რელიზები
01.12.2012
საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის პროტოკოლისა და საგარეო ურთიერთობების სამსახურის უფროსის ზურაბ დარჩიაშვილის განცხადება
გუშინ, 2012 წლის 30 ნოემბერს, საქართველოს დელეგაცია პრეზიდენტის ხელმძღვანელობით გაემგზავრა ერევანში ევროპის სახალხო პარტიის აღმოსავლეთ პარტნიორობის სახელმწიფოს მეთაურთა სამიტზე.
ვანო მერაბიშვილი, როგორც ერთიანი ნაციონალური მოძრაობის გენერალური მდივანი, სამიტზე მიწვეული იყო ევროპის სახალხო პარტიის პრეზიდენტის მიერ. ის გახლდათ ოფიციალური დელეგაციის წევრი და მონაწილეობდა შეხვედრებში, მათ შორის, ევროკომისიის პრეზიდენტთან, ხოსე მანუელ ბაროსოსთან.
2003 წლიდან მოყოლებული, ჩვენ ბევრი ოფიციალური ვიზიტი დაგვიგეგმავს, მათ შორის, ვანო მერაბიშვილის მონაწილეობით და მინდა დაბეჯითებით გითხრათ, რომ არასოდეს ყოფილა ყალბი პასპორტით ან ნებისმიერი ყალბი სამგზავრო დოკუმენტით სარგებლობის შემთხვევა. გასაკვირია, რომ მე მიწევს ამაზე კომენტარის გაკეთება და ის რომ, ასეთი ბრალდებები გავრცელდა ყოფილ პრემიერ-მინისტრთან დაკავშირებით. პროტოკოლის სფეროში ჩვენი მრავალწლიანი გამოცდილების მანძილზე მსგავსი ბრალდება არასოდეს ყოფილა. მინდა გითხრათ, რომ საზღვარზე პასპორტების გაფორმების პროცედურა არის ძალიან მარტივი და გამჭვირვალე, რაც გამორიცხავს გაყალბებული დოკუმენტებით მგზავრობის შესაძლებლობას.