Google+

გამოსვლები და განცხადებები

06.06.2008
საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა და ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ხავიერ სოლანამ ერთობლივი პრესკონფერენცია გამართეს

მოგესალმებით ყველას!

მინდა მივესალმო ჩვენს მეგობარს, ძალზე მნიშვნელოვან ევროპელ სახელმწიფო მოღვაწეს და ევროპის უმნიშვნელოვანეს წარმომადგენელს დღეს საქართველოში ხავიერ სოლანას.

ჩვენი თხოვნით და ჩვენთან შეთანხმებით ხვალ ის სოხუმში მიემგზავრება.

მე ხვალ მივემგზავრები სანტ-პეტერბურგში და ჩვენი ამოცანაა რუსეთის ბოლო მოქმედებებიდან გამომდინარე აფხაზეთთან დაკავშირებით შექმნილი ვითარება ჩიხიდან გამოვიყვანოთ.

გამოსავალი უნდა მოვნახოთ იმ მდგომარეობიდან, რომელიც ყოველდღიურად და ყოველწუთიერად იქმნება იმ მოქმედებებიდან გამომდინარე, რომელიც ხორციელდება საქართველოში -აფხაზეთში.

მინდა მივესალმო ჩვენს სტუმარს და დიდი კმაყოფილებით აღვნიშნო, რომ დღეს ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია, რომელშიც მხარდაჭერილია სამშვიდობო ფორმატის ჩანაცვლების საკითხი და ლაპარაკია არსებული სამშვიდობოების ჩანაცვლების შესახებ.

ასევე მივესალმები იმ ფაქტს, რომ რამდენიმე ევროპული სახელმწიფოს ლიდერმა მიიღო დეკლარაცია, რომელშიც ლაპარაკია არსებული ფორმატის ჩანაცვლების თაობაზე.

მინდა გავიხსენო, რომ პირველი ევროპელი მოღვაწე, რომელმაც ჯერ კიდევ ორწელიწადნახევრის წინათ ამ კონფლიქტებში ევროპის მონაწილეობის შესახებ ილაპარაკა, ხავიერ სოლანა იყო; მაშინ, როდესაც ამას ყველაზე უფრო თამამ ფანტაზიებშიც კი, ბევრი აქაური მოღვაწეც ვერ წარმოიდგენდა.

ვფიქრობ, ხედვა, რომელიც ხავიერ სოლანამ მაშინ ჩამოაყალიბა შესაძლებელია განხორციელდეს.

საქართველო არის ძალზე გახსნილი იმისათვის, რომ მე-20 საუკუნის კონფლიქტებს ჰქონდეს არა მე-19 საუკუნის ბრუტალური გადაწყვეტილებები, როგორც ამას თავს გვახვევენ, არამედ ჰქონდეს 21-ე საუკუნის ევროპული გადაწყვეტილებები.

ეს ძალზე მნიშვნელოვანია.

ჩვენ მზად ვართ, რომ რუსეთის ფედერაციას მეგობრობის ხელი გავუწოდოთ.

რამდენიმე დღის წინათ საუბარი მქონდა პრეზიდენტ მედვედევთან.

ჩვენი პირობები ძალზე ნათელია - მიგვაჩნია, რომ დაუყოვნებლივ უნდა გავიდეს უკანონოდ შემოყვანილი ფორმირებები; დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს სამხედრო ინფრასტრუქტურის მშენებლობა, რომელიც ამ დღეებში აქრიურად მიმდინარეობს; დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს 16 აპრილის უკანონო დადგენილების იმპლემენტაცია, რომელიც მთლიანად ანგრევს ევროპაში შექმნილ წესრიგს ცივი ომის და მეორე მსოფლიო ომის დამთავრების შემდეგ.

ამ პრობლემიდან გამოსავალი უნდა მოვნახოთ რუსეთის ფედერაციასთან და ჩვენ მეგობარ სახელმწიფოებთან ერთად და ამ საკითხების მიმართ, როგორც არასდროს, გვჭირდება ევროპის კავშირის ცივილიზებული მიდგომა.

ევროპა არ არის დიდი სამხედრო ძალა (თუმცა ევროპას აქვს სამხედრო ძალა), ევროპის მთავარი ძალა არის მის ჰუმანიტარულ, ჰუმანურ მიდრეკილებაში, სირბილესა და განათლებულობაში.

გუშინ ვკითხულობდი წიგნს, რომელშიც ამოვიკითხე ასეთი ფრაზა: "როდესაც ერები ერთმანეთს ებრძვიან, უმეცრება ზეიმობს. სწორედ უმეცრების წინააღმდეგ გთავაზობთ კავშირის შექმნას."

ეს სიტყვები ეკუთვნის სალვადორ დე მადარიაგას, უდიდეს ფილოსოფოსსა და პუბლიცისტს, ცნობილ ევროპელ მეცნიერს, რომელიც მთლიანად გამოხატავს ასევე ჩემს აზრს.

თუ ჩვენ არ გვინდა, რომ უმეცრებამ გაიმარჯვოს, თავიდან უნდა ავიცილოთ ძალადობა, რადგან ძალადობა უნდათ სწორედ უმეცრებს - იმ ხალხს, ვისაც არ ესმის თანამედროვეობის მოთხოვნები, ვისაც არ ესმის რა არის ხალხის მოთხოვნები.

ამ წიგნში ომის თემაზე ლაპარაკისას დასმულია კითხვები: უნდოდათ მუშებს ომი? მუშებს ომი არ უნდაოდათ. უნდოდათ საქმოსნებს ომი? ეს არც მათ სურდათ. აბა ვის სურდა ეს? ეს კითხვა პასუხგაუცემელი დარჩა, რადგან ვერ გაარკვიეს ვის სურდა ომის დაწყება. თუმცა, იმის მიუხედავად, რომ ეს აბსოლუტურად არავის არ უნდოდა, ომი მაინც მიმდინარეობდა იმ სახელმწიფოში, სადაც დე მადარიაგაა.

ეს წიგნი ომიდან რამდენიმე ათწლეულის შემდეგ დაიწერა.

რამდენიმე ათწლეულის შემდეგ ჩვენ იგივე პრობლემების წინაშე ვდგავართ და ეს პრობლემები უკვე სალვადორ დე მადარიაგას შთამომავლის, ადამიანის, რომელიც მასთან ნათესავურ კავშირშია - მისი შვილიშვილის - ხავიერ სოლანა დე მადარიაგას გადასაწყვეტია.

რეალურად, დღესაც უმეცრებას ვებრძვით.

დღესაც ვებრძვით იმას, რასაც ის ხალხი გვახვევს თავს, ვისაც მშვიდობა და ევროპული მიდგომების გაზიარება არ სურს.

ცივილიზაცია და განათლება დღეს ევროპას მოაქვს, სწორედ ამიტომ გვჭირდება ევროპის მონაწილეობა კონფლიქტების მოგვარების საქმეში.

მინდა გადმოგცეთ წიგნი "წმინდა ჟირაფი", რომლის ქართული თარგმანი ამას წინათ გამოვიდა, ეს ნამდვილად არ უკავშირდება თქვენს ვიზიტს, რადგან ამის შესახებ თავადაც არ ვიცოდი.

თუმცა, მინდა აღვნიშნო, რომ ამ წიგნის კითხვისას წარმოუდგენელი სიამოვნება მივიღე.

ხავიერ სოლანა

დიდი მადლობა.

ნამდვილად მოველოდი ძალზე გულთბილ დახვედრას, მაგრამ ამგვარ ფაქტს - მქონოდა ქართული თარგმანი წიგნისა, რომელიც ჩემი ოჯახის წარმომადგენელს ეკუთვნის - მართლაც არ მოველოდი.

დიდი მადლობა უდიდესი სტუმართმოყვარეობისათვის.

მართლაც დიდი სიამოვნებაა ამ მშვენიერ, ზღაპრულ ადგილზე ყოფნა და ვიმედოვნებ, კვლავ გვექნება აქ შეხვედრის შესაძლებლობა.

მინდა მოგახსენოთ, რა თქმა უნდა, მე წარმოვადგენ ევროპის კავშირს, მაგრამ კიდევ ერთხელ მსურს ჩვენი მეგობრობის დემონსტრირება მოვახდინო.

საქართველოს ძალზე მჭიდრო ურთიერთობა აქვს ევროკავშირთან.

მე პრეზიდენტ სააკაშვილს ველაპარაკე ჩემს ორმხრივ ურთიერთობასა და შესაბამის პოლიტიკურ კურსთან დაკავშირებით.

ეს ძალზე ღრმა ურთიერთობაა და კიდევ უფრო უნდა გავაღრმავოთ ეკონომიკური თვალსაზრისითაც.

ამ ურთიერთობის განვითარებას ბიძგი უნდა მივცეთ ვაჭრობის განხრითაც, მაგრამ ამავე დროს პოლიტიკურ ასპარეზიც უნდა განვავითაროთ.

ვფიქრობ, პოლიტიკური თვალსაზრისით თქვენს ქვეყანას საქართველოს, მთლიანად რეგიონს ევროპასთან მჭიდრო ურთიერთობა უნდა ჰქონდეს.

ამასთან დაკავშირებით ვესაუბრე პრეზიდენტ სააკაშვილს სანამ იგი სანკტ-პეტერბურგში გაემგზავრება და შეხვდება პრეზიდენტ მედვედევს.

გასულ თვეს მაღალი დონის შეხვედრები რუსეთის ფედერაციის ხელმძღვანელობასთანაც გვქონდა.

ჩვენ სწორედ ის გვაინტერესებს, თუ როგორ შეიძლება გაუმჯობესდეს ორმხრივი ურთიერთობა რუსეთსა და საქართველოს შორის.

დიდ იმედს ვამყარებთ და ერთობ დადებით შედეგებს ველით.

სწორედ ეს არის ევროკავშირის სურვილი.

მეორე საკითხი, რომელზეც მსურს თქვენი ყურადღება გავამახვილო ხვალ ჩემი სოხუმში გამგზავრებაა.

ხვალ იქ ჩავდივარ, რათა მივმართო ადგილობრივ ხელმძღვანელობას და შევეცადო თბილისისა და სოხუმის ორმხრივი ურთიერთობის დამყარების შესაძლებლობა შევქმნა, უპირველეს ყოვლისა, ეკონომიკური თვალსაზრისით და ასევე პოლიტიკური თვალსაზრისით.

ვფიქრობ ეს ძალზე მნიშვნელოვანი, კონსტრუქციული ვიზიტი იქნება.

ამ თვის განმავლობაში, ალბათ, სულ მალე კვლავ შევხვდებით ერთმანეთს, რათა ჩავინიშნოთ ყველაფერი, რაც გაკეთდა და ევროპის კავშირის მასშტაბით რეგიონში სტაბილურობა დავამყაროთ, საქართველოს ურთიერობა გამყარდეს ევროკავშირთან და, რა თქმა უნდა, რუსეთთან, რომელიც ევროკავშირის მეგობარია და თქვენი მეგობარიც უნდა იყოს.

დიდი მადლობა მასპინძლობისათვის, იმისათვის, რომ სტუმრობის შესაძლებლობა მომეცა.

მინდა გითხრათ, ჩვენთვის ძალზე დიდი მნიშვნელობა აქვს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და მისი სახელმწიფო საზღვრების დადგენას.

შეკითხვა ხავიერ სოლანასთან:

როგორ შეაფასებთ რუსი ჯარების განთავსებას აფხაზეთში და ფიქრობთ თუ არა, რომ რუსეთი ამ კონფლიქტის ნაწილია, რომელიც უჭერს მხარს სეპარატისტებს და სულაც არ არის მშვიდობისმყოფელი ძალა?

ხავიერ სოლანა:

შევეცდები ვუპასუხო. ეს სტუმრობა რუსეთის მთავრობის წინადადებით არ ხდება და არც რაიმე პრობლემის უშუალოდ გადაწყვეტის იმედი გვაქვს. ჩვენ ვცდილობთ არსებული მაღალი ტემპერატურა დავაცხროთ. მე არ ვფიქრობ, რომ პრეზიდენტ სააკაშვილს საქმეში რომელიმე მთავრობა ხელს შეუშლის, მაგრამ პირადად ჩვენ შევეცდებით, რომ ნებისმიერი იდეა, ნებისმიერი წინადადება, მექანიზმი გამოვიყენოთ, რომელიც მართებული მიმართულებით წაგვიყვანს.

ევროკავშირი შეეცდება ამგვარად შეიტანოს საკუთარი წვლილი.

რასაკვირველია, თავიდანვე უნდა ითქვას, რომ ჩვენი ურთიერთობა და თანამშრომლობა საქართველოსთან, ჩვენი მიდგომა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მიმართ მკაფიოა და ეს უმნიშვნელოვანესი მომენტია ჩვენთვის.

შეკითხვა მიხეილ სააკაშვილთან:

ბატონო პრეზიდენტო, გაქვთ თუ არა რაიმე კონკრეტული სპეციფიკური მოთხოვნები, რომლებსაც სანკტ-პეტერბურგში ხვალ რუს ლიდერებს წაუყენებთ? ვგულისხმობ იმ სამხედრო მზადებას, რომელსაც რუსეთი აფხაზეთში აწარმოებს.

მიხეილ სააკაშვილი:

უწინარეს ყოვლისა, მინდა ვთქვა, რაც ძალზე ნათელია. ეს შეეხება ბატონ სოლანას სტუმრობას და არა მხოლოდ ევროპის კავშირის მონაწილეობას მშვიდობისმყოფელების ფორმატის შეცვლის თვალსაზრისით. ხავიერ სოლანამ აღნიშნა, რომ საქართველო მოწოდებულია გააღრმავოს ურთიერთობა ევროკავშირთან ვაჭრობისა და სხვა მიმართულებით, ყოველივე ეს იქნება ჩვენი პრინციპების სინქრონიზაციის, კანონის უზენაესობის, ინსტიტუტების ჩამოყალიბების, საფუძველზე. პოლიტიკური იურიდიული, საკანონმდებლო, პროცესები საქართველოში ჩამოყალიბებული სახით მიმდინარეობს. ეს სწორედ ევროპული გამოცდილების გათვალისწინებით ხდება. ჩვენ არ გვინდა გამოვიგონოთ ველოსიპედი და აღმოვაჩინოთ ამერიკა. უპირველესად, ჩვენ რეაგირებას ვახდენდით მათ მოქმედებაზე. კიდევ ერთი რამ უნდა დაინერგოს დიმიტრი მედვედევის გაპრეზიდენტების შემდეგ და ამას ძალზე ნათლად ვაცხადებ - მოქმედების ეს სტილი კი არ გვეხმარება, არამედ საფრთხეს უქმნის ევროპისთვის, რუსეთისთვის ძალზე მტკივნეულ და მგრძნობიარე რეგიონს, ისეთ პატარა ქვეყანას, როგორიც საქართველოა. მე ერთი ძალზე ხანმოკლე შეხვედრა უკვე მქონდა ბატონ მედვედევთან მოსკოვში, რამდენიმე დღის წინათ კი მას ტელეფონითაც ვესაუბრე. შემიძლია საკუთარი გამოცდილება გაგიზიაროთ. იგი ძალზე დახვეწილად მოქმედებს, რაც კარგის მანიშნებელია. მოქმედების კარგი სტილი ურთიერთგაგების საფუძველია და ამიტომ, ვფიქრობ, ჩვენი ხვალინდელი შეხვედრა ნაყოფიერი იქნება. რა თქმა უნდა, საოცრებებს არ უნდა ველოდოთ. ჩვენ ნათლად წარმოვაჩინეთ ჩვენი მოსაზრებები და მეტ-ნაკლებად ვიცით, რას უნდა ველოდოთ ერთმანეთისგან. ხვალ საკმაოდ ხანგრძლივი, მაგრამ მხოლოდ ერთი შეხვედრა გვექნება. არსებული პრობლემების მოგვარების დრო დადგა და ვცდილობთ, რომ უარყოფით მომენტებს თავი დავაღწიოთ და დადებითი შედეგებისკენ წავიდეთ. ჩვენ არ ვართ მომხრე ამ ვითარებაში ისეთი გადაწყვეტილებები მივიღოთ, რომელიც კიდევ უფრო გააფუჭებს მდგომარეობას. ჩვენ არსებული საფუძვლებიდან უნდა გამოვიდეთ, ამიტომ, საქართველო საკუთარ თავზე გარკვეულ პასუხისმგებლობას იღებს. ჩვენ ვიღებთ გადაწყვეტილებას ფორმატის ფარგლებში, მაგრამ, ამავე დროს, გვსურს მივაღწიოთ გარკვეულ ცვლილებებს მასთან ურთიერთობიდან გამომდინარე. ეს არის ძალზე პრინციპული, მკაფიო, საჯარო პროცესი. ჩვენ ნათლად წარმოვადგინეთ ჩვენი მოთხოვნები - რუსეთმა უნდა აღიაროს და პატივი სცეს ჩვენს სუვერენიტეტს, ტერიტორიულ მთლიანობას და საერთაშორისო ნორმებს. ეს არის ყველასათვის ნათელია.

შეკითხვა ხავიერ სოლანასთან:

ევროპარლამენტმა აფხაზეთში მშვიდობისმყოფელთა ფორმატის შეცვლის თაობაზე დეკლარაცია მიიღო. თქვენი მოსაზრება ამ რეზოლუციასთან დაკავშირებით... რა კონკრეტულ ნაბიჯებს გადადგამს ევროკავშირი, როგორც მთლიანი ორგანიზაცია, იმისათვის, რომ აფხაზეთში დაძაბულობა შერბილდეს და რამდენად მნიშვნელოვანი იქნება ევროპისათვის აფხაზეთში ვითარების განმუხტვა და დამშვიდება?

ხავიერ სოლანა:

რასაკვირველია, ეს ძალზე მნიშვნელოვანი საკითხია. ჩვენ ხომ ტერიტორიის შესახებ ვლაპარაკობთ, ამიტომ, ვცდილობთ, საქართველოს მაქსიმალურად აღმოვუჩინოთ დახმარება ამ გადაწყვეტილებით. ახლა ვილაპარაკოთ სწორედ პარლამენტის გადაწყვეტილებაზე. მოგეხსენებათ, ევროკავშირის პარლამენტი ის არ არის, რაც ცალკეული ქვეყნის პარლამენტი. ეს არის მრავალეროვნული, მრავალსახელმწიფოებრივი ორგანო და ამიტომ, დღეს კომენტარს არ გავაკეთებ. ბატონი სააკაშვილი სანკტ-პეტერბურგში ხვალ თავად დაელაპარაკება თავის კოლეგებს და შესაბამისად გააკეთებს გარკვეულ კომენტარს.

მიხეილ სააკაშვილი:

მინდა უბრალოდ დავამატო, რომ ჩვენ გვჯერა და გვწამს, რომ კონფლიქტის მოგვარების 21-ე საუკუნის გადაწყვეტილებები არ არის მე-19 საუკუნის სასტიკი მეთოდები და ერთადერთი ალტერნატივა დახვეწილი ევროპული პოლიტიკისათვის. ის, საითკენაც ჩვენ მივდივართ არის ძალადობა, რაც ყველაზე სახიფათოა. პირადად მე ბატონი სოლანას მადლობელი ვარ, რადგან სწორედ ის იყო პირველი, ვინც ძალზე ნათლად თქვა იმის თაობაზე, რომ ზოგიერთი გადაწყვეტილება არ იყო არც სასარგებლო და არც გონიერი. ეს არის სწორედ ის გზა, რომელსაც უნდა დავადგეთ. სწრაფად უნდა მოვახდინოთ რეაგირება და ამავე დროს, უნდა მოვნახოთ ის გადაწყვეტილებები, რომლებიც რეალური საფუძვლიდან გამომდინარეობს.

შეკითხვა მიხეილ სააკაშვილთან:

ფიქრობთ თუ არა, რომ აფხაზები მაინცდამაინც არ არიან კმაყოფილი იმ მდგომარეობით რომელშიც იმყოფებიან. მათ არ უყვართ ქართველები და ასევე არ უყვართ რუსები, მაგრამ არჩევანის წინაშე რომ დადგნენ (მე ვცდილობ ყველაფერი განვიხილო რასაც ლიდერები ამბობენ) რუსებს აირჩევენ. მაინცდამაინც არც ამით იქნებიან კმაყოფილი, რადგან ისინი რაღაც პროტექტორატის ქვეშ აღმოჩნდებიან. მინდა გკითხოთ, თუ შეგიძლიათ წინასწარ განჭვრიტოთ, არჩევანის წინაშე რომ დადგეთ - დამოუკიდებელი საქართველო და აფხაზეთი, თუ ნატოს წევრი საქართველო აფხაზეთის გარეშე, რომელს აირჩევდით?

მიხეილ სააკაშვილი:

რა თქმა უნდა, ეს არ არის თქვენი შეკითხვა. ეს არის შეკითხვა, რომელიც ჩვენ ზოგიერთმა გაშმაგებულმა გონებაამღვრეულმა პირმა დაგვისვა 2 საათის საფრენ მანძილზე მდებარე ერთ-ერთ დედაქალაქში. უდავოა, რომ ყველა ერს აქვს საკუთარი თავისუფალი არჩევანი, მაგრამ 21-ე საუკუნეში ყველამ უნდა მიიღოს ის, რაც მათ სურთ, რაც უყვართ და არა ის, რასაც ძალით მოახვევენ თავს. შესაბამისად, იმ ერმა, იმ ადამიანმა, რომელიც დაიბადა და ცხოვრობს თქვენს გვერდით, თქვენთან ერთად უნდა გააგრძელოს ყოფა. ჩვენ უნდა მოვნახოთ პრობლემის გადაჭრის ცივილიზებული მეთოდები. მე მესმის, რომ ეს არის ძალზე პატარა ერი, რომელმაც ბევრი ტანჯვა-წამება გამოიარა და უნდა მოვნახოთ ყოველი გზა, რომელიც დაიცავს ამ ერს, მის კულტურას, თვითმყოფადობას. შესაბამისად, ვიცე-პრეზიდენტობის პოსტი, ასევე ეროვნული უფლებების დაცვის, საერთაშორისო გარანტიების ფაქტორები ძალზე მნიშვნელოვანია და ჩვენ მათ ეს შევთავაზეთ. მათ ყოველივე ეს უნდა მიეცეთ. ჩვენ არ ვამბობთ, რომ რაღაც ეთნიკური განცალკევების ან განსაკუთრებულობის მომენტი უნდა დადგეს. ევროპა სწორედ ამის მაჩვენებელია, მაგრამ, მეორე მხრივ, საქმე იმაშია, რომ ჩვენ წინსვლა გვსურს, მსგავსი შეკითხვები კი გასულ საუკუნეს უფრო შეეფერება. ყოველივე ის, რაც ადრე ხდებოდა, ევროპისთვის დიდ საფრთხეს წარმოადგენდა და ალბათ ზოგიერთებმა შეცვლა ვერ მოახერხეს ან არ უნდათ. ჩვენ პატარა, მცირერიცხოვანი ერი ვართ, ჩვენ ვიცვლებით, მაგრამ ჩვენ გვაქვს საკუთარი პრინციპები, რომლებისაც გვწამს. ბატონი სოლანა ასევე გვიჩვენებს, რომ მასაც და ევროპასაც აქვს საკუთარი პრინციპები.

ხავიერ სოლანა:

21-ე საუკუნეში, ალბათ, ყველა ბედნიერი იქნება ევროპის შემადგენლობაში.

მიხეილ სააკაშვილი:

ახლა ბატონ სოლანას წავიყვან და აჭარის გასართობ პარკს დავათვალიერებინებ. მსგავსი სოჭშიც არ არის. ასევე აქ ჩამოვიყვან სოხუმიდან 1000 ბავშვს იმისთვის, რომ ეს სანახაობა ვაჩვენო. შესაძლოა, ჩვენმა ბავშვებმა თავად გადაწყვიტონ სად, რომელ ადგილზე წავიდნენ გასართობად. ეს იქნება ძალზე ფართო, ნათელი ხედვა. აი ეს უნდა გავაკეთოთ - ხედვა უნდა შევცვალოთ სოხუმში. დღევანდელ დღეს აქ, აჭარაში უფრო მეტი ეთნიკური აფხაზი ცხოვრობს, ვიდრე თავად სოხუმში. რა თქმა უნდა, მათ უნდათ, რომ ერთმანეთს შეხვდნენ. ჩვენ არ გვსურს, რომ 21-ე საუკუნეში ახალი ბერლინის კედლები გვქონდეს. ადამიანები უნდა შეხვდნენ ერთმანეთს და შესაბამისად ამგვარ კედელს ჩვენ არ მივიღებთ.


საქართველოს პრეზიდენტის
ადმინისტრაციის პრესსამსახური




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (11)
2012 (12)
2011 (12)
2010 (10)
2009 (12)
2008 (12)
2007 (11)
2006 (12)
2005 (12)
2004 (4)