Google+

რელიზები

04.08.2012
საქართველოს პრეზიდენტმა ბეშუმში შეკრებილ მოსახლეობას "შუამთობის" დღესასწაული მიულოცა

საქართველოს პრეზიდენტი დღეს მაღალმთიან აჭარაში იმყოფებოდა, სადაც რეგიონებიდან ჩასული ადამიანები ადგილობრივებთან ერთად ბეშუმის ტრადიციულ დღესასწაულს "შუამთობას" აღნიშნავენ. მიხეილ სააკაშვილმა შეკრებილ საზოგადოებას მიმართა და საქართველოს სამთო კურორტების მნიშვნელობასა და მათ პოტენციალზე ესაუბრა. როგორც პრეზიდენტმა ადგილობრივებს განუცხადა, ახალი სათხილამურო კურორტის განვითარებასთან ერთად, უკვე დაწყებულია გოდერძის უღელტეხილისა და ადიგენის შემაერთებელი გზის მშენებლობაც და სულ მალე რეგიონს ახალი გზა ექნება.

"რვა წლის წინათ ჩვენ ჩავიბარეთ შეურაცხყოფილი, სიღატაკეში მყოფი, ჩაგვრის ქვეშ მყოფი აჭარა, მაგრამ ძალიან ამაყი, ძალიან ღირსეული, ძალიან მშრომელი ხალხით. დღევანდელი აჭარა კი ჩვენ ვაქციეთ მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო რეგიონად", - განაცხადა პრეზიდენტმა.

ბეშუმში მისვლამდე საქართველოს პრეზიდენტი გოდერძის უღელტეხილზე იმყოფებოდა და დასაქმების პროგრამაში ჩართულ ადამიანებს შეხვდა. ამ ეტაპზე იქ ახალი საბაგიროსა და ათამდე სასტუმროს მშენებლობა მიმდინარეობს.

“იცოდეთ, ეს არის ბოლო წელი, როცა “შიამთობის” დღესასწაულზე ცუდი გზით მოვდივართ. უღელტეხილზე 25-კილომეტრიანი მონაკვეთი კეთდება, რომელსაც გავაგრძელებთ ადიგენისკენ. მარტო ამ კურორტზე 500 ადგილობრივი მაინც დასაქმდება. ოქროს ფასი დაედება თქვენს სახლსაც და მიწებსაც, რადგან აქ მთელი მსოფლიო უნდა ვატაროთ. ბათუმში აეროპორტი ფართოვდება და კიდევ უფრო მეტი ტურისტი ჩამოვა.  საზღვარსაც ბევრი გადმოკვეთავს და საქართველოს სხვა რეგიონებიდანაც ბევრი დამსვენებელი ამოვა. სავარაუდოდ, აქ ათი სასტუმრო მაინც იქნება. საწყის ეტაპზე კი ოთხი სასტუმრო აშენდება. ერთ-ერთი სასტუმრო მას ეკუთვნის, ვინც ბათუმის პიაცა ააშენა. ბათუმის შემდეგ, მსგავსი პიაცა მესტიაშიც გაკეთდა. ორი წლის წინათ, როცა ამაზე ვლაპარაკობდი, არავის სჯეროდა. სწორედ ასეთივე მშენებლობა გაჩაღდება აქაც და გუდაურისგან განსხვავებით, ეს კურორტი ზაფხულისაც იქნება და ზამთრისაც. ეს ადგილი სამოთხეა, რომელიც მთელი ქვეყნისთვის იყო დამალული”, - აღნიშნა მიხეილ სააკაშვილმა მათთან საუბრისას.

როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, სამშენებლო სამუშაოების საძირკველი სექტემბერში დასრულდება, რაც იმას ნიშნავს, რომ საბაგირო ხაზზე გონდოლების ჩამოკიდება ოქტომბრიდან დაიწყება.

ქვეყნის პირველი პირი ბეშუმში აჭარის მთავრობის ხელმძღვანელთან, ლევან ვარშალომიძესთან ერთად იმყოფებოდა. 

 



ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (11)
2012 (12)
2011 (12)
2010 (12)
2009 (12)
2008 (12)
2007 (12)
2006 (12)
2005 (11)