Google+

გამოსვლები და განცხადებები

11.12.2008
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებს შეხვდა

ჩემთვის დიდი პატივია ბიზნესის ყველაზე მნიშვნელოვან წარმომადგენლებთან შეხვედრა.

იმ ხალხთან, ვინც ჩვენი ბიზნეს თანამეგობრობის სხვადასხვა წრეს წარმოადგენს.

მინდა სამთავრობო ცვლილებებთან დაკავშირებით მოგახსენოთ. გავიგო თქვენი აზრი ჩვენს ეკონომიკაში შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით და ასევე მოვისმინო თქვენი კითხვებიც.

მინდა მოგახსენოთ იმის თაობაზე, თუ რას უკავშირდებოდა ის სამთავრობო გადაადგილებები, რომელიც ბოლო დროს საქართველოს მთავრობაში განხორციელდა.

საქართველო არის ის ქვეყანა, რომელიც ახლა სხვა ქვეყნებთან ერთად ძალიან დიდი რისკის ზონაში იმყოფება.

მე სხვადასხვა ქვეყანაში ვნახე, თუ რას ნიშნავს მსოფლიო დონის კრიზისი სხვადასხვა ქვეყნების ეკონომიკებისთვის.

ლატვიაში ჩამოიშალა მთელი საბანკო სისტემა.

ლატვია ევროკავშირის წევრი ქვეყანაა, მას ჩვენზე ბევრად უფრო დიდი ეკონომიკა ჰქონდა.

ჩეხეთის რესპუბლიკაში არის კატასტროფული პრობლემები. ვიყავი აზერბაჯანში, ჩვენს მეგობარ ქვეყანაში, რომელსაც აქვს ძალიან ბევრი ფული, მაგრამ მშენებლობების თითქმის 100 პროცენტი იქ გაჩერებულია.

ახლა ვიყავით კატარში, სადაც ერთ სულ მოსახლეზე შემოსავალი 40-ჯერ მეტია, ვიდრე საქართველოში.

სხვა ქვეყნებშიც შეჩერებულია ინვესტიციების შემოსვლა და სახელმწიფოს მთელი რიგი ფინანსური აქტიურობა. მსოფლიო იმყოფება ეკონომიკური შტორმის პირობებში.

ამერიკაში მანქანების გაყიდვა შემცირდა თითქმის ორჯერ, უფრო მეტად, ვიდრე საქართველოში.

საქართველო და მთელი მსოფლიო ურთულეს ეკონომიკურ გარემოებაშია.

ამერიკაში მიდის დებატები იმის თაობაზე, უნდა გამოიხსნას თუ არა ამერიკამ თავისი ავტოინდუსტრია.

ერთ-ერთმა წარმომადგენელმა ტელევიზიით თქვა, რომ ომის გამო საქართველოში ტურიზმი შემცირდა.

მსოფლიოში ტურიზმი შემცირებულია თითქმის სამჯერ. ჩვენი პატარა გემი ისეთ შტორმში შედის, სადაც შეიძლება ბევრად უფრო დიდი გემებიც კი ჩაიძიროს.

რუსეთი საქართველოსთან ომის შემდეგ, უკვე აღმოჩნდა ამ შტორმში.

რუსეთში ჩამოიშალა ბირჟის 80 პროცენტი. სახელფასო დავალიანებები უკვე შეადგენს ეკონომიკის 13 პროცენტს. ამიტომ ჩვენ გემში უნდა მოვახდინოთ გადანაცვლებები, იალქნები დავამაგროთ, მოტორი გავარემონტოთ, ყველაფერი დავზეთოთ იმისათვის, რომ ჩვენი გემი უფრო გამძლე აღმოჩნდეს შტორმის პირობებში და ტიტანიკის ბედი არ გვეწვიოს.

მიმაჩნია, რომ რუსეთის ეკონომიკა ტიტანიკის მდგომარეობაშია. ნავთობის ფასი მერყეობს 35-დან 40 დოლარამდე. სახელფასო დავალიანება ძალიან დიდია. რუსეთში საბავშვო ბაღებში გაუქმდა კვება, ამას აკეთებდა "გაზპრომი". სკოლებში გაუქმდა მთელი რიგი სოციალური შეღავათები, რომელიც გათვალისწინებული იყო როგორც მასწავლებლებისათვის, ასევე მოსწავლეებისათვის.

მათი მთელი გათვლა იყო ნავთობის ფასის გაზრდაზე. რუსეთს პრაქტიკულად საექსპორტო სხვა არაფერი არ გააჩნია.

რა უნდა ქნას ამ პირობებში საქართველომ?

საქართველო პირველ რიგში უნდა გადარჩეს როგორც სახელმწიფო.

ჩვენ 90-იან წლებში გვქონდა ორი დიდი კრიზისი. ერთი 1992-93 ომის შემდეგ, რასაც მოყვა საფინანსო სექტორის ჩამოშლა, რაც უკავშირდებოდა ეროვნული ბანკის კატასტროფულ პოლიტიკას. ამას მოყვა ნაციონალური ვალუტის განადგურება, სახელმწიფოებრიობის მთავარი პრინციპების მოშლა, ეკონომიკის განადგურება, ენერგეტიკის მოსპობა. ეს არის ეკონომიკური კრიზისის პირველი მოდელი.

ეკონომიკური კრიზისის მეორე მოდელი არის ის, რაც მოხდა 1998 წელს რუსეთში. მოხდა დეფლოტი, რუსეთის ეკონომიკის ჩამოშლა.

ამას მოყვა საქართველოს საბანკო სექტორის ჩამოშლა, ეკონომიკის რამდენიმეწლიანი შეფერხება.

მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს ეკონომიკას 2002- 2003 წლებში ჰქონდა ზრდის მაჩვენებლები, სახელმწიფო ვერ გაცემდა ხელფასებს ად პენსიებს, იყო დავალიანება.

სახელმწიფომ კორუფციის და შიდა მოშლილობის გამო ვერ გაართვა თავი ელემენტარულ ამოცანებს.

რა არის დღეს ჩვენი ამოცანა?

ჩვენი ამოცანაა არ დავუშვათ ენერგეტიკული სექტორის მოშლა ზამთრის წინ.

ბოლო ოთხი წლის განმავლობაში ენერგეტიკის სექტორში ჩავდეთ 250 მილიონი დოლარი. ენერგეტიკის სექტორში ჩვენ პრობლემა არ გვექნება. წელს ზამთარში საქართველო არ ჩაბნელდება. რაც იმას ნიშნავს, რომ ჩვენ შევძლებთ ჩვენი საწარმოებისა და ჩვენი ოჯახების მომარაგებას დენით იმ პირობებში, როცა ჩვენ გვაქვს ხუთ წლიანი კონტრაქტი აზერბაიჯანთან, გარემონტებული გვაქვს ჰიდროელექტროსადგურები, გვაქვს ელექტროენერგიის დაცვის ხელშეკრულებები სომხეთთან, თურქეთთან, აზერბაიჯანთან, რუსეთთან, თუმცა რუსეთს ჩვენ მეტად ვჭირდებით, ამგვარად წელს ჩვენ შევძლებთ სქართველოს ტერიტორიის მომარაგებას ელექტროენერგიით.

მეორე საკითხი ეხება ხელფასებსა და პენსიებს.

ომის პირობებშიც კი, როცა ქვეყანა იყო ორად გახლეჩილი, ქვეყანაში არ შემოდიოდა მოგების და შემოსავლების ნაწილი, მაშინაც კი არ შეგვიწყვეტია ხელფასებისა და პენსიების გაცემა.

ახლა ბიუჯეტის სწორი დაბალანსების შემთხვევაში, ჩვენ არ მოველით მეორე მაკროეკონომიკურ გართულებას.

ჩვენ გვაქვს სერიოზული სიმტკიცის მარაგი.

ჩვენ არ გვექნება ის პრობლემა, რაც უკვე აქვს რუსეთს და აღმოსავლეთ ევროპის უმეტესობას - საფინანსო სექტორის ჩამოშლა.

ყველაფერ ამას სჭირდებოდა ახალი ენერგია, ახალი სამთავრობო ჯგუფი.

ჩვენ მოვიწვიეთ ის ადამიანები, რომლებიც კარგად იცნობენ ევროპის გამოცდილებას. ეს იყო ყველაზე დიდი და დროული სამთავრობო გამოცვლა იმისათვის, რომ საქართველოს მთავრობა თავისი სამოქმედო გეგმით და ხედვით დახვდეს ამ რკიზის საქართველოში.

ომის შემდეგ საერთაშორისო თანამეგობრობისგან მივიღეთ უპრეცედენტო დახმარება -საერთაშორისო სავალუტო ფონდიდან ოთხნახევარი მილიონი დოლარი.

ამის გარდა, დაგვემატა 750 მილიონი დოლარი, რომელმაც საშუალება მოგვცა არ ჩამოშლილიყო ჩვენი ეკონომიკა.

საქართველოს ბიუჯეტი წელს არ გაირღვევა იმის გამო,

რომ ამერიკის შეერთებულმა შტატებმა მოგვცა 250 მილიონი დოლარი. შემდეგი გზა ეს არის საკრედიტო ხაზების ხელახლა გახსნა.

მთავარი პრობლემა ბიზნესისთვის დღეს არის კრედიტის არგაცემა და მიუწვდომლობა.

ჩვენ ევროპული ინსტიტუტებისგან ახლა 200 მილიონზე მეტს ვიღებთ. 400 მილიონ დოლარამდე ჩვენ ვაგროვებთ იმისათვის, რომ 2009 წელს გაცოცხლდეს საბანკო სექტორი. ჩვენ ვმუშაობთ სამშენებლო სექტორთან.

დღეს მოსახლეობა ძველ ბინებს უფრო მეტად ყიდულობს ვიდრე მშენებარეს იმის გამო,

რომ მათ არა აქვთ რწმენა ახალი ბინების აშენების.

ჩვენ უნდა დავაბრუნოთ რწმენა დეველოპერებში და სამშენებლო კომპანიებში. ამ დახმარების ფარგლებში უახლოესი ორი სამი წლის განმავლობაში, ჩვენ მილიარდზე მეტ შემოსავალს მივცემთ სამშენებლო ფირმებს, იმისათვის, რომ დაზარალებულთთვის აშენდეს ბინები, სახელმწიფო დახმარების ფარგლებში წაახალისებს სამშენებლო სექტორს.

ჩვენ გადავწყვიტეთ გადავდგათ ნაბიჯები საზოგადოების სამუშაო ადგილების დასაფინანსებლად. უნდა შემცირდეს სახელმწიფო აპარატის ხარჯები.

სამინისტროებმა თავიანთ ხარჯებს ქამრები უნდა მოუჭირონ.

ჩვენ უნდა ვხარჯოთ ნაკლები. როცა კრიზისია, ყოველთვის არის კორუფციის გაღრმავების საფრთხე. ჩვენი მთავარი მიღწევა არის ის, რომ საქართველოში თითქმის აღარ არის კორუფცია.

ჩვენი გეგმაა საქართველოს გამთლიანება. უბრალოდ რუსეთმა ყველაფერზე აიღო ხელი, ყველაფერს გადაუსვა ხაზი და შეარყია მთელი მსოფლიო არქიტექტურა და თქვა, რომ მე მზად ვარ ვიყო ისეთივე დამპყრობელი, როგორიც იყო სტალინის საბჭოთა კავშირი, ავიღო თავზე ხელი, შევიჭრა სხვა ქვეყანაში და ვთქვა, რომ ეს მე ვიპყრობ. ამაზე არის ორი პასუხი: ერთი უნდა შევეგუოთ, რადგან ძლიერია, ამ შემთხვევაში ბოლომდე გადაგივლის და შეგჭამს და მეორე- ის, რაც მათ გააკეთეს, არ შერჩენია არცერთ დამპყრობელს მსოფლიოში. ამ ყველაფერს უწერია მოკლე დრო. ეს დაპყრობა არავის არ უცვნია რუსეთის გარდა.

ნახეთ, როგორი განცხადებები გააკეთა ობამამ, ნახეთ დღეს რა განცხადებები გააკეთა რაისმა.

მათი თქვეს, რომ რუსეთმა ომი ვერ მოიღო. საქართველოში გვყავს უამრავი ოპოზიციონერები, რომლებიც ამბობენ, რომ საქართველომ წააგო ომი და ამერიკის სახელმწიფო მდივანი ამბობს, რომ რუსეთმა წააგო ომი. როგორ ეთავსება ეს ყველაფერი ერთმანეთს? ნუთუ ჩვენ ვართ ჩვენი თავის მტრები?

საქართველოს ომი არ წაუგია მანამ, სანამ ჩვენ ვართ ცოცხლები, მანამ საქართველოს სახელმწიფო ცოცხალია, მანამ, სანამ ამ შენობაზე ფრიალებს საქართველოს დროშა, მანამ, სანამ მთელი მსოფლიო არის საქართველოს მხარეს და რუსეთი ამ საკითხზე იზოლირებულია.

ამ საკითხის გადაწყვეტის გზა არ არის თვითმრინავები და ტანკები, არამედ საქართველოს ეკონომიკური წარმატება და გადარჩენაა.

მსოფლიო ეკონომიკური კრიზისი იქნება წელიწადნახევრის განმავლობაში. შემდეგი ექვსი თვე იქნება რთული. მე ველი, რომ რამდენიმე თვეში ჩვენ მოვახდენთ რესტრუქტურიზაციას, ვინაიდან პატარა ეკონომიკა გვაქვს და ადვილად შევძლებთ გადაწყობას.

ამ კრიზისიდან პირველი გამოვა ამერიკა, შემდეგ ევროპა, რამოდენიმე რეგიონი. იქნებიან დიდი ქვეყნები, რომლებიც ამ კრიზის ვერ გაუძლებენ.

პირველ რიგში ეს იქნება რუსეთ. რატომ? იმიტომ, რომ რუსეთის ეკონომიკა ეფუძნება კორუფციას და ენერგომატარებლების მაღალ ფასს.

საქართველოსთვის ყველა პრობლების მოგვარებისა და ტერიტორიული მთლიანობის გადაწყვეტის საკითხი, მოდერნიზაციასა და თანამედროვე ევროპულ ქვეყნად ჩამოყალიბებაშია.

როცა ევროპა გამოვა ამ კრიზისიდან, საქართველოც თავისთავად მოახერხებს ამას.

ჩვენ საშემოსავლო გადასახადი დავწიეთ 20 პროცენტამდე, 250 მილიონ ლარს ვაბრუნებთ ბიზნესში, ვახდენთ რესტრუქტურიზაციას დეველოპერებში, ვახდენთ საგადასახადო კოდექსის გამარტივებას.

მე ვიყავი სიღნაღში და კარგად მესმის რას ნიშნავს ნახო როგორ არის ეკონომიკა ერთამანეთთან დაკავშირებული.

ჩვენ გადავწყვიტეთ ზოგიერთ თქვენგანთან ერთად სიღნაღის, ქუთაისის, ბათუმის აღორძინება.

სიღნაღში ცხოვრობს ქალბატონი ცირა, რომელიც ამბობდა, რომ არ მინდა მოვკვდე ისე, რომ არ ვნახო საქართველოს პრეზიდენტიო.

გადავწყვიტე მენახა, კიდევ კარგი, რომ დამხვდა ჯანმრთელი.

ეს ქალბატონი იჯდა სიღნაღში, არ ჰქონდა განათება, სითბო და იღებდა 13 ლარიან პენსიას.

უცებ მისი ქუჩა გახდა განათებული და საქართველოს მთავარი ტურისტული ობიექტი, ჩადის იქ ათობით და ათასობით ტურისტი.

მას გაახსენდა, რომ იცის წინდების ქსოვა.

მოქსოვა წინდები და რეალურად აგროვებს შემოსავალს და ამ ქალმა დაიწყო ცხოვრება - ინტერნეტშიც კი მოხვდა, როგორც თვითონ მომიყვა.

მე კარგად მესმის, რას ნიშნავს ეკონომიკური კრიზისი ამ ქალისათვის, რეალურად ეს არის მისი ცხოვრებიდან შნურის გამოძრობა. ეს არის დიდი ტრაგედია.

ფაქტობრივად, ეს იმას ნიშნავს, რომ გაჭირვებიდან ახლადამოსულ ადამიანს ისევ გაჭირვებისკენ უბიძგო.

ამიტომ, ჩვენი მთავარი პრინციპია, რომ ეს ხალხი გაჭირვებაში არასდროს აღარ აღმოჩნდეს.

უდავოა, რომ გაჭირვება იქნება, იქნება სიძნელეებიც, მაგრამ ცხოვრების გარკვეული დონე ჩვენ მათ უნდა შევუნარჩუნოთ.

კარგად მესმის რამდენად მნიშვნელოვანია რუსთავის აზოტის, მეტალურგიული ქარხნის ამუშავება. წელს მარტენის ახალი ღუმელები უნდა გაგვეშვა ექსპლოატაციაში, რომლებმაც 1992 წელს შეწყვიტეს მუშაობა. დღეს ეს საკითხი კითხვის ნიშნის ქვეშ დგას.

ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხანა პრაქტიკულად სულს ღაფავს, რადგან 70-80 პროცენტით დაეცა გაყიდვის მაჩვენებელი.

ეს პრობლემები აუცილებლად უნდა დავძლიოთ, რადგან ამაზეა დამოკიდებული ჩვენი ათობით ათასი სპეციალისტის, ინჟინრის, მუშის ცხოვრება, შემოსავალი და ოჯახები.

თუ ჩვენ ამ სიტუაციიდან ვერ გამოვედით, საქართველო აღარასდროს აღარ იქნება განვითარებული და თანამედროვე ქვეყანა.

ჩვენ დავკარგავთ სპეციალისტთა მთალ თაობას, ხოლო ახლის გაზრდას 40-50 წელიწადი დასჭირდება.

ამიტომ, სახელმწიფო არის იმისათვის, რომ ყველა სირთულე ერთად გადავლახოთ; მთავრობა არის იმისათვის, რომ დღისით და ღამით თქვენთან ერთად მუხლჩაუხრელად მუშაობდეს და ხალხს ემსახუროს, რათა თქვენ არ დაზარალდეთ, ან ამ კრიზისის პირობებში ზარალი მინიმალური აღმოჩნდეს.

ჩვენ აუცილებლად უნდა დავაფინანსოთ საზოგადოებრივი სამუშაოები.

პირველი ექვსი თვე იქნება ყველაზე რთული, ივნის-ივლისში კი საქართველოში შემოვა მილიარდობით დოლარი, რითიც ავაშენებთ გზებს, ახალ სახლებს, ჯანდაცვისა და ენერგეტიკულ ობიექტებს.

ჩვენ გვაქვს სერიოზული პროექტები, რომლებიც ახალი, დიდი ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობას შეეხება.

გუშინ სიღნაღში გავხსენით ახალი პატარა სასტუმრო, რომელშიც სულ 12 ოთახია, მაგრამ იქ 35 ადამიანია დასაქმებული.

თბილისში 100 მილიონი დოლარი იდება იმაში, რომ მტკვრის მეორე სანაპიროზე, ძველი თბილისის გაგრძელებაზე აშენდეს ანალოგიური ახალი დიდი უბანი და ეს იმ პირობებში ხდება, როდესაც მშენებლობები მთელ მსოფლიოში შეჩერდა.

ეს იმის შედეგია, რომ ბოლო ოთხი წლის განმავლობაში ვახორციელებთ რეფორმებს და ბოლო ოთხი წლის განმავლობაში ვიღებთ შედეგებს, რათა გავიდეთ სამშვიდობოს.

ორიოდ წლის წინათ რუსეთმა ემბარგოს დაწესება სცადა, მაგრამ როდესაც ამით სასურველ შედეგს ვერ მიაღწია, პირდაპირი სამხედრო ინტერვენცია განახორციელა.

ამის პასუხად ორი გამოსავალი, ორი გზა გვაქვს.

პირველი - უარი ვთქვათ ჩვენს ტერიტორიულ მთლიანობაზე და ჩვენი შვილების მომავალზე, ჩამოვუშვათ ხელები და შევეგუოთ იმას, რომ ყველაფერი ცუდად არის და მეორე - გავუძლოთ სიძნელეს და სამშვიდობოს გავიდეთ, რადგან შეუძლებელია მათ საკუთარ მიზანს მიაღწიონ, თუ ჩვენ ვიქნებით ერთიანი, გვექნება მომავლის რწმენა, არ დავჯდებით გულ-ხელდაკრეფილი და ყველანი ერთად ვიმუშავებთ ჩვენი ქვეყნის გადასარჩენად.

ჩვენ ყველაფერს შევძლებთ!

ჩვენ გადავლახავთ ეკონომიკურ სირთულეებს, შევქმნით თანამედროვე ეკონომიკას, უახლოესი ათი წლის განმავლობაში საქართველოს ვაქცევთ თანამედროვე ევროპულ ქვეყნად და ჩვენი განვითარებით გავუსწრებთ ევროკავშირის ზოგიერთ ქვეყანას, რომელიც ახლა ჩვენზე ბევრად წინ არის.

ევროკავშირთან და ამერიკასთან მალე თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებას მოვაწერთ ხელს. ამიტომ უნდა ვისწავლოთ მუშაობა.

ჩვენ მივტირით რუსეთში ჩვენი ღვინის ბაზარს.

რუსეთთან ურთიერთობების პიკის დროს ჩვენ ქართული ღვინის 32 მილიონი ბოთლი ღვინო გავყიდეთ.

რუსული ღვინის ბაზარი 240 მილიონი დოლარია, ამერიკის ღვინის ბაზარი კი - 2,5 მილიარდი დოლარი.

ერთი წლის განმავლობაში ამერიკაში ღვინის გაყიდვის მაჩვენებელი გავასამმაგეთ და დაახლოებით, 2 მილიონი ბოთლი გავყიდეთ, მაშინ როდესაც ამერიკაში მინიმუმ 10 მილიონი ბოთლი უნდა გავყიდოთ შემდეგი ორი წლის განმავლობში.

მთელმა ამერიკამ იცის სად არის საქართველო. ჩვენს ქვეყანას აქვს მაღალი ცნობადობა და ეს უნდა განვამტკიცოთ ჩვენი ღვინის, სოფლის მეურნეობისა და მაღალტექნოლოგიური პროდუქციებით.

თავისუფალი ვაჭრობის პირობებში ძალიან ადვილია ინვესტიციების მოზიდვა მაღალ ტექნოლოგიასა და სხვადასხვა მრეწველობაში.

დღეს ეს რთულია, რადგან ინვესტორი, პრაქტიკულად, მთელ მსოფლიოში გაქრა.

რამდენიმე წლის წინათ გიორგი არველაძესთან და ცოტა ხნის წინათ ეკატერინე შარაშიძესთან ერთად არაბეთის გაერთიანებული ემირატებიდან რამდენიმე სერიოზული ინვესტორი ჩამოვიყვანეთ.

ამას წინათ კატარში ყოფნისას ვნახე, რომ მათი ინვესტიციები გათვლილია იმ პერიოდზე, როდესაც ნავთობი 72 დოლარს მიაღწევს.

დღევანდელ დღეს ნავთობი 38 დოლარი ღირს, ამ პირობებში კი ეს ქვეყნებიც ვეღარ დებენ ფულს ინვესტიციაში. თუმცა ეს დროებითი ვითარებაა და ისინი ინვესტიციას ჩადებენ იმ ქვეყნებში, რომლებიც მათთვის ყველაზე მიმზიდველი იქნება.

ამ გაჭირვების მიუხედავად, ფოთის პორტის წილი, დამატებით რამდენიმე ათეული პროცენტი გავყიდეთ და აქედან 65 მილიონ დოლარს ვიღებთ.

ეს არის არა მხოლოდ სახელმწიფოში შემოსული ფული, არამედ დამატებითი გარანტია იმისა, რომ თანხა სამუშაო ადგილების შექმნაში ჩაიდება.

ეს იმისათვის გვჭირდება, რომ ფოთში დამატებით 20-30 ათასი ადამიანი დასაქმდეს.

ამასთან, ისიც უნდა აღვნიშნო, რომ ეს 65 მილიონი დოლარი არა სხვადასხვა პატარა პროგარმებს, არამედ სწორედ სამუშაო ადგილების შექმნას უნდა მოვახმაროთ.

ჩვენ უნდა განვსაზღვროთ და ვნახოთ რომელ სფეროში შეიძლება შეიქმნას უფრო მეტი სამუშაო ადგილი, მაგალითად, მილიონ დოლარად. თუ ამ რაოდენობის თანხა ერთ სექტორში ქმნის 50 სამუშაო ადგილს, ხოლო მეორე სექტორში - 250 ადგილს, რამდენად მიმზიდველიც არ უნდა იყოს 50 სამუშაო ადგილიანი სექტორი, მაინც უნდა გადავიხაროთ მეორისკენ. ამ ეტაპზე, ეს ჩვენი მთავარი მოწოდებაა.

ჩვენი სახელმწიფო არ არის მდიდარი - ჩვენ არ გვაქვს ნავთობისა და გაზის ფონდი, მაგრამ ყველაფერი,რაც გვაქვს, სამუშაო ადგილების შექმნას უნდა მოხმარდეს. ამაში აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ.

სიტუაცია გაუმჯობესებამდე, შესაძლოა, ბევრი რამ გაუარესდეს კიდეც. კატასტროფა აქ არ მოხდება იმის გამო, რომ წინა წლების განმავლობაში ბევრი რამ სწორად გავაკეთეთ.

იმას, რაც მთელ მსოფლიოში მოხდა, ეკონომიკის სფეროს ნობელის პრემიის ლაურეატებიც კი არ მოელოდნენ, მაგრამ ყველაფერი გამოსწორდება.

ჩვენი მთავარი წარმატება დადგება მაშინ, როდესაც სხვა ქვეყნებთან შედარებით საქართველო უფრო ნაკლებად დაზარალებული გამოვა შექმნილი მდგომარეობიდან. თქვენ მერე ნახეთ რამდენი ფული წამოვა საქართველოში.

დღეს ეს არის ჩვენი მთავარი გამოცდა.

ჩვენ არ ჩავბნელდებით, არ ვიშიმშილებთ და არ მოხდება კატასტროფა.

ჩვენ გადასალახი გვექნება სირთულეები, მაგრამ თუკი მათ გავუძლებთ და დავძლევთ, საქართველო იქნება ძალიან მდიდარი და წარმატებული ქვეყანა.

ეს არის ის, რისი თქმაც დღეს თქვენთვის მსურდა.

შეკითხვები

ბიზნესმენი:

ბატონო პრეზიდენტო, თქვენ ზუსტად შეაფასეთ ის მდგომარეობა, რაც ეკონომიკური კრიზისის პირობებში გველოდება. ვფიქრობ ამ გამოსვლის შემდეგ მთავრობას უფრო კონკრეტული გეგმები ექნება სამშენებლო ბიზნესის დახმარების თვალსაზრისით. საქმე იმაშია, რომ ახალი პროექტების დაწყებისა და ხალხის ნდობის საკითხში შესაძლოა პრობლემა შეგვექმნას. საინტერესოა, ვისთან გვექნება საქმე ამ შემთხვევაში?

მიხეილ სააკაშვილი:

ამჟამად ეკონომიკის მინისტრი ლაშა ჟვანიაა. მე დიდი იმედი მაქვს მისი ცოდნისა და გამოცდილების - მას ამ საკითხებზე მართლაც ბევრი აქვს ნამუშევარი და ვთხოვ მას გამართოს შეხვედრა, თქვენთან ერთად გაიაროს აღნიშნული საკითხები, რის შემდეგაც უკვე პრემიერ-მინისტრთან და მასთან ერთად განვიხილავთ ამ საკითხს.

ბიზნესმენი:

ბატონო პრეზიდენტო, მინდა სასიხარულო ფაქტი გამცნოთ. 5 თვის წინათ ევროპის პარლამენტში საქართველო პირველად დაჯილდოვდა ქართული ინოვაციური იდეა-გამოგონებისთვის. მე გახლავართ ამ გამოგონების ერთ-ერთი ავტორი. ასე რომ, საქმე წინ მიდის და ამაში ნამდვილად ბევრია ჩადებული.

ახლა რაც შეეხება ჩემს კითხვას. საზოგადოებაში გავრცელებულ ჭორს თუ დავუჯერებთ, გაზაფხულზე პარლამენტის ვადამდელი არჩევნები დაინიშნება...

მიხეილ სააკაშვილი:

ვფიქრობ, ერთ-ერთი იმათგან, რაც ბოლო ხუთი წლის განმავლობაში შევქმენით, არის ქართული სახელმწიფოებრიობა. ძალზე დიდი განსხვავებაა სახელმწიფოსა და ბანანის ქვეყანას შორის. მინდა შეგახსენოთ, რომ 2008 წლის განმავლობაში ჩვენ გვქონდა სამი არჩევნები - საპრეზიდენტო არჩევნები, საპარლამენტო არჩევნები და რეგიონალური - აჭარის არჩევნები (მეოთხეც შეიძლება ჩაითვალოს გამოკლებული დეპუტატის არჩევნები). 2009 წელს დაახლოებით, 10 რაიონში გაიმართება გამოკლებული დეპუტატების არჩევნები, თუმცა შესაძლოა ეს რიცხვი გაიზარდოს კიდეც. 2010 წელს კი გაიმართება ადგილობრივი არჩევნები და ავირჩევთ თბილისის, ბათუმის, ქუთისისა და ჩვენ მიერ კონროლირებული ყველა ქალაქის მერს.

რა თქმა უნდა, მთავრობა მუდმივად უნდა იყოს დიალოგში საზოგადოებასთან და ჩვენ ვცდილობთ ოპოზიციასთანაც გვქონდეს გახსნილი კომუნიკაციის საშუალებები, გავხსნათ დებატები ტელევიზიით. ამას წინათ, ჩვენებას 5 საათის განმავლობაში ვაძლევდი პარლამენტის კომისიას, რომელიც აგვისტოს ომის მოვლენებს სწავლობდა. მსგავსი რამ ძალიან ცოტა ქვეყანაში თუ ხდება. მთავრობა მუდმივად უნდა შედიოდეს დებატებში, ანგარიშს აბარებდეს, უსმენდეს და აზრს ცვლიდეს ოპოზიციასა და საზოგადოებასთან. მაგრამ, ვიმეორებ, დიდი განსხვავებაა სახელმწიფოსა და ბანანის რესპუბლიკას შორის. თუ გვინდა აბუჩად აიგდონ ჩვენი ქვეყანა, წელიწადში 2-3 არჩევნები უნდა გავმართოთ. თუკი შედეგებით უკმაყოფილო პოლიტიკოსის ნებაზე არჩევნებს ყოველ ექვს თვეში ერთხელ ჩავატარებთ, ჩათვალეთ, რომ სახელმწიფო აღარ გვაქვს. ეს იქნება სუიციდის აქტი სახელმწიფოს მხრივ. მე დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი ხალხი ასეთ თვითმკვლელობაზე არ წავა, რადგან ის მეტად განვითარებული და ბრძენია, რაც დაადასტურა კიდეც ომის დროს.

რა არის არჩევნები კრიზისის დროს?

ზოგადად, არჩევნები არის ფულის ხარჯვა არა ხალხისთვის, არამედ პოლიტიკური ძალისთვის. ეს არის ათობით და ასობით მილიონი ლარის ხარჯვა პოლიტიკური კამპანიისთვის, რათა პოლიტიკოსები მოვიდნენ პარლამენტში, პრეზიდენტად და ა.შ. მეც ვიყავი პრეზიდენტობის კანდიდატი და ვიცი, რომ ეს კამპანია დიდი თანხა ჯდება. ამიტომ, ვისურვებდი, რომ ფული კიდევ უფრო ეფექტიანად მოხმარებოდა ჩვენს ხალხს და სხვა პროგრამების განხორციელებისთვის გამოგვეყენებინა. ჩვენ უნდა ავირჩიოთ რომელი გზით გვსურს სვლა.

ეკონომიკური კრიზისის დროს უკრაინამ უკვე დანიშნული არჩევნები გადადო. ჩემი მეგობრები ვიქტორ იუშჩენკო და იულია ტიმოშენკო ძაღლი და კატასავით იყვნენ ერთმანეთთან, მაგრამ იძულებული გახდნენ შერიგებულიყვნენ და უარი ეთქვათ დანიშნულ არჩევნებზე, რადგან კრიზისის დროს, ჩვენზე ათჯერ უფრო დიდი ქვეყანა არჩევნებისთვის ფულს ვერ იმეტებს. ამ პირობებში, როდესაც მსგავსი მოქმედებისგან ყველა თავს იკავებს, მეტი რომ არაფერი ვთქვათ, არ არის სწორი ფულის ვხარჯოთ არა ჩვენს ხალხზე, არა საქართველოს გადარჩენისა და განვითარებისთვის, არამედ პოლიტიკოსებისა და მათი კამპანიისათვის. ეს თითოეული ჩვენგანის გასაკეთებელი არჩევანია.

კარგად მესმის იმ პოლიტიკოსების, რომლებიც ვერ მოხვდნენ პარლამენტში - მათ სურთ, მიზანს მიაღწიონ. მაგრამ მოდით, საკუთარ თავს ვკითხოთ თუ რა არის აქედან რაციონალური გამოსავალი. ვფიქრობ, ხალხთან, ოპოზიციასთან, ბიზნესის წარმომადგენლებთან და ყველა პატარა ჯგუფთან დიალოგში მყოფი ხელისუფლება, რომელიც ძალისხმევას არ იშურებს, რათა საზოგადოებაში შეიქმნას განწყობა თავიდან ავიცილოთ კატაკლიზმები, ვიყოთ რაციონალურნი და მოვძებნოთ საზოგადოებისთვის ყველაზე მისაღები გზა, სწორედ რომ გამოსავალია.

ყველა სხვა გზა ჩიხში მიგვიყვანს და საკუთარი ხელით გაგვაკეთებინებს იმას, რაზეც ჩემი ერთი "მეგობარი" 140 მილიონიან მოსახლეობას ეუბნებოდა: საქართველო თავად აირევა და შემდეგ ჩამოიშლებაო.

ჩვენ უნდა ავირჩიოთ და გადავწყვიტოთ რომელი გზით გვსურს სიარული.

ჩვენ ძალიან კარგად ვიცით, როგორ უნდა გავიმარჯვოთ არჩევნებში სამართლიანად, მაგრამ აქ არჩევნებისა და პირადი ეგოს საკითხი არ დგას. საქმე შეეხება უფრო მნიშვნელოვან საკითხს - ვიქნებით თუ არა ჩვენ სახელმწიფო და ვიქნებით თუ არა წარმატებული ქვეყანა. ამ ეტაპზე წარმატება არის წარმატება ნიშნავს საქართველოს გადარჩებას და მინიმალური დანაკარგებით გამოსვლას მსოფლიო ეკონომიკური კრიზისიდან.

თქვენ ეს ყველაზე კარგად გესმით და გესმით ისიც, რამდენად დიდ დარტყმას აყენებს ბიზნესს ხშირი არჩევნები. თქვენ კარგად იცით რას ნიშნავს, როდესაც ფული იხარჯება პოლიტიკოსებზე და არა ხალხსა და ეკონომიკაზე.

შეკითხვა:

მსოფლიო კრიზისის დროს ყველა ქვეყანაში არის ფინანსური პრობლემები. დახმარება ძალზე მნიშვნელოვანია, მაგრამ რა პერსპექტივა გვაქვს მომავალი წლისთვის, აქვს თუ არა მთავრობას რაიმე კონკრეტული გეგმები ინვესტორთა მოზიდვის თაობაზე?

მიხეილ სააკაშვილი:

მადლობას მოგახსენებთ ამ შეკითხვისთვის. ფინანსურ დახმარებას რამდენიმე კონკრეტული რეცეპტი აქვს. ეს არის მშვიდობა, სტაბილურობა. 2008 წელს ჩვენ ორი პერიოდი დავკარგეთ, სამი თვე - საპრეზიდენტო არჩევნებზე, ხოლო ორი თვე საპარლამენტო არჩევნებისთვის. ეს პერიოდი დაკარგულად ითვლება, რადგან ამ დროს ინვესტიციები არ შემოდიოდა. შემდეგ რუსეთი დაგვესხა თავს და დაიწყო ომი. ჩვენ უნდა შევინარჩუნოთ სტაბილურობა, რაციონალურად მოვახდინოთ ეკონომიკის შემდგომი ლიბერალიზაცია და დახმარების პირობებში, ყველას დავანახოთ, რომ ქვეყანაში იქმნება თანამედროვე ინფრასტრუქტურა.

საქართველოში ყველა მიმართულებით იქნება ავტობანი, მაღალი ვოლტაჟის ელექტროგადამცემი ხაზები, გაზიფიკაცია, სატრანსპორტო, საავიაციო და სარკინიგზო კომუნიკაცია. ერთი სიტყვით რომ ვთქვათ, საქართველო კარგი და მიმზიდველი ქვეყანა იქნება ინვესტიციებითვის.

თუ ჩვენი ქვეყანა გაუძლებს იმას, რაც ახლა ხდება, საქართველოში 5-6-ჯერ მეტი ინვესტიცია შემოვა. მიმაჩნია, რომ უახლოეს რამდენიმე თვეში ინვესტიციების შემოსვლის თვალსაზრისით, სირთულეები იქნება. თუმცა ამავდროულად ისიც უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოს ობიექტებზე ინვესტირება მაინც გრძელდება. ინვესტიცია შემოდის უძრავ ქონებაზე, ფოთის პორტში, ინვესტიციის მეშვეობით ფოთში ახალ აეროპორტს ვაშენებთ, ფული ასევე იდება ახალი სავაჭრო ობიექტების მშენებლობაში.

მაგალითად, კემპინსკის სასტუმრო, რომელიც თბილისში შენდება, 5-ვარსკვლავიანი უნდა ყოფილიყო, მაგრამ 7-ვარსკვლავიანი ხდება; რედისონ სასის მშენებლობა სრულდება; ახლა აწერენ ხელს ჰილტონის სასტუმროს მშენებლობაზე ბათუმში და მომავალ წელს იქ ამ ქსელის დიდი სასტუმრო გვექნება. ე.ი. ყველაფრის მიუხედავად, საქართველოში ინვესტიციები მაინც შემოდის.

ეს პერიოდი იქნება რთული და არ გვექნება 2-3 მილიარდიანი ინვესტიციები, როგორც ეს შარშან და შარშანწინ იყო, მაგრამ რამდენიმე მილიონის ინვესტიცია მაინც განხორციელდება. თუ ამ პერიოდს გადავიტანთ, დარწმუნებული ვარ, 2009-10 წლისათვის საქართველოში 5-6-ჯერ მეტი ინვესტიცია შემოვა, ვიდრე ევროკავშირის წევრ ზოგიერთ შავი ზღვის ქვეყანაში. ამაში აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ.

ეს არის ჩვენი ამოცანა - საქართველოს დაახლოება ევროკავშირთან და კონკურენტუნარიან ქვეყნად ჩამოყალიბება ევროკავშირის მინიმუმ აღმოსავლეთ და ცენტრალურ ქვეყნებს შორის. ჩვენ არ გავიმეორეთ ის შეცდომები, რომლებიც ბალტიისპირეთის, შავიზღვისპირეთის, ცენტრალური ევროპის ზოგიერთმა ქვეყანამ დაუშვა და ჩვენ მიახლოებითაც კი არ გვაქვს კორუფციის ის დონე, როგორიც არის ამ ქვეყნებში.


საქართველოს პრეზიდენტის
ადმინისტრაციის პრესსამსახური




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (11)
2012 (12)
2011 (12)
2010 (10)
2009 (12)
2008 (12)
2007 (11)
2006 (12)
2005 (12)
2004 (4)