Google+

რელიზები

22.04.2012
მიხეილ სააკაშვილი და დონალდ ტრამპი  „ტრამპ თაუერის“ პროექტის პრეზენტაციას დაესწრნენ

საქართველოს პრეზიდენტი  დონალდ ტრამპთან და „სილქ როუდ ჯგუფის“ ხელმძღვანელთან, გიორგი რამიშვილთან ერთად ბათუმში „ტრამპ თაუერის“ პროექტის პრეზენტაციას დაესწრო. 47-სართულიანი ცათამბჯენი საოცრებათა მოედანზე აშენდება. მიხეილ სააკაშვილმა და ცნობილმა ამერიკელმა ბიზნესმენმა შეკრებილ საზოგადოებას მიმართეს და პროექტის დაწყების შესახებ ოფიციალური განცხადებები  გააკეთეს.  

ქვეყნის პირველმა პირმა ყურადღება ბათუმის განვითარების პროექტებზე გაამახვილა და აღნიშნა, რომ ეს ქალაქი არა მხოლოდ შავი ზღვისპირეთის, არამედ აღმოსავლეთ ევროპისა და გარშემო ქვეყნების საუკეთესო ადგილი გახდება. ამით კი, მისი თქმით, ქართველ ხალხს უკეთესი მომავლის რეალური პერსპექტივა ექმნება. როგორც მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, საერთაშორისო საფინანსო კორპორაციის კვლევის თანახმად, ქვეყნის საინვესტიციო კლიმატით ადგილობრივი ბიზნესმენების 75 პროცენტი კმაყოფილია, რაც ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მაჩვენებელია მსოფლიოს მასშტაბით. პრეზიდენტმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქართველო დიდი გეოპოლიტიკური რისკების წინაშე დგას, სწორედ, იმის გამო, რომ ქვეყანას აქვს პერსპექტივა გახდეს, როგორც რეგიონის შემაკავშირებელი, ისე მისი ერთ-ერთი უდიდესი ცენტრი ვაჭრობის, ლოჯისტიკის, ტექნოლოგიების მიმართულებით. მიხეილ სააკაშვილმა დონალდ ტრამპის საქართველოში ვიზიტის მნიშვნელობაზეც ისაუბრა, რადგან მისი აქ ყოფნა, პრეზიდენტის თქმით, წელში გამართული ოჯახებისა და ახალი თაობებისთვის უკეთესი მომავლის შექმნის ერთ-ერთი ყველაზე მყარი გარანტია.

შეკრებილ საზოგადოებას დონალდ ტრამპმაც მიმართა, რომელმაც ხაზგასმით აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტის ძალისხმევა მისი ქვეყნის წარმატებისა და უკეთესი მომავლის უზრუნველსაყოფად. ამიტომ, ეს დღე მან განსაკუთრებით მიულოცა ქვეყნის პრეზიდენტს და ქართველ ხალხს. ამერიკელმა ბიზნესმენმა ყურადღება გაამახვილა იმაზე, რომ საქართველოში ყველაფერი ხალხისთვის კეთდება. მისი თქმით, სწორედ ეს არის იმის მიზეზი, რომ საქართველოსა და მის ჯადოსნურ ტრანსფორმაციაზე მთელი მსოფლიო ალაპარაკდა.

დონალდ ტრამპი ბათუმში მიხეილ სააკაშვილთან ერთად გუშინ ჩავიდა. ქვეყნის პირველმა პირმა ამერიკელ მილიარდერს განახლებული ბათუმი, განხორციელებული პროექტები და მშენებარე ობიექტები პირადად დაათვალიერებინა.

ამერიკელი მილიარდერი საქართველოდან დღეს გაემგზავრა.  



ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (11)
2012 (12)
2011 (12)
2010 (12)
2009 (12)
2008 (12)
2007 (12)
2006 (12)
2005 (11)