რელიზები
05.09.2012
საქართველოს პრეზიდენტმა ყვარელში ღვინის ქარხანა დაათვალიერა
საქართველოს პრეზიდენტმა ყვარელში "თბილღვინოს" ქარხანა დაათვალიერა. მიხეილ სააკაშვილი საწარმოში დასაქმებულებთან ერთად, ყურძნის დაწურვის პროცესს დაესწრო. ქვეყნის პირველი პირი იქ მყოფი გლეხებისგან ყურძნის ჩაბარების პირობებით დაინტერესდა და მათ ყურძნის ფასის თაობაზეც ესაუბრა.
"ჩვენს ყურძენს იტალიაში, ჩილეში, კალიფორნიაში მოყვანილი ყურძნის ხარისხს ვადარებ, თუმცა იმისთვის, რომ ჩვენი ღვინოც ისეთივე პოპულარული გახდეს, როგორიც ამ ქვეყნებშია, ფულის დახარჯვა მოგვიწევს. ამერიკის დედაქალაქში ვაშინგტონში ახლა ვხსნით ქართული ღვინის ბარს, ამასთან, ყველა ჩამოსულ ტურისტს სუვენირის სახით დავურიგებთ ერთ პატარა ბოთლ ქართულ ღვინოს და ყველა გაიგებს, რომ საქართველო ღვინის სამშობლოა. მას შემდეგ, რაც ჩვენი ღვინის პოპულარიზაციას მოვახერხებთ, ფასებიც აიწევა და სწორედ ეს არის ჩვენი ამოცანა. რაც შეეხება ყურძნის რაოდენობის გაზრდას, ამისათვის ახალი ქარხნების მშენებლობასთან ერთად, ახალი ვენახების გაშენებაცაა საჭირო", - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.
გლეხებთან საუბრისას, მიხეილ სააკაშვილმა ასევე აღნიშნა, რომ აუცილებელია, რომ ჩვენი ღვინის მაღალი ხარისხი მომდევნო წლებშიც შენარჩუნდეს. მასშტაბური პოპულარიზაცის პირობებში კი, ქართული ღვინო საბოლოოდ დაიმკვიდრებს ადგილს მსოფლიო ბაზარზე.
ახალი ღვინის ქარხანა საერთაშორისო საფინანსო კორპორაციასთან ერთად 3 მილიონი დოლარის უცხოური ინვესტიციით აშენდა და ორი დღის წინათ გაიხსნა.
წლევანდელი რთველის სეზონზე ქარხანა 1500 ტონა საფერავსა და 1000 ტონა რქაწითელის ჯიშის ყურძნის გადამუშავებას გეგმავს.