Google+

რელიზები

15.11.2011
საქართველოს პრეზიდენტი „საქართველოს ბანკის“ სათავო ოფისის გახსნის ცერემონიალს დაესწრო

საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა დღეს „საქართველოს ბანკის“  სათავო ოფისის ახალი შენობის გახსნის ცერემონიალში მიიღო მონაწილეობა. ქვეყნის პირველმა პირმა ახალი ოფისის თანამშრომლებს სიტყვით მიმართა და ბანკის სწორი და წარმატებული მენეჯმენტის შესახებ ისაუბრა. გამოსვლისას პრეზიდენტმა შენობის არქიტექტურულ ღირებულებაზეც გაამახვილა ყურადღება, რომლის განახლებული იერსახე აღმშენებლობის ეპოქის სიმბოლოდ მოიხსენია. ,,ეს შენობა მსოფლიო არქიტექტურაში ერთ-ერთ  მთავარ  შედევრად  ითვლება. ის  იმ  აღმშენებლობის  ეპოქას  შეესაბამება, რომელსაც  საქართველოში ყველანი ერთად ვქმნით“, - განაცხადა  მიხეილ სააკაშვილმა. 

ყურადღება მან ბოლოდროინდელ ეკონომიკურ წინსვლაზე, საბანკო სექტორის მართვის უნარსა და „საქართველოს ბანკის“ ლონდონის საფონდო ბირჟაზე მიღწეულ წარმატებებზე გაამახვილა. პრეზიდენტმა „ფაინენშელ თაიმსის“ სტატიაც მოიშველია, რომელშიც ავტორი "საქართველოს ბანკს"  სამ  რუსულ  კომპანიას ადარებს და აღნიშნავს, რომ ეს არის ერთ-ერთი  წარმატებული ბანკი ლონდონის ბირჟაზე.

"ფაინენშელ თაიმსი" იმ წარმატებებზე წერდა, რომელსაც ქართულმა  ბანკმა მიაღწია: რუსულ  ბანკებსა   და  "საქართველოს  ბანკს" შორის განსხვავება ის არის, რომ "საქართველოს  ბანკი"  ჯანსაღ  ეკონომიკურ  მაჩვენებლებს ეფუძნება,  მაშინ,  როდესაც  რუსული კომპანიები  მხოლოდ რესურსებს ემყარება და  ამ  რესურსების  მიღმა არ  დგას  არც  ინტელექტუალური, არც ორგანიზაციული რესურსი. სისტემა, რომელსაც ის ეფუძნება, ჩვენ 2003 წლის შემდეგ მოვიშორეთ ", - აღნიშნა მიხეილ  სააკაშვილმა.

პრეზიდენტმა, ასევე, უმუშევრობის დაძლევის ტენდეციაზე, მოდერნიზაციის გეგმებზე, 45-დან 60 წლამდე ასაკის ადამიანების  გადამზადების აუცილებლობასა და რუსულ ემბარგოს გავლენაზეც ისაუბრა. მისი თქმით, ეს დარტყმა საქართველოსთვის გაძლიერების სტიმული აღმოჩნდა, რადგან ქვეყანამ, რუსეთის მხრიდან შექმნილი ხელოვნური სიძნელეები საკუთარი ძალებითა და ერთობით დაძლია. "საქართველო უნდა გახდეს ეკონომიკის ცენტრი, დამოუკიდებელი მოთამაშე, რომელიც თავად განსაზღვრავს საკუთარ ბედს, აწესებს სტანდარტებს და ე.ი. თამაშის წესებს მთელი რეგიონისთვის",- განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

გამოსვლის დასასრულს, პრეზიდენტი ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულების გაფორმების აუცილებლობის საკითხსაც შეეხო და ყურადღება მოლაპარაკებების პროცესში არსებული წარმატებების თაობაზეც გაამახვილა.

სიტყვით გამოსვლის  შემდეგ მიხეილ სააკაშვილმა „საქართველოს  ბანკის“ სათავო ოფისის ულტრათნამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი სამუშაო ოთახები ბანკის პრეზიდენტთან, ფინანსთა მინისტრთან და ეროვნული ბანკის პრეზიდენტთან ერთად დაათვალიერა.

განახლებულ შენობაში „საქართველოს ბანკის“ 16 ადმინისტრაციული ერთეული განთავსდა, სადაც 600-ზე მეტი თანამშრომელი იმუშავებს.

1975 წელს გიორგი ჩახავას და ზურაბ ჯალაღანიას პროექტით აგებული შენობა, რომელშიც "საქართველოს ბანკმა" დაიდო ბინა, დღემდე რჩება მსოფლიოს ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს არქიტექტურულ ძეგლად. 



ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (11)
2012 (12)
2011 (12)
2010 (12)
2009 (12)
2008 (12)
2007 (12)
2006 (12)
2005 (11)