Google+

რელიზები

29.09.2013
საქართველოს პრეზიდენტი ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტში სიტყვით გამოვიდა

ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს პრეზიდენტი ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტში სიტყვით გამოვიდა და უნივერსიტეტის პროფესორი თომას ბურგენტალი ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენით დააჯილდოვა, რომელიც 1995-96 წლებში დოქტორანტურაში სწავლისას, მიხეილ სააკაშვილის ხელმძღვანელი იყო. თომას ბურგენტალი 2010 წლამდე გაეროს საერთაშორისო სასამართლოს მოსამართლეც იყო.

„შეერთებულ შტატებში 1993 წელს ჩამოვედი და გამიმართლა, რომ არაჩვეულებრივი პროფესორები მასწავლიდნენ. ძალიან საინტერესო პერიოდი იყო, უდიდესი გამოცდილება შევიძინე. შესანიშნავი სემინარები გვქონდა. თუკი აქ მყოფთაგან ვინმეს შესაძლებლობა გქონდათ დასწრებოდით მათ, ალბათ დამეთანხმებით. მახსოვს, როდესაც უნივერისტეტს ვამთავრებდი, ერთი ძალიან რთული საგანი მქონდა ჩასაბარებელი საერთაშორისო სამართლის შესახებ, რომლის გამოთქმაც ახლაც კი მიჭირს. მივედი პროფესორ ბუერგენტალთან და ვუთხარი: იცით, პროფესორო, მე ახლახან ამირჩიეს საქართველოს პარლამენტში, მაგრამ არ ინერვიულოთ, მზად ვარ მოვემზადო-მეთქი. მან კი მიპასუხა, რომ ახლა სხვა საგანი უნდა ჩამებარებინა და ეს ახალი ქვეყნის შენება იყო. პროფესორო, მინდა გითხრათ: როდესაც საქართველოში ჩავედი, ის არშემდგარი ქვეყანა იყო, სახელმწიფო, სადაც არ იყო ელექტროენერგია და გაბატონებული იყო კრიმინალი, ქვეყანას კლეპტოკრატები მართავდნენ. ჩემი პრეზიდენტობის პერიოდში, საქართველო გახდა ნომერ პირველი რეფორმატორი ქვეყანა და ბიზნესის კეთების თვალსაზრისით, მსოფლიო ბანკის ათეულში შევედით, როგორც ერთ-ერთი საუკეთესო ქვეყანა მსოფლიოში. საქართველო ერთადერთია ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში, სადაც ყველაზე მარტივია ბიზნესის წამოწყება. მსოფლიოს ბანკის შეფასებით, ჩვენთან ყველაზე სწრაფია საბაჟო პროცედურებიც. საქართველო ერთ-ერთი ყველაზე კრიმინალიზებული ქვეყანა იყო მსოფლიოში, ახლა კი დანაშაულის დონე ჩვენთან ერთ-ერთი ყველაზე დაბალია ევროპის სახელმწიფოებს შორის, საქართველო ასევე ყველაზე ნაკლებად კორუმპირებული ქვეყანაა. ეს არის შედეგი იმისა, რისი გაკეთებაც თქვენ დამავალეთ პროფესორო. მინდა რაღაც გადმოგცეთ, ეს არ არის ჩემი სადოქტორო ნამუშევარი, თუმცა აქ არის ყველაფერი, რაც ჩემი პრეზიდენტობის პერიოდში, ბოლო 6 წლის განმავლობაში გაკეთდა საქართველოში. ასევე მინდა, ქართველი ერის სახელითა და პირადად ჩემგან, უდიდესი პატივისცემის ნიშნად, თქვენს მიერ გაწუელი უდიდესი ღვაწლისთვის ბრწყინვალების უმაღლესი საპრეზიდენტო ორდენით დაგაჯილდოვოთ“, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

ტომას ბუერგენტალმა მადლობა გადაუხადა მიხეილ სააკაშვილს ჯილდოსთვის და აღნიშნა: „მადლობელი ვარ ასეთი პატივისთვის. როგორც იცით, მიხეილ სააკაშვილი ჩემი სტუდენტი იყო, თანაც ძალიან კარგი. ძალიან ჭკვიანი ადამიანია. არასდროს მიფიქრია, რომ პრეზიდენტი გახდებოდა. ვამაყობ იმით, რასაც მიაღწია“. 



ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (11)
2012 (12)
2011 (12)
2010 (12)
2009 (12)
2008 (12)
2007 (12)
2006 (12)
2005 (11)