Google+

გამოსვლები და განცხადებები

07.08.2009
საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის წარმოთქმული სიტყვა რუსეთ-საქართველოს ომის წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე

ჩემო ძვირფასო თანამემამულენო,

ერთი წლის წინ, 7 აგვისტოს, რუსეთის 58-ე არმიამ, რომელსაც ზურგს უმაგრებდა რამდენიმე მრავალრიცხოვანი სხვა სამხედრო შენაერთი, ისევე როგორც 1921 წლის თებერვალში მე-11 პირველი რესპუბლიკის საზღვრები, გადმოლახა საქართველოს საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრები და შემოიჭრა საქართველოში.

ერთი წლის წინ, 7 აგვისტოს, ჩვენი სოფლებისა და ქალაქების, ჩვენი მოქალაქეების, ჩვენი პოლიციელებისა და ჯარისკაცების მრავალდღიანი ინტენსიური დაბომბვის შემდეგ, დაიწყო ჩვენი ქვეყნის სრული დაპყრობის ოპერაცია.

უკვე მერამდენედ ჩვენი ისტორიის მანძილზე, ქართველი ერი აღმოჩნდა ბრძოლაში საკუთარი არსებობისათვის, თავის გადარჩენისთვის.

2008 წლის 7 აგვისტოს, საქართველოს თავისუფლების, დემოკრატიისა და სახელმწიფოებრიობის განადგურების რუსული გეგმა, ყველაზე დაუნდობელი და უმოწყალო ფორმით იქნა მოყვანილი მოქმედებაში.

მრავალწლიანი ემბარგოების, ეკონომიკური ბლოკადების, პროვოკაციების, დაბომბვების, მუქარების, ბოიკოტების და სხვა სახის უხეში, მაგრამ, საბოლოოდ, წარუმატებელი, ზემოქმედებების შემდეგ, ძველი კა-გე-ბე-ს შთამომავლებმა გადაწყვიტეს, რომ საბოლოო წერტილი დაესვათ ე.წ. "საქართველოს პროექტისათვის" - ანუ ჩვენი საერთო მცდელობისათვის, რომ შეგვექმნა კავკასიაში თანამედროვე, ევროპული, დემოკრატიული, წარმატებული სახელმწიფო.

დღეს მთელი ჩვენი ერი, მთელი მრავალეთნიკური ქართული საზოგადოება ერთიანდება, რათა პატივი მივაგოთ იმ გმირების ნათელ ხსოვნას, ვინც თავი შესწირა სამშობლოს დაცვას, ვინც უარი თქვა შეგუებოდა დამპყრობელს, ვინც დათმო სიცოცხლე, რათა არ დაეთმო საქართველო.

პატივი მივაგოთ ყველას, ვისაც საკუთარ სახლში, ეზოში, ნაკვეთსა თუ სამსახურში მოუსწრაფა სიცოცხლე რუსულმა ჭურვმა თუ ტყვიამ.

ჩვენ ყველას გვახსოვს და არასდროს დაგვავიწყდება ჩვენი გმირები, რომლებიც შეუერთდნენ საქართველოსთვის თავგანწირულ მოწამეთა საუკუნეების განმავლობაში შედგენილ, მართლაც, დიდებულ, უზარმაზარ სიას, რომელიც საუკუნეების განმავლობაში ინხავდა, იცავდა და მომავალ თაობებს უნარჩუნებდა ჩვენს თავისუფლებასა და დამოუკიდებლობას, ჩვენს ეროვნულობასა და სახელმწიფოებრიობას.

ჩვენ არასოდეს დავივიწყებთ მათ...

მე პირადად კარგად მახსოვს...

მახსოვს მათი სახელები, მათი სახეები, მათი თავგანწირვის ისტორიები; მე ვიცნობ მათ უახლოეს ადამიანებს...

მე მახსოვს ჩვენი ბრძოლაში დაცემული გმირები...

მახსოვს ნოდარ დევნოზაშვილი, ვიტალი თაყაძე, ემზარ წილოსანი, არტემ ბალახაშვილი, გიგა გოგორიშვილი, ლევან დევდარიანი, ზაურ თენეიშვილი და ბევრი სხვა...

ყოველ დღეს, იმ ომის დღეების შემდეგ, მათი სახელები, მათი ისტორიები ავსებენ ჩემს გულს ენით აღუწერელი სევდით, პატივისცემითა და სიყვარულით.

მე მახსოვს კაპიტანი ერეკლე ყულოშვილი, რომელიც ღრმად შევიდა მოწინაღმდეგის რიგებში იმისათვის, რომ იმ მტრის განლაგების კოორდინატები გადმოეცა ჩვენი არტილერიისათვის, რომელიც მოიწევდა ქართული ხეობებისკენ. იმის გამო, რომ საქართველომ ბოლომდე შეასრულა ყველა საერთაშორისო ვალდებულება, მხოლოდ მსუბუქად შეიარაღებული პოლიციით იყო დაცული. ხეობები და მათი მოსახლეობა გარშემორტყმული იყო და მათ გარდაუვალი განადგურება ემუქრებოდა. ერეკლე იქ შევიდა, მიუხედავად იმისა, რომ უკან დაბრუნება უკვე შეუძლებელი იყო მისთვის. ჩვენს არტილერიას კოორდინატები გადმოსცა, რამაც ჩვენს არტილერიას საშუალება მისცა ჩვენთვის ძალზე ძვირფასი რამდენიმე დღით შეეჩერებინა მტერი ქუფთის ხიდთან, რითაც იქაური მოსახლეობის სიცოცხლე იხსნა. მან კოორდინატები გადმოსცა, მაგრამ მან იცოდა, რომ ისე ღრმად იყო შესული, უკან ვერ დაბრუნდებოდა. მე მახსოვს ერეკლე და მუდამ მემახსოვრება...

იგი ვერ მოესწრო თავის პატარა ვაჟკაცის დაბადებას, რომელიც გმირი მამის გარდაცვალებიდან სამ თვეში მოევლინა ქვეყანას. ერეკლეს სიცოცხლე დასრულდა, მაგრამ მან ათეულობით ათასი სიხოცხლე გადაარჩინა საკუთარის სანაცვლოდ. მინდა ჩემი უდიდესი პატივისცემა გამოვხატო ერეკლეს მეუღლის მეუღლის, ქარბატონი ნინო კანდელაკის მიმართ, რომელიც დღეს ჩვენთან ერთად იმყოფება.

მე მახსოვს ძმები გელა და გიორგი რომელაშვილები.

ცხინვალიდან ლტოლვილი ძმები ფრონტის ხაზზე შეეგებნენ შემოჭრილ მტერს. გელა რომელაშვილი იყო ერთ-ერთი პირველი, რომელმაც თავისი ტანკით გაარღვია მოწინააღმდეგის ხაზი და პირდაპირი დამიზნებით გაუხსნა ცეცხლი 58-ე არმიის კოლონას. სწორედ ამ ბრძოლის შედეგად, 58-ე არმიის მოწინავე რაზმი მთლიანად განადგურდა და არმიის მეთაური გენერალი ხრულევი იყო პირველი რუსი გენერალი მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, რომელიც დაჭრილი გაიქცა ბრძოლის ველიდან საკუთარი მძღოლის ამარა და დატოვა განადგურებული რაზმები. ამ ბრძოლის შედეგად, ჩვენი გმირი მებრძოლის ტანკი ააფეთქეს და ის დაიღუპა.

რამდენიმე საათის შემდეგ თავგანწირულ ბრძოლაში უგზოუკვლოდ დაიკარგა მისი ძმა გიორგი.

მე მახსოვს გიორგი, მახსოვს გელა. მახსოვს და ვფიქრობ მის ქალიშვილზე, რომელიც მამის დაღუპვიდან ერთი თვის შემდეგ დაიბადა. იგი მამის გარეშე გაიზრდება, მაგრამ მე მინდა ვუთხრა მას, რომ ის ქართველი გმირის შვილია. იგი ყოველტვის უნდა ამაყობდეს იმით, რომ მისი მამა დაიბადა ამ მიწაზე და მოკვდა ჩვენი მიწისათვის.

მე მახსოვს ალექსანდრე ონიანი და მისი თანამებრძოლები.

მისი შენაერთი ორგანიზებას უკეთებდა უკან დახევას მაშინ, როდესაც სოფელ შინდისთან მათ თავს დაესხნენ და ალყაში მოაქციეს. მძიმე ბრძოლებს მისი თანამებრძოლები შეეწირნენ. მან გაანადგურა რამდენიმე მოწინააღმდეგე, მაგრამ როდესაც წინააღმდეგობის გაწევას აზრი აღარ ჰქონდა, ალყაში მოქცეულმა ალექსანდრემ საკუთარ ხელებში ხელყუმბარა აიფეთქა.

ამასთან, არ შემიძლია არ გავიხსენო ეროვნული გმირი ზაზა დამონია, რომელიც ოთხი წლის წინათ, როდესაც გენერალი ბარანკევიჩის მეთაურობით გვებრძოდნენ და ხელყუმბარა იმ ჯარისკაცების სანგარში შეაგდეს, რომლებიც მშვიდობიან სოფლებს იცავდნენ, გადაეფარა მას და თავისი ოთხი თანამებრძოლი გადაარჩინა გარდაუვალ დაღუპვას.

სანამ საქართველოში დაიბადებიან ალექსანდრე ონიანისნაირი ნამდვილი გმირები, საქართველო არასდროს დაიჩოქებს და ჩვენი ერი არასდროს გატყდება წელში, ხოლო მტერი ვერასდროს ვერ გაიმარჯვებს.

მე მახსოვს მამა-შვილი ბადრი და ვახტანგ გზირიშვილები.

ბადრი იბრძოდა აფხაზეთში და იქ შეწირა თავი სამშობლოს. მისი ვაჟი, ვახტანგი მაშინ 4 წლის იყო.

როგორც კი სრულწლოვანი გახდა, სამშობლოს დამცველთა რიგებში, რასაც მისი ოჯახის ნებართვაც ჰქონდა.

ვახტანგი თავისი მებრძოლი შენაერთისთვის ტყვია-წამლის მისატანად მიდიოდა, როდესაც ის და მისი ორი თანამებრძოლი საავიაციო დარტყმამ შეიწირა.

მისი გარდაცვალების შემდეგ, დედამისმა, ქალბატონმა მარინა გზირიშვილმა ჩამოაყალიბა ფონდი, რომელიც ახლა მისი შვილისა და მეუღლის, გმირების უკვდავსაყოფად ვარკეთილში აშენებს ეკლესიას. იგი ეხმარება დაღუპულ და დაჭრილ მეომართა შვილებს.

მე მახსოვს ბადრი და ვახტაგი. მახსოვს ორივე და დიდ მადლობას ვეუბნები ქალბატონ მარინას თავისი განუმეორებელი ადამიანობისათვის.

ქალბატონო მარინა, თქვენი ტკივილითა და თქვენი გამძლეობით, თქვენს მკერდში საქართველოს გული ძგერს, თქვენ ჩემთვის ხართ ჩვენი დაუდგრომელი ქვეყნის სული.

მე მახსოვს კაპიტანი ლერი ლაგურაშვილი - წარმატებული ექიმი, რომელმაც არაერთი ადამიანი გადაარჩინა სიკვდილს.

მას რამდენიმე ათეული ადამიანი გამოიყვანა ბრძოლის ველიდან და მაშინაც დაჭრილი მეომარი გორის საავადმყოფოში გადაჰყავდა, როდესაც მის მანქანას ჭურვი დაეცა. მძიმედ დაჭრილი ლერი რამდენიმე დღეში გარდაიცვალა.

მის ოჯახს ვესტუმრე, რათა გვერდში დავდგომოდი და დამემშვიდებინა, მაგრამ პირიქით მოხდა - მათ მე გამამხნევეს და დამამშვიდეს. ამის შემდეგ, მისმა მამამ ჩამოაყალიბა კავშირი საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის, ორგანიზაცია, რომლის მიზანია გააუმჯობესოს მატერიალური პირობები ომში დაღუპული მეომრების ოჯახებისა და ახლობლებისთვის.

მინდა, რომ განსაკუთრებული პატივი მივაგოთ დღეს ლერი ლაგურაშვილის ხსოვნას და ქედი მოვიხარო მისი ოჯახის წინაშე. ლერის ოჯახის რამდენიმე წევრი ამაყად განაგრძობს ქართული შეიარაღებული ძალების ფორმის ტარებას და სამშობლოს დაცვას. ქართული არმია თავის სულისკვეთებით ძლიერი და ღირსებით აღსავსეა ისე, როგორც არასდროს. მათ მტრის ნამდვილად არ ეშინიათ.

მინდა განსაკუთრებული პატივი მივაგო უცნობ ქართველ მებრძოლს, რომლის შესახებ ჩვენ შევიტყვეთ მტრის საინფორმაციო საშუალებებიდან. ამ ბიჭმა უარი თქვა დამორჩილებოდა ბრძანებას, გამოსულიყო ცხინვალიდან, ის გამაგრდა შენობაში, მოიმარაგა ტყვია-წამალი, ოთხი დღის განმავლობაში მრავალ ათეულ მოწინააღმდეგეს ცეცხლის პირობებში უწევდა წინააღმდეგობას და არაერთი სამიზნე გაანადგურა. ოთხი დღის შემდეგ, როდესაც უკვე ყველაფერი დამთავრებული იყო, დადუმდა მისი იარაღი და შეწყდა მისი სიცოცხლე. ასეთი ქართველები იბადებიან ჩვენთან. ჩვენ მისი სახელიც ვერ დავადგინეთ, მაგრამ არასდროს არ დავივიწყებთ მათ, ვინც თავი გაწირა ჩვენი არსებობისთვის, ჩვენი მომავლისთვის და ჩვენი თავისუფლებისთვის.

მათთან ერთად, არასოდეს დავივიწყებთ ჩვენს მშვიდობიან მოქალაქეებს, რომელთაც სრულიად უდანაშაულოდ, სიცოცხლე მოუსპეს ან გაუნადგურეს დამპყრობლებმა.

მე ვიცი, რომ თქვენ არასოდეს დაივიწყებთ მათ. მაგრამ მინდა, რომ დღეს მთელი მსოფლიოს გასაგონად გავიხსენო მათი სახელები და მათი ისტორიები.

მოდით არასოდეს დავივიწყოთ ვასილ მეკარიშვილი და ერვანდი ბეჯანიშვილი.

10 აგვისტოს, რუსი ინტერვენტები შეიჭრნენ სოფელ დვანში და დაიწყეს სოფლის აოხრება, ძარცვა და გადაწვა. ისინი სახლებიდან ერეკებოდნენ ქართველებს, ვასილ მეკარიშვილმა და ერვანდი ბეჯაშვილმა უარი განაცხადეს სახლის დატოვებაზე. ამისათვის ისინი საკუთარი სახლების წინ, საკუთარი სოფლის საკუთარ ქუჩაზე გამოიყვანეს და საჯაროდ დახვრიტეს.

რატომ?

მხოლოდ იმიტომ, რომ ისინი ქართველები იყვნენ.

მე მახსოვს ილია თხლაშიძე.

13 აგვისტოს, ერთი დღის შემდეგ მას მერე, რაც პრეზიდენტმა მედვედევმა ხელი მოაწერა პრეზიდენტი სარკოზის ძალისხმევით შექმნის შეთანხმებას ცეცხლის შეწყვეტის თაობაზე, რუსული ქვედანაყოფები შეიჭრნენ სოფელ ავნევში.

ვინც დროზე ვერ გამოაწრო შეიპყრეს, სცემეს და აწამეს. ასაკოვანი ილია თხლაშიძე იყო მათ შორის, ვინც არ გამოიქცა, არ დატოვა საკუთარი სახლ-კარი და დარჩა. იგი დაიჭირეს და შუა ქუჩაში დახვრიტეს. როგორც, ერთ-ერთმა რუსმა ჯარისკაცმა განუცხადა დანარჩენებს, მისი დახვრეტა მაგალითი უნდა ყოფილიყო ყველასთვის.

მაგალითი...

რა მაგალითზეა საუბარი?!

მე ვეკითხები მსოფლიოს დღეს - რისი მაგალითი იყო ეს თუ არა ბარბაროსული ეთნიკური წმენდის?! ამას სიტყვით ყველა ვგმობთ, მაგრამ, ხშირად, არ გვინდა თვალი გავუსწოროთ არსებულ რეალობას.

მე მახსოვს ოლია ხალაძე.

25 აგვისტოს, 13 მძიმე დღის შემდეგ მას მერე რას ცეცხლის შეწყვეტის ხელშეკრულება დაიდო, რუსული არმია შევიდა სოფელ მეღვრეკისში.

მათ გამოათრიეს სახლიდან 60 წლის ოლია კასრაძე, რომელიც დაჭრილი იყო და არ შეეძლო მოძრაობა.

60 წლის დაჭრილი ქალი ჩააგდეს სოფლის წყალგაყვანილობის არხში. იარაღის მუქარის ქვეშ არ მისცეს არც ერთ თანასოფლელს იმის უფლება და საშუალება რომ გადაერჩინათ ეს უმწეო ქალბატონი და აყურებინეს როგორ იხრჩობოდა იგი.

ხალხნო, ნუთუ არ არის ეს ის, რასაც ეწოდება დანაშაული კაცობრიობის წინაშე?

მე მახსოვს ამ დანაშაულის ყველა მსხვერპლი... მახსოვს და ამიტომ კარგად ვიცი თუ რის წინააღმდეგ ვიბრძვით ჩვენ.

ჩვენ ვიბრძვით ცრუ, დაუნდობელი და სრულიად უსინდისო ძალის წინააღმდეგ!

საქართველო წინა ხაზზეა და ამ აღორძინებად ახალი იმპერიალიზმის დარტყმა პირველმა მიიღო.

ჩვენ ვიბრძვით ჩვენი ქვეყნის ოკუპაციის წინააღმდეგ.

ვიბრძვით ეთნიკური წმენდის წინააღმდეგ.

ჩვენ ვიბრძვით ჩვენი და სხვათა თავისუფლებისთვის, ვისაც ეს ახალი იმპერია ემუქრება.

ჩვენ ვებრძვით მათ, ვინც დაუნდობლად კლავს უდანაშაულო, მშვიდობიან მოქალაქეს; მათ ვინც ტყუილ-უბრალოდ დახვრიტეს ნუგზარ ახალკაცი, ნანო ბაბუცაძე-მინდიაშვილი, ერვანდ ბერძენიშვილი, მარინა გოგიაშვილი, ალვინა მელანაშვილი, სოლომონ მჭედლიძე, მაია ვაზაგაშვილი და კიდევ უამრავი სხვა.

რომელ საუკუნეში ვცხოვრობთ?

რომელ კონტინენზე ვიმყოფებით?

ნუთუ, ოცდამეერთე საუკუნის ევროპაში ნებადართულია ეთნიკური წმენდა?

დღეს მთელი ქართველი ერი, პატივს მივაგებთ ყველა იმ ადამიანს, ვინც ოკუპანტების გამო იძულებული გახდა დაეტოვებინა საკუთარი სახლ-კარი, საკუთარი დაბა და სოფელი. იმ ასობით ათას აფხაზეთიდან ლტოლვილს 90-იანი წლებიდან და შარშანდელი ზაფხულის ათობით ათას ლტოლვილს სამხრეთ ოსეთიდან და აფხაზეთიდან.

მე მუდამ ვფიქრობ ამ უამრავ, სხვადასხვა ეთნიკური და რელიგიური წარმომავლობის ჩვენს მოქალაქეზე, რომელთაც მოუწიათ საკუთარი მშობლიური კერების მიტოვება.

მე ვფიქრობ ალინა აბაევაზე.

ალინა ეთნიკურად ოსი, საქართველოს მოქალაქეა, რომელიც გამოაძევეს საკუთარი სახლიდან და უკან ვერ ბრუნდება.

ალინა არის სიმბოლო იმ საქართველოსი, რომლის აშენებაც ჩვენ გვინდა.

ვფიქრობ ალან ფარასტაევზე და დიმიტრი სანაკოევზე, რომლებიც არიან ნამდვილი ოსები დურღალელ დიდის და დავით სოსლანის ჩამომავლები. ისინი გამოხატავენ ოსი ხალხის სიამაყეს და ღირსებას და რომლებიც, ისევე როგორც უამრავი სხვა ოსი ეროვნების საქართველოს მოქალაქე, დარწმუნდნენ, რომ ამ სიამაყისა და ღირსების ყველაზე კარგად შენარჩუნება შესაძლებელი იქნებოდა მხოლოდ მშვიდობით, საქართველოსთან - თამარისა და დავითის სამშობლოსთან ერთად, ერთ სახელმწიფოში განვითარებით და არა იმპერიის მიერ ხელოვნურად გაჩაღებული სისხლისღვრით.

ეს ის ხალხია, რომელიც საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ იბრძოდა, მაგრამ როგორც კი დადგა არჩევანის წინაშე - ფიზიკურ არსებობას, ღირსებასა და საქართველოს დამოუკიდებლობას შორის, საკუთარი ადგილი სწორედ მრავალეთნიკური ქართული საზოგადოების რიგებში იპოვეს, რომელიც დაიცავს მათი თანამოძმეების უფლებებს.

ამისათვის მათ დევნიდნენ, იჭერდნენ, აწამებდნენ, უწყობდნენ ტერორისტულ აქტებს, ცდილობდნენ მათ ლიკვიდაციას. ვიცი, რომ ალან ფარასტაევი ცხინვალის ციხის ჯურღმულში რამდენიმე წლის განმავლობაში იყო გამომწყვდეული. ოსი ხალხის მხურვალე პატრიოტი, ბრწყინვალე იურისტი არაერთხელ აწამეს, თირკმელი დაუზიანეს, რამდენჯერმე იყო სიკვდილის პირას და მხოლოდ ჩვენი ჯარის შესვლის შედეგად მოხერხდა მისი გათავისუფლება.

დღეს ისინიც დევნილები არიან, საკუთარი სახლებიდან, საკუთარი კუთხიდან. დევნილები არა ეთნიკური კუთვნილების გამო, არამედ ერთიანობის და მშვიდობის იდეის გამო.

ალინა აბაევა, ალან ფარასტაევი და დიმიტრი სანაკოევი არიან იმ საქართველოს სახე რომელზეც ჩვენ ყველა ერთად ვოცნებობთ.

საქართველოსი, რომელშიც ჰარმონიულად თანაცხოვრებას შეძლებენ სხვადასხვა რელიგიის და ეთნიკური წარმომავლობის ადამიანები.

ერთიანი და მშვიდობიანი საქართველოსი, რომელშიც არავის განსჯიან საკუთარი ეროვნების, გვარის, რელიგიისა ან პოლიტიკური შეხედულებების გამო.

მაგრამ დღეს ალინა ვერ მიდის საკუთარ სახლში.

იგი ვერ მიდის იმიტომ, რომ კედელი აშენდა, რომელიც მას ამის საშუალებას არ აძლევს - კედელი ჩვენს ქვეყანაში, სხვა ქვეყნის მიერ.

როგორ არის ეს შესაძლებელი, რომ 20 წლის შემდეგ მას მერე რაც ყველა ზეიმით აღნიშნავდა ბერლინის კედლის დანგრევას, იგივე ხალხი, ვინც ბერლინის კედლის დანგრევა მტკივნეულად განიცდიდა, იგივენაირ კედელს აშენებს ისევ ევროპაში? როგორ არის შესაძლებელი ის, რომ ზუსტად ის ადამიანი ვინც მივლინებული იყო გაყოფილ გერმანიაში, გამყოფი კედლის დასაცავად, 20 წლის შემდეგ, დღეს იძლევა ბრძანებას ახალი ასეთი კედლის ასაშენებლად?

ჩემო ძვირფასო თანამემამულენო, ჩვენ ვიცით ვის და რის წინააღმდეგ გვიწევს ბრძოლა.

მაგრამ ჩვენი ძალა მდგომარეობს იმაში, რომ ჩვენ ასევე ძალიან კარგად ვიცით თუ რისთვის ვიბრძვით.

ყველა პოლიტიკური, რელიგიური თუ სოციალური განსხვავებების მიღმა, ჩვენ ვიბრძვით ერთიანი, თავისუფალი და დემოკრატიული საქართველოსთვის.

დღეს, როდესაც ჩვენ პატივს მივაგებთ ჩვენს თანამემამულეებს, რომელნიც გასული წლის ზაფხულში დაიღუპნენ, მე მინდა, რომ მოვუწოდო საქართველოს ყველა მოქალაქეს: გავერთიანდეთ! გავერთიანდეთ თავისუფალი და დამოუკიდებელი საქართველოსთვის!

მე არ უარვყოფ ჩვენს განსხვავებებს. არ ვარიდებ თვალს ოპოზიციას და არ გავურბივარ აზრთა სხვადასხვაობას. პირიქით, განსხვავებული აზრი, პლურალიზმი და ოპოზიცია ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი განვითარებისათვის.

მაგრამ, როდესაც ჩვენი ეროვნული და სახელმწიფოებრივი არსებობა დგას კითხვის ნიშნის ქვეშ, მაშინ არის დრო ერთიანობისა.

როგორც გვეუბნებოდა იაკობ გოგოებაშვილი: "განცალკევება საქართველოს კუთხეებისა ნამდვილი შხამი იყო ჩვენი ერისთვის, ერთობა კი უებარი წამალი".

მხოლოდ ერთიანობაა წამალი, ერთიანობა.

ჩვენი ძალა ერთობაშია!

მე არ ვამბობ, რომ ყველანი ერთნი ვართ, მაგრამ ოკუპანტის წინაშე ჩვენ ყველას გვაერთიანებს საერთო მიზანი: თავისუფალი საქართველო.

მე არ ვამბობ, რომ ყველას უნდა გვქონდეს საერთო იდეები, კონსტიტუციის, ეკონომიკური პოლიტიკის, სასამართლოს სისტემის ან სოციალურ საკითხებზე.

მაგრამ ვახცადებ, რომ საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეს, მიუხედავად პოლიტიკური, ეთნიკური, რელიგიური თუ სოციალური წარმომავლობისა, აერთიანებს ჩვენი სამშობლოს დიდი სიყვარული და ჩვენი მთავარი იდეალები: თავისუფლება, მშვიდობა და დამოუკიდებლობა.

მე არ ვამბობ, რომ ჩვენ ყველანი მხარს ვუჭერთ მთავრობას, მაგრამ ვაცხადებ, რომ ჩვენ ყველანი თანაბრად მივაგებთ პატივს ჩვენი გმირების ხსოვნას, ისეთების როგორიც იყო ალექსანდრე ონიანი და ზაზა დამენია.

ჩვენი ცრემლი და ჩვენი იმედი არის ის, რაც გვაერთიანებს დღეს და გაგვაერთიანებს მომავალშიც.

და ეს ერთიანობა მიგვიყვანს საბოლოო გამარჯვებამდე.

საქართველო აუცილებლად გაიმარჯვებს.

საქართველოს მცირედი გაჯანსაღება, რაც ახლა უკვე შეინიშნება, თავისთავად მნიშვნელოვანი გამარჯვებაა. სამი დღის წინ, ყველაზე დიდ ევროპულ გაზეთში "ფაინენშელ თაიმს"-ში დაიბეჭდა სტატია, რომელშიც ნათქვამია, რომ "მშვიდობას იგებს საქართველო".

სწორედ ეს არის ის, რასაც ახლა ვაკეთებთ, რის გაგრძელებასაც ვაპირებთ, რათა მოვიგოთ მშვიდობა. ჩვენ გვინდა, რომ დავამარცხოთ დამპყრობლები ოღონდ არა მორიგი ომით. რა თქმა უნდა, არა.

ჩვენ გვინდა დავამარცხოთ დამპყრობლები მშვიდობით, ჩვენი დემოკრატიული ინსტიტუტების განვითარებით, მუდმივ განვითარებადი ეკნომიკით, ევროპასთან უფრო და უფრო დაახლოვებით, ყველა ქართველი ბავშვისათვის უკეთესი პერსპექტივის შეთავაზებით.

ჩვენ გვინდა მშვიდობა, რადგან ჩვენ ვიგებთ მშვიდობით. ჩვენ მხოლოდ მშვიდობით შეგვიძლია მივაღწიოთ საკუთარ მიზნებს.

ჩვენს ერს სამი ათასი წლის განმავლობაში იმდენად დიდი გამოცდილება დაუგროვდა ნგრევისგან გამოწვეული უბედურებისა, რომ ყველამ კარგად ვიცით შენების ფასი. დაუნდობელი და დამანგრეველი ბარბაროსებისგან განსხვავებით, რომლებიც სახვადასხვა ეპოქაში ანადგურებდნენ ჩვენს ქვეყანას, ჩვენ ვართ აღმშენებელი ერი.

ამიტომ, დღეს მე მოვუწოდებ მთელ თავისუფალ მსოფლიოს, ყველა ჩვენს მეგობარს: დაგვეხმარეთ მშვიდობის დაცვაში. დაგვეხმარეთ იმაში, რომ აღარასოდეს განმეორდეს მორიგი ინტერვენცია - ვერასდროს ვეღარ წაიწიონ წინ და დაიხიონ უკან.

თუ მშვიდობა იქნება დაცული, ჩვენ იმ ტემპით გავაოცებთ მსოფლიოს, რომლითაც საქართველო განვითარდება.

ჩემო ძვირფასო თანამოქალაქენო, პირველი რესპუბლიკისაგან განსხვავებით, საქართველოს დღეს ძალიან ძლიერი მოკავშირეები ჰყავს, რომლებიც გვეხმარებიან მიზნის მიღწევაში. ჩვენ არ ვართ მარტო, მოდით, მათ მადლობა გადავუხადოთ ამისათვის.

ჩვენი მეგობრების წყალობით, რუსეთი სრული დიპლომატიური მარცხის მდგომარეობაშია. მსოფლიოს ყველა სახელმწიფომ შეინარჩუნა და გამოავლინა ერთგულება საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და საზღვრების ურღვევობის მიმართ.

ეს გამოხატეს იმ ქვეყნებმაც კი, რომლებიც მოიაზრებოდნენ რუსეთის ბუნებრივ, ან ხშირ შემთხვევაში, იძულებით თანამგზავრებად და მოკავშირეებად.

ჩვენი დასავლელი მეგობრების ძალისხმევით, ჩვენი გზა ევროკავშირისა და ნატოსკენ უფრო გახსნილია ახლა, ვიდრე ოდესმე ყოფილა.

ჩვენ ვართ მართლები და ჩვენ არ ვართ მარტო. ჩვენი გზა არის სწორი. ფასეულობები, რომელთაც ვიცავთ, არის ჭეშმარიტი. მოდით ნურასოდეს დავივიწყებთ ამას.

ჩემო ძვირფასებო,

ჩვენ გავუძელით სრულმასშტაბიან ინტერვენციას. ჩვენ გავძელით და არ გავტყდით, როგორც თავისუფალი და ამაყი ერი.

ჩვენი აწმყო რთულია, მაგრამ ჩვენი მომავალი ჩვენი ხელით იწერება.

ჩვენი მომავალი აღარ იწერება უცხო, მტრულად განწყობილი ქვეყნის შორეულ, ცივ დედაქალაქში.

ჩვენი აწმყო რთულია, მაგრამ ჩვენი მომავალი იწერება. ჩვენი მომავალი იწერება ჩვენს მიერ თბილისში, ქუთაისში, ზუგდიდში, თელავში, ბათუმში, ფოთში, რუსთავში, ახალქალაქში და, რაც მთავარია, აქ, ამ გმირ ქალაქში - გორში.

ჩვენი ბედი აღარავის ეკუთვნის თუ არა თავად ჩვენ.

მინდა მოგიწოდოთ ყველას: მოდით ერთად, ჩვენ თვითონ დავწეროთ ჩვენი მომავალი და ნურავის მივცემთ უფლებას ჩვენს ნაცვლად მიიღოს გადაწყვეტილებები, განგვისაზღვროს მომავალი და რა არის ჩვენთვის მთავარი.

მოდით ერთად გავაგრძელოთ ჩვენი ქვეყნის შენება.

გავერთიანდეთ და აუცილებლად გავიმარჯვებთ!

გავერთიანდეთ და ახალი კედლები ისევე დაინგრევა, როგორც დაინგრა ყველა ძველი.

გავერთიანდეთ და ერთად დავიცვათ საქართველოს ყველაზე დიდი საგანძური - ჩვენი თავისუფლება!


საქართველოს პრეზიდენტის
ადმინისტრაციის პრესსამსახური




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (11)
2012 (12)
2011 (12)
2010 (10)
2009 (12)
2008 (12)
2007 (11)
2006 (12)
2005 (12)
2004 (4)