Google+

რელიზები

04.07.2012
საქართველოს პრეზიდენტმა თავდაცვის სამინისტროს თანამშრომლებს ახალი მინისტრი წარუდგინა

მოგეხსენებათ, ახალი მთავრობის შემადგენლობაში დიმიტრი შაშკინი თავდაცვის მინისტრის თანამდებობას დაიკავებს.

დიმიტრი შაშკინი ძალიან გამოცდილი ხელმძღვანელია.

მინდა შეგახსენოთ, რომ მას რამდენიმე მნიშვნელოვან სფეროში აქვს ხელმძღვანელობის გამოცდილება.

მთავრობაში იგი საერთაშორისო არასამთავრობო სექტორიდან მოვიდა და რამდენიმე სამინისტროს ხელმძღვანელობდა. თავდაპირველად, იყო სასჯელაღსრულების მინისტრი, შემდეგ განათლებისა და მეცნიერების მინისტრი, ახლა კი თავდაცვის მინისტრი იქნება.

მან ყველა სფეროში მნიშვნელოვანი რეფორმები და ცვლილებები განახორციელა, არის ძალიან მაღალი კვალიფიკაციის მქონე ხელმძღვანელი და მართლაც ერთ-ერთი ყველაზე დიდი ქართველი პატრიოტი. 

საქართველოსთვის თავდაცვის სფერო ყველაზე ფაქიზი და ყველაზე მნიშვნელოვანი სფეროა.

საქართველოს შეიარაღებულ ძალებს აქვს ყველაზე მაღალი ავტორიტეტი ქვეყნის სხვა სახელმწიფო დაწესებულებებს შორის.

უპირველეს ყოვლისა, ეს ჩვენი ოფიცრების, სერჟანტების, ჯარისკაცების დამსახურებაა, მაგრამ ასევე არის ჩვენ მიერ განხორციელებული სწორი რეფორმებისა და სწორი კურსის დამსახურება.

რომ არა საქართველოს შეიარაღებული ძალები, ჩვენი ქვეყანა დღეს არ იარსებებდა როგორც სახელმწიფო და ეს არის ჩვენი არსებობისა და განვითარების შემდგომი ფაქტორი.

ჩვენი სისტემა, ერთი მხრივ, ეფუძნება პროფესიულ და გაწვევით ჯარს.

მსურს, კატეგორიულად ვთქვა, რომ საქართველოს მსგავს ქვეყანაში გაწვევითი ჯარის გაუქმება არ შეიძლება! ეს სულელური იდეაა.

ვეთანხმები ვანო მერაბიშვილს, რომელიც გუშინ პარლამენტში სწორედ ამის შესახებ ლაპარაკობდა. საქართველს მსგავსი გამოწვევების მქონე ქვეყნებიდან რომელს არ აქვს პროფესიული ჯარი?! სინგაპურში არის საყოველთაო გაწვევა, ისრაელში არის საყოველთაო გაწვევა, თანაც კაცებსაც იწვევენ და ქალებსაც - თუმცა ჩვენ ქალების გაწვევას არ ვაპირებთ.

ამასთანავე, საქართველოს ყველა მოქალაქე, ამა თუ იმ ფორმით, უნდა იყოს ჩართული ქვეყნის თავდაცვის განვითარებაში და ეს არ უნდა იყო ცალკე პროფესიონალის პრივილეგია. თითოეული ჩვენგანისთვის ეს არის აქსიომა.

საქართველოში ყველა ადამიანს უნდა ჰქონდეს ჯართან შეხება. პირადად მე, მინდა, რომ ჩემი შვილი, როგორც კი სრულწლოვანი გახდება, ამა თუ იმ ფორმით ინტეგრირებული იყოს ჯარში და გაიაროს სამხედრო მომსახურება.

საქართველოს ყველა მოქალაქე ასე უნდა ფიქრობდეს, თუნდაც მისი შვილი უცხოეთში ან საქართველოში სწავლობდეს, ან არც ჰქონდეს არჩეული პროფესია. ეს საკითხი საკამათო არ უნდა იყოს - მორგებული უნდა გვქონდეს ისეთი პროგრამები, რომ ამა თუ იმ ფორმით ყველამ გაიაროს სამხედრო მომზადება.

ყველამ უნდა იცოდეს, რას წარმოადგენს შეიარაღებული ძალები მისთვის და მისი ქვეყნისთვის.

ასევეა რეზერვისტთა სისტემაც.

სარეზერვო სისტემა საქართველოს ყველა რეგიონში შეიქმნა და, პრაქტიკულად, ყველა ადამიანი ჩაეწერა.

ეს არის ჩვენი სიამაყის ერთ-ერთი წყარო.

ყველა ადამიანს უნდა შეეძლოს თავისი სოფლის, მიკრორაიონის, უბნის, ქალაქის, რაიონის დაცვა.

ჩვენ კარგად დავინახეთ, რომ სადაც დამპყობელი შემოვიდა, იქ ქართველები - ქვეყნის მოქალაქეები და ერთგული პატრიოტები არ დატოვა.

დღეს საქართველოში დევნილები არიან ეთნიკური ოსებიც, ეთნიკური აფხაზებიც, ეთნიკური რუსებიც, ეთნიკური სომხებიც და ეთნიკური ქართველებიც.

ამიტომ, ჩვენ კარგად უნდა ვიცოდეთ, რომ როდესაც მსგავსი საფრთხეების წინაშე ვდგავართ,   თითოეულ ადამიანს უნდა შეეძლოს საკუთარი სამშობლოს დაცვა.

დიმიტრი შაშკინის აქ გადმოყვანა განპირობებული იყო იმით, რომ იგი იყო ამერიკული რესპუბლიკური ინსტიტუტის ადგილობრივი ოფისის ქართველი ხელმძღვანელი მრავალი წლის განმავლობაში. ახლა კი ვიწყებთ საერთაშორისო სისტემაში ჩვენი შეიარაღებული ძალების ინტეგრაციის ძალზე მნიშვნელოვან პროგრამას, მათ შორის, ამერიკის შეერთებულ შტატებთან.

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ეს ჯერ კიდევ იანვარში გამოაცხადა და შემდეგ ჰილარი კლინტონმა და სხვა დელეგაციებმა დააკონკრეტეს. მე ვიტყოდი, რომ ეს არის მნიშვნელოვანი, ისტორიული, გადამწყვეტი პროგრამა ჩვენი შეიარაღებული ძალების აღჭურვის და მომზადებისთვის, მათ შორის, გამოწვევების დაძლევის თვალსაზრისით.

ჩვენ უკვე გვაქვს სერიოზული სამხედრო აკადემია, სადაც არიან ამერიკელი და სხვა უცხოელი ინსტურქტორები.

რამდენიმე ათეული ჩვენი ოფიცერი სწავლობს უცხოეთში და ასევე ემზადება წავიდეს სასწავლებლად და ვფიქრობთ, ასეულობით ჩვენი ოფიცერი და სერჟანტი უნდა წავიდეს საზღვარგარეთ სწავლის გასაგრძელებლად.

ამერიკამ გამოაცხადა, რომ საქართველოს შეიარაღებული ძალებს დაეხმარება ვერტმფრენებით აღჭურვის, საჰაერო, სახმელეთო და საზღვაო დაცვის სისტემის შესაქმნაში და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი წინ გადადგმული ნაბიჯი.

თქვენ იცით, რომ ჩვენ შევქმენით სამხედრო ინდუსტრია - ეს არის არა მხოლოდ თქვენი სამინისტროს ერთ-ერთი ყველაზე დიდი მიღწევა, არამედ მთელი საქართველოს წარმატება. ესეც უნდა განვავრცოთ.

იმის გარდა, რომ რომ ეს ქმნის სამუშაო ადგილებს, ქვეყანას აძლევს განსაკუთრებული სიმტკიცის მარაგს, ძალიან მნიშვნელოვანია გვესმოდეს, რომ ეს ქმნის ახალ ტექნოლოგიებს, მოაქვს განვითარება და ბადებს ახალ იდეებს.

ეს ახალი განვითარების საშუალებას აძლევს მთლიანად ქართულ ეკონომიკას, ქართულ საგანმანათლებლო სექტორს და მთლიანად ჩვენ ქვეყანას.

ჩვენ იცით, რომ ჩვენი შეარაღებული ძალების ისტორიაში სხვადასხვა პერიოდები გვქონდა.  ჩვენ გვქონდა ძალიან სახელოვანი მომენტები და გქონდა სამარცხვინო მომენტებიც, როგორიც იყო 2009 წელს გადატრიალების წარუმატებელი მცდელობა. ეს მცდელობა ზოგიერთმა თქვენგანმა, რომლებიც აქ იმყოფება, გადამწყვეტი მოქმედებებით აღკვეთა და ეს კარგად მახსოვს.

ბაჩოს ახალაიას ხელმძღვანელობის დროს აქ ბევრი კარგი რამ მოხდა.  მთლიანად გაიწმინდა  მერყევი, ძველებურად მოაზროვნე, მტერთან შესაკვრელად გამზადებული ელემენტისგან. ამ თვალსაზრისით, შეიარაღებული ძალები დღეს არის ძალიან სუფთა.

დღეს ვქმნით ჩვენს ქვეყანას და ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ საქართველო იყოს დაცული, მათ შორის, ასეთი ელემენტებისგანაც.

მეორე მხრივ, დღეს ჩვენ გვყავს ძალიან ბევრი მაღალი დონის ოფიცერი, მაღალკვალიფიცური სპეციალისტები სხვადასხვა დარგში - ხალხი დღე და ღამე მუშაობს.

პირველი წლებისგან განსხვავებით, როდესაც მუდმივად ვაჩვენებდით სამხედრო წვრთნებსა და მანევრებს ტელევიზიით, ჩვენ აღარ ვაკეთებთ რეკლამას - საქმე კარგად კეთდება ჩუმად, აუღელვებლად, წყნარად და ნაბიჯ-ნაბიჯ.

ეს არის სისტემა, რომელსაც ნელნელა უნდა შექმნა. ჩვენ უნდა გვესმოდეს რომ სამხედრო სკოლის შექმნა ნულიდან გვიწევს. ამიტომ ამას სჭირდება გარკვეული პერიოდი.

რუსებმა ჩვენ გაგვინადგურეს ეს სკოლა, რადგან საბჭოთა კავშირში არ იწვევდნენ ქართველებს ოფიცრებად, იშვიათი გამონაკლისის გარდა.

საქართველოში ამ სკოლის ჩამოყალიბება ბევრად უფრო სწრაფად უნდა შევძლოთ, ვიდრე ეს სხვა ქვეყნებში ხდება.

ჩვენ დაგვჭირდება წლები, მაგრამ აუცილებლად შევქმნით, რაც მოგვცემს იმის საშუალებას, რომ საქართველოს თიოთოეულ მოქალაქეს ბევრად უფრო მშვიდად ეძინოს.

ვფიქრობ, დიმას ექნება საინტერესო იდეები და მასთან მუშაობა ყველასთვის გაუადვილდება, რადგან საოცრად კოლეგიალური, გახსნილი, დემოკრატი და თავმდაბალი ადამიანია.

ჩვენ გვჭირდება მოაზროვნე ხალხი აქ და არა ბრძანების შემსრულებლები.

ჩენ გვჭირდება ხალხი, რომელიც თამამად მოგვაწვდის იდეებს, თამამად გააკრიტიკებს იმას, რაც არ მოეწონება, თამამად გამოთქვამს აზრს და არ დაეთანხმება თუნდაც მინისტრს, როდესაც ეს  საჭირო იქნება - როდესაც ეს დაეფუძნება საერთო საქმის სამსახურს.

ამით მიიღწევა შედეგი ქართულ სახელმწიფო აპარატში.

კიდევ ერთხელ მსურს წარმატება გისურვოთ და დიდი მადლობა გითხრათ ყველას თანამშრომლობისთვის.

კარგად დაწყებული საქმე კიდევ უფრო აქტიურად გავაგრძელოთ! 



ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (11)
2012 (12)
2011 (12)
2010 (12)
2009 (12)
2008 (12)
2007 (12)
2006 (12)
2005 (11)