მიხეილ სააკაშვილი მსოფლიო ბანკის შენობაში გამართული წიგნის პრეზენტაციას დაესწრო
საქართველოს პრეზიდენტი მსოფლიო ბანკის შენობაში გამართული წიგნის პრეზენტაციას დაესწრო, რომელიც „ვარდების რევოლუციის“ შემდეგ საქართველოში გატარებულ რეფორმებსა და ანტიკორუფციულ ღონისძიებებს შეეხება. მიხეილ სააკაშვილი იქ სიტყვით გამოვიდა, შეკრებილი საზოგადოების შეფასებები მოისმინა და მათ შეკითხვებსაც უპასუხა.
ასად ალამი - მსოფლიო ბანკის აღმოსავლეთ კავკასიის რეგიონული დირექტორი, წიგნის „ბრძოლა კორუფციის წინააღმდეგ საჯარო სამსახურში – საქრთველოს რეფორმების ქრონიკა“ ავტორი:
მოგესალმებით, ქალბატონებო და ბატონებო! კეთილი იყოს თქვენი მობრძანება მსოფლიო ბანკის სპეციალურ ღონისძიებაზე.
განსაკუთრებით მივესალმებით საქართველოს პრეზიდენტს სააკაშვილს და მის დელეგაციას.
ჩემი სახელია ასად ალამი, სამხრეთ კავკასიაში მსოფლიო ბანკის რეგიონული დირქტორი. იმედი მაქვს, ყველას გაქვთ წიგნი, რომლის შესახებაც მოკლე ინფორმაციას მოგაწვდით.
წიგნში აღწერილია ანტიკორუფციული რეფორმები, რომლებმაც ვარდების რევოლუციის შემდეგ საქართველოში საჯარო სერვისების ტრანსფორმაცია მოახდინა, მე შემიძლია თამამად ვისაუბრო, რადგან ვარ ადამიანი, რომელიც თბილისში ცხოვრობს და ამ სერვისებით სარგებლობს. წიგნში განხილულია რეფორმები და მათი წარმატების ფორმულა.
აქვეა პასუხი გაცემული შეკითხვებზე: როგორ მოახერხა ახალმა მთავრობამ ამ რეფორმების განხორციელება, როგორ მიაღწია საქართველომ წარმატებებს იმ სფეროში, რომელშიც ბევრმა სხვა ქვეყანამ მარცხი განიცადა.
საქართველოს ამბავს უნიკალურობას სძენს ანტიკორუციული რეფორმების ყოვლისმომცველობა, მათი სიმტკიცე, ტემპი და ტენდენციურობა. საქართველომ დაამტკიცა, რომ დროის საკმაოდ მცირე მონაკვეთში, ძლიერი პოლიტიკური ნების პირობებში, კორუფციის წინაღმდეგ ბრძოლაში წარმატების მიღწევა შესაძლებელია. ბრძოლა დასრულებული არაა - გასაკეთებელი კიდევ ბევრია. მათ შორის, აუცილებელია ინსტიტუციების გაძლიერება. როგორც ვიცით, მათ განვითარებას ბევრად უფრო მეტი დრო სჭირდება, მაგრამ ისინი არსებით როლს ასრულებს რეფორმების მდგრადობაში.
წიგნში აღნიშნულია, რომ საქართველოში ინსტიტუციური რეფორმები კვლავაც გრძელდება. ეს რეფორმები უკავშირდება კონტროლისა და ბალანსის მყარ სისტემას, რომელიც გულისხმობს საჯარო ინსიტიტუციების განვითარებას და მოდერნიზებას. გირჩევთ ამ წიგნის წაკითხვას. თავად განსაზღვრეთ, რა ასპექტში შეიძლება გამოადგეს საქართველოს გამოცდლიება სხვა ქვეყნებს.
მადლობა.
ფილიპ ლერო - მსოფლიო ბანკის ვიცე-პრეზიდენტი:
ბატონო პრეზიდენტო, მოხარული ვარ მოგესალმოთ ამ საღამოს მსოფლიო ბანკში, რათა განვიხილოთ საქართველოს ანტიკორუფციული ანგარიში.
2010 წლის ივნისში, საქართველოში ვიზიტისას თვალში მომხვდა ის ტრანსფორმაცია, რომელიც ქვეყანამ ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში განიცადა. პროგრესი შეინიშნებოდა საჯარო მომსახურების სფეროში, ცხადად მახსოვს შესანიშნავი სადილი ტერასაზე, ბათუმის სასტუმროში, შავი ზღვის სანაპიროზე. სხვათა შორის, სწორედ მაშინ გაჩნდა იდეა აღგვეწერა საქართველოსთან დაკავშირებული ამბავი, ეს გამოცდილება უნდა ჩაიწეროს და საზოგადოებაში გავრცელდეს.
მოხარული ვართ, ეს წიგნი დღეს დამსწრე საზოგადოებას და ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს წარვუდგინოთ.
ჩვენთვის განსაკუთრებული პატივია თქვენი აქ ყოფნა, რათა გაგვიზიაროთ საქართველოს გამოცდილება ანტიკორუფციულ რეფორმებზე. პრეზიდენტ სააკაშვილს მსოფლიო ბანკში წარდგენა არ სჭირდება, ზოგიერთ თქვენგანს ემახსოვრება კიდეც აქ მისი 10 წლის წინანდელი ვიზიტი იუსტიციის მინისტრის რანგში. მაშინ მან იუსტიციის სფეროში განხორციელებულ რეფორმებსა და კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ ისაუბრა. მან წარმოადგინა ის ქონება, რომელიც მაშინდელი მთავრობის წევრებს ჰქონდათ დაგროვილი. დეკადის შემდეგ ჩვენ ველოდებით მოვისმინოთ მისგან საქართველოში კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის გამოცდილება. ძვირფასო სტუმრებო და კოლეგებო, გთხოვთ მივესალმოთ პრეზიდენტ სააკაშვილს.
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი:
გმადლობთ, ფილიპ, ჩემთვის დიდი პატივია...
ამ წიგნის შექმნა თქვენი იდეა იყო. ასადმა კი ის დაწერა და იდეა განახორციელა. მასში აღწერილია ყველაფერი, რაც ოდესმე შემეძლო დამეწერა. 17 წელიწადში მემუარებს დავწერ და თქვენ ჩემი წიგნის გაყიდვის შესაძლებლობა ჩამომართვით, თუმცა მაინც მოხარული ვარ.
მართლაც საოცარია, დაწერილია როგორც სახელმძღვანელო. მე აქ ვიმყოფები ორი მოვლენისთვის. ერთი მხრივ, ეს იყო თეთრ სახლში გუშინ პრეზიდენტ ობამასთან შეხვედრა. დიდხანს ვისაუბრეთ მასთან, ჯოზეფ ბაიდენთან და ადმინისტრაციის წარმომადგენლებთან. მთელი დღის განმავლობაში კმაყოფილი ვიყავი, რადგან მოვისმინე ყველაფერი, რისი მოსმენაც მათგან მსურდა. მათ შორის ის, რომ დაიწყეს თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების პროცესი საქართველოსთან, რაც ჩვენ ირგვლივ, რეგიონში არავის აქვს.
კიდევ ერთი, რისი მოსმენაც სასიამოვნო იყო ჩემთვის, ბარაკ ობამას სიტყვებია: ”საქართველო ჩვენი რეგიონისთვის დემოკრატიისა და გამჭვირვალობის მოდელი გახდა და სხვა ქვეყნებშიც იტყვიან, რომ თუ საქართველომ შეძლო ამის გაკეთება, ამას ჩვენც შევძლებთ”.
ჩვენ განსაკუთრებულად ვემადლიერებით ასადს ამ ჩინებული ნამუშევრისთვის. ასე კარგად ჩვენი რეფორმები არავის არ აღუნუსხავს. ისინი ამ რეფორმების ნაწილს წარმოადგენდნენ და ყველაფერს პირადად აკვიდებოდნენ.
მათი სამუშაო დროულია იმ მოვლენების ფონზე, რაც ხდება ჩრდოლოეთ აფრიკაში და იმედი მაქვს რუსეთშიც მოხდება. დეტალებს არ ჩავუღრმავდები და გპირდებით, ჩემი წარდგენა მოკლე იქნება, რადგან მეტი დრო თქვენს შეკითხვებზე პასუხის გაცემას დავუთმო.
გზავნილი, რომელსაც ამ კვლევაში გამოვყოფდი, ესაა - საქართველოს წარმატება ამსხვრევს მითს, რომ კორუფცია კულტურის ნაწილია და ეს ყველგან იმედს გვაძლევს რეფორმატორებს, რომლებიც თავიანთი საჯარო სამსახურების გაწმენდისკენ ისწრაფვიან. რაც საქართველოში მოხდა, მნიშვნელოვანია არა მარტო ჩემი ქვეყნისთვის, არამედ მთელი მსოფლიოსთვის. ჩვენ იდეალისტურად გვწამდა, რომ მოქალაქეები დაიწყებდნენ საკუთარი ქვეყნის კანონების პატივისცემას, თუკი სახელმწიფო მოეპყრობოდა მათ პატივისცემით.
ჩვენ გვწამდა, რომ კანონი აღარასდროს იქნებოდა აღქმული ზემოქმედების იარაღად და ხალხს მოეწონებოდა, გაითავისებდა და დაიცავდა მას. დამთხვევა არ არის ის, რომ ჩვენ კამპანია დავიწყეთ მარტივი ლოზუნგით - საქართველო კორუფციის გარეშე. ამავდროულად, ეს ჰგავდა აუხდენელ ოცნებას, მაგრამ დარწმუნებული ვიყავით, რომ კორუფცია ჩვენი პრობლემების გახრწნილი ბირთვი იყო და, რაც მთავარია, გვწამდა, რომ კორუფციის დამარცხება შეიძლებოდა. 2003 წელს, მშვიდობიანმა სახალხო რევოლუციამ, რომელსაც CNN-მა ლამაზი სახელი - „ვარდების რევოლუცია“ დაარქვა, მოგვიყვანა ხელისუფლებაში. ვითარება იმდენად კატარსტროფული იყო, რომ ჩვენ თავიდან მოგვიწია საქართველოს, როგორც სახელმწიფოს ჩამოყალიბება.
როდესაც ხელისუფლებაში მოვედით, ასეთი ვითრება გახლდათ - ხაზინა ცარიელი იყო და არ ვიცოდით, საიდან უნდა დაგვეწყო მოქმედება. ახალგაზრდები ვიყავით, მეც - მათ შორის. შეიძლება ახლა ქართული პოლიტიკისთვის მოვხუცდი, როგორც ხედავთ უფრო ახალგაზრდები მოდიან, რაც კარგი ახალი ამბავია. ასე რომ მაშინ შედარებით ახალგაზრდა ვიყავი. მახსოვს, ბილ კლინტონმა თქვა, ვინ არის ეს 35 წლის პრეზიდენტი, როგორ გაუძღვება საქმეს? ის თან მამხნევებდა, მაგრამ ამასაც ამბობდა. შემდეგ იყო დასავლეთში ერთი ჟურნალისტი, რომელმაც ჩვენი გუნდი დაახასიათა, როგორც „ოუშენის 11 მეგობარი“.
რა ხდება როდესაც რევოლუციით მოდიხარ ხელისუფლებაში, ეს არის ტალღა, რომელიც შენზეა მოჯაჭვული და ჰგავს ზღვის ღელვას, ჯერ წინ მოდის, შემდეგ უკან, ჯობს მის ზედაპირზე დარჩე, წინააღმდეგ შემთხვევაში შეიძლება დამანგრეველი აღმოჩნდეს.
ასე რომ, არ გვქონდა წიგნი, რომლითაც ვიხელმძღვანელებდით, ახლა კი გვაქვს და შეიძლება სხვებმა გამოიყენონ. ასადს ცოტა დააგვიანდა წიგნის დაწერა - კარგი იქნებოდა 2004 წელს ის მქონოდა - წავიკითხავდი.
ეს მართლაც კარგი წიგნია. მთავარია, გამოცდილებით შეიარაღდეთ. ჩემი მიზანი იყო დროის 20 პროცენტი დამეთმო ოფიციალურ პირებთან შეხვედრებისათვის, დანარჩენ დროში კი გავცნობოდი ეკონომიკურ სისტემას, ამის ცოდნა მართლაც დამაინტრიგებელია, შეიძლება გადაიღო შენს ქვეყანაში, მთავარია იყოთ გამბედავი და წახვიდეთ რისკზე. ცხოვრება მოკლეა და რისკის გარეშე მომაბეზრებელია. სწორი გადაწყვეტილების შედეგი კი ძალიან მაღალია.
შრიმულინი ინდრიკატი - მსოფლიო ბანკის მმართველი დირექტორი:
ბატონო პრეზიდენტო, მოხარული ვარ თქვენი ხილვით. ბევრი რამ მსმენია საქართველოზე და იმაზე, თუ როგორ იბრძვის ეს ქვეყანა კორუფციის წინააღმდეგ. უპირველეს ყოვლისა, ჩვენ ამ წიგნში ამოვიკითხეთ პრეზიდენტის სიტყვები: ”შენ უბრალოდ უნდა გააკეთო ეს, ცხოვრება რისკებთან არის დაკავშირებული”. ჩემი აზრით, ეს ლიდერობის პირველი ელემენტია. ლიდერად კი თავად უნდა ჩამოყალიბდე. როდესაც საქმე კორუფციასთან ბრძოლას შეეხება, უნდა გარისკო. მე შევნატრი საქართველოს, რადგან ამ ქვეყანამ შეძლო პოლიციის დეპარტამენტის სრული შემადგენლობის გათავისუფლება. ამით სიტუაცია გაუმჯობესდა. შემცირდა საზგაო შემთხვევების და სხვა დანაშაულების რაოდენობა იმ პირობებშიც კი, როდესაც ქვეყანას პოლიცია არ ჰყავდა. გაოცებული ვარ იმით, რომ პრეზიდენტმა სააკაშვილმა პოლიციის მთელი შემადგენლობა გაათავისუფლა, რადგან ის ჩათრეული იყო როგორც საგადასახადო, ისე საბაჟო სისტემაში არსებულ მექრთამეობაში.
კიდევ ერთი საკითხი, რაზეც მსურს ყურადღება გავამახვილო ისაა, რომ მხოლოდ მთავრობა ვერ შეძლებს სახელმწიფო აპარატის გაწმენდას კორუმპირებული ჩინოვნიკებისგან, მნიშვნელოვანია, რომ საზოგადოებამ, მათ შორის, მეწარმეებმა, განასხვაონ კორუმპირებული და წესიერი ადამიანები. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საგადასახადო და საბაჟო სამსახურებში. საზოგადოებამ უნდა იცოდეს, რომ თუკი ის მოიქცევა კარგად, სახელმწიფოც კარგად მოექცევა მას. მსურს ჩემი გამოსვლა დავასრულო პრეზიდენტთან შეკითხვით. მაინტერესებს, რას გააკეთებდა იგი განსხვავებულს და რას ურჩევდა მომავალ ან სხვა ქვეყნის პრეზიდენტს? და მეორე - საქართველო პატარა ქვეყანაა და განსხვავეული იქნება შედეგი იმ შემთხვევაში, თუ მის გამოცდილებას დიდ ქვეყნებს მოვარგებთ. რას ფიქრობთ ამაზე?“
მიხეილ სააკაშვილი: დიდი მადლობა. ძირითადი რეფორმების განხორციელება ახლა იწყება. ჩვენ კიდევ ვაპირებთ რადიკალურ ცვლილებებს. როდესაც სისტემურ რეფორმებს ახორციელებ, ყველა სფერო უნდა მოიცვა შესვენების გარეშე, სწორედ ასე მუშაობს ყველაფერი. ჩვენ არასდროს გვქონდა დრო. რჩევა შესაძლოა მრავალფეროვანი იყოს, მაგრამ გადაწყვეტილება აუცილებლად თავად უნდა მიიღო.
ფილიპ ლერო: საქართველოში ყოფნისას გამაოცა პოლიციის შუშის გამჭვირვალე შენობებმა, მაგრამ ეს მარტო პოლიციას არ შეეხება ყველაფერი გამჭვირვალეა.
მიხეილ სააკაშვილი: პოლიციაზე საუბრისას მინდა აღვნიშნო, რომ ბოლო 2 წლის განმავლობაში საქართველო დასახელდა ევროპის ყველაზე უსაფრთხო ქვეყნად. ჩვენი ყველაზე მთავარი კონკურენტი ისლანდია იყო, თუმცა ბოლო მონაცემებით, საქართველომ მას გადაუსწრო და ლიდერობს.
ფილიპ ლერო: როდესაც დავინახე შინაგან საქმეთა სამინისტროს შუშის შენობა, დავინტერესდი, როგორი იყო პოლიციის შენობეები გარეუბნებში. ამის თქმისთანავე მანქანაში ჩამსვეს და გარეუბანში წამიყვანეს, სადაც პოლიციის ანალოგიური შენობები დამხვდა. რას ნიშნავს თქვენთვის დაუსრულებელი პროგრამა?
მიხეილ სააკაშვილი: საბოლოოდ, ჩემი მიზანია რეფორმების შეუქცევადობის დამკვიდრება. უპირველეს ყოვლისა განათლების სფეროში. მთავარი მომავალი თაობაა, როდესაც ეს თაობა გადაიბარებს საქართველოს მომავალს, სწორედ მაშინ გახდება რეფორმა შეუქცევადი. ეს არის ახალი ქვეყნის შენების გზა. მხოლოდ ლამაზი მთები სასიამოვნო კლიმატი და ზღვა არ არის საკმარისი. ყველა დანარჩენიც ლამაზად უნდა გამოიყურებოდეს.
ფილიპ ლერო: ეს სტივ ჯობსის ნათქვამივით ჟღერდა.
ფილიპ ლერო: თქვენ ახსენეთ განათლების სისტემის რეფორმა და მომავალის ტრანსფორმაცია, რაც ჩემს შემდეგ შეკითხვას უკავშირდება და ეს საკმაოდ რთული შეკითხვაა. სად ხედავთ თქვენ საქართველოს 5-8 წელიწადში?
მიხეილ სააკაშვილი: ვხედავ საქართველოს განვითარებულ ინფრასტრუქტურას, ჩქაროსნულ მატარებლებს, საუკეთესო ავტომაგისტრალებს, კარგად განვითარებულ კურორტებს, განათლებულ ახალგაზრდა თაობას, 70-80 სართულიან ცათამბჯენებს ... საქართველო შოკისმომგვრელად თანამედროვე იქნება, თუმცა რადიკალურად განსხვავებული აღმოსავლეთ და ცენტრალური ევროპისგან. ის ევროპული ქვეყანაა, მაგრამ ვიზუალურად თანდათან სინგაპურს დაემსგaვსება. ეს იქნება დინამიკური და კომფორტული ადგილი საცხოვრებლად.