Google+

რელიზები

13.10.2010
საქართველოს პრეზიდენტმა უკრაინის პარლამენტართა და ექსპერტთა დელეგაცია მიიღო

საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა პრეზიდენტის სასახლეში უკრაინის პარლამენტართა და ექსპერტთა  დელეგაცია მიიღო, რომელიც საქართველოში 12 ოქტომბერს ჩამოვიდა. დელეგაციას რადას სამრეწველო, მარეგულირებელი პოლიტიკისა და სამეწარმეო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ნატალია კოროლევსკაია ხელმძღვანელობდა.

შეხვედრაზე განიხილეს საქართველო-უკრაინის პოლიტიკური და  ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავების საკითხები, ასევე ბიზნეს-ურთიერთობების განვითარებისა და ინვესტიციების  მოზიდვისათვის  ხელშემწყობი გარემოს შექმნის თემები.

ამას გარდა, მხარეებმა ისაუბრეს საქართველოში მიმდინარე და განხორციელებული რეფორმების შესახებ. ნატალია კოროლევსკაიამ აღნიშნა, რომ დელეგაციამ უკვე დაათვალიერა როგორც საჯარო რეესტრი, ისე სამოქალაქო რეესტრი.       

„გვესმის, რამდენად ვითარდება საქართველო ტექნოლოგიური თვალსაზრისით. 19 წელია, ჩვენ იმის დეკლარირებას ვახდენთ, რომ რეფორმების გატარება გვსურს, მაგრამ დღეს უკრაინას აქვს შანსი განახორციელოს რეფორმები. ამისათვის მთელ მსოფლიოში არსებული კოლოსალური გამოცდილების კონსოლიდაციაა საჭირო, საქართველო კი, რეფორმების განხორციელების სისწრაფითა და ეფექტიანობის თვალსაზრისით, მსოფლიო ლიდერია", - აღნიშნა ნატალია კოროლევსკაიამ.   

მიხეილ სააკაშვილი უკრაინული დელეგაცის წევრებს დეცენტრალიზაციის რეფორმასა და მიღწეულ შედეგებზე ესაუბრა.

„ალბათ უკეთესი იქნებოდა წავსულიყავით და ადგილზე გვენახა რა შედეგი გამოიღო ამ რეფორმებმა, მაგრამ ამის საშუალება კიდევ გვექნება. ორ წელიწადში ბათუმი (მოსახლეობა - 200 ათასი) ცათამჯენების რაოდენობით, ვანკუვერს (მოსახლეობა - 2.5 მილიონი) გადაასწრებს. იქ უფრო მეტი ხუთვარსკვლავიანი სასტუმრო აშენდება, ვიდრე ამჟამად მოსკოვშია. ბათუმში 4 მილიარდამდე კერძო ინვესტიცია იდება. ეს უბრალოდ რეფორმები კი არ არის (მაგალითად, მართვის მოწმობის გაუქმება და მთელი სისტემის ელექტრონიზაცია), არამედ ყველაფერი ვიზუალურად აისახება. ჩვენ დეცენტრალიზაციის სერიოზულ რეფორმას ვახორციელებთ: პარლამენტის შენობას ქუთაისში ვაშენებთ, საკონსტიტუციო სასამართლო უკვე გადავიტანეთ ბათუმში. ბათუმი თბილისიდან 270 კილომეტრშია, ქუთაისი კი - 220 კილომეტრში. პარლამენტის შენობა მომავალ წელს იქნება მზად. ქუთაისში განთავსდება პარლამენტი, რომელიც დააკომპლექტებს მთავრობას.  საქართველო პატარა ქვეყანაა და მთავრობა მუდმივად გადაადგილდება - ის ყველგან უნდა იყოს. ახლა ზღვამდე მატარებლით ჩასვლას 7 საათი სჭირდება, მაგრამ ახალი ავტობანით ორსაათნახევარში ჩავალთ. ყველაფერი კომპაქტური ხდება. 2012 წლის დამლევს ყველა სოფელსა და დასახლებულ პუნქტში კარგი გზა გვექნება", - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

უკრაინის დელეგაციის შემადგენლობაში უკრაინის უმაღლესი რადას საერთაშორისო ურთიერთობების ქვეკომიტეტის თავმჯდომარე ვალერი შამანოვი და უკრაინის უმაღლესი რადას საგადასახადო და საბაჟო პოლიტიკის კომიტეტის წევრი ვალერი დუბილი იყვნენ.




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (11)
2012 (12)
2011 (12)
2010 (12)
2009 (12)
2008 (12)
2007 (12)
2006 (12)
2005 (11)