Google+

რელიზები

27.02.2011
საქართველოს პრეზიდენტმა ბაკურიანში წყლის სისტემის მიმდინარე სამუშაოები დაათვალიერა

საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ბაკურიანში სასმელი წყლის საფილტრაციო სისტემის მიმდინარე სამუშაოები დაათვალიერა და  ინფრასტრუქტურის განვითარებაზე ისაუბრა.

„აქ ამოვედი, რათა ვნახო წყლის სისტემა, რომელიც ბაკურიანში გაკეთდა. ამაზე ბოლო 3 წლის განმავლობაში ვმუშაობდით და აქ გაჩნდა თანამედროვე წყლის სისტემა, რაც არასდროს არ ღირსებია ბაკურიანს საბჭოთა პერიოდშიც. სუფთა წყალი ბაკურიანში  ყოველთვის პრობლემა იყო და ამიერიდან გაჩნდა შესაძლებლობა უფრო მეტი სასტუმროები აშენდეს. დღეს ბოლო ტესტებს ატარებენ და, პრაქტიკულად, ხვალიდან წყლის ამ სისტემას  გაუშვებენ. აქ მთლიანად იცვლება კანალიზაციის სისტემაც. ასევე, წყლის და კანალიზაციის სისტემის მშენებლობას ვამთავრებთ  ბორჯომში და, საბოლოოდ, ვფიქრობ, ათასობით ახალი სამუშაო ადგილი გაჩნდება. ნახეთ ამ შაბათ-კვირას რამდენი თბილისელია ამოსული. როდესაც ავტობანი ხაშურამდე გაკეთდება და ეს მომავალ წელს იქნება, თბილისიდან ბაკურიანამდე ჩამოსვლა საათნახევარში გახდება შესაძლებელი. ეს კი იმას ნიშნავს, რომ დაუსაქმებელი ადამიანი აქ, პრაქტიკულად, აღარ დარჩება. ნახეთ როგორი გზები გაკეთდა ბაკურიანში. პირადად მე, მთელი ბავშვობა აქ დავდიოდი. ბაკურიანი ცუდი ინფრასტრუქტურისა და ცუდი გზების სიმბოლოს წარმოადგენდა - ყველაფერი ჩამონგრეული და  ჩამოძონძილი იყო. ნახეთ, ახლა როგორი გზებია ბაკურიანში - პრაქტიკულად, ყველგან კარგი გზით მოვდივართ; აღარაფერს ვამბობ იმაზე, რომ აქ მსოფლიო დონის სათხილამურო ტრასებია.  ეს არის ზამთარ-ზაფხულის კურორტი. მარტო აზერბაიჯანიდან, სომხეთიდან და სხვა მეზობელი ქვეყნებიდან შეიძლება ჩამოსულთა რაოდენობის გაოთხმაგება და  გახუთმაგება. ეს კი ნიშნავს ახალ შემოსავლებს და ახალ იმედს ამ ხალხისთვის. როდესაც აქ ორი წლის წინათ შევიკრიბეთ, ვლაპარაკობდი იმაზე, რომ ბაკურიანში ყველაფერი აღორძინდებოდა და გაკეთდებოდა. დღეს იმისათვის ჩამოვედი, რომ მენახა თუ რა გაკეთდა ორი წლის წინათ დაგეგმილი საქმიდან - ყველაფერი გაკეთდა 100 პროცენტით და ასე უნდა გავაგრძელოთ", - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

საფილტრაციო პროექტის განხორციელება შარშან დაიწყო. ხაზის მთლიანად გაშვება 15 მარტისთვისაა დაგეგმილი. დაბა ბაკურიანის 15 ათას აბონენტს გაფილტრული წყალი აპრილიდან მიეწოდება. 




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (11)
2012 (12)
2011 (12)
2010 (12)
2009 (12)
2008 (12)
2007 (12)
2006 (12)
2005 (11)