Google+

რელიზები

17.09.2010
საქართველოს პრეზიდენტმა თელავის თეატრის რეაბილიტირებული შენობა მოინახულა

საქართველოს პრეზიდენტმა თელავის დრამატული თეატრის გარემონტებული შენობა მოინახულა. მიხეილ სააკაშვილმა აღნიშნა, რომ თელავის კულტურული კერა უნდა აღდგეს. მისი თქმით, ამის პირობა თელაველებს სწორედ ამ თეატრის დარბაზში მისცა. პრეზიდენტის განცხადებით, უნდა აღორძინდეს სიმფონიური ორკესტრი და მუსიკალური სკოლა, რადგან ამ მხრივ, თელავში საკმაოდ დიდი რესურსია და დასაქმების საშუალება ადგილობრივებს ამ მიმართულებითაც უნდა მიეცეთ.

„თელავი ყოველთვის საქართველოს მთავარ კულტურულ ცენტრს წარმოადგენდა. ეს თეატრი სწორედ ამის სიმბოლო იყო. ჯერ კიდევ ოპოზიციაში ყოფნის დროს აქ ვმართავდით წინასაარჩევნო შეხვედრებს და ხშირად არც გვიშვებდნენ-ხოლმე. ეს შენობა იყო განადგურებული, ჩამოხეული, ფანჯრებჩამტვრეული, გაყინული... მახსოვს პალტოებიანი ხალხი დარბაზში. ამის აღორძინება უნდა მოხდეს გომბორის გზასთან ერთად, რომელიც ოქტომბრის დასაწყისში გაიხსნება. ამ თეატრში უნდა აღდგეს მუსიკალური ფესტივალი. რამდენადაც ვიცი მუსიკალური სასწავლებლის შენობა ძალზე მძიმე მდგომარეობაშია. მუსიკალური სასწავლებელი უნდა აღვადგინოთ აუცილებლად. უნდა შევქმნათ სიმფონიური ორკესტრი, რადგან ძალიან ბევრი მუსიკოსია დაუსაქმებელი, რომლებსაც პერიოდულად ვხვდები. დავაფინანსებთ სიმფონიურ ორკესტრს, სახალხო ანსამბლებს, ფოლკლორს, ცეკვას და მუსიკალურ სასწავლებელს. ეს ძალზე მნიშვნელოვანი ცენტრია, მით უმეტეს, რომ ახალი გზით თბილისიდან მხოლოდ 50 წუთის სავალზეა. თელავში ძალზე განათლებული და კარგი ხალხი ცხოვრობს, მათ სწორედ ამ დარბაზში დავპირდი თელავის აღორძინებას. ეს აღორძინების მხოლოდ პირველი ნიშნებია, შემდეგ ამ ქალაქში სერიოზული მოდერნიზაცია უნდა მოხდეს. კახეთის მსგავსი ტურისტული პოტენციალი, საქართველოში არც ერთ მხარეს არა აქვს. თუმცა ეს მხოლოდ პოტენციალია და მას რეალიზაცია სჭირდება", - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

თელავის თეატრი 80-იან წლებში აშენდა და სარესტავრაციო სამუშაოები მას პირველად ჩაუტარდა, რისთვისაც თანხა ადგილობრივი და ცენტრალური ბიუჯეტიდან გამოიყო. თეატრში დამონტაჟდა გათბობის სისტემა, შეკეთდა შიდა ფასადი და გაკეთდა საორკესტრო ორმო, რაც იმის შესაძლებლობას იძლევა, რომ თეატრმა საოპერო სპექტაკლებსაც უმასპინძლოს.   




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (11)
2012 (12)
2011 (12)
2010 (12)
2009 (12)
2008 (12)
2007 (12)
2006 (12)
2005 (11)