Google+

რელიზები

15.09.2009
საქართველოს პრეზიდენი მიხეილ სააკაშვილი განახლებული სინაგოგის გახსნას დაესწრო

აშკენაზური სინაგოგის გახსნას დღეს საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი დაესწრო. პრეზიდენტი განახლებულ სინაგოგაში სიტყვით გამოვიდა და ორი ერის საუკუნოვან მეგობრობაზე გაამახვილა ყურადღება. მისი თქმით, დღევანდელი დღე საქართველოს ისტორიაში ებრაელების კვალის ურყევი სიმბოლოა. როგორც მიხეილ სააკაშვილმა აღნიშნა, საქართველო ყველა ეთნიკურ ჯგუფს ეკუთვნის და ეს იყო და არის საქართველოს იდეოლოგია. პრეზიდენტის განცხადებით, საქართველოში არც პრივილეგირებული ეთნიკური ჯგუფი არსებობს და არც პრივილეგირებული რელიგიური აღმსარებლობის ჯგუფი, რადგან, მისივე თქმით, პატრიოტები არიან, როგორც მართლმადიდებლები, ისე - მუსულმანები და იუდეველები.

"თბილისის ამ ულამაზეს უბანში არის ორი სინაგოგა, მეჩეთი, ქართული მართლმადიდებელი და სომხური ეკლესიები. აქ ცხოვრობენ სრულიად განსხვავებული აღმსარებლობის ადამიანები. აქ ცხოვრობს ხალხი, რომლებიც ლაპარაკობენ როგორც ქართულად, ისე სომხურად, აზერბაიჯანულად, ივრითზე. ზოგიერთმა მათგანმა არც კი იცის, რომელი ეთნოსის წარმომადგენელია. ეს საქართველოს განსაკუთებული სიმდიდრე და სიძლიერეა. ასეთი ძლიერი ხალხის დამარცხება, ყველაზე დიდი დამპყრობლისთვისაც შეუძლებელი იყო. დამპყრობლები მოდიოდნენ და ისევ მიდიოდნენ, ეს ხალხი კი საქართველოში მუდამ რჩებოდა. საქართველოს გაძლიერება, გაერთიანება ყველა ეთნიკური აღმსარებლობის ადამიანის ერთობასა და სიძლიერეს ემყარება.

"რამდენიმე წლის წინათ ვიყავი ონის სინაგოგაში. მიუხედავად იმისა, რომ 90-იანი წლების დამდეგს ებრაელთა დიდი ნაწილი საბოლოოდ წავიდა ონიდან, რაჭველები აკეთებენ ქოშერულ ღვინოს, მათი ადგილობრივი გუნდი მღერის ძალიან ლამაზ ებრაულ სიმღერებს და ინახავენ ტრადიციას ეთნიკური ებრაელების გარეშეც. ეს, ალბათ განსაკუთრებული შემთხვევა და ძალიან ცოტა ხალხს თუ შეუძლია მსგავსი რამ.

"მინდა ყველას გვესმოდეს რა არის თანამედროვე საქართველოს იდეოლოგია და რა იყო ყველაზე დიდი და ძლიერი საქართველოს იდეოლოგია დავით აღმაშენებლის დროს. ეს ერთმანეთთან კავშირშია. თანამედროვე საქართველოს ძალზე კონკრეტული იდეოლოგია აქვს - საქართველოში არ არსებობს პრივილეგირებული ეთნიკური ჯგუფები. საქართველო ეკუთვნის ყველა ეთნიკურ ჯგუფს, რომელიც არის ამ ქვეყნის პატრიოტი, ცხოვრობს აქ, იღწვის და მზად არის მოკვდეს საქართველოსთვის. საქართველო ეკუთვნის ეთნიკურ ქართველებს, ეთნიკურ ებრაელებს, ეთნიკურ ოსებს, ეთნიკურ აზერბაიჯანელებს, ეთნიკურ სომხებს, ეთნიკურ რუსებს, ეთნიკურ აფხაზებს - ყველა იმ ხალხს, რომელიც საქართველოში საუკუნეების განმავლობაში ცხოვრობს და ჩვენი ქვეყნის შვილები არიან ", - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.


საქართველოს პრეზიდენტის
ადმინისტრაციის პრესსამსახური




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (11)
2012 (12)
2011 (12)
2010 (12)
2009 (12)
2008 (12)
2007 (12)
2006 (12)
2005 (11)