Google+

რელიზები

05.03.2012
მიხეილ სააკაშვილმა რუსეთთან ცალმხრივად გაუქმებულ სავიზო რეჟიმსა და გამართულ არჩევნებთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა

საქართველოს პრეზიდენტმა, რომელიც ახმეტაში მოსახლეობას ესაუბრა, დღეს კიდევ ერთხელ გაამახვილა ყურადღება რუსეთთან ცალმხრივად გაუქმებული სავიზო რეჟიმის თაობაზე და გუშინ გამართულ საპრეზიდენტო არჩევნებსაც შეეხო.  მიხეილ სააკაშვილის შეფასებით, დღევანდელი  ხელისუფლების პირობებში რუსეთს მომავალი არ აქვს, რადგან ისინი წარსულს აშენებენ.  

„რაც არ უნდა მოხდეს იმ ქვეყანაში, როგორი არჩევნებიც არ უნდა ჩაატარონ ან დადგან, დღევანდელი მათი კურსისა და პოლიტიკის გათვალისწინებით, დღევანდელი ხელისუფლების პირობებში მათ არ აქვთ მომავალი, რადგან ისინი წარსულს აშენებენ. ისინი ამას აკეთებენ არა მხოლოდ იმით, რომ საბჭოთა კავშირის ჰიმნი აღადგინეს, საბჭოთა იმპერიის აღდგენას ცდილობენ ან საბჭოთა თუ ევრაზიული კავშირის ლოზუნგები აქვთ, ისინი მენტალურად აბრუნებენ თავის ქვეყანას უკან", - აღნიშნა მიხეილ სააკაშვილმა.

ქვეყნის პირველმა პირმა რუსეთის ხელისუფლების სიტყვებიც გაიხსენა, თითქოს მათ პრობლემა არა ქართველ ხალხთან, არამედ მხოლოდ საქართველოს ხელისუფლებასთან ჰქონდათ. არადა, მისი თქმით, საქართველოს მთავრობამ რუსეთთან სავიზო რეჟიმის ცალმხრივად გაუქმებით, რუსეთის ხელისუფლებას შანსი მისცა, ამ გადაწყვეტილების პასუხად,  ქართველი ხალხისთვისაც გაეუქმებინათ სავიზო რეჟიმი.      

„როგორც კი შანსი მივეცით რაიმე გაეკეთებინათ ქართველი ხალხისთვის, მათ მაშინვე შეცვალეს პირველი ჩვენება. უფრო მეტიც, მათ, როგორც საბჭოთა კავშირის მემკვიდრეებმა, გადაწყვიტეს, რომ ისიც არ სურთ, მათი ხალხი ჩამოვიდეს საქართველოში. ორი დღის წინათ, ჩემი წინადადების საპასუხოდ, გამოაცხადეს, რომ რუსების საქართველოში ჩამოსვლა საშიშია. რა თქმა უნდა, ეს არ აიხსნება იმით, რომ საქართველოში არის კრიმინალი. ჩვენს ქვეყანაში  დანაშაულის დონე, თითქმის, ხუთჯერ ნაკლებია, ვიდრე რუსეთში და ეს ყველამ იცის. რუსებმა თავიანთი გადაწყვეტილება იმ ფაქტით დაასაბუთეს, რომ საქართველოში არ არის რუსეთის საელჩო. მათ ადგილას, მე მარტო საელჩოს კი არ გავხსნიდი, ონიშჩენკოსაც გამოვაყოლებდი თვალის სადევნებლად - ხომ შეიძლება, რომ ისინი არაკორუმპირებული, თავისუფალი ქვეყნის „ვირუსით“ დაავადნენ და შემდგომ იგივეს გაკეთება მოინდომონ თავიანთ ქვეყანაში? აი, ეს არის განსხვავება ჩვენსა და მათ შორის“, - განაცახადა საქართველოს პრეზიდენტმა.




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (11)
2012 (12)
2011 (12)
2010 (12)
2009 (12)
2008 (12)
2007 (12)
2006 (12)
2005 (11)