Google+

რელიზები

31.08.2013
საქართველოს პრეზიდენტი ამბროლაურში რაჭა-ლეჩხუმის ტრადიციული ღვინის ფესტივალს დაესწრო

 

საქართველოს პრეზიდენტი ამბროლაურში დღეს რაჭა-ლეჩხუმის ტრადიციული ღვინის ფესტივალს დაესწრო, რომელიც სახალხო ზეიმის ფორმატით გაიმართა. მიხეილ სააკაშვილმა ვაზის უნიკალური ჯიშებისგან ოჯახურ პირობებში დაყენებული ღვინოები დააჭაშნიკა და საქართველოს მასშტაბით ტრადიციული მეღვინეობის ასოციაციების შექმნის მნიშვნელობაზე ისაუბრა. მისი განცხადებით, აუცილებელია რეგიონში შემორჩენილი ვაზის უნიკალური ჯიშების გადარჩენა და მათი გავრცელების ხელშეწყობა. მისი თქმით, შემოსავალი იმ მოსახლეებმაც უნდა მიიღონ, რომლებსაც ვენახი მცირე ტერიტორიაზე აქვთ გაშენებული. 

„ეს ისეთი ღვინოებია, რომ მთელ მსოფლიოში მართლა ბადალი არ ჰყავს თავის კატეგორიაში. პრეზიდენტობის შემდეგ, მინდა მთელი ენერგია განათლებაში ჩავდოთ, მათ შორის, ამ სფეროს განათლებაში. ჩვენ ღვინის კარგად ჩამოსხმაც უნდა ვიცოდეთ და კარგად მოვლაც. ამიტომ ჩვენ აქ მეღვინეობის ასოციაციას დავეხმარებით. მეღვინეობის ასოციაციამ პატარა ღვინის ქარხანა იყიდა და  სანიმუშო ვენახი გააკეთა, რათა ადგილობრივ მეღვინეებს ვასწავლოთ და გამოცდილება გავუზიაროთ. მთავარია ის, რომ მიწის პატარა ნაკვეთზე გაშენებული პატარა ვენახის პირობებშიც შეძლო ოჯახის რჩენა. კარგი ჩამოსხმა, კარგი ტექნოლოგია და კარგი ტურიზმი (ნახეთ რამდენი ტურისტი ჩამოვიდა), კომპლექსურად, დიდი შემოსავლის მომტანია“, - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

ქვეყნის პირველმა პირმა ასევე აღნიშნა, რომ ქართული ღვინისთვის რუსული ბაზრის გახსნა სერიოზულ საფრთხეს შეიცავს, თუმცა ამ საკითხს დღეს ყურადღებას არავინ აქცევს. მიხეილ სააკაშვილს მიაჩნია, რომ იაფ ბაზრებზე გასვლა, მსოფლიოს ბაზრებზე მაღალხარისხიანი ქართული ღვინის პოპულარიზაციას ხელს არ შეუწყობს. ყურადღება მან ამერიკულ პროექტზე გაამახვილა, რომლის ფარგლებშიც რეგიონში ვაზის სანერგე მეურნეობა სწორედ უნიკალური ჯიშების გადარჩენის მიზნით ფინანსდება. მიხეილ სააკაშვილმა დღესვე ერთ-ერთი ასეთი მაღალი ხარისხის სანერგე მეურნეობა პირადად დაათვალიერა.

„აი, ნახეთ, ამერიკელები ჩამოვიდნენ და ფულს დებენ ქართული ტრადიციული ღვინოების მეურნეობაში დასაბრუნებლად. ტყუილები, რომლითაც რუსები გვკვებავდნენ: თითქოს ამერიკელები არიან ჩვენი გამანადგურებლები და დამანგრევლები. აგერ არის ამერიკელი ქალბატონი, რომელიც გადაშენების პირას მყოფი ქართული ჯიში „ტვიში“ დააბრუნა, ფული ჩადო და დაგვეხმარა, რომ ქართული ტრადიციული ჯიშები და ქართული მეღვინეობა აღორძინდეს. ეს არის რეალური განსხვავება რუსებსა და ამერიკელებს შორის.  

რუსეთის ბაზრის გახსნა დიდ საფრთხეს შეიცავს ჩვენთვის. ჩვენ უნიკალური ღვინო გვაქვს - „უსახელაური“ მსოფლიო ბაზარზე 100-300 დოლარი უნდა ღირდეს, ისევე, როგორც საუკეთესო იტალიური ღვინოები ღირს. რუსეთში მოთხოვნა იაფ ღვინოზეა. ის ღვინოები, როლებიც რუსეთში პირველად შევიტანეთ, 30 დოლარი და მეტი ღირს. ჩემი ინფორმაციით, პოდმოსკოვიეში უკვე დაიწყეს იაფფასიანი ღვინის დამზადება, რადგან ეკონომიკური კრიზისი პირობებში, რომელიც მათთან ახლა დაიწყო, ღვინო 8 დოლარად უნდა მივცეთ. მაგალითად, „ხვანჭკარა“ რომ 8 დოლარად გაყიდო, აქ აქ 2 დოლარი უნდა ღირდეს. ამ ღვინისთვის ეს წარმოუდგენელი და არარეალური ფასია, რაც იმას ადასტურებს, რომ, რეალურად, დიდი საფრთხის წინაშე ვდგავართ - რუსული ბაზარი გრძელვადიანად, შეიძლება, ხაფანგი აღმოჩნდეს. შიგნით ჩვენ ვერ ვიცავთ მარკას, რის შედეგადაც უკვე ამოქმედდა მთელი ინდუსტრია. რუსეთის იაფ სუპერმარკეტებში მიაწდვდიან ამ ე.წ. ქართულ ღვინოს, ნამდვილი ქართული ღვინო კი არ შეიძლება იყოს იაფი“, - განაცხადა ქვეყნის პირველმა პირმა. 

ღვინის ფესტივალზე საქართველოს პრეზიდენტმა ცოლიკაურის ჯიშის ყურძნისგან დაყენებული ღვინო ყანწით შესვა, რაჭული კერძებიც დააგემოვნა და ქართველ და უცხოელ სტუმრებთან ერთად ტრადიციულ ფერხულშიც ჩაება. 

რაჭა-ლეჩხუმის ფესტივალზე ტრადიციული ქართული ღვინო 70-მდე ადგილობრივ მეღვინეს ჰქონდა წარმოდგენილი. სახალხო ზეიმის ფარგლებში, ღვინის გარდა, წარმოდგენილი იყო რეგიონის  ოთხივე მუნიციპალიტეტის (ამბროლაური, ლენტეხი, ონი, ცაგერი) ეთნოგრაფიული კუთხეები ტრადიციული სამზარეულოთი და ფოლკლორით.

 



ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (11)
2012 (12)
2011 (12)
2010 (12)
2009 (12)
2008 (12)
2007 (12)
2006 (12)
2005 (11)