Google+

რელიზები

28.03.2008
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ექსპერტებსა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდა

დღეს საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ექსპერტებსა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდა.

შეხვედრისას მან განაცხადა, რომ გალსა და ოჩამჩირეში თავისუფალი ეკონომიკური ზონა უნდა შეიქმნას.

სააკაშვილი აფხაზეთის დე-ფაქტო ხელისუფლებას დაცარიელებული ტერიტორიების ათვისებას სთავაზობს და დარწმუნებულია, რომ აფხაზეთის ეკონომიკური განვითარება საქართველოს გარეშე შეუძლებელია. მისი განცხადებით, სოხუმის აეროპორტი საქართველოს ხელისუფლების ნებართვის გარეშე არ გაიხსნება. რაც შეეხება სოჭში მშენებარე ობიექტებისთვის აფხაზეთიდან სამშენებლო მასალების მიწოდებას, პრეზიდენტის თქმით, აფხაზეთში ოლიმპიადის ობიექტების მშენებლობისთვის საჭირო ცემენტის მხოლოდ ერთი პროცენტია.

მიხეილ სააკაშვილმა ილაპარაკა რუსეთის გეგმაზე, რომელიც აფხაზეთში 50 000 ადამიანის ჩასახლებას ითვალისწინებს. პრეზიდენტს მიაჩნია, რომ ამ შემთხვევაში აფხაზები კვლავ უმცირესობაში აღმოჩნდებიან.

საქართველოს პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ აფხაზეთი კონფლიქტის შედეგად 500 000-მა ადამიანმა დატოვა. მისი თქმით, იქ ახლა 80 000 ადამიანი ცხოვრობს, მათგან კი 20 000 სოხუმშია. მიხეილ სააკაშვილმა აფხაზეთში მომხდარს მე-20 საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე დავიწყებული და ამორალური ეთნიკური წმენდა უწოდა.

"ვერავინ ვერასდროს ვერ ჩამოაშორებს საქართველოს აფხაზეთს", - აღნიშნა მან და დასძინა "აფხაზეთი საქართველოს გულია და მისი ტრანსპლანტაცია არ მოხდება".

ტერიტორიები, რომლის რეკლამირებას ტელეარხი "ევროსპორტი" და რუსული ტელეკომპანიები აკეთებენ, დანაღმულია - აცხადებს საქართველოს პრეზიდენტი და აფხაზეთში დასვენების მსურველებს აფრთხილებს. მიხეილ სააკაშვილის თქმით, არხები, რომელთა ეთერში გადის სარეკლამო რგოლები და გადაცემები აფხაზეთის შესახებ, "ბავშვებს სასიკვდილოდ ეპატიჟებიან".

პრეზიდენტი იმ უცხოურ კომპანიებსაც აფრთხილებს, რომლებიც აფხაზეთში ქონებას ყიდულობენ: "არავითარი გარიგება ქონების დაკანონებაზე არ იქნება!"

„ერთი რამ ყველამ უნდა გაიაზროს. საქართველოს აფხაზეთს ვერავინ და ვერასდროს ვერ ჩამოაშორებს ვერც ნატოსკენ სწრაფვის შეჩერების მცდელობით, ვერც შანტაჟის გამოყენებით და ვერც სხვა არგუმენტებით. ამის მცირედი ილუზიაც კი არ უნდა ჰქონდეს ვინმეს. ეს კავკასიაში საშიში თამაშია. გათვლა მარტივია, გამოიცვლება თაობები, შეიცვლება მთავრობები, მაგრამ ეს არასდროს არ მოხდება. სანამ საქართველოიარსებებს, აფხაზეთი არასოდეს არ იქნება მის ფარგლებს გარეთ. აფხაზეთის სახით საქართველოს დაშლის დაკანონება, ნიშნავს საქართველოს სახელმწიფოებრიობის დასამარებას და საქართველოს როგორც ერთიანი ორგანიზმის მოკვლას. ეს ორგანიზმი იბრძოლებს სიცოცხლისათვის!" - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

მიხეილ სააკაშვილმა აფხაზებს საქართველოს ვიცე-პრეზიდენტის პოსტი და ცენტრალურ ორგანოებში გარანტირებული წარმომადგენლობა შესთავაზა. მისი თქმით, აფხაზეთის წარმომადგენლებს ავტონომიისთვის მნიშვნელოვან საკითხებზე ვეტოს უფლებაც მიეცემათ, მათ შორის, საკონსტიტუციო სტატუსთან დაკავშირებით.

აფხაზეთის დე-ფაქტო ხელისუფლებას მან მოლაპარაკებების დაუყოვნებლივ განახლება შესთავაზა.

"წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩვენც და აფხაზებსაც - მთლიანად საქართველოს, გაურკვეველი და რისკით აღსავსე მომავალი გველის. ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ დიდ გეოპოლიტიკურ თამაშსს ამ პატარა ერის ინტერესები არ ემსხვერპლოს. ეჭვქვეშ არ დადგეს მისი ფიზიკური, სულიერი და კულტურული გადარჩენის საკითხი", - აღნიშნა მიხეილ სააკაშვილმა.

საქართველოს პრეზიდენტმა იმედი გამოთქვა იმის თაობაზე, რომ ზემოხსენებულ საკითხებზე, სხვა თუ არაფერი, დისკუსია მაინც დაიწყება.


საქართველოს პრეზიდენტის
ადმინისტრაციის პრესსამსახური




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (11)
2012 (12)
2011 (12)
2010 (12)
2009 (12)
2008 (12)
2007 (12)
2006 (12)
2005 (11)