რელიზები
26.08.2013
საქართველოს პრეზიდენტი: მინდა მოვუწოდო ქვეყნის პრემიერ-მინისტრს ხალხს შეხვდეს, რადგან მას ინფორმაცია არ აქვს რა ხდება კონკრეტულად საზოგადოებაში
საქართველოს პრეზიდენტის ინიციატივით, 2008 წლის აგვისტოს ომში მონაწილე მეომრების ოჯახის წევრები ეტაპობრივად ბობოყვათის რეზიდენციაში ისვენებენ. ქვეყნის პირველმა პირმა ისინი, ვინც ამჟამად სტუმრობს ბობოყვათს, პიაცაზე მიიწვია და მათთან ერთად ივახშმა.
„ყველაფერი, რასაც უყურებთ, ამ მაღალი შენობების აბსლუტური უმრავლესობა ომის შემდეგ, 2009-2011 წლებში აშენდა. რომ არა ჩვენი ბიჭების თავდადება და თავგანწირვა, საქართველო არა მხოლოდ ამას, საერთოდ ვერაფერს შეძლებდა. ჩვენმა მომავალმა თაობებმა უნდა იცოდნენ ის, რაც ამ გმირებმა გააკეთეს, რადგან იმ დღეებში რომ არ შეგვეკავებინა მტერი, შემდეგ მსოფლიო რომ არ ჩართულიყო და ხალხი არ დარაზმულიყო, ვერაფერს მივაღწევდით. ყველაფერი იმის შედეგია, რომ საქართველო გადაარჩინეს თქვენმა შვილებმა, მეუღლეებმა. ეს არის ის, რისი გამეორებითაც არ დავიღლები. მსგავსი რამ პოსტსაბჭოთა სივრცის არც ერთ ქვეყანაში არ ხდება. ჩვენ დამოუკიდებლობისა და ჩვენი თავისუფლების დაცვა გავბედეთ. გავბედეთ, რომ ყოველივე ეს მტრის ჯინზე და მისი ნების წინააღმდეგ გაგვეკეთებინა. რუსეთს სურდა საქართველო მიწასთან გასწორებული, კუთხეში მიყენებული და გაუბედურებული ენახა. რუსეთის მთავრობას არ სურდა საქართველოს წარმატება“, - აღნიშნა ქვეყნის პირველმა პირმა მათთან საუბრისას.
მიხეილ სააკაშვილმა პირველ ლედისთან ერთად ბულვარშიც გაისეირნა და იქ მყოფ ტურისტებსაც გაესაუბრა. საქართველოს პრეზიდენტმა ქვეყნის პრემიერს მოუწოდა მასთან ერთად ხალხს შეხვდეს და მათგან მეტი ინფორმაცია მიიღოს.
„მე თავისუფლად დავდივარ ჩვენი ქალაქების ქუჩებში და მე მინდა იგივე მოვუწოდო საქართველოს პრემიერ-მინისტრს. აშკარად ვხედავ, რომ მას ინფორმაცია არ აქვს და საქმის კურსში არ არის რა ხდება კონკრეტულად საზოგადოებაში. მოვუწოდებ მას, ჩემთან ერთად, დაცვის თანამშრომლების მინიმალურ გარემოცვაში (პირადად მე პრობლემა არ მაქვს მათ გარეშეც ვიარო), გავიდეთ ხალხში. აი, ისე, როგორც მე დავდივარ და დაველაპარაკოთ ხალხს. ეს მისთვისაც სასარგებლო იქნება, ხოლო მისი ინფორმირებულობა ქვეყანას წაადგება“, - განაცხადა პრეზიდენტმა.