რელიზები
10.12.2007
ნინო ბურჯანაძე თურქეთის პარლამენტის ყოფილ თავმჯდომარეს ბიულენთ არინჩს შეხვდა
„მინდა აღვნიშნო თქვენი განსაკუთრებული როლი საქართველოსა და თურქეთის პარლამენტებს შორის ურთიერთობის გაღრმავებასა და თანამშრომლობის განვითარებაში", - მიმართა ნინო ბურჯანაძეს ბიულენთ არინჩმა.
მხარეებმა ორ ქვეყანას შორის სავაჭრო-ეკონომიკურ, კულტურულ და სოციალურ სფეროში თანამშრომლობის საკითხები განიხილეს. ისაუბრეს საქართველოში თურქული ინვესტიციების ზრდის პერსპექტივებზე და მათ მნიშვნელობაზე.
„საქართველო-თურქეთის ბიზნეს საბჭოში ყოფნისას იმ პროექტებს გავეცანი, რომლებიც თქვენს ქვეყანაში ხორციელდება. ასევე, მოვისმინე საბჭოს წევრების მოსაზრებები იმის თაობაზე, თუ რამდენად სტაბილური და მიმზიდველია საინვესტიციო გარემო, რაც კიდევ უფრო მეტი ინვესტიციების მოზიდვის საფუძველია, ეს კი, თავისთავად, დამატებითი სამუშაო ადგილების შექმნას შეუწყობს ხელს", - აღნიშნა თურქეთის პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარემ.
მისი თქმით, თურქეთის ხელისუფლება მხარს უჭერს საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციას, მის ტერიტორიულ მთლიანობასა და ქვეყანაში დემოკრატიული პროცესების შეუქცევადობას.
ნინო ბურჯანაძემ და ბიულენთ არინჩმა ჩვენს ქვეყანაში წინასაარჩევნო პროცესის მიმდინარეობაზე იმსჯელეს.
შეხვედრაზე ყურადღება გაამახვილეს PABSEC-ის 30-ე გენერალური ასამბლეის სხდომის მნიშვნელობაზე, რომელსაც საქართველო მასპინძლობს.
„მადლობა მინდა გადაგიხადოთ იმ წვლილისთვის, რომელიც PABSEC-ის პრეზიდენტობის დროს ორგანიზაციის მუშაობაში შეიტანეთ", - განაცხადა ბიულენთ არინჩმა ნინო ბურჯანაძესთან საუბრისას.
საქართველოს პრეზიდენტის
ადმინისტრაციის პრესსამსახური