Google+

რელიზები

22.10.2010
საქართველოს პრეზიდენტი მთავრობის ეკონომიკური გუნდის წარმომადგენლებს შეხვდა

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი დღეს ეკონომიკური და მდგრადი განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროების კოლეგიების გაერთიანებულ სხდომას დაესწრო. აღნიშნული სამინისტროების პირველმა პირებმა და სხვა წარმომადგენლებმა გაწეული სამუშაოების შესახებ ანგარიში პრეზენტაციების სახით წარმოადგინეს. პრეზიდენტი ამ უწყებების სამოქმედო გეგმასა და პრიორიტეტულ მიმართულებებსაც გაეცნო. პრეზიდენტმა მინისტრებს ახალი დავალებებიც მისცა.

„საქართველო არის ქვეყანა, რომელშიც უამრავი გაჭირვებული ადამიანი ცხოვრობს. როდესაც მთავრობაში მოვედით, სიღარიბის მასშტაბი 50 პროცენტზე მეტი იყო. ჩვენი თანამოქალაქეების ნახევარი სიღარიბის ზღვარს მიღმა ცხოვრობდა. დღეს ეს მაჩვენებელი 19-20 პროცენტია. თუმცა სიღარიბის სტრუქტურა შეიცვალა - თუ ადრე ამ ადამიანებს არც დაზღვევა ჰქონდათ და არც სოციალური და სხვა სახის დახმარება, დღეს მილიონი ადამიანია დაზღვეული; პირადად მინახავს უამრავი ადამიანი, რომელსაც ოპერაცია გაუკეთეს, წამალი გამოუწერეს, უფასოდ უმკურნალეს სამედიცინო დაზღვევის ხარჯზე, ბევრი სოციალურ დახმარებას იღებს. ჩვენ ძალიან კარგად ვიცით, რომ ამ სოციალურად დაუცველი ადამიანების გარდა, საქართველოში უამრავი პენსიონერი, უბრალოდ დაბალშემოსავლიანი ადამიანი ყოველდღიურად იბრძვის არსებობისათვის. ყოველდღიურად არსებობისთვის ბრძოლა ნიშნავს იმას, რომ არ იცი, სახლში მიმავალს შეგეძლება თუ არა ბავშვებს საჭმელი მიუტანო; გექნება თუ არა ფული, რომ მათ სახელმძღვანელო უყიდო და  სკოლაში გაუშვა;  გაქვს  თუ არა სამედიცინო მომსახურების დაზღვევა; შეძლებ თუ არა ელექტროენერგიის,  გაზის გადასახადის  გადახდას. ერთი სიტყვით, როდესაც მსოფლიო ბაზარზე ფასები იცვლება, ვთქვათ, ხორბალზე, ფქვილზე, წიწიბურაზე, შაქარზე და ასეთ პროდუქტებზე, ისეთ შემოსავლის მქონე ქვეყნის მოსახლეობას, როგორიც საქართველოს აქვს, ძალზე აზარალებს. ამ პირობებში ხალხი, ერთი მხრივ, ხედავს ყოვლედღიურ პრობლემს და მეორე მხრივ, იმას, რომ ვიწყებთ დიდი ანძების, ავტობანის, სხვადასხვა ტურისტული ობიექტების მშენებლობას, სანაპირო ზოლის მოწყობას, სიღნაღის ბოტიფიკაციას, მცხეთის ხელახლა აღდგენას, და, რა თქმა უნდა, ბუნებრივიცაა, რომ ხალხს უჩნდება შეკითხვა: რა დროს შუშის ხიდია თბილისში ან რა დროს ოქროს ქვიშის დაყრაა ბათუმში, ან  "ეიფელის" ეკვივალენტის აშენებაა დღეს საქართველოში, როდესაც მშია. თუ ფული არის, ის ისევ ხალხისთვის უნდა დაიხარჯოს. ეს არის მთავარი, რაც ჩვენ ყველამ უნდა გავიაზროთ - საბოლოოდ, ყველა ჩვენი  ინვესტიცია, ჩვენს მიერ ჩადებული მთელი ფული  გამიზნულია იმისთვის, რომ ხვალ უფრო მეტი ფული შემოვიდეს. თუ დღეს, მაგალითად, 100 მილიონი გვაქვს, ჩვენ შეგვიძლია ეს თანხა, გაჭირვებულებს დავურიგოთ და დავამატოთ იმას, რასაც ისინი იღებენ. მაგრამ ეს ფული ზუსტად ორ თვეში შეიჭმება და საქართველო ხვალ საერთოდ შემოსავლის გარეშე დარჩება.

„საიდან მოდის ჩვენი შემოსავლები? ეს არის ინვესტიციები, ეს არის ინფრასტრუქტურა, ეს არის ტურიზმი, ეს არის ჩვენ მიერ გამოშვებული პროდუქცია და ახალი ბიზნესები სოფლის მეურნეობის ან  სხვა დარგში, რომელიც შემდეგ ბაზარზე გაიყიდება და შემოსავალს მივიღებთ. შემდეგ ამ თანხიდან ბიუჯეტში შევა გადასახადები, რომელსაც დახმარების სახით მივცემთ გაჭირვებულს, სოციალურად დაუცველს, ავადმყოფს, მას, ვისაც მკურნალობის ფული არ გააჩნია. ბავშვებს ვაძლევთ კომპიუტერებს, ვაშენებთ სკოლებს, სხვადასხვა სოციალურ ობიექტებს. დარჩენილი ფული კვლავ უკან უნდა ჩაიდოს, რათა მეტი ბიზნესი,  მეტი შემოსავალი გვქონდეს, მეტი გადასახადი აიკრიფოს და შესაძლებელი იყოს ხალხისათვის მეტი დახმარების აღმოჩენა. ამიტომ ჩვენ ყოველთვის უნდა გვახსოვდეს, რომ ყველა ჩვენი გზა, თითოეული ტურისტი, ყველა ახლადგახსნილი ბიზნესი - სასტუმრო იქნება ეს, წისქვილკომბინატი, ღვინის ქარხანა, პატარა საწარმოო ობიექტი - ყველაფერი ეს ემსახურება ერთს -  კონკრეტული ადამიანების დასაქმებას. აქედან სახელმწიფო ბიუჯეტში შევიდეს შემოსავალი და ერთი მხრივ, ეს ბიუჯეტის შემოსავალი გადაუნაწილდეს ყველაზე გაჭირვებულებს და მეორე მხრივ, დაიხარჯოს განათლებაზე და ქვეყნის შემდგომ განვითარებაზე. ამიტომ ყველა ჩვენგანი, მთავრობის თითოეული წევრი ძალიან აქტიურია. იცით, რომ შენიშვნები მქონდა ეკონომიკის სამინისტროს მიმართ და პრაქტიკულად,  ამიტომ  გამოიცვალა სამინისტროს შემადგენლობა. ისეთ მთავრობის წევრს, რომელიც კაბინეტში "დევს" და ელოდება, როდის მიუტანენ რაღაც ქაღალდს, რომელსაც ან მოაწერს ხელს ან არა, ჩვენ ვერ ავიტანთ. ჩვენ გვჭირდება მთავრობა, რომელიც იქნება ვერცხლისწყალივით ისეთივე, როგორიც რამაზია (ნიკოლაიშვილი), ვერა (ქობალია) და თითოეული თქვენგანი - დღეს ერთ ადგილზე, ხვალ - მეორეზე და საკუთარი მაგალითის საფუძველზე ხალხს საშუალებას მისცემს, დაანახოს პერსპექტივა და როგორ კეთდება  საქმე. ქვეყნის პროპაგანდირებას  უნდა ეწეოდეს ყველა  - დაწყებული  პრეზიდენტით  და პრემიერ-მინისტრით, დამთვარებული თითოეული ჩვენი თანამშრომლით. ნამდვილად გამოვედი იმ ასაკიდან, რომ მზეზე კუნთები ვათამაშო, მაგრამ, რადგან ეს საერთაშორისო ამბებში გადის, გუშინწინ ზღვაში ჩავხტი და გავცურე იმის საჩვენებლად, რომ ზღვის კურორტების განვითარების პერსპექტივა გვაქვს - ზაფხულში ვიცურაოთ ზღვაში და თხილამურებით ვისრიალოთ მთებში", - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

პირველმა პრეზიდენტს ანგარიში ინფრასტრუქტურის მინისტრმა რამაზ ნიკოლაიშვილმა წარუდგინა და მიმდინარე სამუშაოების შესახებ ლაპარაკი სამცხე-ჯავახეთიდან დაიწყო. ამ რეგიონის 220 კილომეტრიან გზაზე სამუშაოების ბოლო ეტაპი მიმდინარეობს, ნოემბრის შუა რიცხვებში კი, წალკის გზის მშენებლობა დასრულდება.

რამაზ ნიკოლაიშვილმა ძალზე მნიშვნელოვან მაჩვენებლებზე გაამახვილა პრეზიდენტის ყურადღება და განაცხადა, რომ საგზაო სამუშაოებზე მთლიანობაში 22 ათასი კაცი დასაქმდა; ტექნიკას, რომელიც საგანგებოდ ბეტონის გზის დასაგებად უცხოეთიდან შემოიტანეს და ოპერირებას უცხოელი პროფესიონალები უწევდნენ, დღეს საკმაოდ მაღალი ხელფასის მქონე ქართველი სპეციალისტები ოპერირებენ; გაიხსნა ბეტონის 36, ხოლო ასფალტის  - 32 ქარხანა.

მიხეილ სააკაშვილმა აღნიშნა, რომ სამცხე-ჯავახეთის მიმართულებით გზის გაკეთებას დიდი მნიშვნელობა აქვს არა მარტო ინფრასტრუქტურული, არამედ პოლიტიკური თვალსაზრისითაც. პრეზიდენტის შეშფოთების მიზეზია ის, რომ უგზოობის გამო, ამ რეგიონის მოსახლეობა თითქმის სრულად იყო მოწყვეტილი დანარჩენ საქართველოს.

„ჯავახეთში კომპაქტურად არის დასახლებული ეთნიკურად სომხური მოსახლეობა - ქართველი სომხები, მაგრამ ის მთლიანად არის მოწყვეტილი დანარჩენ საქართველოს. ეს იმას ნიშნავს, რომ მათთვის ერევანში გადასვლა ბევრად უფრო მარტივი იყო იმის მიუხედავად, რომ შორს არის. პროდუქტიც მხოლოდ სომხეთში გადიოდა. რეალურად, იმის მოთხოვნა, რომ იქ ხალხს ქართული ესწავლა, პრაქტიკულად, არ გვქონია, მიუხედავად, იმისა, რომ ქართულის მასწავლებლებს იქ ჩასვლისა და ენის სწავლებისთვის ათას ლარს ვაძლევთ. აქედან გამომდინარე, ამას პოლიტიკური, ამ ხალხის ინტეგრაციის ასპექტი აქვს, რაც ძალზე მნიშვნელოვანია. ეკონომიკა არის მეორე საკითხი, რადგან ეს ადამიანები ჩვენი მოქალაქეები არიან.

„ეს არის საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე ღარიბი რეგიონი. ეს გზა და რკინიგზა, რომელსაც იქ ვაშენებთ, ჰიდრო ელექტროსადგურები, რომელთა მშენებლობაც დაიწყო და ახლების მშენებლობაც იწყება, ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობა, რომელიც ყოველივე ამას მოყვება, მნიშვნელოვანწილად მოხსნის არსებულ პრობლემას. ფარავანი, სადაც უკვე საათსა და 40 წუთში ჩავალთ, ტაბაწყური, საღამოს ტბა - ულამაზესი და სათხილამურო ტურიზმის ადგილებია. ასევე, მეცხოველეობის პროდუქტები, რომლებსაც ადგილობრივები აწარმოებენ, შეგვეძლება ქართულ ბაზარზე გადმოვიტანოთ. რეალურად, დაახლოებით, ასი ათასი ჩვენი თანამოქალაქე, მთელი ნინოწმინდა, ახალქალაქი და ახალციხე ქართულ ეკონომიკურ საერთო ფერხულში ჩაებმება. იმის გარდა, რომ პოლიტიკური ან სხვა რაიმე დაძაბულობის პრობლემები მთლიანად მოიხსნება, ეს ხალხი საკუთარ წვლილს შეიტანს ქვეყნის ერთიანი ეროვნული პროდუქტის გაზრდაში, ე.ი. თითოეული ქართული ოჯახის კეთილდღეობაში", - აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა.  

მიხეილ სააკაშვილმა მაგალითად მოიტანა თბილისში ახლახან გამართული ყველის ფესტივალი, რომელზეც მხოლოდ ჯავახეთიდან რამდენიმე ათეული ყველის ახალი სახეობა შემოვიდა. პრეზიდენტის თქმით, ეს ახალი გზის დამსახურებაცა, რადგან მოსახლეობას ძველის გახსენებისა და ახლის შექმნის სტიმული მიეცა.

პრეზიდენტმა ახალქალაქი-ყარსის რკინიგზის მშენებლობის თაობაზეც მოითხოვა ინფორმაცია და აღნიშნა, რომ ეს „ყველაზე დიდი სტრატეგიული მნიშვნელობის მქონე მშენებლობაა. ეს არის რკინიგზა, რომელიც ქართულ რკინიგზას ევროპასთან დააკავშირებს".

რამაზ ნიკოლაიშვილმა განაცხადა, რომ პროექტის განხორციელების პროცესში უნიკალური ნაგებობები აშენდება. 245 კილომეტრიანი რკინიგზის განძელები კი, საქართველოში დამზადდება, რაც იმას ნიშნავს, რომ რკინიგზის ღირებულების 70 პროცენტი საქართველოში დარჩება. თანაც, როგორც მინისტრმა აღნიშნა, საქართველოს უკვე აქვს აზიის გადამზიდავთა წინაპირობა  და რკინიგზის ექსპლოატაციაში გაშვებისთანავე ტვირთი ჩინეთიდან, აზიის ქვეყნებიდან ამ გზის საშუალებით იმოძრავებს. ამჟამად რკინიგზის მშენებლობაზე 3 ათას 400 ადამიანია დასაქმებული, ხოლო მომავალი წლიდან უფრო მეტი თანხა ჩაიდება და, შესაბამისად, დასაქმებულიც უფრო მეტი იქნება.

„ეს პოლიტიკური თვალსაზრისით, ნავთობსადენზე ათჯერ მეტი მნიშვნელობის პროექტია, რადგან ნავთობი ტვირთის მხოლოდ ერთი ნაწილია, ყველა დანარჩენი ტვირთი, რასაც ევროპა მოიხმარს, ამ გზას გაივლის. უნდა გავითვალისწინოთ, რომ მთელი ჩვენი პროდუქცია ევროპაში ამ გზით გავა. რკინიგზის ვაგონები სრულად დაიტვირთება და ეს იქნება პორტების ალტერნატივა, რომლებიც უკვე ძალზე გადატვირთულია", - აღნიშნა მიხეილ სააკაშვილმა.

ვიზუალური მასალების დახმარებით პრეზიდენტი ავტობანის მშენებლობის მიმდინარეობასაც გაეცნო. მთავარ გზას ურბნისის 15 კილომეტრიანი მონაკვეთი რამდენიმე დღეში დაემატება. რამდენიმე დღეში აჭარის შემოვლითი გზის მშენებლობა დაიწყება, ნოემბერში ზესტაფონი სამტრედიის გზა, რიკოთის განახლებული გვირაბი მომდევნო წლის ზაფხულში დაიწყებს ფუნქციონირებას. რამაზ ნიკოლაიშვილმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ მომავალი წლიდან ნამდვილი სამშენებლო ბუმი დაიწყება. მიხეილ სააკაშვილმა თელავი-გომბორის დამაკავშირებელი გზის მნიშვნელობაზეც ილაპარაკა.

„ახლახან კახეთში ვიყავით, ყვარლის ტბაზე, სადაც გაიხსნა ობიექტი. ის ობიექტი  რეალურად, თავისი პროდუქტების შესყიდვით, ინფრასტრუქტურით, ყველაფრით  რამდენიმე ასეულ ადამიანს ასაქმებს. გაიხსნა ლოპოტას ტბაც, რამდენიმე პატარა შატო და რამდენიმე საოჯახო სასტუმრო. იქვე არის ქვემოთ მინერალური წყლები... რამდენიმე ადგილით ინვესტორი დაინტერესდა, მაგრამ მათი რაოდენობა უნდა გავზარდოთ", - განაცხადა პრეზიდენტმა.

მიხეილ სააკაშვილი აეროპორტების მშენებლობის მიმდინარე სამუშაოებითაც დაინტერესდა. ეკონომიკის მინისტრმა მას პირდაპირი ეთერის საშუალებით აჩვენა თუ როგორ მიმდინარეობს მესტიის აეროპორტის მშენებლობა. ვერა ქობალიას განცხადებით, საძირკველი უკვე ჩაყრილია და მშენებლობას უამინდობაც ვეღარ შეუშლის ხელს. მიხეილ სააკაშვილი მიიჩნევს, რომ ეს პირველი ნაბიჯი იქნება ტურიზმის განვითარებისთვის. მთავარია ავიაკომპანიებს მესტიის მიმართულებით დღეში რამდენჯერმე ფრენის სტიმული მიეცეს.  პრეზიდენტის თქმით, თუ წელს მესტიაში სეზონი გაიხსნება ეს, დასასაქმებელი ხალხის   დეფიციტსაც კი შექმნის. 

„სწორი კონცეფცია ავიღეთ ჩვენ, რადგან ვაკეთებთ, უნდა გავაკეთოთ ყველაზე საუკეთესო და საშვილიშვილოდ. იმის გამო, რომ არ ვართ მდიდარი ქვეყანა, არ უნდა ვიყოთ მაჩანჩალა. თუ ნახტომის გაკეთება გვსურს, უნდა შემოვიჭიროთ ქამრები, მათ შორის სახელმწიფო აპარატმა. რაც უფრო მეტი შემოსავალი გვექნება, მით მეტად შევძლებთ მესტია ერთ-ერთ  სუკეთესო ქალაქად ვაქციოთ. როგორი გვინდა იყოს  მესტია - მეორე ან მესამე ხარისხის კურორტების მსგავსი, რომელსაც  ზოგიერთი მეზობელი ავითარებს რეგიონში, თუ ისეთი, როგორიც  შვეიცარიის ან გერმანიის კურორტებია? ჩვენ გვჭირდება სწორი ახსნა ხალხისთვის, თუ რატომ უნდა წამოვიდნენ აქ. თუ გავაკეთებთ ამ კონკურენტუნარიან ზღვარს, 5-6- ჯერ მეტი ხალხი გვეყოლება, ვიდრე ჩვეულებრივ ვითარებაში. ეს კი, თავის მხრივ, ნიშნავს 5-6-ჯერ მეტ შემოსავალს და დასაქმებას. ეს არის სწორედ ის, რაც მოგვცემს იმის საშუალებას, რომ ხალხი წელში გაიმართოს. თანაც ყველაფერი ერთმანეთზე უნდა მიებას. აი, მაგალითად ადამიანი ჩამოვიდა და ისვენებს ანაკლიაში, სად შეუძლია  მას წასვლა?! უნდა განვავითაროთ ლუგელას ხეობა, რომელიც უნიკალურია მარტვილში, სადაც ახლა დინოზავრის ნაკვალევი აღმოაჩინეს. ამასთანავე, უნდა გვქონდეს წასასვლელი ექსკურსიაზე, ვთქვათ ქუთაისის გარშემო, სათაფლიას  გავხსნით ერთ თვეში, ძალიან მაგრად კეთდება ცენტრი; პრომეთეს მღვიმე, ყოფილი ყუმისთავი. ყვინთვის მოყვარულებიც იპოვიან აქ ადგილს სტალაქტიდებსა და სტალაგმიტებს შორის. ბათუმი ყველა კრიტერიუმით ხდება მსოფლიო დონის სასწაული. ადამიანი ერთ ადგილზე კი არ არის მხოლოდ, როდესაც ჩამოდის. ზაფხულში შეუძლია მესტიაში ავიდეს ისრიალოს, გადავიდეს ხეობებში, ასევე ნახოს ეს მღვიმეები, უნიკალური ძეგლები. ახლა რეალურად გამოცოცხლდა გომბორის გზა, როგორც იყო რიკოთი, იქვე არის კურორტი უჯარმა, ახტალა - წარმოუდგენლად ლამაზი ადგილებია. ამიტომ გზას უბრალოდ გზის ფუნქცია არ აქვს, ეს იქნება საშუალება ხალხის დასასაქმებლად და ფეხზე დასაყენებლად", - განაცხადა პრეზიდენტმა.

უმუშევრობასთან დაკავშირებით, მიხეილ სააკაშვილმა თქვა, რომ ხალხის დასასაქმებლად აუცილებელია მათი გადამზადება ისე, რომ თანამედროვე ეკონომიკის მოთხოვნებს მოერგოს. ეს არის ეკონომიკისა და განათლების სამინისტროების ერთ-ერთი მთავარი ფუნქცია.

 „სახელმწიფო ვერც სასტუმროს ვერ ააშენებს და და ვერც ქარხანას, ვერც მიწას მოხნავს და ვერც საკვებ პროდუქციას მოიყვანს. მაგრამ ჩვენ ყველა პირობა უნდა შევქმნათ იმისათვის, რომ ადამიანმა ეს შეძლოს და საკუთარი ოჯახი გაამდიდროს. ეს არის მთავარი. ჩვენ მივიყვანთ გზას სასტუმროსკენ, შევიყვანთ ბუნებრივ გაზს და ელექტროენერგიას, შევქმნით კარგ საგადასახადო კლიმატს. მაგალითად ქობულეთში 45 განაცხადია შემოსული სასტუმროების მშენებლობაზე, მას შემდეგ, რაც თავისუფალ ტურისტულ ზონად გამოვაცხადეთ. რამდენიმე ათეული სასტუმროს მშენებლობა უახლოეს კვირებში დაიწყება. ანუ ჩვენ შეგვიძლია შევქმნათ სასათბურე პირობები, რათა ხალხმა თავად იმუშაოს. იგივე შეიძლება ითქვას სოფლის მეურნეობის მიმართულებით. ჩვენ შეგვიძლია გლეხს ვუთხრათ, რომ ჯაგერის ხორბალი 2-4-ჯერ მეტ მოსავალს იძლევა, კოლხეთის დაბლობზე მეტი სიმინდი და თხილი უნდა დავრგათ, მაგრამ ეს ყველამ დამოუკიდებლად უნდა გააკეთოს. ამას ვერც გამგეობა გააკეთებს და ვერც სამინისტრო. სამინისტროს ფუნქცია პირობების შექმნა და გარემოებების ახსნაა. ამისათვის ხალხთან უნდა მივიდეთ თვალებში ჩავხედოთ მათ და რაც მათთვის საჭიროა ყველაფერი გავაკეთოთ, თუ აუცილებლობა იქნება მათთან ერთად უნდა გავაკეთოთ საქმე, რათა წარმატების მაგალითები ჰქონდეთ, ხოლო თუ მისი მეზობელი რაიმე კარგს გააკეთებს, მიბაძვის სურვილი გაუჩნდეს. თუ მთელ რეგიონში არაფერი არ ხდება იქ ამასაც ვერ გააკეთებ. თუ უიმედობა სუფევს და ცინიკურად არიან განწყობილი, არაფერი არ გამოვა, როგორც იყო ამდენი წლის განმავლობაში. იმ წლების განმავლობაში ხალხი ოცნებასაც გადაეჩვია. ახლა სწორედ იმის დროა, რომ წარმატების მაგალითები შევქმნათ. თითოეულ მიკროპროექტზე მუშაობა, წარმატების საფუძველია. პირადად მე შვილებივით ვუყურებ ამ პროექტებს და თითოეული მათგანი - სიღნაღი, მესტია, ქუთაისი, და ა.შ. ჩემთვის ძვირფასია. ყველამ ასე უნდა ვიშვილოთ თითო პატარა პროექტი და ვზარდოთ. ამისგან შეიქმნება ერთი დიდი ახალი ერთობა და ჩვენი ხალხისთვის ახალი ტიპის შესაძლებლობები. ეს შეეხება ტურიზმსაც, წარმოებასაც, ინფრასტრუქტურულ პროექტებსაც, ფინანსურ მომსახურებასაც. ჩვენ ჯერ კიდევ რთული პერიოდი გვაქვს გასავლელი. მსოფლიო ეკონომიკური კრიზისი გადალახული არ არის, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში ეკონომიკური ზრდა გვაქვს, ინფლაცია ძალიან აზარალებს საზოგადოების ყველაზე დაუცველ ნაწილს. მანქანა მთელი სიმძლავრით უნდა ამუშავდეს, რომ ყველას გაუჩნდეს პერსპექტივა. ეს უახლოესი წელიწადნახევრის განმავლობაში უნდა გავაკეთოთ. მთელი ქვეყანა ბიზნესის მიმართულებით უნდა ამოძრავდეს და ყველა ადამიანს უნდა მიეცეს შესაძლებლობა, ამ პერსპექტივის შედეგად შეიქმნას ის დამატებითი ღირებულება, რომელიც მას ხვალინდელ დღეს გაუხსნის. ჩვენ მუდმივად გვჭირდება თვითგანათლება, რათა ყოველდღიურად აღმოვაჩინოთ ახალ-ახალი რაღაცეები, მაგარმ შემდეგ ეს ინფორმაცია საზოგადოებას უნდა გადავცეთ. ყველამ უნდა ვიმუშაოთ საკუთარი თავის სრულყოფაზე, რათა ამ გაჭირვებიდან და დუხჭირი ცხოვრებიდან ერთხელ და სამუდამოდ ამოვიყვანოთ საზოგადოება. ყველაფერს, რაც კეთდება, მრავლობითი ეფექტი უნდა მოყვეს. ამისათვის პრივატიზაცია გვჭირდება ბევრად უფრო მეტად, მეტი ინვესტიციები უნდა მოვიზიდოთ და პოლიტიკოსებმა პოლიტიკური ჩარჩოს სტაბილურობის შენარჩუნებაზე ვიზრუნოთ, რათა ეჭვიც არ გაჩნდეს იმის თაობაზე, რომ ხვალ და ზეგ საქართველოში ვიღაც ისევ ჩაჯდება გალიაში და დააშინებს ქართულ საზოგადოებას. ეს ეტაპი ჩვენმა საზოგადოებამ საბოლოოდ გადალახა. ჩვენ უნდა განვაგრძოთ მუშაობა ყველა მიმართულებით. მიხარია, რომ ყველა სამინისტროში აეწყო კოლექტივები, მაგრამ ფორმაში მუდმივად უნდა ვიყოთ", - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (11)
2012 (12)
2011 (12)
2010 (12)
2009 (12)
2008 (12)
2007 (12)
2006 (12)
2005 (11)