Google+

რელიზები

20.06.2011
სტიქიის გამო შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით, საქართველოს პრეზიდენტმა მთავრობის წევრებს მითითებები მისცა

საქართველოს პრეზიდენტმა დღეს საგანგებო თათბირი გამართა, რომელსაც პრემიერ-მინისტრი და მთავრობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. უამინდობის გამო ქვეყანაში შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით, მიხეილ სააკაშვილმა სრული ინფორმაცია მოითხოვა და აღდგენითი სამუშაოების მიმდინარეობის დეტალებით დაინტერესდა. საქართველოს პრეზიდენტმა სტიქიის შედეგად დაღუპულთა ოჯახებს სამძიმარი გამოუცხადა.

როგორც რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა რამაზ ნიკოლაიშვილმა აღნიშნა, ერთი საათის განმავლობაში იგივე რაოდენობის ნალექი მოვიდა, რაც ერთი თვის განმავლობაში მოდიოდა. ამან რიკოთის უღელტეხილზე გზის 24 მონაკვეთის დაზიანება გამოიწვია, რომელთაგან ხუთი - კრიტიკულ ზღვარს აღწევდა. რამაზ ნიკოლაიშვილის თქმით, ამ უბანზე დამონტაჟდა დიდი გამტარიანობის მქონე წყლის მილი, რამაც აღდგენითი სამუშაოების მიმდინარეობა დააჩქარა. მან განაცხადა, რომ დაზიანებული 24 მონაკვეთიდან ორ დღეში 21 მონაკვეთის აღდგენა დასრულდება, რაც ტრანსპორტის მოძრაობის გაუმჯობესებას შეუწყობს ხელს.

პრემიერ-მინისტრის განცხადებით, იმისათვის, რომ გზის სრული რეაბილიტაცია უახლოეს პერიოდში მოხდეს, 360 ერთეული ტექნიკა და  1100 ადამიანი მუშაობს. როგორც მიხეილ სააკაშვილმა აღნიშნა, წელს საქართველოში ტურისტების დიდი რაოდენობით შემოსვლაა მოსალოდნელი და თუ კი გზა არ აღდგება, ბევრი ოჯახი დაკარგავს შემოსავალს.

„უკვე საკურორტო სეზონი და, შესაბამისად, თბილისიდან და მეზობელი ქვეყნებიდან - სომხეთიდან, აზერბაიჯანიდან ინტენსიური მოძრაობა იწყება. დაუშვებელია, რომ ეს გზა არ აღდგეს, რადგან უამრავ ოჯახს დაეკარგება შემოსავალი. ძალიან კარგია, რომ სამუშაოები წარმატებით მიმდინარეობს. დიდი სტიქია დაგვატყდა თავს, რასაც მსხვერპლიც მოყვა.  კარგია, რომ დროზე მივუსწარით და რიკოთის გზა მთლიანად არ ჩამოგვეშალა. იმ პირობებში, როდესაც გვირაბში სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობს, ამ გზის ჩამოშლა მოძრაობის გაჩერებას გამოიწვევდა. ეს კი, წარმოუდგენელი კატასტროფა იქნებოდა. აი, რას ნიშნავს, რომ გვაქვს რესურსი, ყველგან მშენებლობაა, გვყავს ხალხი და გვაქვს ტექნიკა. ამან გაგვატანინა თავი. ასეთი რამ მთელ მსოფლიოში ხდება - ამინდმა ყველგან აურია. გარშემო მობილიზებულმა ტექნიკამ, მთავარი კატასტროფა აგვაცილა. მართალია, ის პროექტები ცოტა ხნით შევაჩერეთ, რომლებიც განხორციელების პროცესში იყო, მაგრამ უფრო დიდ უბედურებას ავცდით", - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.  

მიხეილ სააკაშვილი დაზარალებულ რეგიონებში ელექტროენერგიისა და ბუნებრივი აირის მიწოდებით, ასევე იქ მცხოვრები ოჯახების მატერიალური მდგომარეობით დაინტერესდა. მისი თქმით, ძალზე მნიშვნელოვანია იმ ხალხის დახმარება, რომლებსაც სტიქიამ დიდი ზიანი მიაყენა. როგორც მან აღნიშნა, მოახლოებული საკურორტო სეზონის წინ სახელმწიფო ამ ოჯახებს მაქსიმალურად უნდა დაეხმაროს, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში, მათ, შესაძლოა, მთელი შემოსავალი დაკარგონ.




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (11)
2012 (12)
2011 (12)
2010 (12)
2009 (12)
2008 (12)
2007 (12)
2006 (12)
2005 (11)