Google+

რელიზები

08.09.2009
საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა უცხოეთში აკრედიტებულ ქართველ დიპლომატებთან გამართა შეხვედრა

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი უცხო ქვეყნებში აკრედიტებულ ქართველ დიპლომატებს შეხვდა. მიხეილ სააკაშვილმა ელჩებს ქვეყნის საგარეო პოლიტიკური კურსი გააცნო და მათთან საგარეო პრიორიტეტებზე, ინვესტიციების მოზიდვასა და რუსულ აგრესიაზე ისაუბრა. პრეზიდენტის განცხადებით, რუსეთი საქართველოს წინააღმდეგ ფინანსურ და იდეოლოგიურ ომს აწარმოებს და ამ ვითარებაში დიპლომატების ეფექტიანი მუშაობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.

"ჩვენს მტერს აქვს სერიოზული ბერკეტები. კრიზისის მიუხედავად, მას იმდენი ფული მაინც აქვს, რომ სერიოზული ფინანსური გავლენა მოახდინოს, მათ შორის, გარკვეულ პოლიტიკურ წრეებზე და პრესაზე ევროპაში. ჩვენს წინააღმდეგ მიდის იდეოლოგიური ომი; ჩვენ წინააღმდეგ მიდის ომი საერთაშორისო ორგანიზაციებში და პოლიტიკურ ინსტიტუტებში. არის გარკვეული ძალები ყველა ქვეყანაში, მათ შორის, შესაძლოა, დიდ ევროპულ ქვეყნებში, რომლებსაც აღიზიანებს ის, რომ საქართველო მაგრად დადგა და წინააღმდეგობა გაუწია იმპერიალისტურ საფრთხეს. ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ ეს ასეა და ასე იყო ტრადიციულად. პირველი რესპუბლიკა დაემხო იმიტომ, რომ ის დასავლეთმა, პრაქტიკულად, მთლიანად გაყიდა. დღეს სხვაგვარი ვითარებაა. საბოლოოდ, სიკეთე ყოველთვის სძლევს ბოროტებას. თუმცა იმისათვის, რომ ბოროტსა სძლიოს კეთილმა, საჭიროა თქვენი ყოველდღიური მუშაობა. ეს მძიმე სამუშაოა, თქვენი რესურსები, ვგულისხმობ, მატერიალურ უზრუნველყოფას, ბევრად ნაკლებია, ვიდრე მოწინააღმდეგის, მაგრამ თქვენი მოტივაცია ბევრად მაღალია. თქვენი მთავარი ძალა არის ის, რომ სიმართლე თქვენი და თქვენი სამშობლოს მხარესაა. ამაზე ყველა ვთანხმდებით", - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

პრეზიდენტმა ელჩებს მოუწოდა, საქართველოში ინვესტიციების მოზიდვაზე იმუშაონ და მაქსიმალურად ბევრი უცხოელი ტურისტის ჩამოყვანას ხელი შეუწყონ. სააკაშვილის თქმით, მსოფლიო ეკონომიკური კრიზისის და აგვისტოს ომის მიუხედავად, საქართველოს ეკონომიკა მაინც ვითარდება და აღმავლობის გზას ადგას.

ელჩებთან გამართულ შეხვედრაზე პრეზიდენტმა საქართველოს მთავრობას დაავალა, რომ 10 სექტემბერს რაჭაში გასვლით სხდომა გამართოს. მისი თქმით, მთავრობამ აუცილებლად უნდა ჩაატაროს გასვლითი სხდომა რაჭაში, რათა კონკრეტული გადაწყვეტილებები ადგილზე მიიღოს. როგორც მიხეილ სააკაშვილმა აღნიშნა, მიწისძვრამ ქვეყნის ეკონომიკას სერიოზული ზიანი მიაყენა. მისი თქმით, რაჭაში დაინგრა ასობით სახლი. სახლები დაზიანდა იმერეთშიც.

პრეზიდენტის განცხადებით, ქვეყანა დაზარალებული მოქალაქეების მიმართ სოლიდარული უნდა იყოს. მისი თქმით, საქმე მარტო დახმარებით არ შემოიფარგლება. როგორც მან აღნიშნა, რაჭველებმა აუცილებლად უნდა იცოდნენ, რომ საქართველოს მთავრობას მუდმივად ახსოვს ისინი და ფიქრობს იმაზე, თუ როგორ აქციოს ეს გაჭირვებული ადგილი მდიდარ რეგიონად.

საქართველოს პრეზიდენტის განცხადებით, აღნიშნულ საკითხშიც აუცილებელია ელჩების დახმარება ინვესტორების მოზიდვის თვალსაზრისით.

"საბედნიეროდ, ამჯერად, მსხვერპლს გადავურჩით, თუმცა ასეთი მიწისძვრები რამენიმე წელში ერთხელ ხდება. რა თქმა უნდა, მიწისძვრამ სერიოზული ეკონომიკური ზარალი მოგვაყენა. ზიანი მიაყენა ასობით სახლს რაჭაში, ასევე იმერეთში. ქვეყანა სოლიდარული უნდა იყოს დაზარალებული მოქალაქეების მიმართ, მით უმეტეს, არცთუ მდიდარ რეგიონში. ამიტომ დღეს დილიდანვე გავგზავნეთ იქ ვიცეპრემიერი და საგზაო დეპარტამენტის თავმჯდომარე. მინდა ზეგ მთავრობამ გასვლითი სხდომა გამართოს რაჭაში, რათა კონკრეტული გადაწყვეტილებები ადგილზე მიიღოს. თუმცა დახმარებით საქმე არ შემოიფარგლება - რაჭაში ბოლო წლების განმავლობაში გავიყვანეთ ძალიან კარგი გზები, ვანვითარებთ კურორტებს, შევიყვანეთ ბუნებრივი გაზი და დავიწყეთ შაორის განვითარება. მართალია ომმა და კრიზისმა ცოტა შეგვაფერხა, მაგრამ ამ საკითხს ჩვენ ისევ ვუბრუნდებით. მინდა რაჭველებმა იცოდნენ, რომ ჩვენ ისინი მუდმივად გვახსოვს და ვფიქრობთ, როგორ ვაქციოთ ეს ჯერ-ჯერობით გაჭირვებული ადგილი საქართველოს ერთ-ერთ უმდიდრეს რეგიონად. ამის პოტენციალი რაჭას უდავოდ აქვს", - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.


საქართველოს პრეზიდენტის
ადმინისტრაციის პრესსამსახური




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (11)
2012 (12)
2011 (12)
2010 (12)
2009 (12)
2008 (12)
2007 (12)
2006 (12)
2005 (11)