Google+

რელიზები

04.02.2009
საქართველოს პრეზიდენტი რუსეთში ქართველთა კავშირის ყრილობას გამოეხმაურა

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი რუსეთში ქართველთა კავშირის ყრილობას გამოეხმაურა, რომელიც გუშინ მოსკოვში გაიმართა და ამ საკითხთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა.

"310-კაციან დარბაზში, მთელი რუსეთიდან 191 ადამიანი ძლივს შეკრიბეს. ზუსტად ვიცი, რომ გუშინ დამატებით კრასნოდარიდან ჩაყავდათ ხალხი. იმის გამო, რომ მოსკოვის ყველაზე პატარა დარბაზიც ვერ გაავსეს, რუსეთის პრეზიდენტმა გადაწყვეტილება ბოლო წუთს შეცვალა, ღონისძიებაზე აღარ მივიდა და საქართველოზე სალაპარაკოდ, 10 ყველაზე კარგად შემოწმებული ქართველი კრემლში დაიბარა.

"მსურს მივმართო რუსეთის მთავრობას და პრეზიდენტს. თუ მათ საქართველოსთან ლაპარაკი სურთ, საქართველოს მიერ არჩეულ მთავრობას უნდა ელაპარაკონ. რუსეთთან ნებისმიერ თემაზე შეიძლება ლაპარაკი მხოლოდ მას შემდეგ, რაც ის დამპყრობელი პოზიციიდან უკან დაიხევს და საქართველოს ტერიტორიის დეოკუპაციას მოახდენს.

ასევე მინდა მივმართო რუსეთში მცხოვრებ ჩვენს თანამემამულეებს, საქართველოდან წასულ ყველა ეთნიკური წარმომავლობის ჩვენს მოქალაქეებს - ქართველებს, ოსებს, აფხაზებს, სომხებს, აზერბაიჯანლებს. მსურს მათ დიდი მადლობა მოვახსენო. ეს ხალხი ძალზე ღირსეულად მოიქცა მაშინ, როდესაც კრემლის ბრძანებით 2006 წელს სატვირთო თვითმფრინავებით მოახდინეს ხალხის დეპორტაცია და მათ ქუჩებში, ბავშვებს კი სკოლებში იჭერდნენ; და ეს ხალხი ძალიან ღირსეულად მოიქცა დღეს!

"იშვიათი გამონაკლისის გარდა, რუსეთში ვერ იპოვეს ქართველები, რომლებიც თავის სამშობლოს დაუპირისპირდებოდნენ. დღევანდელ რუსეთში ეს სამოქალაქო გმირობის ტოლფასია. ჩვენ ვაფასებთ ამ ადამიანების, ჩვენი თანამემამულეების ღვაწლს ჩვენი ქვეყნის განვითარების საქმეში და თუკი მათ საქართველოში დაბრუნება სურთ, გაშლილი ხელით, გასნილი გულითა და ძალიან დიდი ენთუზიაზმით შევეგებებით. მინდა ამ ხალხის მიმართ აღფრთოვანება და აღტაცება გამოვხატო. ორი დღის წინ რუსეთის ტელევიზიებმა გამოკითხვა ჩაატარეს და იქ მცხოვრები 10 ათასი ჩვენი თანამემამულე გამოკითხეს იმის თაობაზე, თუ რა აზრის არიან რუსეთისა და საქართველოს პოლიტიკაზე. რუსეთში მცხოვრები ქართველების 78 პროცენტზე მეტმა მხარი დაუჭირა საქართველოს პოლიტიკას. დაუკვირდით ამ რიცხვს! ამ ურთულეს პირობებში მათ ღიად გამოხატეს მხარდაჭერა საკუთარი ქვეყნისადმი, მისი თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისადმი. სხვათა შორის, ეს არის გზავნილი ზოგიერთი აქაური, ადგილობრივი პოლიტიკოსისადმი. რუსეთში მცხოვრებმა ქართველებმა ყველაზე კარგად იციან რა ხდება დღეს იმ ქვეყანაში. ყველაზე კომპეტენტური აზრი იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ უნდა გვქონდეს თანასწორი ურთიერთობა რუსეთის ფედერაციასთან, სწორედ ამ ადამიანებს აქვთ. ვფიქრობ, თუ ყველა დავუჯერებთ მათ, საქმე ბევრად უკეთესად იქნება", - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.


საქართველოს პრეზიდენტის
ადმინისტრაციის პრესსამსახური




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (11)
2012 (12)
2011 (12)
2010 (12)
2009 (12)
2008 (12)
2007 (12)
2006 (12)
2005 (11)