Google+

გამოსვლები და განცხადებები

26.05.2008
საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა და პოლონეთის პრეზიდენტმა ლეხ კაჩინსკიმ ერთობლივი პრესონფერენცია გამართეს

მინდა მივესალმო პოლონეთის პრეზიდენტს!

დღევანდელ დღეს პოლონეთმა განსაკუთრებული სოლიდარობა და განსაკუთრებული მხარდაჭერა გამოხატა საქართველოს მიმართ. დარწმუნებული ვარ, საქართველო გადალახავს ჩვენს წინაშე მდგომ ძალიან რთულ ამოცანებს.

დღეს საქართველო რთულ სიტუაციაში იმყოფებოდა, რადგან ჩვენი ქვეყნის ტერიტორიაზე შემოსულია უცხო ჯარი, რომელიც ჩვენ არ მოგვიწვევია და რომლის აქ შემოსვლას კატეგორიულად ვეწინააღმდეგებით.

გუშინ გაერომ გამოაქვეყნა დასკვნა, რომელშიც რუსეთი ფედარეცია პირდაპირ არის დადანაშაულებული აგრესიის აქტში საქართველოს წინააღდეგ.

დადატურებულია, რომ რუსულმა თვითმფრინავმა დაბომბა საქართველოს ტერიტორია.

ეს არის პირველი შემხთვევა, როდესაც საერთაშორისო ორგანიზაციამ და მით უმეტეს გაერომ ყოველგვარი მიკიბ-მოკიბვის გარეშე, ხელი დაადო რუსეთის ფედარაციას ამ ქმედებაში.

ეს არის რთული და მძიმე სიტუაცია, მაგამ დღეს არის ჩვენი დამოუკიდებლობის დღე.

ჩვენ გადავწყვეტთ ყველა პრობლემას, საქართველო მშვიდობიანად გადაჭრის ტერიტორიული მთლიანობის პრობლემას, მაგრამ წლების გადმოსახედიდან ჩვენ გაგვახსენდება, თუ ვინ იდგა ჩვენს გვერდით ამ რთულ წლებში.

უპირველეს ყოვლისა, ჩვენ გაგვახსენდება პოლონეთი და პოლონეთის პრეზიდენტი.

თუ ვინმე იქნება ისტორიულად ჩვენი ხალხის გმირი, ეს პრეზიდენტი ლეხ კაჩინკი იქნება.

ის რაც არის ევროპული ფასეულობები - თავისუფლების სიყვარული, ღირსება, ყოველივე ამას დღეს ჩვენთვის განასახიერებს პოლონეთი, პოლონეთის პრეზიდენტი და ჩვენი სხვა მოკავშირეები.

ჩვენ მას ვიღებთ როგორც დიდ მეგობარს, როგორც ადამიანს, რომელსაც ძალიან ბევრი საქმე აქვს, მაგრამ მან იცის, რისი ბედი წყდება დღეს საქართველოში.

საქართველოში გადის ევროპის თავისუფლების საზღვარი და საქართველოში დღეს წყდება ევროპისა და მსოფლიოს წესრიგის ბედი. ამაზეა დამოკიდებული ის, თუ როგორი წარმატებული იქნება საქართველო, ამაზეა დამოკიდებული ის, თუ როგორი წარმატებული იქნება დემოკრატიული სამყარო.

მადლობელი ვარ პოლონეთის პრეზიდენტის ინიციატივის, ოთხმხრივი დეკლარაციის, რომელიც მათ მიიღეს ბალტიის ქვეყნგებთან ერთად.

ჩვენ მადლობელი ვართ იმ ინიციატივების, რომელსაც ის საქართველოს და სხვა რეგიონის ქვეყნების ენერგოუსაფრხთოების საკითხთან დაკავშირებით გამოდის, რაც აძლიერებს საქართველოს სტრატეგიულ როლს.

დარწმუნებული ვარ, ჩვენი ერთობლივი ბრძოლა თავისუფლებისა და მომავლისთვის წარმატებით დასრულდება.

ამ ბრძოლაში კი ლოკომოტივი არის სწორედ პოლონეთი.

საქართველო გახდება ევროპული ოჯახის წევრი.

საქართველო უკან მოიტოვებს კონფლიქტებს და საქართველოში საბოლოოდ დამყარდება მშვიდობა.

ამ საქმეში თქვენი წვლილი ძალზე დიდი იქნება.

კიდევ ერთხელ გიხდით დიდ მადლობას!

ტელეკომპანია „რუსთავი2":

დღევანდელი აღლუმის პარალელურად რუსთაველის გამზირზე მიმდინარეობდა ოპოზიციის აქცია. ბატონო პრეზიდენტო, ოპოზიციის წევრები თავდაპირველად ამბობდნენ, რომ არ შევიდოდნენ პარლამენტში. დღეს კი, ოპოზიცია ითხოვს რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნებს. როგორც უნდა განვითარდეს პოლიტიკური პროცესი საქართველოში ამ ფონზე?

მიხეილ სააკაშვილი: საქართველოში პოლიტიკური პროცესი, ვფიქრობ, განვითარდა. ხალხმა ნათლად თქვა თავისი სათქმელი, ამიტომ, ყველამ პატივი უნდა სცეს ქართველი ხალხის სიტყვას. ერთადერთი, რაც შეიძლება მოხდეს - ჩვენ ყველას გავუწვდით დიალოგის ხელს. დარწმუნებული ვარ, რომ ოპოზიციის ძალიან ბევრი წარმომადგენელი შევა პარლამენტში. ქართველმა ხალხმა მოგვცა ორ მესამედზე მეტი ხმა. კარგია, რომ ეს ასე მოხდა, წინააღმდეგ შემთხვევაში, განზრახული ჰქონდათ არსებული პარლამენტის მუშაობის დაბლოკვა. თუ დეპუტატების ორი მესამედი არ შეგროვდებოდა, მაშინ პარლამენტი ვერ შეიკრიბებოდა. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ყველას აქვს თავისი აზრის გამოხატვის უფლება. საბოლოოდ, ყველაფერს საზოგადოება წყვეტს ხმათა უმრავლესობით. ეს არ ნიშნავს იმას, რომ უმრავლესობამ და უმცირესობამ პატივი არ უნდა სცეს ერთმანეთს. დიალოგი ერთადერთი ალტერნატივაა. საქართველოს ინსტიტუტებს ვერაფერი ვერ დაემუქრება. პარლამენტი არჩეულია და ის დაიცავს მთელი საზოგადოების ინტერესებს იმის მიუხედავად ვის მისცა კონკრეტულმა ამომრჩეველმა ხმა. ყველა ამომრჩეველს მადლობას ვუხდი იმის მიუხედავად, მოგვცა თუ არა ხმა. მე ვარ საქართველოს პრეზიდენტი და ჩემთვის "ჩემი" და "სხვა", ფართო გაგებით არ არსებობს. ჩვენ ყველანი ვართ ჩვენი საზოგადოების წევრები. ჩვენ ვართ მრავალეთნიკური ჯგუფების წარმომადგენელი ქვეყანა. ვფიქრობ, ულტიმატუმების ენით არ უნდა ვილაპარაკოთ. ჩვენ უნდა გავმართოთ დიალოგი საერთო ინტერესებიდან გამომდინარე. საქართველო რთულ ვითარებაშია და მთელი დემოკრატიული სამყარო მხარს უჭერს მას. ეს არის ის ფონი, სადაც ყველაზე რადიკალურმა ჯგუფმაც კი უნდა იპოვოს თავისი ადგილი, აწარმოოს დიალოგი და მონახოს ერთმანეთთან ურთიერთგაგების გზები."

პოლონელი ჟურნალისტი: შეკითხვა მიხეილ სააკაშვილთან. რა კონკრეტული ქმედებები უნდა განახორციელოს პოლონეთმა ორ ასპექტთან დაკავშირებით:

მათგან პირველი არის საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა, მეორე კი - დეკემბერში მაპ-ის შესახებ გადაწყვეტილება. როგორ შეუძლია პოლონეთს მხარი დაუჭიროს საქართველოს?

მიხეილ სააკაშვილი: „ჩვენთვის პრიორიტეტი კონფლიქტების მოგვარებაა. ჩვენ რომ მაპი მიგვეღო, ბევრ პრობლემას ავიცილებდით თავიდან. ვფიქრობ, შემდგომში ევროპელი პოლიტიკოსები ამ შეცდომას აღარ გაიმეორებენ. ევროკავშირისგან ველით კონკრეტულ გადაწყვეტილებებს საქართველოში მიმდინარე პროცესებთან, აფხაზეთში უკანონო ჯარის შემოსვლასთან დაკავშირებით, ასევე იმასთან დაკავშირებით, რომ აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის ტერიტორიის მიმართ რუსეთი საქართველოს იურისდიქციას არ ცნობს. ჩვენ უნდა მივიღოთ გადაწყვეტილება არსებული ფორმატის შეცვლისა და ჩანაცვლების თაობაზე. ამის შესახებ უკვე მრავალი წელი ვლაპარაკობთ, მაგრამ გადაწყვეტილების მიღება რუსეთის უკანონო ქმედებების გამო ჩქარდება. რაც შეეხება ნატოს, საქართველოს მოსახლეობის უმეტესობამ ხმა მისცა ნატოში გაწევრიანებას და ეს პროცესი შეუქცევადია.

ვნახე, თუ როგორ იბრძოდა ლეხ კაჩინსკი ჯორჯ ბუშთან ერთად ბუქარესტში ამ საკითხის გადაწყვეტის დროს. ამ ბრძოლის შედეგებს აუცილებლად დავინახავთ. ჩვენთვის დიდი პატივია, რომ ამ დღეს აქ ჩვენი მეგობარი ქვეყნის პრეზიდენტი ჩამოვიდა."


საქართველოს პრეზიდენტის
ადმინისტრაციის პრესსამსახური

 




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (11)
2012 (12)
2011 (12)
2010 (10)
2009 (12)
2008 (12)
2007 (11)
2006 (12)
2005 (12)
2004 (4)