Google+

რელიზები

16.06.2010
საქართველოს პრეზიდენტი თბილისის საკრებულოს ახლად არჩეულ წევრებსა და მერს შეხვდა

მივესლმები თბილისის პირდაპირი წესით პირველად არჩეულ თბილისის მერს.

ეს ჩვენთვის იმდენად ახალია, რომ ალბათ გიგისაც ხშირად ავიწყდება, მაგრამ ჩვენს ისტორიაში ძალზე მნიშვნელოვანი მოვლენაა.

ჩვენს თვალწინ გაიზარდა თბილისის კონკრეტული მერი გიგი უგულავა, მოერგო იმ თანამდებობას, რომელზეც ის 5 წლის წინათ დაინიშნა.

მან გაიაზრა და გაითავისა რამდენად რთულია მძიმე სოციალური პრობლემების მქონე ქალაქის მართვა, ინფრასტრუქტურული და სოციალური პრობლემების გადაწყვეტა. ჩვენ ეს ხალხმა დაგვაკისრა და სხვა გამოსავალი არ გვაქვს.

მივესალმები უმრავლესობის წარმომადგენლებს - საკრებულოს თავჯდომარეს, რომელმაც ღირსეულად ატარა ეს თანამდებობა რამდენიმე წლის განმავლობაში.

მივესალმები თბილისის საკრებულოს ძალზე სიმპატიურ ახალ შემადგენლობას.

ეს ვრცელდება ოპოზიციის წარმომადგენლებზეც, იმ ხალხზე, რომელიც ჩაჯდა თამაშის იმ წესებში, რომელსაც ქართული დემოკრატია და საქართველოს სამსახური ჰქვია, მიუხედავად იმისა, როგორი განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებებიც არ უნდა გვქონდეს.

მართლაც მიღწევაა, რომ თბილისს ამ დონის, ასეთი მაღალი კვალიფიკაციის მქონე და პროფესიონალური კადრებით დაკომპლექტებული  საკრებულო ჰყავს.

აქ ვხედავ სხვადასხვა სფეროს ძალზე ცნობილ სპეციალისტებს, რომლებმაც დიდი გზა გაიარეს და დიდი დამსახურება აქვთ. შესაძლოა, ისინი მეტსაც იმსახურებენ, მაგრამ საკუთარი ქალაქის ბედზე მუშაობა, მშობლიური ქალაქის მშენებლობაში აქტიური მონაწილეობა და მისი მთავარი საბჭოს - საკრებულოს წევრობა  პატარა თანამდებობა არ არის.

ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ თბილისი ძალზე მნიშვნელოვან ეტაპზე იმყოფება.

თბილისს ჰქონდა აღმშენებლობის ორი ეტაპი.

პირველი იყო მე-19 საუკუნის მეორე ნახევარში, როდესაც ვორონცოვმა დაიწყო მისი მშენებლობა და შემდეგ სხვა მეფისნაცვლებმა გააგრძელეს.

მეორე ეტაპი კი, დაახლოებით, 30-იანი წლების დამლევიდან იწყება და, რამდენად პარადოქსულიც არ უნდა იყოს, ლავრენტი ბერიას სახელს უკავშირდება. ამ დროს შეიქმნა თბილისის სანაპიროები, გერმანელი ტყვეებს ააშენებინეს ახალი შენობები, რომლებიც მარჯანიშვილის მოედანსა და რუსთაველზე ახლაც დგას.  

ამის შემდეგ სერიოზული ცვლილება თბილისში, თუ არ ჩავთვლით იმას, რომ დედაქალაქს შეემატა გარეუბნები, რომლებშიც ძალიან დაბალი ხარისხის პირობები იყო საცხოვრებლად, რეალურად, არაფერი არ მომხდარა. 

დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ, აღმშენებლობა და ცვლილებები პირველად რამდენიმე წლის წინათ დაიწყო და თქვენი შემადგენლობისა და გიგის მერობის პირობებში უნდა გაგრძელდეს.

ჩვენ ვთქვით, რომ, უწინარესად, თბილისი უნდა იყოს ყველაზე კომფორტული საცხოვრებელი ქალაქი მისი მცხოვრებლებისთვის.

თბილისი არ არის მხოლოდ შენობები, ქუჩები, აბრები და ფასადები. თბილისი თბილისელების - მრავალეთნიკური მოსახლეობის ქალაქია, რომელსაც ძალიან ბევრი პრობლემა აქვს.

ზაალ სამადაშვილი ამბობდა: მეგონა ვიცოდი რა არის გაჭირვება, მაგრამ ვერც კი წარმოვიდგენდი იმას, რაც წინასაარჩევნო პერიოდში ვნახეო.

აქ ხართ მაჟორიტარები, რომლებმაც საკუთარი თვალით ნახეთ ის პრობლემები, რომლებიც თბილისისა და თბილისელების წინაშე დგას.

თბილისში დგას ისეთი დაქანებული კორპუსები, რომ ხალხს საწოლები ”ბოლტებით” აქვს დამაგრებული და დილას ფრთხილად დგება, რომ არ წაიქცეს.

მთელი ბავშვობა გვაღელვებდნენ იმაზე, რომ პიზის კოშკი, რომელშიც ხალხი არ ცხოვრობს, წაიქცეოდა, არადა ნუცუბიძის პლატოსა და ვარკეთილში, ასევე ქალაქის ათეულობით სხვა ადგილზე გვაქვს მსგავსი შენობები, რომლებშიც ხალხი რეალურად ცხოვრობს. 

ეს ასობით მილიონი ლარის პრობლემაა, რომელიც ადვილად მოსაგვარებელი არ არის.

4-5 წლის წინათ გიგისთან ერთად ღამე ხშირად დავდიოდი-ხოლმე თბილისის ქუჩებში და შევესწარით როგორ ასხამდნენ მიწაყრილზე პირდაპირ ასფალტს, რათა შევარდნაძისთვის ჩაებარებინათ. იგივე გააკეთა 90-იან წლებში თბილისის მერიამ გლდანში. ამ ხარვეზების გამოსწორება ბევრად უფრო ძნელი იყო, ვიდრე თავიდან გაკეთება...

აქედან გამომდინარე, ხალხს ბევრი კონკრეტული პრობლემა აქვს და ძალიან მძიმე დღეში არიან. 

როცა კომფორტულ ქალაქზე ვლაპარაკობთ, უწინარესად, ქალაქის შეცვლილ გეოგრაფიასა და სატრანსპორტო ინფრასტრუქტურას ვგულისხმობ.

ჩვენ გვინდა, რომ თბილისი იყოს ყველაზე სწრაფი მოძრაობის ქალაქი რეგიონში.

მაგალითად, ბაქოში ძალიან ბევრი ახალი ესტაკადა გაკეთდა და ეს ჩვენთვის ჯანსაღი კონკურენციაა.  

ქალაქის მერის ინიციატივით, თბილისის ცენტრში აშენდა ახალი ესტაკადა. გაკეთებული მხოლოდ მესამედია, მაგრამ ხალხი უკვე იყენებს ამ გზას და ცდის საკუთარ ავტომანქანებს.

სხვათა შორის, როდესაც მესამე მასივსა და ვაზისუბანში დავიწყეთ გზების დაგება, ბაიკერებმა და რალისტებმა საოცარი სიჩქარით დაიწყეს ქუჩებში მოძრაობა და მოსახლეობის დაჟინებული მოთხოვნით ბარიერები გავაკეთეთ.

უპირველესად, უნდა დავასრულოთ ახალი ესტაკადა. მეორე, ჩვენ გვჭირდება ახალი ხიდები, არა მხოლოდ ფეხით მოსიარულეთათვის, არამედ საავტომობილოც.

ხიდი, რომელიც კეთდება ”ვეფხი და მოყმეს” ძეგლთან, უნდა იყოს ყველაზე დიდი საავტომობილო ხიდი თბილისში. ამ საკითხზე მუშაობას მომავალ წელს ვიწყებთ. რეალურად, თბილისში იქმნება ახალი სანაპირო, რომლის მეშვეობით განიტვირთება ქალაქი და კახეთის გზატკეცილზე შევძლებთ პირდაპირ გასვლას.

ეს გზები ცენტრის გეოგრაფიას, პრაქტიკულად, ცვლის.

ძალზე მნიშვნელოვანი პროექტი ხორციელდება დავით ნინიძის ხელმძღვანელობით - აღმაშენებლის გამზირი მთლიანად აღდგება და ყოფილი ”პლეხანოვი” განსაკუთრებული უბანი გახდება. 

არქიტექტურის მხრივ, თბილისის კონკურენტი იყო პეტერბურგი და მოსკოვი და ასეთი საინტერესო შენობებით, სხვა ქალაქი არ არსებობდა.

როგორც კი გზა სანზონის გასწვრივ რკინიგზის ადგილზე გადავა, შეგვეძლება ყოფილი პლეხანოვი ვაქციოთ ფეხმავალ ზონად, სადაც იქნება თეატრები და კაფეები. ამით შეიცვლება კულტურის, ტურიზმისა და გართობის გეოგრაფიაც. შეიცვლება ასევე ინდუსტრიის გეოგრაფიაც, რადგან ტურიზმი ჩვენთვის საექსპორტო პროდუქტია.  

ყოველივე ეს ჩვენი ხალხის კეთილდღეობისთვის კეთდება.

ძველი თბილისი, რიყე და აღმაშენებლის გამზირი ხდება მნიშვნელოვანი ცენტრი. თბილისს გაუჩნდება მრავალკილომეტრიანი უმაღლესი კლასის ტურისტული, გასართობი, დასასვენებელი ცენტრი, რომლითაც აუცილებლად ვიამაყებთ.

ეს არის ჩვენი კულტურული მემკვიდრეობა. ეს არის უნიკალური ცვლილებები ჩვენი ქალაქის განვითარების თვალსაზრისით.

ქალაქის მერს ბევრი რამ მოუგონეს და მათ შორის, ერთ-ერთი იყო ის, რომ თურმე ხეებს ჩეხავს. ახალი ესტაკადის მშენებლობისას ამის თაობაზე განსაკუთრებით აქტიურობდნენ ყოფილი მაღალჩინოსნები. შევარდნაძის დროს, თურმე, არაფერი გაუჩეხავთ. ამაზე ამ ხალხს ხმა არ ამოუღია.

რეალურად, რამდენიმე ახალი მნიშვნელოვანი პარკი შემდება.

ზოოპარკი გადადის გადადის თბილისის ზღვის ტერიტორიაზე და მის ადგილზე მივიღებთ უზარმაზარ გამწვანებულ ადგილს. ატენისა და ხილიანი ქუჩებს შორის გვექნება უზარმაზარი გამწვანებული პარკი. 

თუ ადრე მზიური იჭრებოდა ყველა მხრიდან და გვიგონებდნენ, რომ ჩვენ დავიტაცეთ მიწები, ახლა იქ, დაახლოებით, 8-ჯერ მეტი ტერიტორია იქნება პარკის გასაშენებლად.

მთაწმინდის პარკის გაყოლებაზე კუს ტბამდე შეგვიძლია გავაკეთოთ რეკრეაციული ზონა ველოსიპედის სავალი გზებით. ეს იქნება მეორე პარალელური გამწვანებული ინფრასტრუქტურა ქალქის ცენტრში.

გიგის ინიციაივით და აშშ-ს საელჩოს დახმარებით, შექმნილია ფეხით მოსიარულეთა გზები, რომლებიც დიდი პოპულარობით სარგებლობს საზოგადოებაში.

მესამე გამწვანებული ზოლი იქნება რიყეზე, სადაც ჩვენ ვიმყოფებით და მეოთხე ზოლი - თბილისის ზღვაზე, სადაც ქალაქის მერს აქვს ინიციატივა, გაკეთდეს ბათუმის ტიპის ბულვარი. აქ ხალხი მივა იმისათვის, რომ ზღვის ინფრასტრუქტურით ისარგებლოს.

თბილისში გაჩნდება რამდენიმე დიდი ახალი ზონა.

ამის გათვალისწინებით, როდესაც ლაპარაკია სპორტულ ობიექტებზე და იცით, რომ თბილისში გაკეთდა რამდენიმე ასეული სათამაშო მოედანი და სხვადასხვა სპორტული ობიექტი, უნდა ითქვას, რომ გიგი უგულავას აქვს ახალი, ძალიან საინტერესო ინიციატივა, წყნეთის ზემოთ, კიკეთზე სათხილამურო ტრასის გაკეთება.

არაჩვეულებრივი იქნება, რომ თბილისს ჰქონდეს საკუთარი სათხილამურო ტრასა იმ ადგილას, სადაც წელიწადში ორი-სამი თვე მაინც დევს თოვლი. ასევე შესაძლებელია ხელოვნური სათხილამურო ტრასის შექმნა იქვე, რათა უთოვლობის პერიოდშიც იყოს შესაძლებელი თხილამურებით სრიალი. ეს მხოლოდ დუბაიში კი არა, ჩვენი რელიეფის გათვალისწინებით, აქაც სავსებით შესაძლებელია.  

ამას გარდა, უამრავი ახალი სპორტული დრაბაზი შენდება. ყველა სკოლაზე ავიღეთ ინიციატივა, რომ ჰქონდეს სპორტული დარბაზი. საცურაო აუზებზე ვმუშაობთ ძალიან ბევრს - უკვე გაიხსნა და კიდევ ბევრი აუზი გაიხსნება. ცხოვრები ხარისხი სწორედ ეს არის. კეთდება ფეხბურთისა და რაგბის სტადიონები. ხელოვნური საციგურაო მოედნები

არ მოველოდი თუ მესტიაში ამდენი ბავშვი ისრიალებდა ყინულზე, როდესაც მოედანს ვაშენებდით. არადა, ბავშვები ზედ არიან დაწეპებულები.

როდესაც "გარაჟებს" ვანგრევდით, ყველას ეწყინა და კინაღამ რევოლუციაც მოხდა, მაგრამ გაბედული ნაბიჯი გადავდგით. მოედნები გავაკეთეთ და გავანათეთ, იქიდან ბავშვები ღამის 2-3 საათამდე თამაშობდნენ. ეს იმად ღირდა, რომ "გარაჟების" უკან დამალული ბავშვები, ნარკოტიკებისგან და ათასგვარი უბედურებისგან რომ გადაგვერჩინა.

პირადად მე არ ვიცი არც ერთი პოსტსაბჭოთა ქალაქი, არადა ყველგან ვიყავი ბოლო წლების განმავლობაში, სადაც ამდენი სპორტული მოედნისა და ობიექტის მშენებლობა მიმდინარეობს ზოგადად ხალხისთვის. საქართველო მთელ ევროპაში გამოირჩევა იმით, რომ ჩვენ ბევრ საჯარო სივრცეს ვაძლევთ ხალხს საერთო მოხმარებისთვის. ჩვენი ამოსავალი წერტილია ის, რომ ბევრი საჯარო სივრცე შეიქმნას, რათა ხალხს ჰქონდეს რეალური პერსპექტივისა და კომფორტული ცხოვრების განცდა.

მნიშვნელოვანია ტრანსპორტის სფეროს განვითარება.

იცით, რომ ვაპირებთ მეტროპოლიტენის  მშენებლობის დასრულებას. ალბათ გახსოვთ, რუსეთიდან წამოგვაძახეს, ქართველებმა ააშენეს მოსკოვის მეტროო - ეს მართალია. იმის გამო, რომ აქ საქმე შეჩერდა გვირაბშენის სპეციალისტები წავიდნენ სამუშაოდ რუსეთში. ეს ხალხი უკან უნდა დავაბრუნოთ.

ასევე ახალი დანიშნულება უნდა მივცეთ მატარებელს, რომელიც აერტოპორტში მიდის.

იმედი მაქვს, რომ რამდენიმე თვის შემდეგ ვაპირებთ ახალი, ჩქარი ტრამვაის პროექტი დაწყებას, თუმცა ეს მრავალწლიანი პროექტია. თბილისში ისეთი რამ უნდა გავაკეთოთ, როგორიც  ევროპის ქალაქებშია. ტრამვაი ყველაზე უსაფრთხო, სწრაფი და ეკოლოგიურად სუფთა ტრანსპორტია და ის თბილისშიც უნდა დადიოდეს. ეს უნდა იყოს მოდერნიზებული ტრანსპორტი, როგორც დადის სტრასბურგში, ბორდოში და არა ისეთი, როგორიც ადრე გვქონდა, რომლის რეაბილიტაცია შეუძლებელი იყო. ეს მრავალ ასეულ მილიონიანი პროექტია, რისთვისაც საერთაშორისო ფინანსურ ორგანიზაციებთან უნდა ვიმუშავოთ.

თქვენ იცით, რომ ტრანსპორტის აღორძინება გიგი უგულავას მერობის და წინა საკრებულოს მუშაობის პერიოდში მოხდა. მაშინ დადიოდა ბევრი სამარშრუტო ტაქსი, მაგრამ სხვა ტრანსპორტი, ფაქტობრივად, არ დადიოდა. დღეს ბევრად უფრო მეტი ავტობუსი დადის, ვიდრე კომუნისტების დროს დადიოდა. ბევრს გვაკრიტიკებდნენ შუქნიშნებთან დაკავშირებითაც, მაგრამ ამან იმუშავა და ბევრად უფრო გაუმჯობესდა ქალაქში ტრანსპორტის მოძრაობა.

გზების უსაფრთხოებისთვის ჯერ კიდევ ბევრია გასაკეთებელი.

ჩვენ შევეჩვიეთ იმას, რომ თბილისი ბევრად უფრო უსაფრთხო ქალაქი გახდა. კარგად მახსოვს, რომ 90-იანი წლების დასაწყისში სახლიდან გასვლა და დაბრუნება არ იყო გარანტირებული; პაემანზე თუ მიხვიდოდი და გოგონას სახლში მიაცილებდი ან მოხვიდოდი უკან ან - არა;  პოლიცია თავად იყო საფრთხის შემცველი და  ვერც სთხოვდი ვერაფერს; ჩვენს თვალწინ ხდებოდა გახმაურებული მკვლელობები და ა.შ. ეს დრო წარსულს ჩაბარდა.

იცით ბოლო ისტორია, როდესაც კოლუმბიის მაფიამ აქ ვიღაცეებს შეუკვეთა მკვლელობა და ხელი მოეცარათ, რადგან საქართველოში დიდი ხანია არც შეკვეთილი მკვლელობები ხდება და არც ხალხის გატაცებაა შესაძლებელი.

ველაპარაკე შშ-ს ხელმძღვანელობას, სამჯერ უნდა გაიზარდოს კამერების რაოდენობა თბილისში. თბილისი კიდევ უკეთესად უნდა გავანათოთ და ყველგან უნდა იყოს ვიდეო-თვალი და კამერა, რათა ვევავინ ვერაფერი მსგავსი ვერ გაბედოს.

მანდატურები, რომლებიც არიან სკოლაში და ბევრი სხვა ინსტრუმენტი უნდა დავნერგოთ, რომ ეს იყოს აბსოლუტურად უსაფრთხო ქალაქი, რათა პრაქტიკულად აღარ ხდებოდეს არც წვრილმანი და არც მსხვილი დანაშაული.

სრულებით შესაძლებელია იმის მიღწევა, რომ თბილისი დანაშაულისგან ყველაზე თავისუფალი ქალაქი გახდეს ევროპის მასშტაბით. ამას გნებავთ ნულოვანი ტოლერანტობა დაარქვით, გნებავთ სხვა რამ. 

ტელევიზიით ხშირად ამბობენ, რომ ნახე რა საშინელებას ამბობს, ნულოვანი ტოლერანტობა დანაშაულის მიმართ. დიახ, დანაშაულის მიმართ ნულოვანი ტოლერანტობა ინდა იყოს.

პოლიციასთან შეტაკებაში დაღუპულ კრიმინალებს ჩვენ დროს ძეგლს ვერავინ დაუდგამს თბილისში. კრიმინალების მიმართ რომანტიკული დამოკიდებულება ვერ გვექნება. არსენა მარაბდელის ძეგლი გვეყოფა ერთი.

ერთხელ და სამუდამოდ, ყველამ კარგად უნდა დაიმახსოვროს, რომ თანამედროვე კრიმინალებს საქართველოში ძეგლს ვერავინ დაუდგამს.

ძალიან ბევრი სპეციალისტი იქნებით საკრებულოში და საკამათო ბევრი გვექნება  არქიტექტურაზე, პროექტებზე, ქალაქის განვითარებაზე. თბილისში 24 საათიანი წყალმომარაგება უნდა იყოს, მაგრამ ეს რთული პროცესია. კომერციული ურთიერთობა უნდა დავამყაროთ თბილწყალკანალთან.

თბილისში ”სხვათაშორის” შენობები აღარ უნდა აშენდეს და ვერც აშენდება. იცით, რომ რამდენიმე დიდი უნივერმაღი შენდება და მათი დასრულება ძალზე მნიშვნელოვანია. ერთ-ერთი ყველაზე დიდი უნივერმაღი თბილისის შესასვლელთან შენდება, ორი დიდი უნივერმაღის აშენებას აპირებს ”ფორუმი” რუსთავის მიმართულებით და ამ თემაზე ამ დღეებში გაიმართება მოლაპარაკება. 

ასევე თბილისი-რუსთავის დამაკავშირებელი ავტობანი შენდება. ამით თბილისი და რუსთავი, პრაქტიკულად, ერთმანეთის სატელიტები ხდება. ასევეა თბილისი და გორი, თბილისი და თელავი. ამ ავტობანების შედეგად თბილისი, გარკვეულწილად, ფართოვდება.

ყველა მიმართულებით შენდება ავტობანები, მათ შორის, თბილისი-ბათუმის ავტობანი და  დარწმუნებული ვარ, მომავალში თბილისსა და სოხუმს შორისაც აშენდება.

ყველაფერს სჭირდება არქიტექტურული მეთვაყურეობა, რათა ყველა ახალი შენობა იყოს მაღალი კლასის და შეგვეძლოს ვიამაყოთ თითოეული მათგანით.

მიკვირს, რომ ის ხალხი გვაკრიტიკებს-ხოლმე ყველაზე მეტად, ვისაც არა მხოლოდ თითი თითზე არ დაუდია ქალაქის გასალამაზებლად, არამედ აქტიურად უტირა დედას ქალაქის იერსახეს.

ამას წინათ, წავიკითხე იმ არქიტექტორის საშინელი ლანძღვა ახალი ხიდის მისამართით, რომელმაც თაბუკაშვილის ქუჩაზე მდებარე 12 სართულიანი სახლი-სიმახინჯე ააშენა. გიგი უგუალავს თუნდაც ამ შენობის დანგრევის გამო უნდა დაუდგან ძეგლი.

ამ არქიტექტორს თავხედობა აქვს, გამოვიდეს და თქვას: ქალაქს ანგრევენ ესენიო.

ეს არის განსხვავება კორუმპირებულ, ძველ ჩაშმორებულ ელიტასა (რომელსაც ყველაფერი ფეხებზე ეკიდა, ოღონდ კი კორუმპირებულად ნაშოვნი ფული მიეტანა სახლში) და იმ ხალხს შორის, ვისაც საქართველო და თბილისი უყვარს.

მართლაც, იმას, რაც დღეს კეთდება თბილისში - კალასა და რიყეზე, ყოფილ პლეხანოვზე, გზების მხრივ, კულტურული ცენტრების შექმნისა და მუზეუმების აღორძინების თვალსაზრისით, ქალაქის ინფრასტრუქტურასთან დაკავშირებით, მოაქვს კარგი განწყობა, მეტი ინვესტიცია, ტურიზმი, მეტი შემოსავალი და უკეთესი ცხოვრება ჩვენი მოქალაქეებისთვის.

ის, ვინც ისტერიულად ყვირის ”დაგვიბრუნეთ ღირსება”, სინამდვილეში, ითხოვს ისევ ქრთამის აღებ-მიცემობის ინსტიტუტის დაბრუნებას გარაჟების მშენებლობისთვის, არქიტექტურული პროექტების განხორციელებითვის, მკვლელებისა და ყაჩაღების ციხიდან გამოშვებისთვის და სხვა.

ამ ვითომ ღირსების დაბრუნების მოსურნეებს, ვერ შევალახინებთ საქართველოსა და თბილისის სიამაყეს.

ეს ჩვენმა ამომრჩეველმა კარგად აჩვენა ბოლო არჩევნებზე. ჩვენს ხალხს ძალიან უჭირს, მაგრამ მათ საოცარი მოწიფულობა გამოიჩინეს. ამდენი გაჭირვების ფონზე ადამიანები რომ არ წამოეგენ ტყუილ დაპირებებს, ეს მათი სიბრძნის ნიშანია.

ხალხი მიხვდა, რომ ერთმანეთს ეჯიბრებიან ვიღაც-ვიღაცები, რომლებიც ფუჭ დაპირებს იძლევიან და ხალხი, რომელიც ცოტას ჰპირდება, მაგრამ ბევრი აქვს გაკეთებული.

მინდა, თქვენი საკრებულო ისტორიაში შევიდეს, როგორც იმ ადამინთა ჯგუფი, რომელმაც წინასაარჩევნო დანაპირებზე 10-ჯერ მეტი გააკეთა. ეს არის ჩვენი მუშაობის სტილი.

კიდევ ერთხელ გილოცავთ ამ დიდ წარმატებას, მინდა წარმატება ვუსურვო ქალაქის მერს და აღვნიშნო, რომ შევნატრი მას, რადგან ასეთი დონის საკრებულოში უწევს მუშაობა.

ვფიქრობ, ეს არა მარტო რეგიონში არამედ ევროპის მასშტაბით ყველაზე საუკეთესო საკრებულოა ინტელექტის დონის თვალსაზრისით.

ვიცი, რომ ყველას გაქვთ საყვარელი საქმე - თქვენი პროფესიები,  მაგალითად, ზაზა სიანურიძე ყველაზე კარგ საქმეს აკეთებს - ბავშვების დაბადებას ემსახურება, მაგრამ მინდა აქტიური დახმარება გთხოვოთ ჩაერთოთ ახალი თბილისის დაბადებისა და ფეხზე დაყენების საქმეში.

ეს არის ჩვენი საერთო ამოცანა.

დიდი მადლობა.




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (11)
2012 (12)
2011 (12)
2010 (12)
2009 (12)
2008 (12)
2007 (12)
2006 (12)
2005 (11)