Google+

რელიზები

14.05.2012
საქართველოს პრეზიდენტი საქართველო-ჰოლანდიის თამაშს დაესწრო 

საქართველოს პრეზიდენტი სლოვენიაში მიმდინარე 17 წლამდე ასაკის ფეხბურთელთა ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალურ მატჩს დაესწრო, რომელშიც ერთმანეთს საქართველოსა და ჰოლანდიის ნაკრებები ხვდებოდა. იმის მიუხედავად, რომ თამაში ჰოლანდიელთა გამარჯვებით დასრულდა, მიხეილ სააკაშვილმა ქართველი ფეხბურთელები გაამხნევა და შემდგომი წარმატებები უსურვა. 

„თამაშის დასრულების შემდეგ ჩვენს ფეხბურთელებთან მივედი და ვამშვიდებდი - ყველა დეპრესიაში იყო. მათთან ის მატჩი გავიხსენე, როდესაც თბილისის დინამომ ლივერპულთან თამაში ერთი გოლით წააგო ინგლისში. ძველ გულშემატკივრებს ეს მატჩი კარგად ემახსოვრებათ. მაშინ ყველა დარწმუნებული იყო, რომ ამ წაგების შემდეგ, მოგებების სერია დაიწყებოდა. არის წაგება, რომლის შემდეგაც გრძნობ, რომ მოგების დრო დგება. ფეხბურთელების ეს თაობა საუკეთესო იქნება. ჰოლანდიასთან 10 ფეხბურთელით ითამაშეს და კიდევ კარგად გაძლეს - ე.ი. ახალი სულისკვეთება გაჩნდა. ამ ბიჭებს არ აქვთ დამარცხებულის ფსიქოლოგია და არც კომპლექსები აწუხებთ. ვფიქრობ, აქამდე მთავარი პრობლემა სწორედ ის იყო, რომ ყველაფრის კომპლექსი ჰქონდათ, რაც ახალ თაობას საერთოდ აღარ აქვს. ახალ თაობას აქვს მენტალურად, ხარისხობრივად განსხვავებული აზროვნება როგორც ფეხბურთში, ისე სხვა სფეროებში“, - აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა. 
ქვეყნის პირველი პირი საქართველოს ახალგაზრდულ ნაკრებს ვეტერან ფეხბურთელებთან ერთად გულშემატკივრობდა. პრეზიდენტმა ის დრო გაიხსენა, როდესაც საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში ქართველებთან ერთად სხვა ეთნიკური ჯგუფების  წარმომადგენლებიც იბრძოდნენ საერთო გამარჯვებისთვის.    
”საქართველოს გუნდმა საფრანგეთის, ინგლისის თუ ესპანეთის დამარცხება და ჩემპიონატიდან გაგდება შეძლო. მთელი თამაშის განმავლობაში თანაბარი მეტოქეობა გაუწია ჰოლანდიას იმის მიუხედავად, რომ არასრული შემადგენლობით ასპარეზობდა. მათ სრულიად განსხვავებული ქართული ფეხბურთი აჩვენეს, მათგან სხვა ენერგია მოდის და სხვაგვარად არიან მოტივირებული. 2004 წელს, როდესაც საქართველოში 1000-ზე მეტი ხელოვნურსაფარიანი მოედანი ავაშენეთ, ვამბობდი, რომ, შესაძლოა, ფეხბურთელების დღევანდელ თაობას უკვე ბევრი არაფერი ეშველოს, მაგრამ ისინი, ვინც ამ ხელოვნურსაფარიან მოედნებზე ღამის 2-3 საათამდე თამაშობენ, 7-8 წელიწადში ნახავთ როგორ ითამაშებენ-მეთქი. გავიდა ის 7-8 წელიწადი, ეს ბავშვებიც გაიზარდნენ და არ შემიძლია კმაყოფილება არ გამოვთქვა, რომ მართალი აღმოვჩნდი. 1981 წლის 13 მაისის გამარჯვების მორიგ წლისთავზე აქ დინამოს ვეტერანებთან ერთად ვიმყოფები. ვლადიმერ გუცაევისა და ალექსანდრე ჩივაძის გარდა, აქ არის მურთაზ ხურცილავა. როდესაც 1981 წლის თამაშს ვიხსენებ, არ შემიძლია არ აღვნიშნო, რომ მაშინ გოლი ორმა ქართველმა ფეხბურთელმა გაიტანა და გამარჯვებაც მოგვიტანა. ეს იყო ქართველი-ოსი ვოვა გუცაევი და ქართველი ვიტალი დარასელია. ეს არის ყველაზე კარგი გაკვეთილი ჩვენი წარსულიდან, რომ საქართველოს ერთიანობა, ჩვენი ხალხისა და ყველა ჯგუფის ერთობა ყოველთვის მოგვიტანს გამარჯვებას. ჩვენი ძალა ერთობაშია. ეს ბიჭები მთებს გადაატრიალებენ. მთავარია, ახლა არ გაიყინონ ერთ ადგილზე, არ მივყიდოთ ისინი სხვადასხვა კლუბებს, როგორც ეს ადრე იყო, განვავითაროთ და ამათგან საუკეთესო ნაკრები დადგება”, - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.


ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (11)
2012 (12)
2011 (12)
2010 (12)
2009 (12)
2008 (12)
2007 (12)
2006 (12)
2005 (11)