ვფიქრობ, ჩვენი აზრების თანხვედრა და საინტერესო კანონპროექტის მიღება სავსებით შესაძლებელია.

მიხეილ სააკაშვილი:

თქვენი წინადადება სოფლის თვითმმართველობის აღდგენას გულისხმობს, ჩემი აზრით, ამაზე წასვლა შეიძლება, მაგრამ ეს მხოლოდ ჩემი აზრია. თავის დროზე ეს ძალზე ფორმალური ინსტიტუტი იყო და არ მუშაობდა. თუ თქვენ მიგაჩნიათ, რომ სოფლის თვითმმართველობის აღდგენა ამ ახალ პირობებში, სოფელს უკეთ განვითარების საშუალებას მისცემს, ბიუჯეტი ცალკე ექნებათ და თავის საქმეებს თავადვე გადაწყვეტენ, სათანადოდ მოამზადეთ ეს წინადადება. მზად ვარ ჩემს თანაპარტიელ დეპუტატებს ვთხოვო, რომ პარლამენტში ამაზე სერიოზული განხილვა მოეწყოს. ბევრი საკითხი იქნება დასახვეწი, მაგრამ ახლა ამაზე უარის თქმა, როგორც ეს წარსულში ხდებოდა, ვფიქრობ, სწორი არ არის.

გია თორთლაძე:

ეს ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანი საკითხია, მაგრამ ის თვითმმართველობის სისტემას მიებმება და თვითმმართველობის აღდგენა სოფლად, სიახლე იქნება. დასაზუსტებელია ასევე დაფინანსების წყაროები, არის ბევრი სხვა საკითხი და ამაზე ანტიკრიზისული საბჭო აუცილებლად იმჯელებს შესაბამის კომიტეტთან ერთად. ამ საკითხთან დაკავშირებით ვესაუბრე ვანო ხუხუნეიშვილს, ის დამეთანხა და ფიქრობს, რომ კარგი იქნება სპეციალისტების მოწვევა და მათი მოსაზრების გაზიარება. ჩვენ ჩამოვაყალიბებთ კონცეფციას, ხოლო შემდეგ შესაძლოა, ეს კანონშიც აისახოს.

ეს არის ის, რისი თქმაც მინდოდა. ამ საკითხების ნაწილი თითქმის გადაწყვეტილია, ზოგიერთის დასრულებას ცოტა უკლია. არის საკითხები, რომლებიც უახლოეს პერსპექტივაში გველოდება. კარგი იქნება თუ ანტიკრიზისულ საბჭოში შევქმნით ჯგუფებს, რომლებიც კონკრეტულ საკითხებთან დაკავშირებით იმუშავებენ. ვფიქრობ მნიშვნელოვანი შედეგები გვექნება, თუკი ამავე რეჟიმში გავაგრძელებთ თანამშრომლობას. ვფიქრობ, ეს ურთიერთობის საუკეთესო ფორმაა და გარკვეული შედეგები უკვე სახეზეცაა, პროცესები უკვე დაიძრა. თუმცა, ვფიქრობ, არის კონკრეტული საკითხები, რომლებთან დაკავშირებითაც შეთანხმებას ვერ მივაღწევთ, მაგრამ რომლებზეც შევთანხმდებით, ძალზე მნიშვნელოვანი იქნება.

ჯონდი ბაღათურია:

არის რამდენიმე საკითხი, რომელიც ხელისუფლების ყურადღებას ითხოვს. ეს არის ტელეკომპანია "იმედის" საკითხი. ამასთან დაკავშირებით გამოიკვეთა ახალი გარემოებები და იმისათვის, რომ საზოგადოებაში სამართლიანობის განცდა გაჩნდეს, კარგი იქნება თუ ხელისუფლება მეტ ყურადღებას გამოიჩენს.

ასევე არის მნიშვნელოვანი საკითხი ბიზნესის, განსაკუთრებით, სამშენებლო ბიზნესის მდგომარეობის შესახებ. ყველამ ვიცით, რომ ბანკებს საკრედიტო რესურსები უჭირთ და ამ ეტაპზე დიდად ვერ ეხმარებიან ბიზნესს. საგადასახადო ორგანოები ძალიან სკურპულოზურად ამოწმებენ 2003-2004 წლიდან მოყოლებულ მთელ დოკუმენტაციას. იმის გათვალისწინებით, რომ სამშენებლო და, ზოგადად, ბიზნესი ახლა დარტყმის ქვეშ იმყოფება, ურიგო არ იქნება, თუ ცოტათი მაინც შევუწყობთ ამ მხრივ ხელს.

რაც შეეხება ამნისტიას. გადაწყვეტილება, რომელიც თქვენ მიიღეთ, ძალიან მნიშვნელოვანი და ძლერი გადაწყვეტილებაა. თუმცა თუ გავზრდიდით სეგმენტს ძალიან კარგი იქნება. არის ცაკეული შემთხვევები მობილური ტელეფონი წართმევისა და სხვა ფაქტები, რომლებიც შეძლება დამნაშავეს ეპატიოს.

მიხეილ სააკაშვილი:

თქვენ პარლამენტის წევრები ხართ, და თქვენ უნდა დახვეწოთ კოდექსი. ასე ძალიან რთულია გარჩევა...

მე არ მიხარია, რომ ციხეში ბევრი ადამიანი ზის და დიდი სიხარულით ვაწერ ხელს შეწყალებასა და ამნისტიას. ბოლო ორი წლის განმავლობაში, საქართველოში დანაშაულის დონე თითქმის ორჯერ შემცირდა. თუ ახლა ჩვენ ზედმეტი ლიბერალიზმით მივიღებთ გადაწყვეტილებებს, მაშინ, როდესაც მსგავსი ფაქტების შემთხვევები პრაქტიკულად ნულზეა დასული, ხვალ ან ზეგ ისევ გაიტაცებენ ჩვენს მანქანებს, ისევ დააწიოკებენ ჩვენო ოჯახის წევრებს და სიტუაცია აირევა. ამას მხარს ვერ დავუჭერთ. ჩვენ შეგვიძლია რომელიმე კონკრეტულ შემთხვევაზე ვთქვათ, რომ ეს ძარცვა და ყაჩაღობა არ იყო. ეს საკითხი პარლამენტში უნდა დახვეწოთ, მაგრამ მე ხელს ვერ მოვაწერ იმას, რომ დიდი რაოდენობით მძარცველი და ყაჩაღი ქუჩაში აღმოჩნდეს, თუკი ეს ხალხი გამოსწორები გზაზე არ არის დამდგარი. ჩვენ ძალიან დიდი გულისყურით ვეკიდებით თქვენს ნათქვამს, ერთადერთი, რასაც მოგიწოდებდით ისაა, რომ მიღებულ გადაწყვეტილებას ყველა ერთნაირად მივუდგეთ და პასუხისმგებლობაც თანაბრად გავინაწილოთ.

დავით ბაქრაძე:

ზუსტად ამ მიზნით ამნისტიის გარდა იქნება შეწყალებაც, ყაჩაღობის მუხლი, ვერანაირად ვერ მოყვება ამნისტიაში, რადგან ეს საზოგადოებისთვის საშიში მუხლია, მაგრამ თუ არის ცალკეული შემთხვევები, რომლებიც საზოგადოებას საფრთხეს არ შეუქმნის და ამ მუხლის უკან არასაშიში ტიპის დანაშაული დგას, ამას შეიძლება შეეხოს შეწყალება. ამნისტიასთან ერთად მზადდება შეწყალებაც და ცალკეული შემთხვევები შეიძლება ამ ფორმით განვიხილოთ.

ჩვენი ამოსავალი პრინციპი არის ის, რომ საზოგადოებისათვის საშიშ ადამიანს არ მიეცეს საშუალება საზოგადოებას ისევ შეუქმნას საფრთხე. ნებისმიერი ცალკეული შემთხვევა იქნება განხილული და ყველას, ვინც საზოგადოებისათვის არ არის საშიში, საშუალებას მივცემთ საზოგადოებას დაუბრუნდეს. აქედან გამომდინარე, ამნისტიაც იქნება და შეწყალებაც, ამაზე თანხმობა უკვე გვაქვს და შეგვიძლია ყველა ცალკეული შემთხვევა განვიხილოთ.

მნიშვნელოვანი თემა იყო ასევე ბანკების რესურსი და ბიზნესი, რაც ბატონმა ჯონდიმ ახსენა, მსურს მოვუწოდო საბჭოს წევრებს უფრო აქტიურად ჩაერთონ საერთაშორისო დახმარების მონიტორინგის საქმეში.

მიხეილ სააკაშვილი:

მინდა გითხრათ, რომ პირველი 300 მილიონი დოლარი ამერიკამ უკვე ჩარიცხა საქართველოს ბიუჯეტში, ასევე ირიცხება დამატებითი საბანკო რესურსები. ჩვენ ვაკონტროლებთ, რომ ეს სისტემა იყოს სტაბილური, რათა არაფერი არ მოხდეს და ბანკები გაცოცხლდეს. მოგიწოდებთ, რომ გააკონტროლოთ ყოველი თეთრი, ამით საქმე მხოლოდ წინ წავა.

დავით ბაქრაძე:

ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამ თანხის კონტროლში მონაწილეობდეს პარლამენტი და უმნიშვნელოვანესია, რომ ამ პროცესს პარლამენტიდან სწორედ ოპოზიცია აკონტროლებდეს. ანტიკრიზისული საბჭო თავის შეადგენლობითა და დანიშნულებით სწორედ ის ორგანოა, რომელსაც ამ საქმეში მონაწილეობის მიღება შეუძლია. ჩემი თხოვნა იქნება, რომ ამ პროცესში უფრო აქტიურად ჩაერთოთ.

გია თორთლაძე:

როგორც კი ანტიკრიზისული საბჭო შეიკრიბება, შევთანხმდებით, რომ მოხდეს ამ თანხის მონიტორინგი. ცხადია, რომ ეს დახმარება ერთბაშად არ გადმოირიცხება. გადმორიცხული პირველივე თანხის სწორ განკარგვას ექნება უდიდესი მნიშვნელობა, რადგან სწორედ ეს განსაზღვრავს შემდგომი თანხების ბედს.

ანტიკრიზისული საბჭო ყველასთვის ღიაა და მის მუშაობაში მონაწილეობს როგორც უმრავლესობა, ისე საპარლამენტო და არასაპარლამენტო ოპოზიცია. ამიტომ, ვფიქრობ, რომ ეს საბჭო სწორედ ის ფორმატია, რომელიც ამის განხორციელებას ყველაზე კარგად შეძლებს.

ყველამ კარგად იცის, როგორ შეიქმნა ეს საბჭო - ძალიან ღიად და მარტივად, რადგან ყველა, მათ შორის, არასაპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლებიც, რომლებმაც სურვილი გამოთქვეს მონაწილეობა მიეღოთ მის მუშაობაში, დღესაც ჩვენს გვერდით არიან.

უახლოეს დღეებში უნდა მოვიფიქროთ როგორი სისტემით ჩავატაროთ მონიტორინგი. ეს ძალიან მნიშვნელოვანი და აუცილებელი იქნება.

გია ცაგარეიშვილი:

მინდა ყურადღება ყველასთვის სათუთ თემაზე გავამახვილო, რომელიც 7 ნოემბერს შეეხება. არიან ადამიანები, რომლებიც დაკავებულები იყვნენ 7 ნოემბრის აქციის პერიოდში.

შარშანდელი აქციების შემდეგ დაკავებული იყო 35 ადამიანი, ეხლა მათი რიცხვი დასულია 14-ზე. ჩვენ გვაქვს შესაბამისი სია...

პავლე კუბლაშვილი:

ამასთან დაკავშირებით შარშან პროკურატურის, საპარლამენტო წარმომადგენლობის, ოპოზიციის წევრების მონაწილეობით გქვონდა დეტალური განხილვები. ფაქტობრივად, არც ერთი ის დანაშაული, რომელიც წესრიგის დარღვევას შეეხებოდა, აღარ არის დარჩენილი, მაგრამ არიან სხვა მუხლებით დაკავებული ადამიანები, მათ შორის, ყაჩაღობის ფაქტებზე. ეს შეეხება რამდენიმე თვით ადრე დაკავებულებს.

მიხეილ სააკაშვილი:

თუ ადამიანმა 4 თვით ადრე ბანკი გაძარცვა, მას ვერაფერს მოვუხერხებ, მაგრამ თითოეული შემთხვევა ცალ-ცალკე შეისწავლეთ, გამოიტანეთ, განიხილეთ და მოამზადეთ. მე ნებისმიერ თქვენს გადაწყვეტილებას გავიზიარებ.

გია ცაგარეიშვილი:

ეს კარგი პრეცენდენტი იქნება ნდობის აღდგენის თვალსაზრისით.

კიდევ ერთი საკითხი, რომელიც შეეხება საარჩევნო კანონმდებლობას, ამ თემაზე მუდმივად ისმის შენიშვნები, გიამ [თორთლაძემ] ბრძანა, რომ საბჭო აბსოლუტურად ღიად მუაშაობს, გასაგებია, რომ არის იდეური წინააღმდეგობებიც, მორალური პრობლემებიც, მათ შორის, ადამიანებთან ურთიერთობის მხრივაც. პირადად მე ბევრი რამ გადავლახე იმისათვის, რომ ჩემს პოლიტიკურ ოპონენტებთან მესაუბრა და მიმაჩნია, რომ ეს აბსოლუტურად მისაღებია. მე ვთხოვ ძალიან ბევრ ადამიანს, როელიც ამჟამად არასაპარლამენტო ოპოზიციაშია, მობრძანდნენ და მიიღონ მონაწილეობა განხილვებში. საარჩევნო კანონი არ დაიწერება 2-3 პოლიტიკური ძალისთვის, ის დაიწერება მთელი ქვეყნისთვის, მთელი პოლიტიკური სპექტრისთვის. იმისათვის, რომ შემდგომ არ იყოს ბრალდებები, თითქოს ვიღაც გარიგებაში შევიდა და ფარულად მიიღო კანონი, რაც ჩემთვის ძალზე შეურაცხმყოფელია, მობრძანდნენ პარლამენტში, სადაც თავადაც მუშაობდნენ და ყველა საკითხი განვიხილოთ, რომელიც საარჩევნო კანონთან იქნება დაკავშირებული.

ვფიქრობ, ამაზე კარგი წინადადება, არ შეიძლება იყოს.

მიხეილ სააკაშვილი:

არამხოლოდ თქვენ, მეც სიამოვნებით შევხვდები ყველაზე პატარა არასაპარლამენტო ჯგუფსაც კი, ამასთან დაკავშირებით პრობლემა არ გვაქვს. არ დაგეთანხმებით, რომ საარჩევნო კანონმდებლობა მორალური საკითხია. ეს საკმაოდ კონკრეტული საკითხია, რომელიც უნდა იყოს გამჭვირვალე, მოქნილი და ყველასთვის გასაგები. მას ყველა უნდა ენდობოდეს. აქ ლაპარაკია ისეთი კანონის მიღებაზე, რომლის მეშვეობითაც ხმებს უფრო კარგად დავითვლით.

რადიოთი მოვისმინე, რომ ხელვაჩაურში, შუახევში და კიდევ რამდენიმე უბანზე ქრისტიან-დემოკრატებმა დააფიქსირეს დარღვევები. საერთაშორისო დამკვირვებლებმა თქვეს, რომ არჩევნები, ძირითადად, კარგად ჩატარდა, მაგრამ ადგილობრივმა დამკვირვებლებმა, რომლებსაც ვენდობოდი მითხრეს, რომ ხელვაჩაურში მართლაც ბევრი პროცედურული დარღვევა იყო. უცხოელების თქმით, ამ დარღვევებს შედეგებზე გავლენის მოხდენა არ შეეძლოთ, მაგრამ მე გადავწყვიტე, რომ ამ რაიონებში შედეგები გაგვეუქმებინა და არჩევნები ხელახლა ჩაგვეტარებინა. არ შეიძლება რჩებოდეს კითხვის ნიშნები, ეს ყოვლად დაუშვებელია და გამოვაცხადე კიდეც ნულოვანი ტოლერანტობა საარჩევნო დარღვევების მიმართ. საარჩევნო დარღვევა ნიშნავს, რომ მთელ პროცესის ლეგიტიმურობას, მომავალს და დიალოგს აყენებ ეჭვქვეშ. ეს დაუშვებელია. ჩემს პარტიაში იყო ხალხი, რომელიც მირჩევდა ამას დავთანხმებოდი. პირადად მე, ამ შემთხვევაში, არ დავეთანხმე ჩვენი პარტიის წარმომადგენლებს და დავეთანხმე ოპოზიციის მოთხოვნებს, რათა ზედმეტი კითხვა არ გაჩენილიყო.

მზად ვართ საარჩევნო კოდექსი ისე დავწეროთ, რომ მომავალში ყველაფერი წინასწარ გამოირიცხოს, მოვიდეს ყველა და გველაპარაკოს, ჩვენ ამის პრობლემა არ გვაქვს.

პაატა დავითაია:

ბატონო პრეზიდენტო, ჩვენი კომისიის მუშაობა გრძელდება, პროცესები საინტერესოდ ვითარდება, ძალიან დიდია საერთაშორისო საზოგადოების ინტერესი. ყველა უცხოელი, რომელიც ამ დღეებში საქართველოში ჩამოდის და გვერდით გვიდგას, ძალიან დიდი ინტერესით აკვირდება კომისიის მუშაობას და იმას, თუ რა შედეგი დადგება ჩვენი ძალისხმევით.

მნიშვნელოვანია, რომ სხდომებზე მთავრობის წევრები ღიად საუბრობენ დაშვებულ შეცდომებზე. მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ აგრესია დამთავრებული არ არის და ის ყოვედღიურად გრძელდება. ამის არაერთი მაგალითი შეგვიძლია მოვიყვანოთ. ამის დამადასტურებელია, თუნდაც დღეს ჩატარებული წვრთნები კოდორის ხეობაში, რუსული ავიაციის გამოყენებით. კომისიის დასკვნამდე მნიშვნელოვანია ის ცვლილებები, რომლებიც მუდმივად ხორციელდება, რადგან ყოველ წუთს მოსალოდნელია ყოველივე ამის გამეორება. მნიშვნელოვანია, რომ ის შეცდომები, რომელიც უშიშროების საბჭოს მდივანმა, ბევრმა თანამდებობის პირმა აღიარა და, ძირითადად, კოორდიანციას უკავშირდება, მანამ გამოსწორდეს, სანამ კომისიის დასკვნა დაიდება. დასკვნიდან გამომდინარე, ცალსახად მსურს განვაცხადო, რომ საზოგადოებაში გავრცელებული აზრი, თითქოს კოორდინაცია ხდება ჩემსა და თქვენს შორის ჭორია. მსურს ღიად ვთქვა, რომ არავითრი ზემოქმედება არ ხორციელდება, კომისიას არ აქვს არანაირი კოორდინაცია საქართველოს პრეზიდენტთან და ის დამოუკიდებლად მუშაობს - ამას პრინციპულად ვუსვამ ხაზს.

მიხეილ სააკაშვილი:

კოორდინაციის თვალსაზრისით, ერთადერთი მსურს გითხრათ: მზად ვარ თქვენი დასკვნები სერიოზულად გავითვალისწინო. იმის კოორდინაცია, რაც თქვენთან ხდება შეუძლებელია. როდესაც ლაპარაკია 7-საათიან გამოკითხვაზე და კითხვა-პასუხის რეჟიმზე, ამის არც შეთანხმებაა შესაძლებელი, არც დაგეგმვა და არც, ჩვენდა სამწუხაროდ, პასუხებში შეცდომების გამორიცხვა.

პაატა დავითაია:

ამას ხაზგსმით ვამბობ, რათა საზოგადოებისთვის იყოს ცნობილი, რომ ეს შეუძლებელია. ის კითხვები, რომელსაც კომისია მთავრობის წევრებს უსვამს, კრებსის სახით გაკეთდა და მოიცავს საზოგადოებაში, ექსპერტებში, პოლიტიკოსებში დაგროვილ საკითხებს. კომისია მუშაობს იმავე რეჟიმით გააგრძელებს. მინისტრებისა და სხვა თანამდებობის პირების პასუხებს საზოგადოება ღიად ხედავს და ვერავინ ვერ იტყვის, რომ ეს წინასწარ არის მომზადებული.

მიხეილ სააკაშვილი:

გთავაზობთ, რომ ეს ყველაფერი გამოაქვეყნოთ, დადოთ ვებ-გვერდზე, რამდენიმე ენაზე ითარგმნოს...

პაატა დავითაია:

ყველაფერი რაც ხდება, ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე ძალზე მნიშვნელოვანია. ბევრი უცხოელი, რომელიც ჩვენი მუშაობით ინტერესდება, ხაზგასმით ამბობს, რომ ბევრი განვითარებული დემოკრატიის ქვეყანასაც კი გაუჭირდებოდა იმ სიმწვავითა და რეჟიმით მუშაობა, როგორც ვმუშაობთ ჩვენ.

დიდი მადლობა იმისათვის, რომ სახელმწიფოს მხრიდან ყველაფერი კეთდება კომისიის მუშაობისათვის.

მიხეილ სააკაშვილი:

თავიდანვე დაგპირდით, რომ ჩვენ საიდუმლო არ გვექნებოდა თქვენგან. ჩვენ არც თამაშების წარმოებას ვაპირებდით. ვფიქრობ ასეც ვაკეთებთ, მაგრამ თუ რაიმე ასე არ არის, შეგვისწორეთ და შევცვლით.

გია თორთლაძე:

კომისიის მუშაობასთნ დაკავშირებით მსურს ერთი რამ დავამატო. არ ვიცი რა ძალები დავარქვა მათ, მაგრამ არიან პოლიტიკოსები, რომლებსაც ხალხი სახეზე ცნობს; ისინი ტელევიზიით აკეთებენ განცხადებას, რომ მათ უკავშირდებიან ოფიცრები და ჯარისკაცები, რომლებიც ამბობდნენ, რომ ტყეში იმყოფებოდნენ და შველა სჭირდებოდათ, ასევე უკავშირდებიან დაკარგული ჯარისკაცების მშობლები და რეალურად დაკარგულთა რაოდენობა გაცილებით მეტია ვიდრე ოფიციალური მონაცემებითაა აღრიცხული.

ვთხოვ ამ პოლიტიკოსებს თუ ამ ფაქტებთან დაკავშირებით კონკრეტული ინფორმაცია აქვთ, მოგვმართონ და ამის შესახებ ვისაუბროთ.

მიხეილ სააკაშვილი:

ჩვენ გამოვაქვეყნეთ დაკარგულთა და დაღუპულთა სია, თუ ვინმეს მისი შევსება შეუძლია, მოვიდეს და გვამცნოს -ეს უწინარეს ყოვლისა ჩვენს ინტერესს შეესაბამება, რათა არც ერთი ეჭვი არ დარჩეს და ჭორის საფუძველი არ იყოს.

პაატა დავითაია:

ჩვენ გვქონდა საუბარი გენერალურ შტაბის წარმომადგენლებთან, ამაზე ვისაუბრებთ თავდაცვის მინისტრთან, როდესაც მას დავიბარებთ. გარდაცვლილთა რაოდენობის დამალვას აზრი არა აქვს.

კიდევ ერთი საკითხი, რომელსაც მინდა თქვენი ყურადღება მივაპყრო. პროკურატურამ 5000-მდე ადამიანი დაკითხა, ბრალეულობის საკითხი დადგენილია და ყველაფერი მზად არის იმისათვის, რომ დაჩქარდეს ბაღაფშის და კოკოითის სანქცირება. რაც კოდორის ხეობაში ხდება, იმის სამართლებრივი ატანა ძალზე ძნელია. ჩვენ გვქონდა საუბარი იუსტიციის მინისტრთან, გენერალური პროკურორის მოვალეობის შემსრულებელთან და მათ სწრაფად უნდა მოაგვარონ ეს საკითხი. იმ ქვეყნებმა, რომლებიც აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში დიპლომატიურ წარმომადგენლობებს ხსნიან, უნდა იცოდნენ, რომ მათი წარმომადგენლობები არა რეგიონებში, არამედ კრიმინალური ბანდების დისლოკაციის ადგილებში იხსნება. ამის სამართლებრივი შეფასება უნდა მოხდეს.

დავით ბაქრაძე:

მინდა დავამატო, რომ ეს კომისია არამარტო მინისტრებს აშფოთებს, არამედ პარლამენტის წევრებსაც, მაგალითად, მე, რომელიც დაბარებული ვარ კომისიაზე ახსნა განმარტებისთვის. მსურს ერთი რჩევა მივცე კომისიას, თუ გაითვალისწინებთ კარგი იქნება - იქნებ, კომისიის სხდომის შემდეგ ცალკე ამობეჭდოთ ის კითხვები, რომლებიც იქ მისულ თანამდებობის პირებს დაუსვეს. შემდეგ ეს კითხვები მივცეთ ჟურნალისტებს, რათა სწორედ ეს კითხვები გააცნონ საზოგადოებას. არავითარი ეჭვი არ უნდა დარჩეს იმის თაობაზე, რომ ყველა მწვავე კითხვა დასმული იყო. პირადად მე ყველა სხდომას ვუსმენდი და ვერც კი წარმომედგინა რა შეიძლებოდა კიდევ ეკითხათ იქ მისული თანამდებობის პირებისთვის.

მიხეილ სააკაშვილი:

სხვათა შორის, მზად ვარ შევხვდე ამ კომისიას და ყველა კითხვას გავცე პასუხი, ყველამ იცოდეს, რომ იმუნიტეტი არავის არ აქვს.

პაატა დავითაია:

ხშირად მითქვამს მასმედიის წარმომადგენლებისთვის, რომ კომისიას არ აქვს უფლება დაიბაროს პრეზიდენტი, რადგან ეს არ არის კომისიის ფორმატი. თუმცა ეს პრეზიდენტის კეთილ ნებაზეა დამოკიდებული.

დიდი მადლობა იმისათვის, რომ ამის საშუალებას გვაძლევთ და ყველაფერს აკეთებთ კომისიის წარმატებით მუშაობისთვის.

ლევან ვეფხვაძე:

ბატონო მიხეილ, თქვენი არმოსვლის შემთხვევაში კითხვები მაინც დარჩებოდა, ამიტომაც, ძალიან კარგია, რომ ამის სურვილი გამოთქვით. მინდა გარწმუნოთ, რომ კითხვები გაცილებით მწვავე იქნება თქვენთან მიმართებაში, ამას გპირდებით.

მსურს რამდენიმე საკითხს შევეხო ანტიკრიზისული საბჭოს ფორმატთან და მუშაობის სტილთან დაკავშირებით. რამდენიმე დღეა ვისმენ გარკვეული პოლიტიკური ჯგუფების (ლაპარაკია არასაპარლამენტო ოპოზიციაზე) განცხადებებს, რომ ისინი მზად არიან დიალოგისთვის და გარკვეულ თემებზე სასაუბროდ. მიმაჩნია, რომ ამ ადამიანებთან რაღაც ფორმით კომუნიკაცია არის აუცილებელი, თუნდაც საჭირო გახდეს ამ საბჭოს ფორმატის შეცვლა. ოპოზიციური სპექტრი გაყოფილია ორად - ერთი ნაწილი არის პარლამენტში, მეორე კი არა. მათ აქვთ საკუთარი შეხედულებები, მათ ჰყავთ არც თუ ცოტა მომხრე. პირადად მე შევშფოთდი იმით, რომ 7 ნოემბერს ხალხი იმ რაოდენობით არ გამოვიდა, რამდენსაც ველოდი და ვშიშობ, რომ ეს ხელისუფლებისთვის აღებული კურსის შეცვლის საბაბი არ გახდეს - ხელისუფლებამ არ უნდა ჩათვალოს, რომ ნეგატიური მუხტი მცირდება.

მიხეილ სააკაშვილი:

საზოგადოება პასუხისმგებლობით უდგება არსებულ სიტუაციას. მე არავითარი ილუზია არ მაქვს იმის თაობაზე, რომ უკმაყოფილო ადამიანთა რაოდენობა მხოლოდ იმ ხალხით განისაზღვრება, რომელიც წვიმიან ამინდში პარლამენტის წინ, რუსთაველის პროსპექტზე გამართულ აქციაზე მოვიდა. ბევრი სოციალური პრობლემის, დასაქმებისა და სიღარიბის, ასევე პოლიტიკური პრობლემების მიუხედავად, ვფიქრობ, საზოგადოებას ესმის, რომ პროცესები უნდა ვაწარმოოთ სხვა ფორმატით - დიალოგის საშუალებით, წინააღმდეგ შემთხვევაში, ამით ჩვენი არაკეთილმოსურნე ისარგებლებს. ეს არის საზოგადოების დაკვეთა და არა ის, რომ პოლიტიკური პროცესები გავზომოთ იმის მიხედვით, ცოტა ხალხი მოვიდა მიტინგზე თუ ბევრი. ამით პოლიტიკური პროცესები მსოფლიოში არსად არ იზომება. ამას ზოგიერთები ჩვენთან ზომავდნენ ძალზე პრიმიტიულად. ეს არ ხდება მსოფლიოს არც ერთ ქვეყანაში. შეიძლება, ქუჩაში მილიონი ადამიანი შეკრიბო და ქვეყნის მასშტაბით უფრო ნაკლები გავლენა გქონდეს, ვიდრე იმ ადამიანებს, რომლებიც აუდიტორიაში აგვარებენ პრობლემურ საკითხებს. ეს ასეა მსოფლიოს ნებისმიერ ქვეყანაში.

ასე რომ, გარწმუნებთ, ამ მხრივ დამშვიდების საფუძველი არ გვაქვს. ისე კი მსურს გითხრათ, რომ მე მანამ არ დავმშვიდდები, ვიდრე ქვეყანაში არსებული პრობლემები არ მოგვარდება, მოსაგვარებელი კი მართლაც ძალიან ბევრი გვაქვს. თანაც ქუჩაში გამოსული ხალხის რაოდენობით არ ვსაზღვრავთ კმაყოფილებისა თუ უკმაყოფილების დონეს. ეს მართლაც ასეა.

ლევან ვეფხვაძე:

მინდა განვაგრძო ანტიკრიზისული სბჭოს თემა და აღვნიშნო, რომ ჩვენს შორისაც არის კომუნიკაციის პრობლემა. აქ სხედან ადამიანები, რომლებმაც გარკვეული საკითხების შესახებ პირველად აქ მოისმინეს. მიმაჩნია, რომ ანტიკრიზისულ საბჭოში უნდა მოხდეს გარკვეული ცვლილებები, რადგან ეს არის კოლექტიური ორგანო და არა მხოლოდ ერთი ადამიანის, ან ერთი პარტიის კუთვნილება.

რაც შეეხება აჭარის არჩევნებს. აჭარაში ჩვენ ვიყავით ინტერფრაქციული ჯგუფის ნაწილი, ნაწილი კი თბილისის შუალედურ არჩევნებზე დარჩა. მე და პავლე კუბლაშვილი ვიყავით აჭარაში. თქვენ აღნიშნეთ, რომ ადამიანების ნაწილი, არჩევნების შედეგების გაუქმების წინააღმდეგი იყო. ეს ადამიანები მათ რიცხვში შედიოდნენ, ვისაც იქ მომხდარში მიუძღვის ბრალი. საბოლოოდ, ჩვენი შეფასების მიხედვით, 6-დან 4 ოლქში არსებული დარღვევები შედეგებზე გავლენას არ ახდენდა. რაც შეეხება იმ ორ ოლქს, ლაპარაკი არ იყო საარჩევნო კოდექსის შესრულება-არშესრულებაზე, იქ იყო ძალიან ცუდი სიგნალები პერსპექტივისთვის და პოლიტიკური ნების არარსებობა. ჩვენ ვხედავდით, რომ უსკოს თავმჯდომარე ურეკავდა საუბნო კომისიის თავმჯდომარეს და მას იმის გამო ედავებოდა, რომ ეს უკანასკნელი არ იბარებდა საერთაშორისო დამკვირვებლის საჩივარს. ბოლოს აუცილებელი ხდებოდა საოლქო კომისიის თავმჯდომარის მოადგილის მისვლა, რათა საჩივარი ჩაებარებინათ. ეს ხელვაჩაურის ერთ-ერთ უბანზე მოხდა.

დარწმუნებით შემიძლია ვთქვა, რომ გოკა გაბაშვილს და პავლე კუბლაშვილს აჭარაში ფული არ ჩაუტანიათ, მაგრამ ადგილზე გამოჩნდა ფული, რომელიც ოპოზიციური პარტიებიდან კომისიის წევრებს დაურიგდა. ვფიქრობ, ეს არათუ არჩევნების გაუქმების საფუძველი, არამედ სისხლის სამართლის საქმის აღძვრის საფუძველია.

მიხეილ სააკაშვილი:

შეძრწუნებული ვარ ამ ინფორმაციით და შემიძლია დაგარწმუნოთ, რომ თუ ამ კონკრეტული ფაქტების დამადასტურებელი საბუთები არსებობს, ჩვენ აღვძრავთ სისხლის სამართლის საქმეს. დამტკიცების შემთხვევაში ამისთვის ყველას მკაცრად დავსჯით.

ლევან ვეფხვაძე:

არსებობს კონრეტული ჩანაწერი, რომელიც ერთ-ერთმა ოპოზიციურმა პარტიამ გვაჩვენა. ამ ჩანაწერში ერთ-ერთი ადამიანი ყვება როგორ გადასცეს მას ფული. დარწმუნებული ვარ, რომ ეს თბილისიდან არ მოდიოდა. ეს იყო ადგილობრივი საკრებულოების თუ გამგეობების ნამოქმედარი. თუ არ გაჩნდება იმის განცდა, რომ კონკრეტულ შემთხვევაზე ადამიანი დაისაჯა, ეს მუდმივად განმეორდება. თბილისიდან იყო ნება, რომ არჩევნები დარღვევების გარეშე გამართულიყო. თუმცა მივიღეთ ის, რომ გარკვეულ ადამიანებს, რა თქმა უნდა, არა ყველას, დარჩა სტერეოტიპი, რომ არჩევნები სხვაგვარად ვერ გაიმართება. დარწმუნებული ვარ, რომ ეს სტერეოტიპი ასლან აბაშიძის მმართველობის პერიოდში ჩამოყალიბდა.

15 წელია საქართველოში არჩევნები იმართება და მსგავსი პრეცენდენტი არ ყოფილა, როდესაც მთლიანად ოლქი გაუქმდა. ეს ძალიან კარგია, მაგრამ ამას უნდა მოყვეს ის, რომ ოლქის ხელმძღვანელი და საუბნო კომისიების თავმჯდომარეები გათავისუფლდნენ. ამას იმ ადამიანთა დასჯის ფაქტიც უნდა მოყვეს, რომლებმაც მითითებისა და დავალების მიუხედავად, მაინც ჩაიდინეს დანაშაული. ვფიქრობ, ეს შემთხვევა ლოგიკურ დასასრულამდე უნდა მივიდეს.

ჯონდი ბაღათურია:

ერთი კონკრეტული წინადადება მაქვს ამ საკითხთან დაკავშირებით, რომელმაც, პრინციპში, შეიძლება მოიცვას მეორეც - საარჩევნო კოდექსზე მუშაობის ფორმატიც. დარღვევებთან დაკავშირებით ბევრი ფაქტებია, დარღვევები დაფიქსირდა თბილისშიც, კერძოდ დიდუბის რაიონშიც. იქნებ ინტერფრაქციული ჯგუფის ფორმატში ჩვენ დაგვეწყო ამ დარღვევების ფაქტების განხილვა, რის საფუძველზეც შესაძლებელი იქნება სისხლის სამართლის საქმის აღძვრა - მასალებს გადავცემდით სამართალდამცავ ორგანოებს.

ასევე ინტერფრაქციული ჯგუფის ქუდით, მოვიწვიოთ არასაპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლები. ნუ დავუთქვამთ მათ დროს, ჩვენ დავიწყოთ მუშაობა საარჩევნო კოდექსზე და თუკი სურვილი ექნებათ, მათ ნებისმიერ დროს შეეძლებათ შემოგვიერთდნენ.

გია თორთლაძე:

როდესაც ცხადდება ანტიკრიზისული საბჭოს შეკრება, კარგი იქნება თუ ყველანი შევიკრიბებით. ამით კომუნიკაციის პრობლემსაც მოვხსნით. გქვონდა ბევრი შეხვედრა, ასევე გასვლითი ღონისძიება, რომელზეც მხოლოდ 2-3 კაცი ვიყავით. ვფიქრობ, ყველა ერთად ნაყოფიერად ვმუშაობთ და თუკი ვინმეს რაიმე კითხვა ან წინადადება გაუჩნდება, შეგვიძლია ეს საბჭოში განვიხილოთ. რაც შეეხება შეხვედრებს, იმისათვის, რომ კომუნიკაციის პრობლემა არ წარმოიშვას, ყველა უნდა დავესწროთ-ხოლმე. კომუნიკაციის პრობლემის გადაჭრის ერთადერთი გზა არის უფრო მეტი აქტიურობა. ამაზეა დამოკიდებული ისიც, რა ინფორმაცია გვეცოდინება და რა არა.

ზურაბ ტყემალაძე:

მინდა შევეხო ანტიკრიზისული საბჭოს მუშაობის საკითხსაც და რადგან ლაპარაკი ამ თემასაც შეეხო, არჩევნებსაც. თუ რომელიმე პოლიტიკური ძალა არიგებდა ფულს აჭარაში მოდით გამოვიკვლიოთ ეს ფაქტი და დამნაშავეები დავსაჯოთ.

მინდა გითხრათ, რომ წინასაარჩევნო პერიოდში ჩვენი პოლიტიკური ძალის მიმართ საკმაოდ დიკრიმინაციული მიდგომა გამოვლინდა. ამის თაობაზე საქმის კურსში ჩავაყენე დავით ბაქრაძეც, პალიკო კუბლაშვილიც. მას შემდეგ რაც ამ ადამიანებს ვესაუბრე მეგონა, რომ პრობლემა გადაწყდებოდა, მაგრამ მეორე თუ მესამე დღეს უარი მომივიდა - ჩვენ არ გამოგვაყენებინეს უფასო სარეკლამო დრო, როგორც არაკვალიფიციურ სუბიექტს. მაქვს წერილობითი უარი, როგორც ტელევიზიებიდან, ისე უსკოდან, ცსკ-დან და სასამართლოში შეტანილია სარჩელი. თუ გნებავთ თქვენსავე წარმომადგენელს დაავალეთ, რომ ეს საკითხი ჩემთან ერთად გაიარონ და მათვე მოგახსენონ ობიექტური პასუხი.

რაც შეეხება ანტიკრიზისულ საბჭოში კომუნიკაციის პრობლემებს, მოგახსენებთ, რომ გასვლით ღონისძიებებზე თავს ვიკავებ, მაგრამ თუკი მთავრობასთან დაინიშნება შეხვედრა, სიამოვნებით მივიღებ მონაწილეობას.

ეკონომიკურ კრიზისსთნ დაკავშირებით, კომისიასა და თავმჯდომარეს მსურს ვთხოვო, იქნებ აგვეღო სხვა ქვეყნების გამოცდილება, იქნებ ჩვენც მოგაწოდოთ რაიმე ინფორმაცია და თქვენთან კონსულტაციებით შევჯერდეთ რაიმე გადაწყვეტილებაზე. მარტო ის, რომ დახმარება შემოდის და ამის იმედად ვიყოთ არ იქნება საკმარისი. შესაძლოა, საკანონმდებლო ცვლილებები იყოს საჭირო ან სხვა რამ. თუ თქვენი მხრიდან იქნება პოლიტიკური ნება, იქნებ, ჩვენც ჩავერთოთ ამ პროცესში და რაიმე სასარგებლო წინადადება შემოვიტანოთ საბანკო სექტორის, სამეწარმეო სფეროს დასახმარებლად.

მაგალითად, დღევანდელი და გუშინდელი მონაცემებით, თვალი რომ მივადევნოთ ვალუტის კურსს, მტკიცდება, რომ კურსი იყო ხელოვნურად შექმნილი. ცვალებადობის მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, ეს დღესაც ასეა. არის სპეკულაციური კურსი - ზოგ უბანზე ვალუტას 1.45 ლარად გადახურავებ,ზოგან კი 1.65-ად. ეს პროცესი კანონით უნდა რეგულირდებოდეს და არ შეიძლება ამპლიტუდა ამ მასშტაბებში მერყეობდეს. ამას თვალყურს უნდა ადევნებდეს ეროვნული ბანკი.

კიდევ ერთ საკითხს შევეხები, რომელიც გუშინდელ დღეს და სხვა ოპოზიციური პარტიების ინიციატიცებს უკავშირდება. აცხადებენ, რომ მზად არიან მოლაპარაკების მაგიდასთან დასასხდომად და მოდით, ყველაფერი გავაკეთოთ, რათა პროცესი ამ ფორმატით წარიმართოს. კარგი იქნება, რომ ისინი ანტიკრიზისულ საბჭოში მოვიდნენ და ამ საბჭოს მუშაობაში ჩაერთონ. ამას პრაგმატული ინტერესებიდან გამომდინარეც ვლაპარაკობ, რადგან არასაპარლამენტო ოპოზიციიდან, ფაქტობრივად, მხოლოდ ჩვენი პარტია დარჩა და ბუნებრივია, მსურს, რომ გვერდი გამომაგრონ კიდეც.

მიხეილ სააკაშვილი:

რაც შეეხება ეკონომიკას, გეთანხმებით, ბატონო ზურაბ. მე არ მიმაჩნია, რომ მთავარი დახმარებაა - მთავარია, რომ ეკონომიკა სწორი მიმართულებით განვითარდეს.

რაც შეეხება ვალუტის კურსს, ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ, რათა არ დავუშვათ სპეკულაცია და ჩვენი ეკონომიკისთვის საზიანო მოქმედებები. არ ველოდები რაიმე სერიოზულ პრობლემებს, ეროვნულ ბანკს აქვს საკმარისი რესურსი და საბაზრო მექანიზმები იმისათვის, რომ მათი ამუშავებით, ჩვენი ეკონომიკისთვის და ჩვეულებრივი მოქალაქეებისათვის, რომლებსაც ეს რა თქმა უნდა შეეხება, რაიმე მკვეთრი გართულება ნამდვილად არ მოყვეს. ჩვენ არ ველით რაიმე სახის მკვეთრ ცვლილებებს. რაც თქვენ თქვით ეს მართალია, მაგრამ ეროვნული ბანკი იყენებს ინტრუმენტებს სუტუაციის დარეგულირებისა და დასტაბილურებითვის. ჩვენ საქმის კურსში ვართ და ვითარებას ვაკონტროლებთ.

ბაჩუკი ქარდავა:

მინდა შევეხო ანტიკრიზისული საბჭოს მუშაობის პრინციპს, ბატონმა ზურაბმა გარკვეული საკითხები წამოწია და ჩვენ ამას თავს ვერ ავარიდებთ. ვერ ვიტყვი, რომ ეს კონკრეტულად ვინმეს ბრალია, მაგრამ საჭიროა საბჭოს მუშაობის რეგლამენტირება, რათა პროცესმა მოწესრიგებული სახე მიიღოს. ჩვენ უნდა გვქონდეს სამუშაო გეგმა, გაწერილი ფორმა, რომელიც დოკუმენტის სახით იდება.

ასევე მიმაჩნია, რომ ამ საბჭოს სამართლებრივი საფუძველი უნდა ჰქონდეს. რაც უფრო მეტი პოლიტიკური ძალა და ადამიანი მიიღებს მუონაწილეობას საბჭოს მუშაობაში, მით მეტი დადებითი შედეგი გვექნება. ვთვლი, რომ ანტიკრიზისულ საბჭოში უნდა შეიქმნას ჯგუფები, რომელთაგან თითოეული კონკრეტულ პრობლემაზე იმუშავებს. ჩვენ შეიძლება არა მხოლოდ პოლიტიკური სუბიექტები, არამედ ექსპერტები და საზოგადოების წარმომადგენლები მოვიწვიოთ, მაგალითად, საარჩევნო კოდექსზე, ცსკოს დაკომპლექტებისა თუ სხვა საკითხებზე მსჯელობის დროს. ამ საკითხებზე 3-კაციანი სამუშაო ჯგუფიც საკმარისია, საჯარო განხილვის დროს კი ეს ჯგუფი შეიძლება გაფართოვდეს.

გია თორთლაძე:

მე ძირითადად ის საკითხები ჩამოვთვალე, რომლებიც უკვე გადაწყდა. რაც შეეხება კონკრეტულ წინადადებებს, არც ერთი ადამიანისგან არც საბჭოში და არც საბჭოს გარეთ არ მიმიღია რომელიმე კონკრეტულ საკითხზე მუშაობის წინადადება. ჩვენ ბევრჯერ აღვნიშნეთ, რომ ანტიკრიზისული საბჭოს კარი ყველასთვის ღიაა. თუ აქვთ სურვილი, რომ ჩვენთან ითანამშრომლონ, მოვიდნენ და ერთად ვიმსჯელოთ, თუ არა შეუძლიათ წერილობით მოგვმართონ.

მიხეილ სააკაშვილი:

მე არავითარი პრობლემა არ მაქვს მათთან საუბრის, თუმცა ანტიკრიზისული საბჭო შეიქმნა არა იმისთვის, რომ ერთმანეთს ვუყვიროთ, არამედ იმისთვის, რომ კონკრეტული პრობლემები გადავწყვიტოთ. მაგალითად, თქვენ დააყენეთ პოლიტიკური პარტიების დაფინანსების საკითხი. მანამდე პოლიტიკური პარტიების დაფინანსების საკითხი პარლამენტმა სხვაგვარად გადაწყვიტა. მართალი რომ ვთქვა, ამაში პირადად მე პირდაპირი მონაწილეობა არ მიმიღია. თქვენთან დიალოგის და კონსულტაციების შემდეგ კი ეს აზრი რადიკალურად შეიცვალა. არც ერთ უცხოელს ჩვენთან ეს საკითხი სერიოზულად არ დაუყენებია. ჩვენი, როგორც ამ ქვეყნის მთავრობაში მყოფი ძალის და ამ ქვეყნის მოქალაქეების, ინტერესია, რომ იყოს ნორმალური თამაშის წესები. ჩვენი ინტერესია, რომ ესენი უცხოეთში კი არ დარბოდნენ ერთი მისამართზე ფულის ასაღებად, არამედ ჩვენი ბიუჯეტიდან მიიღონ თანხა. ჩვენ არ გვაქვს მდიდარი ბიუჯეტი, მაგრამ ჯობს საქართველომ დააფინანსოს პარტიები და თან გააკონტროლოს, რომ მათ არ მიიღონ დაფინანსება საქართველოს მოწინააღმდეგეებისგან. ეს ძალიან პრაგმატული ინტერესია. იმიტომაც გავიზიარეთ თქვენი პოზიცია, რომ ვფიქრობ, ეს სწორია. სხვაგვარად მივიღებთ იმას, რაც არავის არ აძლევს ხელს. ეს არ არის დაკავშირებული იმასთან, რომ რომელიმე საერთაშორისო ორგანიზაციამ ასე გვირჩია.

დროა დავსერიოზულდეთ და ვთქვათ, რომ ჩვენი ქვეყნის ბედი ჩვენს ხელშია და ჩვენს მიერ წყდება და არა რომელიმე ევროპულ ან ამერიკულ დედაქალაქში, მით უმეტეს, დიდი ხანია უკვე არ წყდება რუსეთში. თუმცა რა პრობლემებიც შეგვიქმნა რუსეთმა, ყველა კარგად ხედავთ.

რუსეთი დღესაც ცდილობს, რომ დრო უკან დააბრუნოს. ჩვენი ქვეყნის ბედი წყდება საქართველოში, ჩვენი პოლიტიკური სისტემა უნდა ჩამოყალიბდეს საქართველოში, ჩვენი საარჩევნო სისტემა უნდა დავხვეწოთ ისე, რომ ჩვენს მოქალაქეებს არ გაუჩნდეთ ეჭვი. ასე მოხდა ხელვაჩაურში, როდესაც ჩვენი დამკვირვებლების ჩვენების საფუძველზე გავაუქმეთ შედეგები საკმაოდ დიდ ოლქში. წინა განხილვა იყო ცოტა უფრო ფორმალიზებული, ახლა უფრო სერიოზული საკითხები დავაყენეთ.

მინდა ერთი რამ ყველას გვესმოდეს, სულ უფრო მეტად იხსნება პოლიტიკური დისკუსია, სულ უფრო მეტს ვლაპარაკობთ, ნაკლები ცერემონიები და რიტუალები გვჭირდება ერთმანეთთან ურთიერთობისთვის და სულ უფრო კონკრეტულები ვართ ყველანი. ილუზია იმაზე, რომ ჩვენ ყველაფერზე შევთანხმდებით, არავის არ აქვს. პირდაპირ გეტყვით, ვისურვებდი, რომ ყველაფერზე დაგთანხმდეთ, მაგრამ წინასწარ შემიძლია პროგნოზირება, რომ ეს ასე არ იქნება, რადგან ასევე მაქვს პასუხისმგებლობა საზოგადოების იმ ნაწილის მიმართ, რომელმაც მე აქ მომიყვანა. ჩვენ ამ საზოგადოებამ გვითხრა: იმის მიუხედავად თანხმდებით თუ არა ერთმანეთთან, იმის მიუხედავად მოგწონთ თუ არა ერთმანეთი, დასხედით და ილაპარაკეთ.

აქ ვსხედვართ ხალხი, რომლებსაც ისეთი რამეები გვაქვს ერთამეთისთვის ნათქვამი რომ... მაგრამ სიტყვები არაფერს არ ნიშნავს, სიტყვები იმ მომენტში შენი ემოციისა და პოლიტიკური პოზიციის გამოხატვაა. ჩვენი ქვეყანა მარადიულია, ხოლო ჩვენი სიტყვები და ემოციები - დროებითი. ჩვენი ხალხი ერთმანეთთან დიალოგს გვთხოვს. ასე ხდება პოლიტიკური პროცესების მართვა ცივილიზებულად.

მივესალმები ანტიკრიზისული საბჭოს აქტიურობას. მივესალმები იმასაც, რომ შიგნითაც არის აზრთა სხვადასხვაობა და ზოგჯერ, როცა ვინმე უფრო მეტ ინიციატივას იღებს, შეიძლება არც იყოს მთლად სწორი. მაგრამ ეს კარგია და აქტიურობის მანიშნებელია. სხვა შემთხვევაში არც კითხვები დაისმებოდა.

მადლობელი ვარ თქვენი გამძლეობისთვის. თქვენი კომისია უძლებს 4-7 საათიან დაკითხვებს, რაც ძალიან რთულია, მაგრამ ეს მათთვისაც ძალზე მძიმეა, ვინც თქვენს კითხვებს უძლებს. ეს ძალიან დიდი და კეთილშობილური შრომაა, კარგი ნაბიჯია იმისათვის, რომ პოლიტიკური სისტემა განვითარდეს.

ამიტომ, მინდა შემოგთავაზოთ, რომ ჩვენმა შეხვედრებმა რეგულარული ხასიათი მიიღოს, რათა მიღებული გადაწყვეტილებები საზოგადოებას გავაცნოთ. იმედი მაქვს და საზოგადოებრივი არხი არის იმისთვის, რომ მთლიანად გავაცნოთ საზოგადოებას თუ რა საკითხები დგას აქ, იცოდნენ, რომ ჩვენ ერთმანეთს, მართალია, დელიკატურად, მაგრამ მაინც არ ვინდობთ, თუმცაკი ვმუშაობთ.

საბოლოოდ, ამ კამათსა და დიალოგში დაიბადება ჭეშმარიტება.

დიდი მადლობა!


საქართველოს პრეზიდენტის
ადმინისტრაციის პრესსამსახური




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (11)
2012 (12)
2011 (12)
2010 (10)
2009 (12)
2008 (12)
2007 (11)
2006 (12)
2005 (12)
2004 (4)