Google+

რელიზები

03.03.2008
საქართველოს პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს ჯილდო -

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი პოლონეთში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება. ვარშავის სასახლეში იგი პირისპირ შეხვდა პოლონეთის კოლეგას ლეხ კაჩინსკის. პრეზიდენტებმა საქართველოს ევროსტრუქტურებში ინტეგრაციის, ასევე ენერგეტიკული და ეკონომიკური საკითხები განიხილეს. პირისპირ საუბრის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე პრეზიდენტებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს, რომ პოლონეთი საქართველოს სტრატეგიულ პარტნიორად რჩება. როგორც ლეხ კაჩინსკიმ განაცხადა, შეხვედრისას მათ საქართველოში არსებულ ვითარებაზე, მეზობელი და პარტნიორი ქვეყნების შესახებ ისაუბრეს. მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ ბუქარესტის სამიტამდე დარჩენილი ოთხი კვირა საქართველომ მაქსიმალურად უნდა გამოიყენოს, რათა ნატო-ს წევრი ქვეყნები დაარწმუნოს, რომ ჩვენი ქვეყანა ალიანსის წევრობისთვის მზად არის.

"ამ ეტაპზე, ჩემი ვიზიტის ძირითადი მიზანია საქართველოს ნატო-ში ინტეგრაციისათვის ფართო კოალიციის შექმნა, ხოლო პოლონეთი ამ კოალიციის წამყვანი წევრია. პოლონეთი ევროპის იმ ქვეყნების ლიდერია, რომლებიც მხარს გვიჭერს ალიანსში გაწევრიანების საკითხში. ოთხ კვირაში ბუქარესტში იმართება სამიტი, რომელიც შეიძლება იქცეს ნატო-ს ისტორიულ სამიტად. შავი ზღვისპირეთის ამ დედაქალაქში ნატო-ში უკრაინისა და საქართველოს ინტეგრაციის პროცესის შეუქცევადობა შესაძლოა საბოლოოდ გადაწყდეს. დიდი შანსია იმისა, რომ უკრაინა და საქართველო ნატო-ს წევრობის ოფიციალური კანდიდატები გახდნენ", - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

პრესკონფერენციის მსვლელობისას ამ საკითხთან დაკავშირებით პოლონეთის პრეზიდენტმაც გაამახვილა ყურადღება. მისი თქმით, პოლონეთი ნატო-ში არა მარტო საქართველოს, არამედ უკრაინის შესვლასაც დაუჭერს მხარს.

"ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოს გაწევრიანებას ნატო-ში და შემდეგომში ევროკავშირში შესავლას. დიდი იმედი გვაქვს, რომ საქართველო ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანების შემდგომ ეტაპზე გადავა", - აღნიშნა მან.

პოლონეთის პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილს სახელმწიფო ჯილდო "პოლონეთის რესპუბლიკის წინაშე დამსახურებისათვის ჯვრის ორდენი" გადასცა.

რეზიდენციიდან მიხეილ სააკაშვილი ვარშავის სახელმწიფო უნივესიტეტში გაემგზავრა, სადაც დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა და ქართველი და პოლონელი სტუდენტების კითხვებს უპასუხა. ამ შეხვედრას პოლონეთში ქართული სათვისტომოს წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ. საქართველოს პრეზიდენტმა პოლონეთის გათავისუფლებისთვის მებრძოლი ქართველის, მაიორ ნიკოლოზ მათიკაშვილის მეუღლე ანა შროდერ-მათიკაშვილი ღირსების ორდენით დააჯილდოვა.

"დღეს ჩვენთან ერთად იმყოფება ქალბატონი ანა, რომელიც ცოცხალი მემატიანეა იმისა, რაც მის მუღლესა და მათ მეგობარ ქართველ ოფიცრებს გადახდა თავს. ამ ქალბატონმა ყველაფერი გააკეთა იმისათვის, რომ ეს ისტორია ჩვენთვის შემოენახა. ხშირად გვადანაშაულებენ, თითქოს გვგონია, რომ საქართველოს ისტორია "ვარდების რევოლუციის" შემდეგ დაიწყო, მაგრამ ვინც ჩვენ ამაში გვადანაშაულებს სწორედ მას მიაჩნია, რომ საქართველოს ისტორია საბჭოთა პერიოდში დაიწყო. არადა, საბჭოთა კავშირმა ჩვენ ისტორიული მახსოვრობა წაგვართვა. "ვარდების რევოლუციის" შემდეგ კი ამ ისტორიისა და ჩვენი გმირების გახსენება, დაბრუნება, დაფასება და გაცოცხლება დავიწყეთ იმისათვის, რომ ახალი გმირები გაჩნდნენ", - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

"დღევანდელი დღე ჩემთვის ძალზე მნიშვნელოვანი და გულის ამაჩუყებელია. საქართველო ჩემი მეორე სამშობლოა. პრეზიდენტისაგან ამ ჯილდოს მიღება მთელი სიცოცხლე მემახსოვრება, თუმცა უკვე ასი წლის ვარ", - აღნიშნა ანა მათიკაშვილმა.

ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს პრეზიდენტმა პატივი მიაგო და გვირგვინით შეამკო უცნობი ჯარისკაცის საფლავი.

მოგვიანებით, მიხეილ სააკაშვილი პოლონეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრ დონალდ ტუსკს და პოლონეთის რესპუბლიკის სენატის მარშალს ბოგდან ბორუსევიჩს შეხვდა.


საქართველოს პრეზიდენტის
ადმინისტრაციის პრესსამსახური




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (11)
2012 (12)
2011 (12)
2010 (12)
2009 (12)
2008 (12)
2007 (12)
2006 (12)
2005 (11)