Google+

რელიზები

06.06.2012
საქართველოს პრეზიდენტი ვარკეთილში მოსახლეობას შეხვდა

საქართველოს პრეზიდენტი დღეს ვარკეთილს სტუმრობდა, სადაც ადგილობრივ მცხოვრებლებს შეხვდა. საუბრის მთავარი თემები ის სოციალური და ინფრასტრუქტურული პროექტები იყო, რომლებიც უკვე განხორციელდა და სამომავლოდ იგეგმება. პრეზიდენტის  თქმით, ყველა ეს პროექტი სოციალური თანასწორობისა და მოსახლეობის პირობების გაუმჯობესებაზეა ორიენტირებული, რაც ქვეყანაში სამუშაო ადგილების შექმნას უწყობს ხელს.

„მინდა გითხრათ, რომ ჩემი ამოცანა ძალზე კონკრეტულია. საქართველოს მთავრობა, რომელსაც მე წარმოვადგენ, ყოველთვის უარს ამბობდა და არასდროს არ ემსახურებოდა იმ ერთი „მუჭა“ ხალხის ინტერესებს, რომელიც მთელი ცხოვრების განმავლობაში, ყველა მთავრობის დროს იყო კარგად. ამიტომ,  რამდენჯერაც არ უნდა შეიკრიბოს ყოფილი ელიტა, რამდენჯერაც არ უნდა დაგვიქნიონ თითი თანამდებობის ყოფილმა პირებმა, ისევე არ მაინტერესებს რას ფიქრობენ ისინი, როგორც მათ არ აინტერესებდათ დანარჩენი საზოგადოება. მე მაინტერესებს რას ფიქრობთ თქვენ და იმ ადამიანების აზრი, ვინც ყველაზე დიდი  წვლილი შეიტანა იმაში, რომ ქვეყანა აქამდე მოეტანა და ვინც თაობების განმავლობაში ყველაზე მეტად იყო ამით მოტივირებული. ამიტომ, მსურს თქვენ მოგისმინოთ“, - განაცხადა პრეზიდენტმა.

ხალხთან შეხვედრისას, მიხეილ სააკაშვილმა ამერიკის სახელმწიფო მდივნის საქართველოში ვიზიტიც შეაფასა. მან განსაკუთრებით ის ფაქტი  გამოყო, რომ ამერიკის ადმინისტრაცია ქვეყნის თავდაცვისა და უსაფრთხოების გაძლიერების მიზნით, თანამშრომლობას აფართოებს და ორ ქვეყანას შორის ამ მხრივ, მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელება იგეგმება. როგორც მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, ჩვენს ტერიტორიებთან მიმართებაში ამერიკამ გამოიყენა სიტყვა „ოკუპაცია“ და აღიარა ნეიტრალური სტატუსის დოკუმეტები. მისი თქმით, აფხაზეთსა და  ცხინვალის რეგიონში დარჩენილ მცირერიცხოვან მოსახლეობას საქართველოს მიერ გაცემული დოკუმენტით შეეძლება ამერიკასა და, შესაბამისად, მსოფლიოს უმეტეს განვითარებულ ნაწილში მოგზაურობა.

ქვეყნის პირველმა პირმა ასევე აღნიშნა, რომ ევროპის მსგავსად ამერიკასთანაც დაიწყება თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებაზე მუშაობა, რაც დამატებითი ინვესტიციების მოზიდვისა და, შესაბამისად, ხალხის დასაქმების საფუძველი გახდება.



ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (11)
2012 (12)
2011 (12)
2010 (12)
2009 (12)
2008 (12)
2007 (12)
2006 (12)
2005 (11)