პატივცემულო ოფიცრებო, პატრულისა და შინაგან საქმეთა ორგანოების თანამშრომლებო, პატივცემულო ელჩებო, მოწვეულო საზოგადოებავ!
დღეს ჩვენ ვხსნით შინაგან საქმეთა სამინისტროს შენობას, რომელიც მთელ ევროპაში ყველაზე თანამედროვეა. აქ მრავალი ევროპული სახელმწიფოს ელჩები გვესწრებიან და ისინი არ მომცემენ ტყუილის თქმისა და ზედმეტი ტრაბახის საშუალებას.
დამერწმუნეთ, აქ საქმე მხოლოდ ესტეტიკასა და არქიტექტურულ მხარეს არ ეხება.
საქართველოს დღეს მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე თანამედროვე, ერთ-ერთი ყველაზე ეფექტიანი, ერთ-ერთი ყველაზე პატიოსანი და არაკორუმპირებული პოლიცია ჰყავს, რომელიც უყვარს საზოგადოებას და პატივს სცემს მას.
ეს შუშის შენობაა გამჭვირვალე კედლებით - ჩვენ პოლიციასაც გამჭვირვალეს ვაშენებთ.
როგორც ეს შენობა განსხვავდება პოლიციის ძველი შენობისგან, ისე განსხვავდება დღევანდელი პოლიცია საქართველოში ათწლეულების განმავლობაში, განსაკუთრებით, შევარდნაძის ავადმოსახსენებელ წლებში არსებული პოლიციისგან.
როგორც ამ შენობაში და მის ირგვლივ ყველაფერი სუფთა და გაწმენდილია, ისეა გაწმენდილი საქართველო ორგანიზებული დანაშაულისა და კორუფციისგან, რომელიც ახრჩობდა ჩვენს ხალხს და არ აძლევდა სულის მოთქმის საშუალებას.
მე არ მიყვარს წარმატებებზე ბევრი ლაპარაკი, მაგრამ თუკი არსებობს რომელიმე სფერო, რომელსაც შეუძლია თავი მოიწონოს წარმატებითა და პროგრესით, ეს სწორედ პოლიციის სტრუქტურა და მისი რეფორმაა.
ჩვენ ხომ ძალიან კარგად გვახსოვს სად ვცხოვრობდით რამდენიმე წლის წინათ.
ეს იყო ქვეყანა, რომელსაც ზამთრის უმეტეს პერიოდში არ ჰქონდა ელექტროენერგია; რომელიც შიშის გამო არ ქმნიდა ჯარს, რადგან არსებულ ჯარში თვეგამოშვებით ხდებოდა აჯანყებები მთავრობის დამხობის მცდელობით; არ იყო ელემენტარული საყოფაცხოვრებო პირობები; ყოველ ნაბიჯზე ვხვდებოდით აღებ-მიცემობას და ყველაფერს აკონტროლებდა ორგანიზებული დანაშაული.
ევროპაში ბევრი ისეთი ქვეყანაა, რომელიც ახლახან გახდა ევროკავშირის წევრი ქვეყანა, თუმცა დანაშაულის მაჩვენებელი ამ ქვეყნებში 7-8-ჯერ აღემატება საქართველოში არსებულს.
ამას წინათ, ტელევიზიით თვალს ვადევნებდი პატრულის გადაცემას. ორ მნიშვნელოვან მომენტზე შევაჩერე ყურადღება.
პირველი: ჟურნალისტებს გადააცვეს პატრულის ფორმა. ისინი აჩერებდნენ მანქანებს და ხალხს ქრთამს სძალავდნენ. გამაოგნა ხალხის რეაქციამ (სხვათა შორის ჟურნალისტები ძალზე ოსტატურად თამაშობდნენ პოლიციელების როლს), რადგან მხოლოდ გაკვირვებული და დამცინავი სახე ჰქონდა. ამ ფაქტს ყველა ხუმრობად აღიქვამდა და რეალობად არავის მოეჩვენა, რადგან ხალხი დიდი ხანია შეეგუა იმას, რომ ამ სფეროში ყველაფერი სხვაგვარადაა.
მეორე, რასაც იმავე გადაცემაში მივაქციე ყურადღება სტატისტიკა იყო. ეს იყო გასულ კვირის განმავლობაში მომხდარი დანაშაულის სტატისტიკური მონაცემები. ამ მონაცემების მიხედვით: მკვლელობა - 0; ძარცვა - 1; მანქანის გატაცება - 0. მაშინ, როდესაც პრეზიდენტი გავხდი დღეში 16 მანქანას იტაცებდნენ, დღესდღეობით კი მთელი კვირის განმავლობაში ერთი შემთხვევაც არ ვლინდება.
ნუ დაგვავიწყდება, რომ ყოფილი საბჭოთა კავშირისთვის საქართველო იყო იგივე, რაც პალერმო - ევროპისათვის.
დღესაც რუსეთში ორგანიზებული დანაშაულის ლიდერთა 90 პროცენტი ჩვენი თანამემამულეები არიან. ანუ ჩვენი მთავარი ექსპორტი რუსეთში არის არა ღვინო, არამედ კანონიერი ქურდები, მაყურებლები, კრიმინალები და მათი მსგავსი ელემენტები.
რა თქმა უნდა, რუსეთში და ყოფილ საბჭოთა ქვეყნებში მცხოვრები ქართველების აბსოლუტური უმრავლესობა მართლაც მაღალი კვალიფიკაციის კადრები და საქართველოს დიდი პატრიოტები არიან. იმ ხალხის გვერდით, რომელიც ქმნის დოვლათს, გაცილებით მცირე რაოდენობით, მაგრამ მაინც არიან კრიმინალები.
მთავარი, რითიც ჩვენ ვამაყობთ არის ის, რომ საქართველოში ქურდს აღარ დაედგომება. ჩემს ბავშვობაში ძალიან ბევრი ჩემი თანატოლი კანონიერ ქურდობაზე ოცნებობდა. დღეს ბავშვები აბსოლუტურად სხვა მაგალითებსა და ნიმუშებზე იზრდებიან. ჩვენი სიამაყეა ის, რომ დღეს კრიმინალური მენტალიტეტის ლოკალიზაცია მოხდა ხალხში. ეს თავიდან ბოლომდე აღმოფხვრილია, რაც, რა თქმა უნდა, უდიდესი წინგადადგმული ნაბიჯია.
რა თქმა უნდა, ის დრო, როდესაც მინისტრები დადიოდნენ ქურდებთან საქმის გასარჩევად, წავიდა. ახლა მამთაჯებს და კალაშოვის მსგავსებს სხვადასხვა ქვეყნებში უწევთ ჩუმად შეხვედრა. ასეთი ადამიანები თბილისში ჩამოდიოდნენ და მათ ესკორტით ხვდებოდნენ კახა თარგამაძე და კობა ნარჩემაშვილი. მინისტრები ამ მამთაჯებთან, კალაშოვებთან და ონიანებთან ერთად თბილისის ცენტრში რესტორნებში დღისით მზისით ქეიფობდნენ. ისინი იღებდნენ ინსტრუქციებს როგორ ემართათ - უფრო სწორად - როგორ დაენგრიათ საქართველო საფუძვლიანად. მათ ეს მოახერხეს კიდეც.
ჩემო ძმებო, მე არასდროს არ დამავიწყდება თქვენი მოქმედება, როდესაც მტერი საქართველოს რამდენიმე მხრიდან შემოესია. მაშინ მთელი გზა გამოვიარე - ზუგდიდიდან თბილისამდე. ამ გზას მთელი პერიოდის განმავლობაში რუსები ინტესიურად ბომბავდნენ გრადებითა და თვითმფრინავებით. არასდროს არ დამავიწყდება როგორ იდგნენ ჩვენი პატრულის თანამშრომლები რიკოთზე, ქუთაისთან, ხაშურთან, გორის შესასვლელებთან და არეგულირებდნენ მოძრაობის წესებს ისე, თითქოს არაფერი არ ხდებოდა.
პანიკაში ჩავარდნილი მგზავრები, რომლებსაც ამ გზებზე უწევდათ გამოვლა, ამის შემხედვარე მშვიდდებოდნენ. მე, როგორც პრეზიდენტი ვამაყობდი, რომ ასეთი ხალხი გვყავს.
ბევრმა თქვენგანმა ინტენსიურად გააგრძელა ჯარიმების გამოწერა და მათი ბინებზე მიტანა. ერთი ჩემი მეზობელი, რომელიც არ პოლიტიკურადაა აქტიური და არც რაიმე თანამდებობა აქვს, მიამბობდა, რომ ჯარიმის მიტანა იმ დღეებში ყველაზე დიდი სიხარულის მიზეზი იყო: ამით მივხვდით, რომ სახელმწიფო კიდევ არსებობს და ფუნქციონირებსო.
განსაკუთარებით გაჭირვებისა და უბედურების დროს ჩანს, რადენად დიდი ბედნიერებაა გყავდეს ასეთი ხალხი.
რუსეთმა ვერ ჩამოშალა ქართული სახელმწიფო, ვერ ჩამოშალა ჩვენი რწმენა და ამის გამო დგას თბილისი, ამიტომ გრძელდება აღმშენებლობა.
დღეს ცალი ხელით ვაშენებთ ასეთ შენობებს და მეორეთი კი საკუთარ თავს, ჩვენს საქართველოს ვიცავთ. ჩვენი პოლიციელი გუშინწინ დაიღუპა. რამდენი პოლიციელია დაღუპული მას შემდეგ რაც ეს აგრესია ხორციელდება ჩვენს წინააღმდეგ?
ნურავის ჰგონია, რომ საქართველო როდესმე შეეგუება თავისი ტერიტორიის ოკუპაციას!
ნურავის ჰგონია, რომ საქართველო არ გააგრძელებს თავისი სახელმწიფოებრიობის გაძლიერებას!
ნურავის ჰგონია, რომ წინა ხელისუფლებისგან განსხვავებით, ხელს მოვაწერთ რაიმე ახალ კაპიტულანტურ ხელშეკრულებებს და საქართველოს ტერიტორიის დაქუცმაცებას!
ჩვენი ბრძოლა გრძელდება და ჩვენი ბრძოლა დასრულდება საქართველოს სრული დეოკუპაციით, მისი გათავისუფლებით და ჩვენი ქვეყნის ტერიტორიიდან მტრის ბოლო ჯარისკაცის განდევნით. ამაში აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ.
დღეს ჩვენი ბრძოლის მთავარი გზა, ჩვენი ბრძოლის მთავარი გზავნილი ჩვენი ხალხისადმი არის ის, რომ უნდა გადავარჩინოთ საქართველოს ეკონომიკა, როგორც საფუძველი ქართული სახელმწიფოებრიობის და შევქმნათ ახალი ქართული სახელმწიფო.
ეს მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი შენობაა. რამდენიმე მსგავსი შენობა შენდება ქუთაისში. დაწყებულია ძველი თბილისის საფუძვლიანი და სრული რეკონსტრუქცია. თბილისი იქნება ულამაზესი ქალაქი, ისეთი, როგორიც არასდროს არ ყოფილა თავის ისტორიაში. იწყება თელავის აღდგენა, გრძელდება სიღნაღის მშენებლობა, ბათუმში ხორციელდება 21-ე საუკუნის ნამდვილი არქიტექტურული და ურბანისტული სასწაული და თითოეულ ამ საქმეს ბოლომდე მივიყვანთ. ნიძლავს იმის თაობაზე, რომ ბათუმი იქნება შავი ზღვისპირეთის ყველაზე წარმატებული და ლამაზი ქალაქი, მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო ადგილი თბილისთან და სხვა ქალაქებთან ერთად, აუცილებლად მოვიგებთ.
ეს ჩემი აკვიატება კი არ არის, ჩვენ, პრაქტიკულად, ახალ სახელმწიფოს ვქმნით.
ჩვენ ვქმნით სახელმწიფოს, სადაც ტურისტს ჩამოსვლა უხარია და სადაც ის დაცულია;
ვქმნით სახელმწიფოს, სადაც ბიზნესის აწყობა და ფულის ჩადება მარტივია; ვქმნით სახელმწიფოს, სადაც არის სტაბილურობა;
ვქმნით სახელმწიფოს, სადაც არის მომავალი და ადამიანს საშუალება აქვს განვითარდეს, მიიღოს განათლება და გამდიდრდეს, იცხოვროს, ტკბილად დაბერდეს და ამაყობდეს საკუთარი ქვეყნით.
ჩვენ ვაშენებთ ჩვენს სახელმწიფოებრივ შენობას და ეს ძალზე რთული პროცესია.
დღეს არის 1990 წლის 31 წელს გამართული რეფერენდუმის წლისთავი, იმ დღისა, როდესაც ქართველმა ხალხმა ხმა მისცა საქართველოს დამოუკიდებლობას.
ასევე სრულდება 70 წელი თანამედროვე ეპოქის საქართველოს პირველი ლიდერის ზვიად გამსახურდიას დაბადებიდან.
როდესაც ეს რეფერენდუმი გაიმართა მე კიევის უნივერსიტეტის ჩვეულებრივი სტუდენტი ვიყავი და ვიყავი ადგილობრივი ქართული სათვისტომოს ერთ-ერთი ხელმძღვანელი.
ძალიან კარგად მახსოვს, როგორ წავედით მე და ჩემი მეგობრები მთავარ ფოსტამტში, დავწერეთ დეპეშა პრეზიდენტ გამსახურდიას სახელზე, სადაც აღვიშნეთ, რომ მთლიანად ვუჭერდით მხარს რეფერენდუმის იდეას, მთლიანად ვუჭერდით მხარს მის ინიციატივას დამოუკიდებლობის აღდგენის თაობაზე და პირადად ვუხდიდით მადლობას საქართველოს პრეზიდენტს. შეიძლება არც მოგწონებოდა გამსახურდია და არ ყოფილიყავი მისი თანამოაზრე - მაგალითად მე არ ვეთანხმებოდი მისი გარემოცვის ბევრ გადაწყვეტილებას, გამონათქვამს და მოქმედებას, მაგრამ იმის მიუხედავად ვეთანხმებოდით თუ არ ვეთანხმებოდით, მოგვწონდა თუ არ მოგვწონდა მისი ზოგიერთი განცხადება და პოლიტიკური ნაბიჯები, ჩვენთვის საქართველო იყო ყველაზე მთავარი. ჩვენთვის მთავარი იყო ჩვენი ქვეყნის ერთიანობა და თავისუფლება. ეს ჩვენთვის უმთავრესი იყო.
იდეოლოგია, რომ ქართველები ინდივიდუალისტები არიან და არ შეუძლიათ ერთმანეთის გვერდით დგომა და გაერთიანება ამ ბოლო წლებში, ამ ომის პერიოდში დაინგრა და ინგრევა ახლაც, ყოველდღიურად როდესაც ქართველები საკუთარი შრომით ქმნიან ახალ საზოგადოებას.
ჩვენ ვცხოვრობდით საზოგადოებაში სადაც შრომა არ ფასდებოდა, მაგრამ ამას წინათ, ერთ-ერთი ვიზიტიდან დაბრუნებული, ფონიჭალაში, ადგილობრივი პოლიციის განყოფილებაში მივედი. ღამის სამი საათი სრულდებოდა და ჩვენი მისვლის შესახებ წინასწარ პრაქტიკულად არავინ არ გაგვიფრთხილებია. შუშის გამჭვირვალე შენობაში ახალგაზრდა გოგო-ბიჭები მუშაობდნენ. ახლაც მახსოვს იმ გოგონას გვარი, გილიგაშვილი იყო, მისი ხელფასით დავინტერესდი. თვეში 800 ლარზე მეტს იღებს, მაგრამ უნდა გენახათ როგორი სიამაყით ლაპარაკობდა საკუთარ სამსახურზე! როგორი სამუშაო ეთიკა იგრძნობოდა! როგორი სიტყვა-პასუხი ჰქონდა! რა თქმა უნდა, მას არ აქვს იდეალური ხელფასი, თუმცა საკმარისია ოჯახის სარჩენად და იმისთვის, რომ ფეხზე მყარად დადგე საკუთარი პატიოსანი შრომის ხარჯზე. ეს დიდი ბედნიერებაა და პირადად მე ამით ძალიან ვამაყობ.
ჩვენ ჯერ კიდევ ძალიან ბევრი გვაქვს გასაკეთებელი.
დღეს საქართველო სხვაგვარად აზროვნებს, მაგრამ ამ გზას კიდევ რამდენიმე წელი დასჭირდება, რათა შეუქცევადი გახდეს. როგორც ეს შენობაა ლამაზი და თანამედროვე, მაგრამ ტოვებს მყიფე შთაბეჭდილებას, ისე შეიძლება ვინმეს მოეჩვენოს მყიფედ ჩვენი სახელმწიფო თავის სილამაზით, ბრწყინვალებით, გამჭვირვალეობითა და თანამედროვეობით, რომელიც ჯერ კიდევ მოითხოვს გამაგრებას და ბოლომდე ჩამოყალიბებას. რა თქმა უნდა, ჩვენი ქვეყანა უნდა გამთლიანდეს.
მინდა ყველას მოგილოცოთ ახალი შენობის გახსნა. მინდა მთელი საქართველოს სახელით მადლობა ვუთხრა ქართულ პოლიციას - ერთ-ერთ ყველაზე მეტი ნდობით აღჭურვილ საზოგადოებრივი ინსტიტუტს, რომელთანაც ხალხი გულისნადების გასაზიარებლად მოდის, რომელსაც ხალხი ენდობა და თანამშრომლობს მასთან, რომლითაც ხალხი ამაყობს.
მინდა მადლობა ვუთხრა თქვენს შვილებს, რომლებიც ამაყობენ იმით, რომ მათი მშობლები პოლიციის რიგებში მსახურობენ.
მინდა მადლობა ვუთხრა თქვენს მშობლებს თქვენი გაზრდისთვის და იმისთვის, რომ მათი წყალობით დღეს სახელმწიფოსთან ერთად ხართ.
ჩვენი გამარჯვება გარდაუვალია.
საქართველოს წინსვლა გაგრძელდება.
საქართველო ბოლომდე დადგება ფეხზე და ვერასდროს ვერაფერი ვერ დაგვაბრუნებს იმ უბედურებასა და მენტალიტეტში, იმ კრიმინალიტეტსა და დაუფასებელ გარემოში, როგორც ეს ადრე იყო ჩვენს ქვეყანაში.
საქართველო შედგა და ამაში, ჩემო მეგობრებო, თქვენ გადამწყვეტი წვლილი გაქვთ შეტანილი.
კიდევ ერთხელ გიხდით დიდ მადლობას.
საქართველოს პრეზიდენტის
ადმინისტრაციის პრესსამსახური