Google+

რელიზები

27.04.2012
საქართველოს პრეზიდენტი „ნორჩ მეცნიერთა  და გამომგონებელთა მე-6 საერთაშორისო ოლიმპიადის“ გახსნას დაესწრო

საქართველოს პრეზიდენტი "ნორჩ მეცნიერთა  და გამომგონებელთა მე-6 საერთაშორისო ოლიმპიადის“ გახსნის ცერემონიალს დაესწრო და შეკრებილ  სტუმრებს სიტყვით მიმართა. მიხეილ სააკაშვილმა ყურადღება განათლების სისტემაში მიმდინარე რეფორმებსა და ამ დარგის პრიორიტეტულობაზე გაამახვილა. იგი ტექნოლოგიური ინოვაციების დანერგვისა და ამ მიმართულებით, სამომავლო პროექტების განხორციელების აუცილებლობის საკითხებს შეეხო და აღნიშნა, რომ ყველა ახალგაზრდას ერთნაირი შესაძლებლობები უნდა შეექმნას. ქვეყნის პირველმა პირმა განაცხადა, რომ მთავარი თანასწორობის იდეაა, ასევე, სტუდენტებისთვის სწავლის  ხარისხის შესაბამისად, ფინანსური შეღავათების  დაწესება და  სახელმწიფოს მხრიდან ხელშეწყობა. საუბრის ერთ-ერთი მთავარი თემა ნორჩ მეცნიერთა ოლიმპიადის მნიშვნელობა იყო. პრეზიდენტის თქმით, მსგავსი წამახალისებელი ღონისძიებები ახალგაზრდებში მეცნიერებისადმი ინტერესს ზრდის.

,,ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რათა საქართველო ინოვაციების, განათლებისა და მეცნიერების თვალსაზრისით, რეგიონალური ცენტრი გახდეს. რეფორმების მხრივ კი, ამას უკვე მივაღწიეთ. ჩემი მთავარი ამბიციაა, რომ  საქართველო იყოს ცოდნის ერთგვარი „ჰაბი“ და ყველაფერი უნიკალური აქ არა მხოლოდ ჩვენთვის და ჩვენი რეგიონისთვის იქმნებოდეს, არამედ მთელი მსოფლიოსთვის. ეს მხოლოდ იმ შემთხვევაშია შესაძლებელი, თუ ჩვენი სურვილი განათლებასა და ინოვაციას დაეფუძნება“, - განაცხადა პრეზიდენტმა.

როგორც მან აღნიშნა, განათლების სფეროში საქართველომ სერიოზულ წარმატებებს მიაღწია, რაც იმის დამსახურებაა, რომ სკოლებში სამართლიანობის პრინციპი დამკვიდრდა, სკოლებში ახალი ტექნოლოგიები დაინერგა და მათი სრული კომპიუტერიზაციის პროცესი დაიწყო. მისი თქმით, ამ მხრივ, უდიდესი მნიშვნელობა ინგლისურენოვანი მასწავლებლების ჩამოყვანასაც ენიჭება.

ოლიმპიადის გახსნას უცხოელი დელეგატები და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ, რომელთა შორის ევროკავშირის წარმომადგენელობის ხელმძღვანელი ფილიპ დიმიტროვიც იმყოფებოდა. დამსწრე საზოგადოებას მანაც მიმართა, რომლის შეფასებით, საქართველო ინოვაციების ქვეყანაა და, ამ მხრივ, ბევრ წარმატებასაც მიღწია.

„სასიხარულოა, რომ ამდენი ახალგაზრდა ცდილობს შექმნას რაღაც ახალი და ნოვატორული. ამ ღონისძიებაში მონაწილეობა ჩემთვის დიდი პატივია. ეს არის ქვეყანა, სადაც გამომგონებლებს ყველა პირობას უქმნიან, აქ ყველას უჩნდება წინააღმდეგობის დაძლევის სურვილი და უნარი, გაუძლოს გასაჭირს და გადალახოს დაბრკოლებები. ევროკავშირი მხარს უჭერს ამ ღონისძიებას და კიდევ ერთხელ გისურვებთ წარმატებას“, - აღნიშნა ფილიპ დიმიტროვმა.

ნორჩ მეცნიერთა და გამომგონებელთა საერთაშორისო ოლიმპიადა საქართველოს პრეზიდენტის პატრონაჟით, განათლებისა და მეცნიერები სამინისტროს მხარდაჭერით იმართება და  გამომგონებლური და შემოქმედებითი ნიჭით დაჯილდოებული VII-XII კლასელი მოსწავლეები მონაწილეობენ. ოლიმპიადის ორგანიზატორები „ჩაღლარის“ სასწავლო დაწესებულებების წარმომადგენლები არიან.

ნორჩ მეცნიერთა და გამომგონებელთა საერთაშორისო ოლიმპიადა სამი დღე გასტანს და მასში 31 ქვეყნის წარმომადგენელი მიიღებს მონაწილეობას. 



ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (11)
2012 (12)
2011 (12)
2010 (12)
2009 (12)
2008 (12)
2007 (12)
2006 (12)
2005 (11)