Google+

გამოსვლები და განცხადებები

15.06.2009
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი საპარლამენტო უმრავლესობას შეხვდა

მოგესალმებით ყველას!

უპირველეს ყოვლისა, მსურს მადლობა გადაგიხადოთ, რომ ორთვიანი არც თუ ისე აუცილებელი შესვენების შემდეგ, განახლდა საქართველოს პალამენტის პლენარული სხდომები საქართველოს პარლამენტის შენობაში.

ნამდვილად არ მიმაჩნია, რომ ეს დრო ფუჭად დაიკარგა, რადგან საქართველოს რეგიონებში გამართული გასვლითი სხდომები ნათელი დასტურია იმისა, რომ ჩვენ გვყავს პარლამენტი, რომელიც თავის შემადგენლობით ყველაზე დივერსიფიცირებულია საქართველოს პარლამენტარიზმის ისტორიაში.

თქვენ ხართ პატარა, მაგრამ ძალიან მრავალფეროვანი ქვეყნის სხვადასხვა ადგილების წარმომადგენლები. ეს არის პარლამენტი რომელიც არ მოწყდა პოლიტიკურ რეალობას.

თქვენ ამტკიცებთ, რომ ეკუთვნით ხალხს.

მსოფლიოში ბევრი მთავრობა და პარლამენტი არ მინახავს, რომელთანაც ასე ახლოს შეგიძლია მისვლა, დალაპარაკება და ანგარიშის მოთხოვა, ამდენად თანასწორუფლებიანად იგრძნო თავი და რაც მთავარია ის, რომ ეს ხალხი შენი წარმომადგენელია და შენ გემსახურება.

მე ბევრს დავდივარ რეგიონებში და მიხარია, როდესაც ხალხი მაჩერებს და შენობით მომმართავს, რადგან მეც და თქვენც ჩვენს ხალხს ვეკუთვნით.

მინდა რამდენიმე საკითხზე გავამახვილო თქვენი ყურადღება.

უპირველეს ყოვლისა, ეს არის გაეროს რეზოლუცია, რომლის განხილვაც დღეს მიმდინარეობს ნიუ იორკში. ეს მნიშვნელოვანი საკითხია, რომლის შესახებაც მსურს ფრაქციას და საზოგადოებას ამომწურავი ინფორმაცია მივაწოდო.

ვიდრე გაეროს რეზოლუციის უშუალო მექანიზმებს შევეხები, უნდა გვესმოდეს რა წარსული გვაქვს და საიდან მოვდივართ. ამაზე ხშირად არ ვსაუბრობთ, მაგრამ ეს აუცილებელია, რათა წარსულის ტრაგიკული შეცდომები აღარ გავიმეოროთ. ამ წარსულის შემქმნელმა პირებმა, მომავალში უპერსპექტივობა ხელახლა არ უნდა მოგვახვიონ თავს.

90-იან წლებში რუსეთმა საიდუმლო ომი გამოუცხადა საქართველოს. საიდუმლო იყო იმიტომ, რომ საერთაშორისო ასპარეზზე ეს ომი რუსეთს არ დაბრალებია.

ჩვენ დაგვიხოცეს რამდენიმე ათეული ათასი ადამიანი, გამოგვიყარეს 400 ათასზე მეტი ადამიანი საკუთარი საცხოვრებელი ადგილებიდან და ეს რუსეთს არ დაბრალდა.

მსოფლიოს მიერ ეს იყო აღქმული, როგორც გარკვეული სახის საქართველოს შიდა დაპირისპირება. ეს იყო პირველი, რაც რუსეთმა გააკეთა და ვფიქრობ ამაზე არავინ არ გვეკამათება.

ამის შემდეგ რუსეთმა საქართველოს შინა აშლილობის პროვოცირება მოახდინა. ჩვენს ქვეყანაში შეიარაღებული და პოლიტიკური დაპირისპირება გამოიწვია და გაჩაღდა კიდეც სამოქალაქო ომი. დაუძლურებული მთავრობა იძულებული გახდა მუხლებზე მიხოხებულიყო რუსეთთან, შესულიყო დსთ-ში, დაენიშნა მათი მინისტრები და ხელი მოეწერა მოსკოვის ხელშეკრულებისთვის, რომლითაც დაკანონდა რუსეთის სამხედრო ყოფნა აფხაზეთში. ამით, პრაქტიკულად, ჩაიდო ის ნაღმი, რომლის საფუძველზეც შარშან აგვისტოში რუსეთმა ახალი აგრესია განახორციელა. ეს იყო ჩვენი პრობლემების მეორე ეტაპი.

ყოველივე ამან გამოიღო ის შედეგები, რაც წლების განმავლობაში მოვიმკეთ. ანუ მოვიმკეთ ის უშედეგობა, რაც უკავშირდება დევნილების დაბრუნებას, კონფლიქტების მოგვარებას, საქართველოს დამოუკიდებლობის განმტკიცებას.

მინდა ყველამ გაიგოს რა განსხვავებაა ჩვენსა და მათ შორის, ვინც მაშინ გადაწყვეტილებებს იღებდა; რა განსხვავებაა არა მარტო ჩემსა და ედუარდ შევარდნაძეს შორის, არამედ დღევანდელ ქართულ პოლიტიკურ მენტალიტეტსა და 90-იანი წლების ქართულ პოლიტიკურ მენტალიტეტს შორის.

მინდა ყველამ კარგად გააცნობიეროს, რომ ჩემი გადაწყვეტილებები ნაკარნახევი იყო წარსულში დაშვებული შეცდომების საფუძვლიანი გააზრებით.

გასული წლის გაზაფხულზე რუსეთმა განახორციელა შეიარაღებული ძალების მასშტაბური შემოსვლა ჯერ აფხაზეთში - სადესანტო ძალები გადმოსხა და შემდეგ, აგვისტოში ცხინვალის რეგიონის ტერიტორიაზე. პირველი შეცდომა, რომელიც შეიძლებოდა დაგვეშვა, როგორც მაშინდელმა მთავრობამ 90 წლებში დაუშვა, იყო იმის არგამოცხადება, რომ ეს არის რუსეთი. ჩვენ შეგვეძლო გვეთქვა, რომ ეს არის შიდა კონფლიქტი - ზუსტად ისე, როგორც ეს დაგეგმილი ჰქონდა რუსეთს, მერე გადაევლოთ ჩვენი მოსახლეობისთვის და გაჟლეტილიყო ათასობით ჩვენი მოქალაქე. ხეობებში ჩარჩენილი გვყავდა 30 ათასამდე ადამიანი, რომელთა უმეტესობა შეიძლება დაეხოცათ კიდეც, რადგან ისინი, ფაქტობრივად, ხაფანგში მოაქციეს. ეს ზედმიწევნით კარგად იცის მან, ვინც იქ ყოფილა ან ახლაც არის. შემდეგ ეთქვა რუსეთს ჩვენ არაფერ შუაში არ ვართ, დაებანა ხელები, კოკოითი ებრძვის სააკაშვილს და საქართველოს სეპარატისტებთან ბრძოლა უჭირსო.

ამ შეფარულ აგრესიას ჩვენი შეიარაღებული ძალების მასშტაბური აქციით ვუპასუხეთ, რითაც ვაიძულეთ ისინი ყველაფრისთვის თავისი სახელი დაერქმიათ. ჩვენ ვაიძულეთ ისინი ეთქვათ, რომ ისინი ომობენ და ეს იყო ისეთივე მასშტაბის აგრესია, როგორც საბჭოთა კავშირმა განახორციელა 79 წელს ავღანეთში და 68 წელს ჩეხოსლოვაკიაში. შეიარაღებული ძალების, პირადი შემადგენლობის, თვითმფრინავების, ჯავშანტრანსპორტიორებისა და ტანკების რაოდენობით აბსოლუტურად ერთნაირი მასშტაბის აგრესია იყო, თუმცა ეს ქვეყნები საქართველოზე ბევრად დიდია.

ჩვენ რომ არ გამოგვეცხადებინა, რომ ეს ღია აგრესია იყო, მსოფლიოში არავის არ დააინტერესებდა რა ხდება. და შემთხვევით ე.წ. სეპარატისტებს თბილისი რომ აეღოთ, სახელმწიფო შენობებზე რომ აეფრიალებინათ ე.წ. ოსური დროშა, მსოფლიო ამასაც დიდი სიამოვნებით მიიღებდა.

თბილისში ბევრს დღესაც არ ესმით, რომ ჩვენი დედაქალაქი და ქართული სახელმწიფოებრიობა გადაარჩინა იმან, რომ მთელი მსოფლიო დავრაზმეთ. ეს იყო იმის შედეგი, რომ ყველაფერს თავისი ადგილი მივუჩინეთ და ყველაფერი დავალაგეთ.

პუტინი და რუსული სამხედრო მანქანა იმედგაცრულებულია იმით, რომ ვერ დაასრულა საქართველო ერთხელ და სამუდამოდ. საქართველოს დასრულება მათ მართლა იმიტომ კი არ სურთ, რომ სააკაშვილი ჩამოკიდონ, როგორც ისინი აცხადებენ, არამედ იმიტომ, რომ საქართველო არის თავისუფლების სიმბოლო მთელ საბჭოთა სივრცეში. ჩემი ჩამოკიდებით საქართველოს ბედი რომ წყდებოდეს, თავად მივიდოდი მათთან სიამოვნებით, რაც არაერთხელ გაუკეთებიათ ქართველ მეფეებს.

საქართველო მათ სჭირდებათ, რათა მთლიანად ჩაკეტონ შუა აზიისა და კასპიის რეგიონი და ამით, პრაქტიკულად, აღადგნენ საბჭოთა კავშირს - ჯერ ენერგეტიკულ-ეკონომიკურ სფეროში, როგორც მოხდა 1921 წელს და მერე მთლიანად, როგორც მოხდა 1924 წელს.

მათ ამ განზრახვაზე ჯერაც არ აუღიათ ხელი.

პირველი გეგმა მათ ბოლომდე ვერ განახორციელეს და ამიტომ გეგმის მეორე ნაწილზე გადავიდნენ. ეს არ არის ჩემი მოყოლილი სპეკულაცია, თითქოს მე ვიგონებ ამას იმისათვის, რომ საქართველოში პოლიტიკური პროცესები გავამართლო. გამოვიდა დიმიტრი მედვედევი და პირდაპირ თქვა: "სააკაშვილი არის პოლიტიკური გვამი".

მე უარს ვამბობ, რომ გავბრაზდე რუსეთის პრეზიდენტზე, რადგან არ მგონია, რომ ის თავის პოზიციას გამოხატავს. როდესაც რუსეთში ის ნამდვილად აიღებს ძალაუფლებას საკუთარ ხელში, მხოლოდ მას შემდეგ უნდა დავიწყოთ მისი გამონათქვამების განსჯა. თუმცა, ბუნებრივია, რომ ეს გამოხატავს რუსული სახელმწიფოს პოზიციას, რომელსაც დღეს მართავს უშიშროების აპარატის აგრესიული ნაწილი.

რუსეთში მკაცრი კრიტიკის გამო პუტინმა თქვა: "ჩვენ გავაკეთეთ საქმის მხოლოდ ნაწილი, დანარჩენ საქმეს ქართველი ხალხი გააკეთებს".

მათი შემდეგი ეტაპი უნდა ყოფილიყო ზუსტად ისეთი როგორც 1993-95 წლებში - შიდა პოლიტიკური დაპირისპირება, არეულობა, ძალადობა და ყოველივე ამის ფონზე საქართველოს მთლიანად უნდა დაეკარგა საერთაშორისო პოზიციები, მსოფლიოს ხელი უნდა ჩაექნია ჩვენს ქვეყანაზე და ახალი საერთაშორისო მექანიზმების შექმნა, რომელიც დააკანონებდა რუსეთის მიერ განხორციელებულ ოკუპაციას ჩვენს ტერიტორიაზე, რაც სამართლებრივი თვალსაზრისით, არნახული თავხედობაა.

ჩვენ დღეს შიდა დესტაბილიზაციის მცდელობების პიროებებში გვიხდება მუშაობა და არ ვართ გაეროს რეზოლუციის პროცესის ცალკე აღებული წევრი.

ეს ყველაფერი უნდა განვიხილოთ ერთი სცენარის ნაწილად.

რას ითხოვს დღეს რუსეთი გაეროში?

იცით, რომ გაეროს უშიშროების საბჭოში რუსეთს აქვს ვეტოს უფლება.

თუკი 2001 წელს რუსეთი, რადგან ჯერ კიდევ არ იყო ამდენად აგრესიული და შეფარულად ცდილობდა მიზნის მიღწევას, მხარს უჭერდა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის ბოდენისეულ გეგმას, თუნდაც არასრულფასოვანს, ყველაფერი შეიცვალა. 2001 წლიდან ყოველ 6 თვეში ერთხელ ხდებოდა ამ რეზოლუციის გადახედვა და იმისათვის, რომ ეს მისია არ მომკვდარიყო, ჩვენი სხვა მოკავშირებისგან პარატ-პატარა დათმობებს იღებდა - მას ჯერ ერთ ტერმინს უთმობდნენ, მერე მეორეს, მესამეს... საბოლოოდ, ეს რეზოლუცია ცარიელი რამ გახდა, თუმცა მთავარი შენარჩუნებული იყო - საქართველოს სუვერენიტეტი და მთლიანობა აღიარებული იყო საქართველოს მთელ ტერიტორიაზე.

პატარა ქვეყნისთვის ეს ძალზე მნიშვნელოვანია. პატარა ქვეყნის მთავარი ინსტრუმენტი წარმოუდგენლად დიდ მოწინააღმდეგესთან დაპირისპირების შემთხვევაში, უწინარეს ყოვლისა არის საერთაშორისო სამართლის ენა.

ახლა, იმ პირობებში, როდესაც არც ჩვენ და არც ჩვენ მეგობრებს თავში არ მოდის გაეროს თუნდა ამ აბსოლუტურად სუსტი და ძალიან არაეფექტური მისიის მოკვლა, რუსეთი შემობრუნდა და თქვა: გინდათ მისიის შემობრუნება? მაშინ დათმეთ მთავარი რამ - დაივიწყეთ ლაპარაკი საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობაზე". თან ეს მოყვა ზუგდიდის ინციდენტს, აფეთქებას ზუგდიდში, ბუჩქებიდან ძალიან კარგად მოჩანდა ერთი, ჩვენთვის კარგად ნაცნობის ცხოველის "ყურები".

გაეროს სამდივნომ ჟენევაში პირველი სიგნალით, რომელიც გამოაგზავნა მაშინ, როდესაც ჩვენ ჯერ კიდევ არ გვქონდა კონსულტაციები ჩატარებული ჩვენს მოკავშირეებთან, პრაქტიკულად, ისინი გადაკრულად, შეფარული ფორმით, მაგრამ მაინც დაეთანხმენ რუსეთის ამ მოთხოვნას.

ჩვენ რომ დღეს 90-იან წლებში ვყოფილიყავით, ხმის ამომღები არ იქნებოდა არც ერთი ჩვენგანი, ისე ჩაივლიდა ამ რეზოლუციის მიღება საერთოდ არავინ არაფერს იტყოდა.

პირველივე დღიდან ჩვენ ვთქვით, მთავარი ფასეულობა, რითაც ჩვენ დავიბრუნებთ ტერიტორიულ მთლიანობას, არის საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის და იმ ტერიტორიებიდან გამოძევებული ხალხის განუხრელი სამართლებრივი უფლება, რომელიც აღიარებულია მთელი მსოფლიოს მიერ. საკმარისია ერთი პატარა ბზარი გაჩნდეს ამ დამოკიდებულებაში, ყველაფერი ჩამოგვეშლება.

მეორე მხრივ, თუ შევინარჩუნებთ ყოველივე ამას, აუცილებლად დავიბრუნებთ ჩვენს ტერიტორიებს.

ჩვენ თავიდანვე ძალიან მკაცრად დავაყენეთ საკითხი, ხანგრძლივი კონსულტაციების შემდეგ ძალიან მკაცრად დააყენეს საკითხი ჩვენმა მოკავშირეებმაც და როგორც ჩანს, ამჯერად რუსეთს არ გამოუვა იმის გატანა, რასაც ასე ლამობდა და ერთი თვის წინათ გარანტირებულიც ჰქონდა.

ამ საკითხებს ჯერ კიდევ სტუდენტობის დროს ვსწავლობდი. ნიუ-იორკში სწავლისას, როდესაც გამოიკვეთა კონტური მსგავსი გარიგების მზადების თაობაზე, 1993 წელს ამ თემაზე საკურსოც მაქვს დაწერილი. მაშინ გაეროს ეგიდით ჟენევაში რუსეთთან შეხვედრისას, ქართული დელეგაციის ხელმძღვანელი იყო ჯაბა იოსელიანი.

საფრანგეთის პრეზიდენტი პირადად მონაწილეობს გაეროს რეზოლუციის შემუშავებაში და წლების განმავლობაში პირველად არის შემთხვევა, რომ ამ რეზოლუციის განხილვა რამდენჯერმე მისი ჩარევით მოხდა.

პირველად არის შემთხვევა, როდესაც მთელი ამერიკული პოლიტიკური სპექტრი და ამერიკული პრესა ძალიან ვრცლად წერს რეზოლუციის თაობაზე. ჩვენ ჩვენს სიმართლეს დავიცავთ და გავიტანთ.

ჩვენ არ გვინდა საერთაშორისო მისიების მოკვლა, მაგრამ მე საკუთარი თვალით ვნახე შარშან აგვისტოში, როგორ აორთქლდა ეს მისია, როცა აფხაზეთში 300 რუსული ტანკი შემოვიდა. ამას იმათ გასაგონად ვამბობ, ვისაც ჰგონია, რომ ეს ომი ჩვენ დავიწყეთ. კარგად მახსოვს, სენატორ მაკკეინს დავურეკე და ვკითხე მას სჯეროდა თუ არა რუსეთის ვერსიის, თითქოს ომი ჩვენ დავიწყეთ. მან მიპასუხა, რომ რეალური ვითარების დასადგენად არც რუსეთის ვერსია სჭირდებოდა და არც ჩვენი: მე ვარ სამხედრო, ფრინავი და ზუსტად ვიცი, როგორც წესი, ტანკები არ დაფრინავენო. საქართველოს ომი რომც დაეწყო, შეუძლებელი იყო ორ საათში ჯავშანტექნიკა კავკასიის ქედის მეორე მხარეს გადმოესროლათ. არ შეიძლებოდა მძიმე ტექნიკა ენგურის ხიდზე ყოველივე ამის დაწყების მეორე დღესვე აღმოჩენილიყო. ეს საკუთარი თვალით ვნახე. საზღვარზეც რომ ყოფილიყვნენ, იქ ჩამოსვლას რამდენიმე დღე მაინც სჭირდებოდა.

ასე რომ, ჩვენ ვცადეთ ამ მისიის შენარჩუნება, მაგრამ მისია ვერ შენარჩუნდება საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის უმთავრესი პრინციპის ხარჯზე.

მინდა რომ საპარლამენტო უმრავლეობა ამაზე იყო ორიენტირებული და დეტალურად ინფორმირებული. თუმცა ვიცი, რომ საპარლამენტო უმცირესობას აქვს იგივე აზრი.

ვიცი, რომ არასაპარლამენტო ოპოციზია გაეროს ოფისთან აქციას მართავდა. იმის მიუხედავად, რომ რადიკალების არც ერთ მოთხოვნას არ ვიზიარებ, ამაში ვეთანხმები და სოლიდარული ვარ. ამ პოზიციებს ბოლო,დე დავიცავთ. ისეთი არაფერი არ უნდა გავაკეთოთ, რომ რაც შეიძლება წინ დაგვხვდეს.

მრავალგზის განხილვის მიუხედავად, აფხაზეთში რუსეთის სამშვიდობოების სტატუსი ვერ გავაუქმეთ, არადა აშკარა იყო, რომ სამშვიდობო პროცესს ისინი არ ემსახურებოდნენ. ეს იმიტომ ვერ შევძელით, რომ ისინი გაეროს იყვნენ ამოფარებული და გაერო იყო ამ პროცესის მფარველი. ისიც კარგად მახსოვს, როდესაც განმუხურში ჩვენი პოლიციელები ცემეს, გაეროს არც ერთი დამკვირვებელი არ გამოჩენილა. მაშინაც კი, როდესაც ჩვენ მივედით ამის აღსაკვეთად, გაეროს დამკვირვებლები ჩვენს შეჩერებას ცდილობდნენ. პირადად მე მაშინ უსიამოვნო საუბარიც მქონდა მათთან.

ეს არის ის, რაც ამ კონკრეტულ საკითხს შეეხება.

ამ სცენარის მეორე ნაწილი, რომელზეც არ ვამბობ, რომ მთლიანად ორკესტრირებულია ამ ცენტრიდან, მაგრამ სინქრონში ხდება განხორციელება სხვადსხვა პოლიტიკური ინტერესების დამთხვევით.

ეს არის მცდელობა საქართველოში შეიქმნას პერმანენტული არასტაბილურობის კერა, რათა საქართველო შინგიდან დასუსტდეს და აღარ ფიქრობდეს თავდაცვაზე, უსაფრთხოების განმტკიცებაზე, ჯარის აშენებაზე და რაც მთავარია, ეკონომიკის განვითარებაზე, რადგან ეკონომიკა არის სწორედ ის, რაზეც ჩვენი ქვეყნის მომავალი დგას. ასევე ცდილობენ ისეთი საგარეო იმიჯი შექმნან, რომ არც ჩვენ მოკავშირეებს ჰქონდეთ მხარდაჭერის სურვილი და არც ინვესტორებს, რომლებიც რეალურად აცოცხლებენ დღეს ქართულ ეკონომიკას - მათი შემოტანილი ფულით გავცემთ ხელფასებს, პენსიებს, ვაშენებთ გზებს სკოლებს შეიარაღებულ ძალებს, უსაფრთხოების სტრუქტურებს. ჩვენ ვცდილობთ, რომ გავაუმჯობესოთ ჩვენი ხალხის ცხოვრება, ისინი კი აფრთხობენ ინვესტორებს, რათა მათ დაკარგონ ქართულ ეკონომიკაში ფულის ჩადების სურვილი.

თქვენ კარგად იცით, რა ამოცანა ქონდა პუტინს შემოდგომასა და გაზაფხულზე.შემოდგომაზე მან თქვა,რომ არ აპატიებს ვიკტორ იუშჩენკოს, რომ ჩამოვიდა, დადგა ჩვენთან ერთად და უარი თქვა აქედან წასვლაზე, ვიდრე თბილისს საფრთხე ემუქრებოდა. უკრაინის იმ გაზეთებში, რომლებსაც პირდაპირ აკონტროლებს რუსული კაპიტალი, უამრავი სტატია დაიბეჭდა და ნამდვილი ფსიქოლოგიური ტერორი მოეწყო უკრაინის პრეზიდენტზე.

მარტში კი ერტი და იგივე დღეს ლიტვაში, კიევსა და თბილისში სრულიად განსვავებულმა პოლიტიკურმა ძალებმა, დააყენეს პრეზიდენტების გადადგომის მოთხოვნა.

ეს შემთხვევითია? შეიძლება ეს დამთხვევაცაა.

გაუხარდა ეს ჩვენს მთავარ მოწინააღმდეგეს, რომელსაც ჩვენი ტერიტორიის 20 პროცენტი აქვს ოკუპირებული? რა თქმა უნდა, ეს მთლიანად პასუხობდა მის გეგმებს საქართველოსთან მიმართებაში. ბრმა და ბეცი უნდა იყოს ადამიანი, რომელიც ამას ვერ დაინახავს.

შემდეგ მოხდა აქციების ორგანიზება თბილისში. ამ აქციებზე იყო ბევრი გამწარებული და გაჭირვებული ადამიანი. ასევე ამ აქციებზე იყვნენ ადამიანები, რომლებსაც დასახული ქონდათ სრულიად კონკრეტული პოლიტიკური ამოცანა.

რა იყო ამ ყველაფრის სცენარი. გათვლა იყო ასეთი, სააკაშვილი არის ფიცხი, მთავარია ბევრი საზიზღრობა უწოდო მას, ასევე ბევრი შეურაცხყოფა მიაყენო პარლამენტის თავმჯდომარეს, პრემიერ-მინისტრს, მინისტრებს, დეპუტატებს, იმისათვის, რომ ესენი ავარდნენ, გამოვარდნენ "კომბლებით", დაერიონ ხალხს, გამოიყენონ ყველა ის საშუალება, რომლებსაც სხვათა შორის, იყენებს გერმანია, საფრანგეთი, იტალია. მერე იტყვიან: "აი, რა ხდება, მშვიდობიანი მიტინგი დაარბიეს. როგორ შეიძძლება ამ ქვეყნის მხარდაჭერა?"

თქვენ ხომ მომსწრე ხართ იმისა, რომ უამრავი მცდელობა იყო, რათა რამენაირად გამოვეწვიეთ და დაგვერბია მიტინგი? მშვენივრად იცოდნენ, რა შედეგს მიაღწევდნენ.

კარგად მახსოვს, როდესაც 2007 წელს საგანგებო მდგომარეობა გამოვაცხადეთ, ვითარება იყო მთლიანად ჩაწყნარებული, ვიდრე მე არ გამოვაცხადე ჩემი გადადგომის თაობაზე. რამდენიმე თვით შევამცირე ჩემი საპრეზიდენტო ვადა.

მათი ქმედების შედეგად დასუსტდებოდა არა საქართველოს პრეზიდენტი, არამედ ქართული სახელმწიფოებრიობა. სამიზნე იყო არა საქართველოს პრეზიდენტი, არამედ იყო საქართველო, როგორც სახელმწიფო.

მაშინ, როდესაც პარლამენტის სხდომები გადავდეთ, იცის დავით ბაქრაძემაც, რომ ამას ბოლომდე ვეწინააღმდეგებოდი, ჩვენ გამოვიჩინეთ საოცარი თავშეკავება, მაგრამ ისიც კარგად ვიცოდი და დავინახეთ კიდეც ორი დღის წინათ, რომ ამას ისინი პროვოკაციისთვის და ვითარების კიდევ უფრო დაძაბვისთვის გამოიყენებდნენ.

ჩვენ გავაკეთეთ ის, რასაც ბევრი ევროპული ქვეყანა არ გააკეთებდა.ამის თაობაზე კითხვებს მისვამდნენ ამერიკელი კონგრესმენები, გერმანელი ჟურნალისტები. ბერლინსა და ამერიკაში ამას არავინ არ მოითმენდა და ძალიან მალე დაალაგებდნენ სიტუაციას.

ჩვენ ვართ სხვა გამოცდილების, სხვა წარსულის, ჯერ კიდევ ჩამოყალიბების პროცესში მყოფი ქვეყანა. ჩვენ სრულიად შეგნებულად მივიღეთ გადაწყვეტილება დაგვეშვა, ამ შემთხვევაში, უკანონობის ზედმეტი თავისუფლება. ამას უკანონობის მეტი არაფერი არ ქვია. რამდენიც არ უნდა ალაპარაკონ იმის შესახებ, რომ ეს არის მშვიდობიანი პროტესტი, ამაში ვერავინ ვერ დაარწმუნებდნ ენ. არაფერი მშვიდობიანი არ არის რკინიგზის გადაკეტვაში, სახელმწიფო ორგანოების მუშაობის დაბლოკვაში. მსოფლიოს არც ერთ ქვეყანაში არ მართავს პოლიციასთან მიტინგს. ეს აბსოლუტური აბსურდია.

ჩვენ ყველაფერზე დავხუჭეთ თვალი ერთადერთი რამის გამო - ყველასთვის ყველაფერი გახდეს ნათელი.

სიტყვის თავისუფლება არ არის ის, რასაც თავს გვახვევენ. დემოკრატიულ ქვეყანაში მხოლოდ ერთი სიტყვის თავისუფლება არ დაიშვება - ეს არის სუძულვილის დათესვის თავისუფლება! საქართველოში არის საინფორმაციო საშუალებები, რომლებსაც არა საზოგადოების ინფორმირება, არამედ ერთადერთი მიზანი აქვთ - ინფორმირება იმისა თუ ვინ უნდა გძულდეს კონკრეტულად და რაც შეიძლება ბრმად.

ჯორჯ ორველის ცნობილ რომანში "1984" დღეში ათი წუთის განმავლობაში აჩვენებდნენ გოლდშტეინის იმიჯს და ეუბნებოდნენ, რომ ეს უნდა გძულდეთ.

თუ კი მხოლოდ სააკაშვილით შემოიფარგლებოდნენ, კიდევ არა უშავს... გარწმუნებთ, ჩემს 13 წლის შვილს ეცინება იმ ათას სისულელეზე, რომელსაც ამ ტელეარხებით გადმოსცემენ. დემოკრატიული კულტურის ახალი თაობა ამას ძალიან წყნარად ხვდება.

როდესაც ლაპარაკია იმაზე, რომ არავინ არ იცნობს პარლამენტის მაჟორიტარ დეპუტატებს და არავის არ გაუგია ეს სახელები, იკითხონ იმ რაიონებშიც, რომლებსაც ეს ხალხი წარმოადგენს.

მაგალითად, გურამ მისაბიშვილი, ჰკითხეთ სენაკელებს ვინ არის ეს კაცი, იკითხეთ სამინისტროებში, სადაც იგი თითოეული სენაკელის სატკივარსა და პრობლემის მოსაგვარებლად დარბის.

არავის არ გაუგია გია არსენიშვილი თელავში? მაშინ რატომ აირჩიეს ამხელა უპირატესობით არჩევნებისდროს?

ასევეა ბევრი სხვა და როდესაც ასეთ რამეს ამბობ, პარლამენტს, როგორც ინსტიტუტს კი არ აყენებ შეურაცხყოფას, არამედ სენაკის, თელავის, მარტვილის მოსახლეობას. ეს იმას ნიშნავს და შენ მიგაჩნია, რომ არსებობენ პირველხარისხოვანი ადამიანები, რომლებსაც აცვიათ ცნობილი ბრენდების ტანსაცმელი და არის დანარჩენი ხალხი, რომელიც ყოველდღიურად იბრძვის იმისათვის, რომ ლუკმა-პური შეიტანოს ოჯახში. შესაძლოა, ეს დეპუტატი არსებობის და ცხოვრების გაუმჯობესების ბოლო იმედი და საშუალებაა.

გლდანის რაიონიდან 12 წლის გოგონამ მომწერა წერილი, სადაც წერია, რომ მას დედა ინვალიდი ჰყავს, რომელსაც მუშაობა, მძიმეების აწევა არ შეუძლია, არ აქვთ ცხოვრების ელემენტალური პირობები - არ მოდის წყალი, ვერ შემოიყვანეს ბუნებრივი გაზი, ელექტროენერგიის გადასახადს ვერ იხდიან და არავითარი პერსპექტივა არა აქვს და გამოსავალსაც ვერ პოულობს. ეს არის სასოწარკვეთილი ბავშვის წერილი.

12 წლის ბავშვს ვერც მუშაობას მოსთხოვ და ვერც ვერც პრობლემების გადაჭრის გზების ძიებას. ვისი ინტერესები უნდა დავიცვათ ჩვენ - ამ ხალხის თუ მაგალითად, ვინმე კუკავასი, რომელიც 50 ათასჯერ უკეთესად ცხოვრობს, ვიდრე ეს გოგონა?

მე გავაკეთე არჩევანი - ვიქნები ამ 12 წლის გოგონას გვერდით და არ წავალ არავითარ კომპრომისებზე კორუმპირებულ, მარტო თავის თავზე მზრუნველ, კორპორატიულ დესტრუქციულ ელემენტებთან.

ორი კვირის წინ, ვლადიმერ პუტინმა მოსკოვში უკრაინის პოლიტიკური ელიტა დაიბარა, ჩაკეტა ოთახში და მრავალი საათის განმალვობაში უგრეხდა ხელს იმისათვის, რომ უკრაინას გაეუქმებინა პრეზიდენტის არჩევნები.

ამ უკრაინელ პოლიტიკოსებს ეყოთ სიმამაცე და გამბედაობა ამ გეგმის ჩასაშლელათ.

ღმერთის ნებით, ბელორუსი არ წავიდა იმ შანტაჟზე, რომელიც მათზე ხორციელდებოდა. ლუკაშენკო ჩვენი მეგობარი არასოდეს არ ყოფილა, აქ იყო ხალხი, რომელიც მასთან ბრძოლის გამო დაკავებულიც კი იყო. პოლიტიკურ სისტემაზე არსებობს სხვადასხვა პოლიტიკური შეხედულებები, არსებობს მთავარი ფასეულობები, ეს არის ქვეყნის თავისუფლების, ღირსების, დამოუკიდებლობის განცდა.

თუ რომელიმე პოლიტიკური ძალა ღირსების განცდის კუთხით არ არის მოწოდების სიმაღლეზე, პოლიტიკურმა კლასმა უნდა მონახოს განეიტრალების ძალა და მთავრობა ყოველთვის მოწოდების სიმაღლეზე უნდა იყოს.

რეალურად საქართველოში არის განცდა იმისა, რომ შეიქმნას არასტაბილურობის და ვირტუალური დესტაბილიზაციის ინდუსტრია. ამ სიტუაციების ჩვენებამ ჩვენ დაგვაკარგვინა ასობით მილიონი დოლარის ინვესტიცია.

როცა საუბარია იმაზე, თუ როგორ უნდა განვითარდეს ჩვენი ქვეყანა? - ამაზე პასუხი მარტივია - საქართველოს განვითარების ერთადერთი, უალტერნატივო გზა დემოკრატიაში, თავისუფლებასა და სიტყვის თავისუფლებაშია.

ეს არის ყველას უფლებების პატივისცემა.

სწორედ ამიტომ ჩვენ არცერთი ოპოზიციონერის მისამართით არასდროს არ გვილაპარაკია არც ღალატზე და არც რაიმე სახის განსაკუთრებულ მიდგომაზე.

ჩვენ მათ სხვადასხვა უწყებებში თანამდებობები იმიტომ კი არ შევთავაზეთ, რომ კაბინეტით გვიდნა დავახარბოთ და მოვხიბლოთ, არამედ იმისათვის, რომ შეიძლება მათი ნაწილის მამოძრავებელი ძალა ესეც იყოს.

დღეს ერთ-ერთმა რადიკალურმა მოღვაწემ განაცხადა, რომ მზად არის გახდეს შსს-ს მინისტრის მოადგილე, (მინისტრი ალბათ მხოლოდ შემდეგ ცხოვრებაში გახდება).

მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთი ჩვენი თანამშრომელი დაშოკილია ამ წინადადებით, მე ამას სიამოვნებით დავუჭერ მხარს.

როცა ჩვენ ვიღაცისგან კანონის დაცვას ვითხოვთ, ჩვენი ორგანოები თავად უნდა იცავდნენ კანონს.

დღეს მივეცი შენიშვნა სამართალდამცავებს, არავითარ შემთხვევაში არ შეზღუდონ ჟურნალისტების მუშაობა. ჩვენ არ უნდა დავუშვათ არასერიოზული ქმედებები.

ამ დღეებში იყო შეტაკება, დაკავებულია ხალხი, ადმინისტრაციული წესით ყველა აგებს პასუხს.

ყველა მოქალაქე უნდა იყოს დაცული.

ჩვენი ამოცაანაა ჩვენი ქვეყნის სიმშვიდის, სტაბილურობის შენარჩუნება. პარლამენტარებს ცემეს, შეაფურთხეს. ამაზე მეტი ირონია რა უნდა იყოს, როცა ორგზის მსოფლიო ჩემპიონატს ძალოსნობაში, ძალიან სუსტი აღნაგობის ახალგაზრდა აგინებს, აფურთხებს. ერთი პერიოდი შემეშინდა, როცა ასანიძემ ხელი ასწია, მაგრამ მალევე შეაჩერა ხელი ჰაერში, ბარაქალა შენს მარჯვენას.

როცა მესმის პრეტენხიები ამ ბავშვების დაჭერის შესახებ, მათ მინდა ვუთხრა, ვინც ეს გააკეთა 25-26 წლის ახალგაზრდები იყვნენ. ასეთი ახალგაზრდები შარშან დაეცნენ იმისთვის, რომ მათ აქ ჰქონოდათ პროტესტის გამოხატვის საშუალება.

მათ არ უთქვამთ არ გაგვიშვათ ჯარში.

25 წლის ვიყავი, როცა პარლამენტის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე ვიყავი. პასუხიმგებლობა ადამიანს ადრეული ასაკიდან მოეთხოვება.

დღეს ყველაზე კარგი შესაძლებლობები საქართველოში ახალგაზრდებს აქვთ.

შარშან რამდენიმე ასეული ადამიანი გავუშვით საზღვარგარეთ სასწავლებლად.

ვინც წელს ჩაირიცხება უმაღლეს სასწავლებელში, იმ სტუდენტებს 35 უნივერსიტეტში გაუშვებთ სასწავლებლად. მათ ქართული სახელმწიფო იმისათვის უშვებს სასწავლებლად, რომ შემდეგ ეს თავისი მოღვაწეობით თავიანთ სამშობლოს დაუბრუნონ.

გვეუბნეოდნენ დაგვარბიეთ, დაგვარბიეთ, არ დავარბიეთ, მაშინ მოვიდნენ და თვითონ დაესხნენ თავს პოლიციის განყოფილებას.

დღესაც პოლიციის განყოფილებასთან მოაწყვეს მიტინგი, გადაკეტეს გზა.

მსოფლიოში არავინ არ აწყობს მიტინგს პოლიციის განყოფილებასთან. პაპუასები ხომ არ ვართ?

არ დავუკეტეთ ტელევიზია, იმ ამბების შემდეგ რაც "იმედს მოყვა", ძალიან უდოდათ, რომ დაგვეკეტა ტელევიზია, დღეს კი გამოაცხადეს, რომ ჩვენ თვითონ დაკვეტავთო.

დიდი ბოდიშებით და ხვეწნა-მუდარით შსს-მ დაუბრუნა მათ ტექნიკა იმისათვის, რომ არანაირი საფუძველი არ იყოს არაობიექტური ინფორმაციის.

ჩვენ ძლიერები ვართ, ჩვენ არ გვჭირდება შეზღუდვა. არ შეიძლება უცხოელების ხელაღებით ლაძღვა.

რამდენიმე დღეა მესმის ამერიკის,საფრანგეთის,ინგლისის ლანძღვა.

როგორც წესი მთავრობას აქვს ხოლმე პრეტენზიები უცხოელებთან.

მუშტების ქნევა,თვითბლოკადის გამოცხადება, როგორც ეს გამოვუცხადეთ რუსეთს 1990 წელს, ბუშის გადახაზული სურათებით სიარული, მამა ბუშის.

შვილი ბუში რომ იყო ჩამოსული ნათელაშვილმა სცადა გზის გადაკეტვა. ეს ვის წისქვილზე ასხავს წყალს.

აბა გამოიცანით, დაააკვირდით, რომ იმ ერთ სუბიექტზე ამათ პრეტენზიები არა აქვთ.

ამ ხალხს ერთი რამე უნდა ჩვენგან, მუხლებზე დგომა და ჩვენი სახლემწიფოებრიობის გაქრობა.

ჩვენ გავხდებით თანამედროვე, ევროპული სახელმწიფო, ასოცირებას მივიღებთ ევროკავშირთან, რეალურად ავამუშავებთ ამერიკა საქართველოს პარტნიორობას.

ლაპარაკი იყო, როგორ შეიძლება ამერიკამ სტრატეგიულ პარტნიორად მიიჩნიოს საქართველოო.

კუვეიტი ჩვენზე რამოდენიმეჯერ პატარა ქვეყანაა.

ამერიკამ, იმისათვის, რომ კუვეიტი იყო მისი სტარატეგიული მოკავშირე. მთელი მსოფლიო ბალანსი ააყირავა.

არსებობს ბევრი ბერკეტი იმისათვის, რომ ვიყოთ წარმატებული ქვეყანა ამ საერთაშორისო თანამშრომლობაში, მათ შორის რუსეთთანაც, მაგრამ არა კაპიტულაციის და არა უკანა კარების გაღების გზის მეშვეობით. ხაზი, რომელიც გადის სტაბილურობასა და არასტაბილურობას, დემოკრატიასა და არადემოკრატიულობას შორის, არის ხაზი რომელიც გავლებულია ჩვენ დამოუკიდებლობას, თავისუფლებას და მონობას შორის, ჩვენ ამ ზღუდეს არავის გადავაკვეთინებთ.

რომელი ქართველი ბიზნესმენი ჩადებს ფულს იმაში,რომ საქართველოს ეკონომიკა დაანგრიოს.

იმის გარდა, რომ 500 გალიაში გადავიხადოთ უზარმაზარი ფული, იმის გარდა, რომ ყოველდღე 40 ლარი ვუხადოთ გაჭირვებულებს, გავატანოთ ეს ფული მათ სახლში, იქნებ ამ ადამიანების ფეხზე დადგომით უფრო მეტი პატივისცემა გაგიჩნდეთ.

ლევან გაჩეჩილაძესთან შეხვედრით მე ვარ კმაყოფილი, მან კი თქვა ვერაფერი გავიგე რა მითხრაო, მაგრამ მგონი ყველაფერი კარგად გაიგო.

წინა შეხვედრა განხორციელდა და დაიწყო პროვოკაციები.

ეხლა იყო შეხვედრა და მაშინვე რაღაც დაძაბულობა და შეტაკებები მოხდა.

წინა შეხვედრის შემდეგ მოხდა პოლიციაზე თავდასხმა.

ამ შეხვედრის შემდეგ მოხდა პარლამენტარებზე თავდასხმა.

ესეც უნდა გადავყლაპოთ.

ეს არ ნიშნავს იმას, რომ დიალოგი შევწყვიტოთ.

საკონსტიტუციო კომისიამ უნდა იმუშაოს.

სახელმწიფო ორგანოებში უნდა შევთავაზოთ მათ ადგილები.

ერთ-ერთმა მათგანმა მიიღო ეს შეთავაზება და თუ სერიოზულად იქნა ეს მიღებული, გავითვალისწინებთ.

ბევრს სხვა ნაბიჯზეც ვართ წამსვლელები.

ადგილობრივი არჩევნების სისტემა, საპარლამენტო არჩევნების სისტემა სწორი სისტემა იმ გაგებით, რომ ყველამ აღიაროს შედეგები.

გამოდის შეხვედრიდან გაჩეჩილაძე და აცხადებს, სააკაშვილის და კაჩინსკის მოწყობილი პროვოკაციააო.

რამდენიმე ასეულმა ოფიცერმა თავი დადო პოლონეთის დამოუკიდებლობისთვის.

ეს საკითხი ამოატივტივა ლეხ კაჩინსკიმ, რომლის მამაც იბრძოდა.

მათი არმიის შტაბის გენერალი იყო ქართველი, პოლონეთმა საქართველოსგან განსხვავებით, მოახერხა დამოუკიდებლობის შენარჩუნება პირველ მსოფლიო ომამდე.

მე ერთ-ერთ ამ ქართველი ოფიცრის მეუღლეს ვარშავაში გადავეცი ღირსების ორდენი.

სამწუხაროდ, ეს ქალბატონი ერთი თვის წინ გარდაიცვალა.

მან თავისი მრავალმილიონად შეფასებული სახლი დიდი მამულით დაუტოვა არა თავის ოჯახს, არამედ ქართულ სახელმწიფოს.

ლეხ კაჩინსკი, რომელიც ომის დროს ჩამოვიდა საქართველოში, მას რუსებმა უთხრეს რომ მის თვითმფრინავს არ დასვამდნენ თბილისში, მან პოლონეთის გენშტაბის უფროსის ბრძანება გადასცა მფრინავს, მიუხედავად რუსული მუქარისა, შემოსულიყო საქართველოში.

ეს არის გამბედავი ადამიანი.

ახალგორში მას სურდა ენახა სად იდგნენ რუსები, მინდა გაჩეჩილაძეს შევახსენო, ახალგორის პოსტი დგას საქართველოს ტერიტორიის შუაგულში, თბილისის სიახლოვეს. როგორ შეიძლება საქართველოს პრეზიდენტი და ის ადამიანი, ვინც გმირობა ჩაიდინა ზაფხულში, პროვოკაციას ჩადიოდეს იმის გამო, რომ პოსტი მოინახულონ.

მე ვნახე კაჩინსკი, რომელმაც სროლის დროს თავი არ დახარა, მაგრამ ვისაც სურს გაიმეოროს ის, რასაც წერენ რუსული გაზეთები, მათი ნებაა. ხოლო თუ გინდა რომ შენი ქვეყანა გიყვარდეს, უნდა დააფასო ის ხალხი, ვინც შენი ქვეყნისათვის, ყველანაირ რისკზე მიდის.

მეორე- სააკაშვილის პროვოკაციაა ომის დაწყება. გარდა რუსების მიერ დაქირავებული ერთი ორი დასავლეთსი პრესის საშუალებით გავრცელებული სტატიებისა, ასეთი სისულელე არავის არ უთქვამს.

ჩემი ინსტიქტი, რომლითაც გამზარდეს ბავშვობიდან, არის ის, რომ მტერს არასოდეს არ უნდა ჩაბარდე.

ამას ვიმეორებდი, საქართველო არ დანებდება.

ჩვენ ყველანაირად გაგვიხსნეს დერეფანი გაქცევისათვის. არა მხოლოდ მთავრობა არ გაიქცა, არც აეროპორტის მთავარი ასაფრენი ზოლი არ დაგვობომბია, არც კახეთის მიმართულება არ ჩაგვიკეტია, არ გაქცეულა ხალხი, პანიკა არ მოუწყვიათ. დაბომბვების ქვეშ თბილისის ცენტრში ასობით ათასი ადამიანი იდგა.

ასეთ საზოგადოებას ვერაფერი დაამარცხებს. ამ საზოგადოების წინაშე ვალში ვართ.

საქართველო პატარა, მაგრამ დიდი ქვეყანაა, ჩვენ შევინარჩუნეთ ყველაფერი , რაც გაგვაჩნია და რითაც მსოფლიო აღტაცებულია.

პატრიოტი ყოველთვის მეტი იყო, ვიდრე მოღალატე, იღბალი და ღმერთი ყოველთვის ჩვენს მხარეს იყო.

საქართველო დაბრუნდა მსოფლიო რუკაზე და ეხლა არის მცდელობა რომ წაგვშალონ.

საქართველო, რომელიც დაბრუნდა და ყალიბდება ევროპულ სახელმწიფოდ, ის დაიბრუნებს ტერიტორიებს, მონახავს დიალოგის ცივილიზებულ ფორმებს.

ჩვენი ამოცანაა ყველას ვუთხრათ, რომ ალტერნატივა არა აქვს დიალოგს და სიმშვიდეს.

უწესრიგობას ჩვენ არ დავუშვებთ.

ჩვენ გვჭირდება ეკონომიკა,სიმშვიდე, განვითარება, დემოკრატიული დიალოგი და მოქალაქეების მონაწილეობა ამ დიალოგში.

ჩვენ გვაქვს მოვალეობა საქართველოს სახელმწიფო დავიცვათ და გავაძლიეროთ. ჩვენ ამას თქვენთან ერთად გავაკეთებთ.

ჩვენ გვაქვს ბევრი კანონი მისაღები, ხალხი ელოდება ამ კანონებს, ჩვენ გადავდივართ რეფორმების ახალ ეტაპებზე, რომელიც განათლების სისტემის დახვეწას, ევროპაში ჩვენი ქვეყნის ინტეგრაციას, კონსტიტუციის დახვეწას, დამოუკიდებელ სასამართლოს, თავისუფალ პრესას ითვალისწინებს.

ჩვენ გვაქვს დიდი გეგმები და ამოცანები.

მადლობა მინდა გითხრათ ერთიანობისათვის, დემოკრატიულობისათვის, გამძლეობისათვის, ოპტიმიზმისთვის.

დიდი მადლობა!


საქართველოს პრეზიდენტის
ადმინისტრაციის პრესსამსახური




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (11)
2012 (12)
2011 (12)
2010 (10)
2009 (12)
2008 (12)
2007 (11)
2006 (12)
2005 (12)
2004 (4)