Google+

რელიზები

01.01.2007
საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა საქართველოს მოსახლეობას ახალი წელი მიულოცა

მოგესალმებით!

სანამ, რამდენიმე წუთში ახალი წელი დადგება, მინდა მივესალმო მთელს საქართველოს, ყველა ქართველს!

მსურს მივესალმო ქართლს, კახეთს, იმერეთს, გურიას, სამეგრელოს, სვანეთს, აჭარას, რაჭას, ლეჩხუმს, თუშეთს, ხევსურეთს, ქვემო ქართლს, მესხეთს, ჯავახეთს. მინდა მივესალმო ჩვენს აფხაზ და ოს ძმებს და დებს.

ჩემს უკან მოჩანს წმინდა გიორგის მონუმენტი, როგორც სიმბოლო სიკეთის ბოროტებაზე გამარჯვებისა, როგორც სიმბოლო სიმართლით სიცრუის დამარცხებისა, შეუპოვარი ბრძოლისა და გაუტეხელობისა, სიმბოლო გამარჯვებისა და თავისუფლებისა.

სიმბოლურია ისიც, რომ ეს მონუმენტი სწორედ 2006 წელს აღიმართა აქ, საქართველოს მთავარ მოედანზე, რადგან მთელი გასული წელი საქართველოსთვის იყო სიკეთის ბოროტებასთან ბრძოლის, სიმართლის სიცრუესთან ბრძოლის, თავისუფლების ტირანიასთან ბრძოლის წელი.

გასულ წელს, ჩვენ მთელ მსოფლიოს დავანახეთ, რომ ისევე როგორც წმინდა გიორგი, საქართველოც სასწაულებრივად ძლიერდება მაშინ როდესაც მას ყველაზე მეტად ესხმიან თავს. რაც უფრო დიდია მასზე წნეხი მით უფრო მტკიცე, გაუტეხელი და დაუმარცხებელი ხდება იგი.

2006 წელს ჩვენ მრავალგზის მოგვიწყვეს სიმტკიცის გამოცდა და თქვენ, ქართველმა ხალხმა, ეს წელი მტკიცე ნაბიჯებით წინსვლის წლად აქციეთ.

ბევრს ეცადნენ, რომ ეს წელი ყოფილიყო საქართველოს ნგრევის წელი, მაგრამ თქვენ ეს წელი საქართველოს შენების წლად აქციეთ.

უნდოდათ, რომ 2006 წელი ყოფილიყო საქართველოს ბლოკადის და იზოლაციის წელი, მაგრამ თქვენ ეს წელი აქციეთ წლად, როდესაც საქართველო მთელი მისი ისტორიის მანძილზე ყველაზე მეტად არის მდიდარი თავისი მოკავშირეებითა და მეგობრებით.

იმედი ჰქონდათ, რომ 2006 წელი გადაიქცეოდა ჩაფუშული ოცნებების, გულაცრუებისა და შეუსრულებელი დაპირებების წლად, მაგრამ თქვენთან ერთად, ჩვენ, საქართველოს მთავრობამ შევძელით, რომ შეგვესრულებინა ყველა დაპირება, რომელიც მოგეცით და ამ ეტაპზე დასახული ყველა ამოცანისათვის მიგვეღწია.

ცდილობდნენ, რომ 2006 წელი გადაექციათ ქართველების გათიშულობის წლად, მაგრამ თქვენ არნახული ერთიანობა და ერთსულოვნება გამოავლინეთ.

ყველა განსაცდელს, იქნებოდა ეს ეკონომიკური თუ ენერგეტიკული ბლოკადა, ქართველების დეპორტაციები თუ სხვადასხვა პროვოკაციები, თქვენ ეროვნული სოლიდარობისა და სიმტკიცის დიდებული მაგალითებით უპასუხეთ.

უნდოდათ, რომ ეს წელი ყოფილიყო საქართველოს წინსვლის შეჩერების და უკან დაბრუნების წელი, მაგრამ თქვენი ძალისხმევით, 2006 წელს საქართველო ამთავრებს, როგორც მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად განვითარებადი ქვეყანა.

ოცნებობდნენ, რომ 2006 წელი ყოფილიყო საქართველოს დამოუკიდებლობის ხელყოფის წელი და თქვენი დამსახურებაა ის, რომ მათ მიიღეს წელი, როდესაც საქართველო რეალურად დამოუკიდებელ სახელმწიფოდ ჩამოყალიბდა. როგორც ეკონომიკური ასევე პოლიტიკური თვალსაზრისით.

თქვენ მთელ მსოფლიოს მიეცით მაგალითი იმისა, თუ როგორ უნდა ბრძოლა კორუფციასთან და დანაშაულებრივ სამყაროსთან, მაშინაც, როდესაც მათ სცადეს რევანში აეღოთ და გასულ წელს დავებრუნებინეთ კრიმინალურ ქაოსში.

თქვენ დაანახეთ ყველას - მეგობარსაც და მტერსაც, რომ საქართველოს შეუძლია დაძლიოს ნებისმიერი ბარიერი, და რაც უფრო მეტ დაბრკოლებას გადალახავს მით უფრო ძლიერდება იგი.

მომავალი წელი იქნება დიდი წინსვლისა და უფრო დიდი შენების წელი!

მომავალი წელი იქნება წელი, როდესაც საბოლოოდ უნდა მოიხსნას კითხვის ნიშნები იმაზე, შეძლებს თუ არა საქართველო წარმატებულ, მდიდარ, ძლიერ და სამართლიან ქვეყნად ჩამოყალიბებას!

მომავალი წელი იქნება მთავარი გამოწვევების და მთავარი გამარჯვებების წელი!

მინდა მოგილოცოთ ახალი წლის დადგომა, გისურვოთ სიმტკიცე, შემართება, წინსვლა და გამარჯვება!

ღმერთი იყოს ჩვენი და საქართველოს მფარველი.


საქართველოს პრეზიდენტის
ადმინისტრაციის პრესსამსახური




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (11)
2012 (12)
2011 (12)
2010 (12)
2009 (12)
2008 (12)
2007 (12)
2006 (12)
2005 (11)