საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა და გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერმა ერთობლივი პრესკონფერენცია გამართეს
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი
მსურს მოგესალმოთ.
ეს ჩვენთვის მნიშვნელოვანი დღეა, ჩვენ ვმასპინძლობთ საქართველოს მეგობარს, გერმანიის მთავრობის ერთ-ერთ ხელმძღვანელს, საგარეო საქმეთა მინისტრს ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერს.
საქართველოში ეს მისი მეორე ვიზიტია.
დაიწყო ჩვენი ურთიერთობის ძალზე მნიშვნელოვანი ეტაპი - გერმანია ჩაერთო რეგიონში მიმდინარე პროცესებში.
მივესალმებით გერმანიის გადაწყვეტილებას ჩაერთოს იმ ურთულესი საკითხების მოგვარების პროცესში, რომელთა წინაშეც დღეს ვდგავართ.
საუბრისას ერთმანეთს გავუზიარეთ ჩვენი შეშფოთება, რომელიც რეგიონში მიმდინარე პროცესების ესკალაციამ გამოიწვია.
ესკალაცია და კონფლიქტების გალღობა მოხდა მას შემდეგ, რაც რუსეთმა საქართველოს ორ რეგიონზე ჩვენი ქვეყნის საზღვრებისა და საქართველოს იურისდიქციის აღიარება შეწყვიტა; მას შემდეგ, რაც დაიწყო რეგიონის ინტენსიური მილიტარიზაცია (ვგულისხმობ აფხაზეთს, რადგან სამხრეთ ოსეთში ეს უკვე მომხდარი იყო) და ზოგადად, რეგიონში ვითარება გართულდა.
შევთანხმდით იმის თაობაზე, რომ უნდა მოხდეს ამ საკითხის ბევრად მეტი ინტერნაციონალიზაცია და საერთაშორისო თანამეგობრობა პროცესში უფრო მეტად უნდა ჩაერთოს, ამასთან, გათვალისწინებული უნდა იყოს ყველა მხარის ინტერესები.
მიგვაჩნია, რომ რუსეთი უნდა გახდეს არა პრობლემის, არამედ მისი გადაწყვეტის ნაწილი.
ვფიქრობთ, პროცესი უნდა გამოვიდეს ჩიხიდან და ბევრად უფრო კონსტრუქციული მიმართულებით უნდა წავიდეს.
საქართველოს პოზიცია არის მოქნილი და გახსნილი.
ჩვენ ვადასტურებთ კონფლიქტის მშვიდობიანად მოგვარების ურყევ რწმენას. ამის ალტერნატივა არ არსებობს.
ჩვენ მივესალმებით გერმანიისა და გაეროს მეგობართა ჯგუფის კონსტრუქციულ როლს.
გერმანია ასრულებს გადამწყვეტ როლს მეგობართა ჯგუფში.
ჩვენ ვმუშაობთ საერთო გეგმის დეტალებზე, რომელშიც მონაწილეობენ ამერიკა, ევროკავშირი...
ამ ადგილზე რამდენიმე კვირის წინათ ხავიერ სოლანასთან ერთად ვიდექი და ამავე საკითხზე ვლაპარაკობდი.
მსურს განსაკუთრებით აღვნიშნო ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერის ოპერატიულობა, რომელიც მან ანგელა მერკელთან ჩვენი ძალზე საინტერესო საუბრის შემდეგ გამოიჩინა.
იგი მაშინვე მიხვდა საკითხის მნიშვნელობას და სწორად განსაზღვრა რისკი, რომელიც აქ შექმნილ ვითარებასთან არის დაკავშირებული.
გერმანიამ ძალზე ოპერატიული და დროული რეაგირება მოახდინა.
ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ ერთობლივი მისია იყოს წარმატებული.
კონფლიქტის ინტერნაციონალიზაციას მრავალი წლის განმავლობაში ვითოხვდით, მაგრამ ევროპის სწრაფი რეაქცია, პირველი სწორედ გერმანიისგან, ბერლინში გერმანიის მთავრობასთან გამართული სერიოზული მოლაპარაკების შემდეგ წამოვიდა.
არ შეიძლება ეს არ დავაფასოთ.
ამას ვაფასებ იმ 400 ათასი დევნილის სახელით, რომლებიც აფხაზეთიდან გამოაძევეს და რომლებიც დღემდე ვერ ბრუნდებიან საკუთარ სახლებში.
ჩვენ ყველანი ვთანხმდებით, რომ მათი იქ დაბრუნების უფლება ერთ-ერთი უმთავრესი რამაა და ეს ჩვენი პრინციპია, რომელიც საერთო ევროპულ ფასეულობებს შეესაბამება.
ჩვენ მემკვიდრეობით შეგვხვდა მეოცე საუკუნის ძალზე ბრუტალური კონფლიქტები.
ამ კონფლიქტებს კი 21-ე საუკუნის ევროპული გადაწყვეტილებები სჭირდება.
თუ ამ გადაწყვეტილებებს გერმანია ხელს შეუწყობს, მისი მადლიერი ვიქნებით.
ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერი:
ბატონო, პრეზიდენტო!
უწინარესად, მადლობას მოგახსენებთ არაჩვეულებრივი დახვედრისათვის ამ არაჩვეულებრივ გარემოში.
ეს ძალიან ლამაზი ადგილი და ძალიან ლამაზი საპორტო ქალაქია.
ეს არის ქვეყანა, რომელსაც აქვს ძალზე საინტერესო ისტორია.
სულ უფრო ვრწმუნდები, რომ ამ ქვეყანას და რეგიონს, რომელიც შავ ზღვასთან მდებარეობს, დიდი ეკონომიკური პოტენციალი აქვს, მაგრამ, ცხადია, ჯერ გარკვეული პრობლემები უნდა გადაიჭრას.
ბატონო პრეზიდენტო!
მე ჩამოვედი იმის გამო, რომ სეპარატისტულ რეგიონებში დაპირისპირება პერმანენტულად გრძელდება.
ბოლო კვირების განმავლობაში საშუალება გვქონდა დეტალურად, მათ შორის, ტელეფონითაც გვესაუბრა არსებულ სიტუაციასთან დაკავშირებით და ეს საუბარი დღესაც გავაგრძელეთ.
ეს არის გერმანიის განსაკუთრებული დამოკიდებულება საქართველოს მიმართ.
ჩვენ აქტიურად ვთანამშრომლობთ მეგობართა ჯგუფის ფარგლებში და მსურს ბოლო კვირების განმავლობაში შემდგარ საუბრებს დავეყრდნო, რაც წლების წინათაც ითქვა და განვაცხადო - ჩვენ ვაღიარებთ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და აფხაზეთი არის საქართველოს განუყოფელი ნაწილი.
კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ ქვეყანას აქვს უდიდესი, შესანიშნავი პოტენციალი, უპირველესად, ეკონომიკური თვალსაზრისით, ლოგისტიკური თვალსაზრისით სახელმწიფო უნდა გაძლიერდეს და კარგად ჩამოყალიბდეს.
საწყენია, რომ გარკვეული, მათ შორის, ტერიტორიული კონფლიქტების გამო, რომლებიც უწინარესად აფხაზეთის საკითხს მოიცავს, ქვეყნის ეკონომიკური პოტენციალი არ არის ათვისებული.
ჩვენ გვაქვს ამ თემაზე საუბრის უფლება და გერმანიამ ყველაფერი უნდა გააკეთოთ იმისათვის, რომ ხელი შეუწყოს ამ კონფლიქტის მოგვარებას.
ჩვენ გვაქვს საბაბი და მიზეზი, რათა დავფიქრდეთ თუ როგორ შეიძლება ამ პრობლემების მაქსიმალურად სწრაფად მოგვარება.
თუ ამ საქმეში ჩვენს სახელმწიფოს რაიმე წვლილი შეტანა შეუძლია, ამას სიამოვნებით გავაკეთებთ.
ეს ჩემი აქ ჩამოსვლის ერთ-ერთი ძირითადი მიზანია.
ეს არის ჩიხი და ჩვენ უნდა ვეცადოთ, რომ დაპირისპირებული მხარეები ამ ჩიხიდან რაც შეიძლება სწრაფად გამოვიყვანოთ.
ეს შესაძლებელი უნდა იყოს ნებისმიერ შემთხვევაში.
ბატონო პრეზიდენტო,
ჩვენ კიდევ ერთხელ ვადასტურებთ და ვაღიარებთ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას.
არაერთი მცდელობა გვქონდა წარსულში და მომავალშიც ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა მშვიდობის გზით აღდგეს.
მიუხედავად იმისა, რომ ამ პრობლემის მოგვარების პროცესში, შესაძლოა, გარკვეულმა მცდელობებმა წარმატება არ მოგიტანათ, მაგრამ ყველა მეთოდი უნდა გამოვიყენოთ და ყველა შესაძლებლობა უნდა ამოვწუროთ, რათა ქვეყანამ წარმატებას მიაღწიოს.
ვფიქრობ, დაპირისპირებულ მხარეებს შორის აუცილებელია პირდაპირი დიალოგის გამართვა, რომელსაც სისტემატური ხასიათი ექნება.
აი, ეს ნამდვილად იქნება წინგადადგმული ნაბიჯი ამ რთულ გზაზე.
ხვალ შევეცდები ჩემი თანამოსაუბრეები სოხუმში პირდაპირი დიალოგის აუცილებლობაში დავარწმუნო.
ბატონო პრეზიდენტო,
მოვისმინე თქვენი შეხედულებები და მსურს მოგახსენოთ, რომ საქართველოში არ ჩამოვსულვარ იმისათვის, რომ იუმედობა დავნერგო, მაგრამ არ მინდა ვინმეს მცდარი იმედი გაუჩნდეს იმის თაობაზე, რომ ეს პრობლემა დღეს ან ხვალ მოგვარდება.
ჩვენ ვისაუბრეთ იმაზეც, თუ რაოდენ დიდია რუსეთის როლი ამ თვალსაზრისით.
კიდევ ერთხელ ვადასტურებ, რომ გერმანია ყველაფერს გააკეთებს, რათა თავი დავაღწიოთ ჩიხს.
ამ პროცესში პირადად შევიტან წვლილს და გერმანიის იმედიც უნდა გქონდეთ.
დარწმუნებული ვარ, რომ უახლოესი წლების განმავლობაში არა ერთხელ შევხვდებით ერთმანეთს.
დიდი მადლობა.
საქართველოს პრეზიდენტის
ადმინისტრაციის პრესსამსახური