Google+

რელიზები

26.04.2012
საქართველოს პრეზიდენტი დიმიტრი მედვედევის დღევანდელ განცხადებას გამოეხმაურა

საქართველოს პრეზიდენტმა რუსთავში ახალი ავტოდრომი დაათვალიერა და ახალი ტრასა "ფორმულა-3"-ის მეშვეობით პირადად გამოცადა. რუსთავში ყოფნისას, მიხეილ სააკაშვილი დიმიტრი მედვედევის დღევანდელ განცხადებას გამოეხმაურა.

„ის, რომ რუსეთის დღევანდელ მთავრობას ქართველი ხალხი უყვარს, დიდი ტყუილია - მათი მოსატყუებელი კბილი კი, ჩვენმა ხალხმა უკვე დიდი ხანია მოიცვალა. დღეს მათ თავად  აღიარეს, თუ რატომ უნდათ საქართველოს ხელისუფლების შეცვლა. მათივე გამონათქვამებს თუ დავეყრდნობით, საქართველოს დღევანდელმა მთავრობამ ეს ქვეყანა აქცია ისეთი წარმატებული რეფორმების ქვეყნად, რომლის მიბაძვა კი შეუძლია რუსეთს, მაგრამ  განმეორება და დაწევა - არა. არადა, წარმატებული საქართველო მათთვის ყველაზე დიდი საშინელებაა. ქვეყანა, რომელიც 2008 წელს მათ განადგურებულად და დამთავრებულად გამოაცხადეს,  ფერფლისგან აღსდგა და ისეთ წარმატებებს მიაღწია, რომელიც მისაბაძად იქცა არა მხოლოდ რუსეთის ოპოზიციის ან მეზობელი ქვეყნებისთვის, არამედ, როგორც დღეს საბოლოოდ დადასტურდა და რასაც დიდი ხანია ვვარაუდობდით, რუსეთის დღევანდელი მთავრობის ხელმძღვანელებისთვისაც. ეს ერთი. მეორე, მათ საქართველოს მთავრობის გამოცვლა იმის გამო სურთ, რომ მოიყვანონ ძალა, რომელიც ირიბად ან პირდაპირ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის დაკანონებას ჰპირდება; რომელიც შეწყვეტს საერთაშორისო მხარდაჭერის მოპოვებას ამ თემასთან დაკავშირებით და შეურიგდება არსებულ, როგორც რუსეთის დღევანდელი მთავრობა უწოდებს, ახლადშექმნილ რეალობებს. ჩემი პასუხი არის  ძალიან მარტივი - თუ ისინი მზად არიან, იქნება ეს ბატონი მედვედევი თუ რუსეთის რეალური მმართველი, რომ საქართველოს დაუბრუნონ ოკუპირებული ტერიტორიების კონტროლის მექანიზმები და გაიყვანონ აქედან თავისი ჯარები, თუკი პირადად ჩემი და დღევანდელი მთავრობის ხელისუფლებიდან წასვლის სანაცვლოდ დააბრუნებენ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებს, მზად ვარ, დღესვე, ნებისმიერ ადგილზე ჩავფრინდე  და ამ ხელშეკრულებას მოვაწერო ხელი. თუ მათ სურს ურთიერთობის აღდგენა მთლიან საქართველოსთან საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში და ამ ხელშეკრულების თანახმად, თუნდაც, საერთაშორისო თანამეგობრობის მეთვალყურების ქვეშ, დათანხმდებიან დაგვიბრუნონ კონტროლი აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონზე, გაიყვანონ აქედან თავისი ჯარები, და საქართველოს ხალხს, ჩვენ მრავალეთნიკურ მოსახლეობას მისცენ ბოლომდე განვითარების საშუალება საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში, მზად ვარ წავიდე ხელისუფლებიდან“, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.  



ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (11)
2012 (12)
2011 (12)
2010 (12)
2009 (12)
2008 (12)
2007 (12)
2006 (12)
2005 (11)