რელიზები
22.05.2009
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ზუგდიდს ესტუმრა
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი დღეს ზუგდიდს ესტუმრა და სამეგრელოს რეგიონის ინფრასტრუქტურის განვითარების, სკოლებისა და საავადმყოფოების მშენებლობის, სოციალური დახმარების პროგრამების მოდერნიზაციის, მცირე ბიზნესის დახმარებისა და სოფლის მეურნეობის დარგის განვითარების შესახებ საზოგადოების წარმომადგენლებთან შეხვედრისას ისაუბრა.
"მინდა შეხვერდების პატარა სერია გავაკეთო, თქვენთან, ჩემს მეგობრებთან, ჩემს თანამოქალაქეებთან. მინდა ისეთი შეხვედრები გავმართოთ, სადაც მხოლოდ მე კი არ ვისაუბრებ, არამედ თქვენ მოგისმენთ ყველა საკითხთან დაკავშირებით - დაწყებული საგარეო და საშინაო პოლიტიკით, დამთავრებული ეკონომიკითა და განათლებით. სამეგრელოზე იმის თქმა, რომ აქ ხალხს ვაჟკაცობა აკლია, სასაცილო და ამორალურია ბევრი ფაქტორის გამო. ამ ხალხმა ბევრს გაუძლო და ზუგდიდის მოსახლეობა გასამმაგდა. ჩვენი სისხლი და ხორცი, ჩვენი თანამემამულეები საკუთარი სახლებიდან გამოყარეს და ეს აყვავებული ქალაქი, სადაც ყველაზე ლამაზი სასტუმრო, ყველაზე კარგი სტადიონი, ყველაზე კარგი გზები იყო, წალეკეს, გადაუარეს და გაანადგურეს. ამასაც გაუძლო. გამბედაობას და სიმამაცეს აქაურებს ნურავინ ნუ ასცავლის. ნურავინ ზემოდან ქვემოთ ნუ შეხედავს. ასეთი ნიჭიერი, ასეთი გონიერი და გამბედავი და პატრიოტი ხალხი არა მოხლოდ კავკასიაში, არამედ მსოფლიოში არ არის. გარწმუნებთ, არაფერს არ ვაზვიადებ. ამ ხალხის გამბედაობაა ისიც, რომ ბევრ შეურაცყოფას იტანს. რა პოლიტიკური მოტივებიც არ უნდა გამოძრავებდეთ, საკუთარ ქვეყანას და სამშობლოს არ უნდა აკადრო ის, რომ საკუთარი ხალხი ტალახში ამოსვარო. არ შეიძლება გაბოროტდე საკუთარ თანამემამულეებზე, იმის გამო, რომ შენ თვითონ ხარ წარუმატებელი. ჯერ უნდა დაფიქრდე რატომ ხარ წარუმატებელი, რათა შემდეგ ჯერზე უფრო მეტი იშრომო", - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა საუბრისას.
საქართველოს პრეზიდენტმა ადგილზე არსებული პრობლემების თაობაზე მოისმინა და მათი გადაჭრის გზებზეც ისაუბრა.
საქართველოს პრეზიდენტის
ადმინისტრაციის პრესსამსახური