Google+

გამოსვლები და განცხადებები

13.08.2008
საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა და საფრანგეთის პრეზიდენტმა ნიკოლა სარკოზიმ ერთობლივი პრესკონფერენცია გამართეს

ქალბატონებო და ბატონებო, მოგესალმებით,

ბატონო პრეზიდენტო, მსურს აღვნიშნო, რომ მე აქ ჩამოვედი ბერნარ კუშნერთან ერთად როგორც ევროკავშირის პრეზიდენტი იმ მიზნით, რომ მხარი დავუჭიროთ მშვიდობას, საქართველოს სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობის დაცვას, და ამისათვის ჩვენ დიდხანს ვისაუბრეთ ბატონ პრეზიდენტ სააკაშვილთან და მის თანამშრომლებთან ერთად შეთანხმების იმ პრინციპებზე, რომელზეც პრეზიდენტ მედვედევსა და პრემიერ მინისტრ ვლადიმერ პუტინთან ერთად უკვე განვიხილეთ. პრეზიდენტი სააკაშვილის ნებრთვით მე განვმარტავ ამ შეთანხმებას და იმ ცვლილებას რომელიც ჩვენ მასში შევიტანეთ, პრეზიდენტ მედვედევთან შეთანხმებით, რომელსაც ამ საღამოს ორჯერ ვესაუბრე ტელეფონით, რა თქმა უნდა მას შემდეგ რაც საქართველოში ჩამოვედი. ბუნებრივია ჩემს კომპეტენციაში არ შედის შეთანხმებაში რაიმე ცვლილების შეტანა რუსული მხარის თანხმობის გარეშე.

მაშასადამე, ეს ტექსტი არის ჩარჩო ხელშეკრულების ტექსტი, რომელიც აყალიბებს პრინციპებს, რომლის დაცვაზეც პასუხს აგებენ როგორც რუსული ასევე ქართული მხარეები მას შემდეგ, რაც პრეზიდენტი სააკაშვილი თავის თანხმობას დაადასტურებს. ამ ტექსტს ბერნარ კუშნერი წარუდგენს ბრუსელში შეკრებაზე ოცდაშვიდ საგარეო საქმეთა მინისტრს, რომელთაგან ერთ-ერთი თავად გახლავთ, იმისათვის, რომ მას მხარი დაუჭიროს და გარანტად დაუდგეს ევროკავშირი. ამ ტექსტზე დაყრდნობით, რომელიც ჩარჩო ხელშეკრულების ტიპისაა, მომზადდება რეზოლუციის ფორმის იურიდიული დოკუმენტი, რომელიც წარედგინება გაეროს უშიშროების საბჭოს. ეს არის იმ პროცესის დასაწყისი, რომელიც, საფრანგეთის ღრმა რწმენით, შესაძლებელს გახდის მშვიდობა აღდგეს ამ რეგიონში, სადაც ჩვენ ახლა ვიმყოფებით.

პირველი პრინციპი - არ მოხდეს ძალის გამოყენება სხვადასხვა დაპირისპირებულ მხარეებს შორის. ეს ეხება ყველას, ოსებს, აფხაზებს, საქართველოს მთლიანობაში ოსებისა და აფხაზების ჩათვლით და რუსებს.

სამუდამოდ შეწყდეს შეიარაღებული დაპირისპირება იმისათვის, რომ დროებითი შეთანხმება ცეცხლის შეწყვეტის თაობაზე შეიცვალოს შეთანხმებით ცეცხლის საბოლოო შეწყვეტის თაობაზე.

მესამე პრინციპი - ჰუმანიტარული დახმარების თავისუფალი მიწოდების გარანტირება. ბერნარ კუშნერს ექნება საშუალება იმუშაოს ამ ბოლო კვირების განმავლობაში წარმოქმნილ დევნილების საკითხზე. ეს საკითხი ძალიან აღელვებს პრეზიდენტ სააკაშვილს და ჩემი ვალია მას ხაზი გავუსვა მედიატორის როლის ფარგლებში, რომელსაც მე და ბერნარ კუშნერი ვახორციელებთ.

ქართული სამხედრო ძალები დაუბრუნდებიან თავიანთი ჩვეული განლაგების ადგილებს, პრეზიდენტმა სააკაშვილმა უკვე განაცხადა თანხმობა ამ პუნქტთან დაკავშირებით.

რუსული სამხედრო ძალები უნდა დაუბრუნდნენ მათ მიერ სამხედრო დაპირისპირებამდე დაკავებულ პოზიციებს. დავაზუსტებ იმას, რომ საქმე ეხება სამხრეთ ოსეთს პრეზიდენტ სააკაშვილს სურდა, რომ ეს დეტალი დაგვეზუსტებინა და მეც ეს დაზუსტება შემომაქვს.

საერთაშორისო მექანიზმის ამუშავებამდე, რუსული სამშვიდობო ძალები დროებით მიიღებენ დამატებით უსაფრთხოების ზომებს. რატომ ვუწოდებთ ამ სამხედრო დანაყოფებს რუსულ სამშვიდობო ძალებს? იმიტომ რომ საქმე ეხება რუსულ სამხედრო ძალებს, რომლებიც განლაგებული იყვნენ კონფლიქტამდე სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე, და როდესაც ვსაუბრობთ რუსული სამხედრო ძალების გაყვანაზე, აქ საუბარია იმ სამხედრო დანაყოფებზე, რომლებიც კონფლიქტის დაწყების შემდეგ შემოყვანილი იქნა ოსეთის ტერიტორიაზე.

ამ თავში, როდესაც ვსაუბრობთ დამატებით უსაფრთხოების ზომებზე, იგულისხმება მხოლოდ სამხრეთ ოსეთის ტერიტორია და მის ყველაზე ახლოს მდებარე შემოგარენი, და არავითარ სემთხვევაში არ არის საუბარი დამატებით უსაფრთხოების ზომებზე საქართველოს მთელ ტერიტორიაზე.

და ბოლოს, მეექვსე პუნქტი. ეს ის პუნქტია, რომელშიც შესწორება იქნა შეტანილი. შესწორება, რომელსაც პრეზიდენტი მედვედევი დაეთანხმა იმ ორი სატელეფონო საუბრის საშუალებით, რომელიც დღეს საღამოს შედგა ბერნარ კუშნერის თანდასწრებით. ის გულისხმობს საერთაშორისო დიალოგის დაწყებას აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის უსაფრთხოებასა და სტაბილურობის შესახებ. მაშასადამე, ჩვენ ამოვიღეთ ფრაზა ‘მომავალი სტატუსი".

ქალბატონებო და ბატონებო, ეს დოკუმენტი არის, მაშასადამე, ჩარჩო დოკუმენტი რომლის პრინციპებიც რუსეთისა და საქართველოს თანხმობით უნდა იქნას დამუშავებული და გარანტირებული გაეროს უშიშროების საბჭოს მიერ. მე კიდევ დავძენდი რამოდენიმე სიტყვას, ჩვენ ყველას კარგად გვესმის, რომ ომის გარემოებაში თითოეულ სიტყვას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს, თითოეულმა უნდა გამოიჩინოს ძალისხმევა, ის აუარება საათები, რომლებიც მე და ბერნარ კუშნერმა დავხარჯეთ, სწორედ ურთიერთგაგების ძალისხმევის სამსახურში დახარჯული დროა. იმ შემთხვევაში თუ ეს ტექსტი იქნება მიღებული ისეთი სახით როგორიც ახლა აქვს მას, ის განაპირობებს შეიარაღებული დაპირისპირებების საბოლოო შეწყვეტას, მაგრამ ვერ განაპირობებს, როგორც მე ეს პრეზიდენტ სააკაშვილს უკვე ვუთხარი რეგიონის ყველა პრობლემის, საქართველოს ყველა პრობლემის მოგვარებას. მე ძალიან კარგად მესმის მთავარი პრობლემის არსი, რომ მოხდეს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა, რომელიც ერთის მხრივ გარანტირებულად მიმაჩნია ამ ტექსტის სულისკვეთებით.

მე მოვუწოდებ ყველას, სადაც არ უნდა იმყოფებოდეს ის, დაიცვას ამ შეთანხმების სიტყვა და სულისკვეთება იმისათვის, რომ დროებით გადაადგილებულებმა და დევნილებმა შეძლონ საკუთარი სახლების დაბრუნება, იმისათვის, რომ უსარგებლო მსხვერპლი შეწყდეს, რომ იყოს ნაკლები ტანჯვა, იმისათვის რომ უფრო მშვიდ გარემოში საერთაშორისო საზოგადოებამ შეძლოს გამოსავლის პოვნა სტაბილურობის, უსაფრთხოებისა და მშვიდობის აღსადგენად. აქ ბერნარ კუშნერთან ერთად ჩემს ჩამოსვლას აქვს აზრი, აქვს მიშვნელობა. ევროპა ვერ იქნება პასიური, ევროპამ უნდა აჩვენოს საკუთარი პოლიტიკური ნება, სწორედ ამას აკეთებს ის ახლა. მე არ დაგიმალავთ ამ დავალების სირთულეს იმდენად ძლიერია დაძაბულობის დონე. მსოფლიოს ამ კუთხეში, მოსკოვსა და თბილისში, მე დამხვდნენ თანამოსაუბრეები, რომლებიც მზად არიან მშვიდობის აღსადგენად ძალისხმევა გამოიჩინონ, სწორედ ამას აქვს მნიშვნელობა. მე არანაირ ილუზიას არ ვიქმნი, მესმის, რომ კიდევ ხანგრძლივი დისკუსიები გვაქვს ჩასატარებელი, ბევრი გაუგებრობა გასარკვევი, ბერნარ კუშნერი ხვალ დატვირთული სამუშაო დღისათვის ემზადება, საჭიროების შემთხვევაში მე თვითონ მზად ვიყავი მომეხსენებინა არსებული მდგომარეობა მთავრობის ხელმძღვანელებისა და სახელმწიფოების ხელმძღვანელებისათვის, რომლებმაც მხარი დაუჭირეს ევროკავშირის მმართველობის სვლას. ჩვენ წამოვიწყეთ კოლექტიური ღონისძიება და მე ბედნიერი ვარ, რომ მან დადებითი შედეგი გამოიღო.

ჟურნალისტი: - ბატონო პრეზიდენტო სარკოზი, თქვენ ბრძანეთ, რომ ევროპამ უნდა დააფიქსიროს თავისი პოლიტიკური ნება. ჩვენ ვნახეთ, რომ არ არის რეალური ერთინი ევროპული ფრონტი, პირველი შეკითხვა: ამან ხელი ხომ არ შეგიშალათ მოლაპარაკებების წარმართვაში, და საფრთხეს ხომ არ შეუქმნის ეს ფაქტი იმ დოკუმენტის ხელმოწერას, რომელზეც ხელი ჯერ არ არის მოწერილი?

- ეს შეთანხმება ეხება მათ ვინც ის მიიღო, და ის მოგვცემს საშუალებას მივიღოთ რეზოლუცია, რომელსაც წარვადგენთ. ქართული ძალების დაბრუნება მათ ჩვეულ განლაგებაზე, ეს არის გადაწყვეტილება, რუსული ჯარების დაბრუნება კონფლიქტამდე დაკავებულ პოზიციებზე, ესეც არის გადაწყვეტილება, ამის საფუძველზე ჩვენ მოვამზადებთ იურიდიულ დოკუმენტს, თითოეული მხარე იღებს პასუხისმგებლობას, მე მაქვს ყველა დაპირისპირებული მხარის თანხმობა. მართალია, ხვალიდან დაიწყება ტექნიკური მოლაპარაკებები იმიტომ, რომ რეზოლუციის მთავარი დოკუმენტი გაცილებით სრულყოფილი და ვრცელი იქნება, მაგრამ ის შეიქმნება ამ დოკუმენტის საფუძველზე. თქვენ ბრძანეთ, რომ ევროპა არ არის ერთსულოვანი, მე ამას სხვაგვარად ვხედავ, ევროპაში განსხვავებული ხედვები არსებობს, რაც გამომდინარეობს ევროპის ხალხების განსხვავებული ისტორიებიდან, მაგრამ ჩვენ ყველას გვსურდა მშვიდობა, ყველამ მხარი დაუჭირა ჩემს და ბერნარ კუშნერის გადაწყვეტილებას, რომ ჩავსულიყავით მოსკოვში და ჩამოვსულიყავით აქ, საქართველოში. ყველა საქმის ყურშია, რომ ვამზადებთ დოკუმენტს. კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, რომ გამოსვლებში შეიძლება იყო განსხვავებული ხედვები. ხვალ ბერნარ კუშნერი გაუძღვება საგარეო საქმეთა მინისტრების საბჭოს და ვერ წარმომიდგენია ის დოკუმენტი, რომელიც მიიღო პრეზიდენტმა სააკაშვილმა და რამდენიმე საათის წინ პრეზიდენტმა მედვედევმა, რა საბაბით უნდა უარყონ ევროპელმა პარტნიორებმა, რომლებსაც სურთ მშვიდობა. სხვა შემთხვევაში რა არის გამოსავალი? ომის გაგრძელება? კონფლიქტის გაგრძელება? ეს მიუღებელია. აი ეს არის ის რისი გაკეთებაც ვცადეთ, და მოგვაყენა თუ არა ამან რაიმე უხერხულობა? სრულებითაც არა. მე მსურს აღვნიშნო, რომ მოხარული ვარ ევროპის მიერ განხორციელებული საერთო ქმედების წარმატებით, მაგრამ დავძენ კიდევ ერთ რამეს ჩვენი ამერიკელი მეგობრების გათვალისწინებით: ისინი საქმის ყურში არიან იმის შესახებ თუ რა ქმედება განვახორციელეთ ჩვენ აქ და მოსკოვში, ჩვენც ვიცოდით მათი მხრიდან ძალიან მტკიცე ნაბიჯების შესახებ. ჩვენ ერთობლივად ვიმოქმედეთ ევროპაში, ჩვენი პარტნიორების მიმართ სრული გამჭვირვალობის დაცვით. ამ ეტაპზე მხარეები არ უნდა დაელოდონ მეორე მხარისაგან გარკვეული ძალისხმევის გამოჩენას, ჩვენ ყველამ ერთად უნდა გამოვიჩინოთ ძალისხმევა, ევროკავშირი თავის გარანტიას იძლევა, ბრძოლები უნდა შეწყდეს, თითოეული მხარე ამაზე უკვე დათანხმდა, ახლა ისინი პასუხს აგებენ საერთაშორისო საზოგადოების აზრის წინაშე იმ პასუხისმგებლობებისა და სიტყვის დაცვაზე, რაზეც უკვე შევთანხმდით. ევევროკავშირის მმართველობა, რომელსაც საფრანგეთი უძღვება მოწმეა ამ შეთანხმების სიტყვისა და სულისკვეთებისა. სწორედ ამიტომ ვითავე ამ შეთანხმების ახსნა, და ჩვენი მოლაპარაკებების შინაარსის ნათლად გადმოცემა.

სულ ეს არის, ვფიქრობ, რომ მათთვის ვინც ახლა იტანჯება, ეს სასიხარულო ამბავია. ახლა უნდა ვიყოთ ძალიან ყურადღებით, კონცენტრირებული და გამოვიჩინოთ ნება. მადლობას მოგახსენებთ და ბატონი სააკაშვილის ნებართვით დავბრუნდები საფრანგეთში და ვისარგებლებ ქართული სტუმართმოყვარეობით სხვა დროს და დავბრუნდები უკვე დამშვიდებულ დედაქალაქში. მადლობას მოგახსნებთ.


საქართველოს პრეზიდენტის
ადმინისტრაციის პრესსამსახური




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (11)
2012 (12)
2011 (12)
2010 (10)
2009 (12)
2008 (12)
2007 (11)
2006 (12)
2005 (12)
2004 (4)