Google+

რელიზები

05.07.2013
საქართველოს პრეზიდენტმა ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლები ღირსების ორდენებით დააჯილდოვა

საქართველოს პრეზიდენტი დღეს ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლებს შეხვდა და პროფესიულ და სამეცნიერო საქმიანობაში შეტანილი წვლილისა და დამსახურებისთვის თითოეული მათგანი ღირსების ორდენებით დააჯილდოვა. მიხეილ სააკაშვილმა მათ სიტყვით მიმართა და ტექნიკური უნივერსიტეტის მნიშვნელობაზე ესაუბრა. მისი თქმით ამ უმაღლესმა სასწავლებელმა არაერთი კვალიფიცირებული სპეციალისტი აღზარდა და ტექნიკურ სფეროში გარკვეული ტრადიციების დამფუძნებელი გახდა. როგორც მან აღნიშნა, ამ უნივერსიტეტმა უდიდესი წვლილი შეიტანა ინდუსტრიის მიმართულებით და მნიშვნელოვანი სკოლები ჩამოაყალიბა. მიმართვისას, ქვეყნის პირველმა პირმა კიდევ ერთხელ გადაუხადა მადლობა პროფესორ-მასწავლებლებს იმ წვლილისათვის, რომელიც მათ განათლების სფეროში შეაქვთ და იმ თაობების აღზრდისთვის, რომლებმაც ახალი ტექნოლოგიები შექმნეს, მათ შორის, სამხედრო სფეროში.

მიხეილ სააკაშვილმა ასევე ისაუბრა მთავრობის იმ გადაწყვეტილებების შესახებ, რომელთა შედეგადაც დღეს ეს წარმოება შეჩერებულია.

„იარაღის წარმოება დავიწყეთ კარგად და არ გავაგრძელეთ, როგორც ხშირად ხდება – კარგად ვიწყებთ და გაგრძელება არ გვიყვარს. ერთ-ერთი ადამიანი, რომელმაც უმაღლესი დონის ტექნიკა შექმნა, ახლა გაქცეულია საქართველოდან. თავშესაფარი მას ერთ-ერთმა ქვეყანამ სიამოვნებით მისცა. თურმე, ჩვენი სამართალდამცავები ეძებენ - საზღვარგარეთ კი მაშინვე სტაცეს ხელი, რადგან ის მსოფლიო კლასის სპეციალისტია. ასეთი შეცდომები არ უნდა მოგვდიოდეს", - აღნიშნა მიხეილ სააკაშვილმა მიმართვისას.

საქართველოს პრეზიდენტმა ყურადღება ჰიდრორესურსების გამოყენების აუცილებლობასა და იმ დიდ პოტენციალზე გაამახვილა, რომელიც ქვეყანას აქვს. მისი თქმით, ამ მხრივ, ქვეყნის პოტენციალის 80 პროცენტი ჯერ კიდევ აუთვისებელია. იგი მშენებლობისა და არქიტექტურის სფეროში მიღწეულ წარმატებებსა და სიახლეებსაც შეეხო.

„როგორც არ უნდა აკრიტიკონ იმასთან დაკავშირებით, რომ ყველაფერი სააკაშვილის დავალებით ნაჩქარევად კეთდებოდა, მთავარია, ხალხმა ისწავლა მშენებლობა, შეიქმნა ახალი ქართული არქიტექტურა. მე მათ მხოლოდ სტიმულს ვაძლევდი", - განაცხადა პრეზიდენტმა.

 ქვეყნის პირველმა პირმა მაგალითად ერთ-ერთი ქართველი არქიტექტორის დავით გოგიჩაიშვილის არქიტექტურული პროექტები დაასახელა, მათ შორისაა  „მაკდონალდსის“ შენობა ბათუმში, რომელიც უკვე მსოფლიოს წამყვან არქიტექტორთა ყურადღების ცენტრში მოექცა.

პროფესორ-მასწავლებლებთან შეხვედრისას, პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ გააკრიტიკა საკანონმდებლო ინიციატივა უნივერსიტეტების ავტონომიის შეზღუდვასთან დაკავშირებით და აღნიშნა, რომ ეს საკითხი პროფესორ-მასწავლებლებისა და სტუდენტების გადასაწყვეტია. პრეზიდენტმა ასევე გააკრიტიკა ის სოლიდური საჯარიმო სანქციები, რომლებიც  სტუდენტთა იმ ნაწილს დააკისრეს, რომლებმაც  უნივერსიტეტის ავტონომიის შენარჩუნების მიზნით, საკუთარი პოზიცია და პროტესტი გამოხატეს. ქვეყნის პირველი პირი ყველას მოუწოდებს კანონის უზენაესობის დაცვისკენ, თუმცა, ამავდროულად, მთავრობას მოუწოდებს, რომ ახალგაზრდებისა და პროფესორ-მასწავლებლების აზრი და პოზიცია გაითვალისწინონ.



ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (11)
2012 (12)
2011 (12)
2010 (12)
2009 (12)
2008 (12)
2007 (12)
2006 (12)
2005 (11)