Google+

რელიზები

08.07.2013
საქართველოს პრეზიდენტი:"რა თქმა უნდა, ასეთი ადამიანების შემოშვება არ შეიძლება, თუკი გვაქვს ღირსება, თავმოყვარეობა და ქვეყნის სიყვარული''

"მინდა გუშინდელ და დღევანდელ მოვლენებს გამოვეხმაურო.

ჩვეულებრივ, ასე არ ვრეაგირებ ხოლმე მიმდინარე იცნდიდენტებსა და პოლიტიკურ მოვლენებზე, მაგრამ მიმაჩნია, რომ ის, რაც გუშინ მოხდა თბილისის დინამოს სტადიონზე და მის გარშემო,რაც გრძელდება დღეს, ძალიან ბევრს მიანიშნებს, თუ რა მდგომარეობაში იმყოფება ამჟამად საქართველო; რა გამოწვევების, რა საფრთხეების წინაშე ვიმყოფებით და რა რისკების წინაშე აღმოვჩნდებით ყველაფერი ასე რომ გაგრძელდეს.

 პირადად მე მივესალმები და პოზიტიურ მოვლენად მივიჩნევ ასეთ მატჩებს. მე ვიყავი იმის ინიციატორი, რომ რუსი ტურისტებისთვის ცალმხრივად გამარტივებულიყო სავიზო რეჟიმი  საქართველოში.

ამის შედეგად შარშან და შარშანწინ ბევრმა მათგანმა დაიწყო ჩამოსვლა.

მომხრე ვარ კულტურული,  სპორტული კონტაქტების, ტურისტული აქტივობის. ეს კარგია ხალხთა შორის ურთიერთგაგებისთვის, ეს კარგია ჩვენი უსაფრთხოებისთვის, ეს კარგია ჩვენი ეკონომიკისთვის.

თავი დავანებოთ იმას, რაც დინამოს სტადიონზე მოხდა,  როგორ იქცეოდნენ გულშემატკივრები, რა ლოზუნგებითაც ჩამოვიდნენ - ეს ყველაფერი შეიძლება მოხდეს, მაგრამ გუშინ ჩამოიყვანეს რუსეთის დუმის დეპუტატი, რომელმაც 2008 წელს ხმა მისცა საქართველოს დანაწევრებას, ჩვენი რეგიონების, ცხინვალის რეგიონის და აფხაზეთის რეგიონის ე.წ დამოუკიდებლობას.

ამასთან, ეს კაცი აქტიურად მონაწილეობდა აფხაზეთის ომში საქართველოს წინააღმდეგ.

არსებული ინფორმაციით, ის  მჭიდროდ არის დაკავშირებული  რუსეთის სპეცსამსახურებთან (ამ შემთხვევაში ჩვენ ვეყრდნობით რუსეთიაღია წყაროებს) და, პრაქტიკულად, არის საქართველოს დაუძინებელი მტერი.

იგი საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებული აგრესიისა და საქართველოს დაქუცმაცების მცდელობის ერთ-ერთი პასუხისმგებელი პირია.

ამიტომ, ერთია, როდესაც ქვეყანაში უშვებ ტურისტს, სპორტსმენს (და ამას უნდა მივესალმოთ), ხოლო მეორეა, როდესაც უშვებ საქართველოს მტერს!

დუმის  ყველა წევრი, რომელმაც 2008 წელს ხმა მისცა საქართველოს დაქუცმაცებას,  ვიდრე ვითარება არ შეცვლილა, საქართველოში უსაფრთხოების რისკს და  მტრულ ფაქტორს  წარმოადგენს!

ის კი, ვინც გუშინ ჩამოიყვანეს, კიდევ  უფრო მეტად სცდება ამ ფარგლებს.

აქედან გამომდინარე, საქართველოში ასეთი ადამიანების შემოშვება არ შეიძლება თუკი გვაქვს ღირსება, თავმოყვარება და თუ გვაქვს სამშობლოს სიყვარული!

უპირველესად, მინდა ძალიან მკაცრად დავგმო ჩვენი სასაზღვრო უწყების, ამ შემთხვევაში,  შსს-ს და მინისტრის საქციელი, რომელმაც დაუშვა საქართველოს მტრის ასე დაუსჯელად ჩამოსვლა საქართველოში, თავისუფლად გადაადგილება ჩვენს ტერიტორიაზე, რა მოტივებითაც  არ უნდა ყოფილიყო ეს განპირობებული.

მეორე, გუშინ იქ  მისული ახალგაზრდების ჯგუფი, მათ შორის  აფხაზეთიდან დევნილებიც იყვნენ (რაც პირადად ვნახე ტელევიზიით) კანონისა და კონსტიტუციის სრული დაცვით, აპროტესტებდნენ ამ სუბიექტის საქართველოში ვიზიტს.

საქართველოს სამართალდამცავმა ორგანოებმა, რომელთაც შემოუშვეს ეს დეპუტატი, გადამეტებული ძალა გამოიყენეს ახალგაზრდების მიმართ, აღკვეთეს მათი კონსტიტუციური უფლება, რომელიც გამოხატული იყო მშვიდობიან ფარგლებში.

მომხრე ვარ, რომ საზოგადოებრივი წესრიგი დაიცვას ყველამ, მიუხედავად პოლიტიკური შეხედულებისა; საზოგადოებრივი წესრიგი უნდა დაიცვას ნებისმიერი პარტიის მომხრემ, მაგრამ მედიასაშუალებებმა  გადმოსცეს, რომ წესრიგი დაცული იყო - ამ შემთხვევაში, პოლიციის მხრიდან პოლიტიკური შინაარსის ქმედებასთან გვქონდა საქმე, რომელმაც აღკვეთა მშვიდობიანი პროტესტი.

როგორც პრეზიდენტმა და მოქალაქემ, მინდა ვთქვა, რომ, ამ შემთხვევაში,  პროტესტი 100 პროცენტით გამართლებული იყო, მათი მონაწილეები კი დააკავეს!

 კატეგორიულად ვთხოვ და ვავალებ ღარიბაშვილს, რომ ეს ხალხი დაუყონებლივ გაათავისუფლოს! 

ნუ გგონიათ, რომ ქვეყანა ჩალით არის დახურული!

არის გარკვეული წესები, რომლებიც ყველა თავმოყვარე ქვეყანამ უნდა დაიცვას.

არ მინდა ისეთი რამ გავაკეთოთ, რისიც შემდეგ ძალიან შეგვრცხვება.

მეეჭვება, რომ ამ ხალხს შერცხვეს, მაგრამ ქვეყნისთვის ეს არის საზიანო!

ჩვენ უნდა გავაგრძელოთ რუსეთთან ჰუმანიტარული, კულტურული, პოლიტიკური კონტაქტების დამყარების მცდელობა.

მაქსიმალურად უნდა ვიმუშავოთ რუსულ საზოგადოებასთან.

დარწმუნებული ვარ, ეს მთავრობა მუდმივად არ იქნება და ძალიან სწრაფად მოხდება ცვლილებებიც, მაგრამ უნდა ვიცოდეთ ვინ არის მტერი და ვინ - მოყვარე.

უნდა ვიცოდეთ ვინ არის ნეიტრალური, ვისთან შეიძლება მუშაობა და ისიც, ვინ არ უნდა გავიკაროთ სათოფეზეც კი.

ამ შემთხვევაში, ვფიქრობ, დარღვეულია სახელმწიფოს უშიშროება, შელახულია ჩვენი ეროვნული ღირსება და დარღვეულია კანონი ამ ახალგაზრდების მიმართ!

ყოველივე ეს დაუყონებლივ უნდა  გამოსწორდეს!"

 



ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (11)
2012 (12)
2011 (12)
2010 (12)
2009 (12)
2008 (12)
2007 (12)
2006 (12)
2005 (11)