Google+

რელიზები

14.05.2010
მიხეილ სააკაშვილმა საქართველოს სასკოლო ოლიმპიადების გამარჯვებულები დააჯილდოვა

მოგესალმებით ყველას!

დღეს აქ ეროვნულ ოლიმპიადებში გამარჯვებული ბავშვები ხართ შეკრიბილი.

მე ვამაყობ ამით, რადგან ეს ოლიმპიადები, რამდენიმე წლის წინათ ჩემი ინიციატივით აღდგა.

გამუდმებით ვადევნებ თვალყურს იმას, რომ ამ ოლიმპიადებში მონაწილეთა რაოდენობა გაიზარდოს და მიხარია, რომ წელს მონაწილეთა რეკორდული რაოდენობა იყო.

აღსანიშნავია, რომ წელს ძალიან კარგი შედეგები გქონდათ. სასწავლო ოლიმპიადებში საქართველოს თითქმის 180 ათასმა მოსწავლემ მიიღო მონაწილეობა.

ძალზე მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ გავდივართ საერთაშორისო ოლიმპიადებზე და ბოლო წლების განმავლობაში ჩვენი გუნდები პირველად აღწევენ კარგ შედეგებს.

ჩვენი ქვეყნის მთავარი სტრატეგია ხართ თქვენ - ბავშვები, რომლებიც შექმნიან და უკვე ქმნიან ახალ საქართველოს.

დიდი ამერიკელი პრეზიდენტი ჯონ კენედი ამბობდა, რომ ყველა ერის პროგრესი იზომება იმით, რამდენად დიდია პროგრესი განათლების მხრივ.

საქართველოს პროგრესს მე ვზომავ იმით, თუ როგორ ვანვითარებთ განათლების სისტემას.

90-იან წლებში და ჩემს ბავშვობაშიც მიიჩნევდნენ, რომ ”ქუჩის აკადემია” არის მთავარი. პირადად მე ამას არასდროს არ ვეგუებოდი.

მე მქონდა ძალიან კარგი ბავშვობა, ძალიან კარგი ოჯახი, ყველა თავს მევლებოდა და თავს არავის არასოდეს არ ვაჩაგვრინებდი, თანაც კარგადაც ვსწავლობდი. თუმცა ისიც მახსოვს, რომ ბევრი ბავშვი იჩაგრებოდა.

ისიც კარგად მახოვს, რომ ძალიან ბევრი კრიმინალი უფრო დიდი ავტორიტეტითა და პატივისცემით სარგებლობდა, ვიდრე შრომისუნარიანი ბავშვები.

დღესაც კი, იმის მიუხედავად, რომ დღეს ბევრი სკოლის დირექტორი შეიცვალა, როდესაც მანდატურები შევიყვანეთ სკოლებში, რამდენიმე დირექტორმა ურცხვად განგვიცხადა, რომ ბავშვებს შორის სკოლებში ავტორიტეტები ჰყავდათ. რა თქმა უნდა, საქართველოს სკოლებში ეს მთავრდება.

დღეს ვიყავი სკოლაში, სადაც დამონტაჟებულია ვიდეო თვალი, ვნახე როგორ კეთდება იქ ახალი სასადილო, როგორ ინერგება ახალი სისტემა იმისათვის, რომ მოსწავლემ მოსწავლეს ფული არ გამოსძალოს. ზოგ სკოლაში დღესაც ხდება-ხოლმე ფულის შეკრება - უფროსკლასელები უმცროსკლასელებს ართმევენ ფულს.

თავის დროზე, პირველ ექსპერიმენტულ სკოლაში უფროსკლასელები და უმცროსკლასელები ცალ-ცალკე კორპუსებში ვსწავლობდით.

ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ არა მარტო კრიმინალი აღარ იყოს სკოლებში, არამედ ბავშვები ერთი მიზნით დადიოდნენ სკოლაში - უპირველესად სასწავლებლად, შემდეგ მეგობრობისა და სიყვარულისთვის და საზოგადოების სრულყოფილ წევრად აღსაზრდელად.

აქ არის მაია მიმინოშვილი, რომელიც ეროვნული საგამოცდო ცენტრის ხელმძღვანელია და დამიდასტურებს, რომ დღეს ცოდნა ფასდება.

უნდა გვესმოდეს რატომ გვებრძვიან ჩვენ.

სამი წლის წინათ, შევხვდი ოლიმპიადებში გამარჯვებულებს და მათთან საუბრისას გამოვიყენე ტერმინი ჩარეცხილები. მე ვუწოდე ქურდულ იდეოლოგიას ჩარეცხილი, მაგრამ რატომღაც ზოგიერთებმა ეს საკუთარ თავზე მიიღეს და ატყდა ერთი ამბავი.

ყველა ის ადამიანი, რომელმაც ეს საკუთარ თავზე მიიღო, იყო ის საზოგადოება, რომელიც თავის დროზე 15 ათას დოლარს იღებდა იურიდიულ ფაკულტეტის მისაღებ გამოცდებზე.

სამედიცინოზე ჩასაბარებლად ხალხი სახლებს და მანქანებს ყიდდა. ეს 70-იანი წლებიდან მოდიოდა.

ეს სწორედ ის ხალხია, რომელმაც სიტყვა "ჩარეცხილი" საკუთარ თავზე მიიღო, თუმცა პიროვნულად ნამდვილად არავინ არ მიგულისხმია.

ბევრის ბრალი არ არის რომ ამ სისტემაში მოხვდნენ. რა თქმა უნდა ეს იდეოლოგია საქართველოში ერთხელ და სამუდამოდ უნდა მოიშალოს და ჩაირეცხოს.

ამავე დროს, ჩვენ მხოლოდ დისციპლინასა და წესრიგზე არ ვლაპარაკობთ, ჩვენ ვლაპარაკობთ მაღალი აკადემიური სტანდარტების მიღწევაზე.

ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენ არავიზე ნაკლები არ უნდა ვიყოთ.

თუ ბავშვი არის საგარეჯოდან, ჩხოროწყუდან, გლდანულადან, მას აქვს კომპიუტერი და იცის უცხო ენა, არის ზუსტად ისევე შესაძლებლობებით აღჭურვილი, როგორც ბავშვი კალიფორნიაში.

დიმიტრი შაშკინმა უკვე გაუკეთა ორგანიზება და ჩვენ წელს 1000 ამერიკელი ჩამოგვყავს და ყველა დიდ სოფელსა და რაიონულ ცენტრში იქნება ამერიკელი მასწავლებებლი, რომლებიც ასწავლიან ინგლისურ ენას ჩვენს ბავშვებს.

მომავალ წელს გვეყოლება 2000 ამერიკელი მასწავლებელი და ეს ხალხი შევა ჩვენს ოჯახებში. ისინი თავის კულტურასაც შეიტანენ და საქართველოსაც გაიცნობენ.

ისინი იქნებიან საკუთარი ქვეყნის ელჩები საქართველოში და როდესაც დაბრუნდებიან, იქნებიან საქართველოს ელჩები თავის ქვეყანაში.

ისინი მოიტანენ იმ განათლებას რომელიც ჩვენს ნიჭიერებას კიდევ უფრო შეავსებს.

სექტემბრიდან ვიწყებთ პროგრამას და ყველა პირველ კლასელის სახელმწიფოსგან მიიღებს უფასოდ კომპიუტერს.

ამას ვაკეთებთ არა მარტო იმისთვის, რომ ითამაშონ მასზე, კომპიუტერი, რა თქმა უნდა, სხვა მიზნით გამოიყენება, არამედ იმისათვის, რომ ვიყოთ ინტეგრირებული მსოფლიო სისტემაში.

მინდა იცოდეს ყველა ბავშვმა, რომელიც დღეს სახელმძღვანელოს უზის, ან ამზადებს საშინაო დავალებას, ის მარტო მისაღები ნიშნისთვის კი არ ირჯება, არამედ აკეთებს ძალიან მნიშვნელოვან საქმეს თავისი ოჯახისა და თავისი ქვეყნის წარმატებისთვის.

თქვენი ცოდნა დღეს ფასდება მიღებული ნიშნით და ოლიმპიადაზე მიღწეული წარმატებით, მაგრამ ხვალ თქვენი ცოდნა შეფასდება ცხოვრებაში მიღწეული წარმატებით.

ხშირად მინანია, რატომ არ ვისწავლე კიდევ რაღაც.

ახლა ვიყავი კოსტა რიკაში, სადაც იყვნენ ცენტრალური ამერიკის ლიდერები და როგორ დავაფასე დედაჩემი, რომელმაც ძალით მასწავლა ესპანური ენა. როდესაც სკოლის მოსწავლე ვიყავი ვფიქრობდი, რაში უნდა დამჭირვებოდა ესპანური ენა. მაშინ ესპანურად მოლაპარაკე თბილისიდან რამდენიმე კილომეტრის რადიუსში არ დადიოდა.

ახლა კი ვიყავი ულტრა-ბედნიერი - რამდენჯერმე ვერც კი განასხვავეს, რომ არ ვიყავი იქაური, სანამ ძალიან ღრმა თემებზე არ გადავდიოდი, რადგან ამ შემთხვევებში გრამატიკული შეცდომები მომდიოდა.

ასე რომ, ყველაფერი, რასაც თქვენ სწავლობთ გამოგადგებათ. განსაკუთრებით მათემატიკა, რადგან მას ეფუძნება ყველა დანარჩენი ცოდნა; განსაკუთრებით კომპიუტერი; უცხო ენა; მაგრამ, რა თქმა უნდა, თქვენი ქვეყნის სიყვარული და ისტორიის ცოდნა.

ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სხვადასხვა ეთნიკური ჯგუფების წარმომადგენლებს საქართველოში საშუალება აქვთ უმაღლეს სასწავლებლებში გამარტივებულად ჩააბარონ. ეს მნიშვნელოვანია, რათა მათ იგრძნონ, რომ საქართველო მათი ქვეყანაა.

საქართველოში მათ ზუსტად ისეთივე უფლები აქვთ, როგორც სხვებს. საქართველო არ არის მხოლოდ ქართველების ქვეყანა. საქართველო არის ქართველი სომხების, ქართველი აზერბაიჯანელების, ქართველი ოსების, ქართველი აფხაზების, ქართველი ებრაელების ქვეყანა.

საქართველო არის ყველა აღმსარებლობის ადამიანის ქვეყანა.

ამას წინათ, ვატიკანში ვიყავი და რომის პაპს ვეუბნებოდი დიდი ქართველები, მარტო სულხან-საბა ორბელიანი რად ღირს, ვანო სარაჯიშვილი, ზაქარია ფალიაშვილი გენიალური კომპოზიტორი იყვნენ, იყვნენ ძალიან პრაქტიკოსი კათოლიკეები.

როდესაც ვიღაც ბრიყვი გამოდის და ამბობს: რა უნდა კათოლიკეს საქართველოს მთავრობაში, მინდა მას ვუთხრა: ყველამ კარგად გაიხსენოს რომ მიხეილ თამარაშვილი იყო კათოლიკე და ზაქარია ფალიაშვილი იყო კათოლიკე, ალბათ ყველაზე დიდი ქართველები საქართველოს ისტორიაში.

საქართველოს სიყვარული არ განიზომება აღმსარებლობით და ეთნიკური ჯგუფებით, ეს განიზომება იმით, ვის როგორ უყვარს ეს ქვეყანა.

ჩემთვის დიდი პატივია დღეს ძალიან გამოჩენილ და სერიოზულ ხალხთან აქ ყოფნა.

ჩემთვის ძალზე მნიშვნელოვანია, რომ აქ არის სტანისლავ ციბულსკი, რომელიც წარმოშობით არის პოლონელი, იგი არის უსინათლო და არის საპრიზო ადგილის მფლობელი ოლიმპიადაში. ძალიან კარგად ფლობს კომპიუტერს, უსაზღვროდ უყვართ თავის კლასში და თავის სკოლაში. მე მინდა მას ვუთხრა დიდი მადლობა ამ დიდი წარმატებისთვის და გმირობისთვის და გადავცე დიპლომი.

მინდა დიდი მადლობა ვუთხრა ესმა გუმბერიძეს, რომელიც ასევე უსინათლოა და ეს გოგო არის მართლა უნიკალური - მეშვიდე კლასიდან გადაჯდა პირდაპირ მეცხრე კლასში. ნახეთ ერთ-ორ წელიწადში დაამთავრებს პირდაპირ უნივერსიტეტს. თითოეული ადამიანი ხედავს თავისი გონებით და გულით.

ამას წინათ, ლოს ანჯელესში შევხვდი სტივ უანდერს, რომელიც დიდი მუსიკოსია და ზაფხულში საქართველოში აპირებს ჩამოსვლას. მან მითხრა: ჩემი მთავარი გზავნილი არის არა მხოლოდ ჩემი მუსიკა, არამედ ის, რომ ადამიანმა, რომელიც ვერ ხედავდა შევძელი არა მხოლოდ ასეთი მუსიკის დაწერა და მსოფლიოში გასვლა, არამედ ბევრი სასარგებლო საქმის გაკეთებაო.

მე მინდა ესმას ძალიან ბევრ კონკურსში გამარჯვებისთვის ვუთხრა მადლობა და ასევე გადავცე დიპლომი.

მე მინდა დიპლომით ასევე დავაჯილდოვო ავთანდილ ნადარეიშვილი, ფოთის პირველი საჯარო სკოლის მოსწავლე, რომელიც ასევე არის ოქროს მედლის კანდიდატი.

სხვათა შორის მედლების დაბრუნებაც სკოლაში იყო ძალიან მნიშვნელოვანი. პირადად მე მაქვს ოქროს მედალი და ამ მედლით ძალიან ვამაყობ.

მე გითხარით, რომ ჩემთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მათემატიკა და ინფორმატიკა, საშინლად მშურს ხალხის, რომელმაც კარგად იცის ფიზიკა.

ჩვენს ოლიმპიადაში გამარჯვებისთვის მინდა დიპლომით დავაჯილდოვო ქუთაისის ანდრია რაზმაძის სახელობის ფიზიკა-მათემატიკური სკოლის მე-11 კლასის მოსწავლე ცოტნე ტაბიძე, რომელიც არის საერთაშორისო ოლიმპიადების მონაწილე და საპრიზო ადგილებზე გასული.

მინდა ყველას შეგახსენოთ, რომ თქვენ ასევე იღებთ ფულად პრემიებს. ეს არის მატერიალური წახალისება იმისთვის რასაც აკეთებთ.

მე ვფიქრობ, რომ ეს მნიშვნელოვანია, მით უმეტეს, რომ შეიძლება ბევრი თქვენგანი არის ოჯახებიდან, რომლებსაც არ ულხინს.

ასევე მინდა დავაჯილდოვო ბექა აროშიძე, ის არის "ეტალონის" ორგზის ფინალისტი და სხვა უამრავი კონკურსის გამარჯვებული. ვფიქრობ ის ჩემზე ბევრად უფრო ცნობილი კაცია საქართველოში.

აქ მოვიდნენ ჩემი ძველი მეგობრები, სვეტლანა კირაკოსიანი ახალციხის მეორე საჯარო სკოლიდან - ამას წინათ თქვენ ნახეთ როგორ კითხულობდა ვეფხისტყაოსანს. მინდა მას გადავცე კომპიუტერი. მან ძალიან კარგი შედეგები აჩვენა ოლიმპიადაზე და ამასწინათ მართლა მომხიბლა თავისი დახვეწილი მეტყველებით. სვეტამ მოახერხა, რომ იყოს კარგი მოსწავლე და საქართველოს დიდი პატრიოტი.

დიდი მადლობა აიზა მამედოვას, გარდაბნის მესამე საჯარო სკოლიდან.

მუღალოს საჯარო სკოლის მოსწავლე რაულ ნახარამოვი.

ყოჩაღ ბავშვებო!

თქვენ უნდა მოგბაძონ თანატოლებმა. ამდენი ლამაზი, განათებული სახე ამ ოთახში არ შემოსულა არასდროს.

თქვენ შემოხვედით აქ, როგორც სტუმრები და, დარწმუნებული ვარ, როდესმე ერთ-ერთი თქვენგანი აქ შემოვა როგორც ამ სასახლის მასპინძელი და საქართველოს მთავრობაში ნებისმიერ თანამდებობას დაიკავებს. თუმცა თანამდებობას მნიშვნელობა არა აქვს - მთავარია იყოთ წარმატებული.

თითოეული თქვენგანის წარმატება საქართველოს წარმატება და საქართველოს მომავალი.

დიდი მადლობა, ასე გააგრძელეთ!




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (11)
2012 (12)
2011 (12)
2010 (12)
2009 (12)
2008 (12)
2007 (12)
2006 (12)
2005 (11)