ჰოსპიტალური სექტორის განვითარების პროექტის ფარგლებში, ახალი, მრავალპროფილიანი საავადმყოფო საქართველოს პრეზიდენტმა, ამჯერად, ჭიათურაში გახსნა. მიხეილ სააკაშვილმა კლინიკა დაათვალიერა და პირველი პაციენტები მოინახულა. ქვეყნის პირველი პირი მათ სადაზღვევო პოლისების მნიშვნელობაზე ესაუბრა და აღნიშნა, რომ მომავალი წლიდან სამედიცინო დაზღვევა პატარებისთვისაც ამოქმედდება.
საქართველოს პრეზიდენტი ახალ ჰოსპიტალთან შეკრებილ მოსახლეობასაც შეხვდა და მათ სიყვით მიმართა. მიხეილ სააკაშვილი მათ თანამედროვე სამედიცინო ცენტრების მნიშვნელობასა და ჯანდაცვის სისტემის ხელმისაწვდომობაზე ესაუბრა და ყურადღება ახალ პროგრამაზეც გაამახვილა, რომელიც სოციალურად დაუცველთათვის უფასო სტომატოლოგიურ მომსახურებას ითვალისწინებს. საუბრისას, იგი ექიმთა გადამზადების თემასაც შეეხო და აღნიშნა, რომ საქართველოს ბევრი მაღალკვალიფიციური სპეციალისტი სჭირდება.
„ჩვენ გვჭირდება არა მხოლოდ საავადმყოფოები, არამედ უკეთესი ექიმები. ამიტომ, ვინც გვყავს ისინი უნდა გადავამზადოთ. ეს ძალზე მნიშვნელოვანია. ძალიან ბევრი უცხოელი პროფესორი ჩამოვიყვანეთ, რათა ჩვენმა ექიმებმა კვალიფიკაცია აიმაღლონ და შეცდომები აღარ დაუშვან. საქართველოში ყველა სოციალურად დაუცველი ადამიანი და ყველა პენსიონერი მომავალი წლიდან მიიღებს დაზღვევის პოლისს. ეს პოლისი პრაქტიკულად ყველაფერს დაფარავს. ამას გარდა, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ თითოეული თქვენგანი ბოლომდე იყოს დაცული. ჩემთვის ეს პრინციპული საკითხია. ამას წინათ, მუშაობა დავიწყეთ ახალ პროგრამაზე, რომელსაც „ღიმილიანი საქართველო“ დავარქვით და სოციალურად დაუცველთათვის უფასო სტომატოლოგიურ მომსახურებას ითვალიწინებს. რა თქმა უნდა, ყველას ერთბაშად ვერ ვუმკურნალებთ - ამდენ სტომატოლოგს ვერსად ვერ ვნახავთ, მაგრამ პროგრამა შემდეგი თვიდან დაიწყება და თანდათან ყველა სოფელს, ყველა რაიონს მივყვებით“, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.
მიხეილ სააკაშვილმა ქვეყნის განვითარებასა და სიღარიბის დაძლევის პროექტებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ სახელმწიფოს მხრიდან ეს ქალაქი განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებს.
„ქვეყანაში ერთხელ და სამუდამოდ მოვშალოთ სიღარიბის ზღვარი. თითოეული თქვენგანი საუკეთესო ცხოვრებას იმსახურებს, რადგან ჭიათურა, მართლაც, განსაკუთრებული ქალაქია. ეს პატარა ადგილია, მაგრამ გამოირჩევა ინტელექტით, განათლებულობით, სამშობლოს სიყვარულით, განსაკუთრებული ქართული სიამაყითა და განსაკუთრებული ქართული სიდარბაისლით. აქ საოცრად ნიჭიერი ხალხი ცხოვრობს. გადავხედოთ, რამდენი ცნობილი ადამიანია აქედან - ინჟინერი, აკადემიკოსი, პროფესორი, პოლიტიკოსი; რამდენი ადამიანია ისეთი, რომელმაც არა მარტო საქართველოს მასშტაბით გაითქვა სახელი, არამედ მთელ მსოფლიოში... ამიტომ, ამ ხალხს ხელის გამართვა და დახმარება სჭირდება“, - აღნიშნა მიხეილ სააკაშვილმა.
უმაღლესი სტანდარტების შესაბამისი კლინიკა ჭიათურაში სადაზღვევო კომპანია „ირაომ“ ააშენა, რისთვისაც 3 მილიონი ლარის ინვესტიცია განახორციელა. ადგილობრივებს აქ შეუძლიათ ამბულატორიული, თერაპიული, ქირურგიული, სამშობიარო და სხვა მომსახურების მიღება. ახალი ჰოსპიტალი, რომელიც ულტრათანამედროვე აპარატურითაა აღჭურვილი, 25 საწოლიანია და იქ 120-მდე მაღალკვალიფიციური სპეციალისტია დასაქმებული.