რელიზები
06.06.2012
საქართველოს პრეზიდენტმა ღვაწლმოსილი მეცნიერები და ხელოვანები დააჯილდოვა
ქუთაისში, მთავრობის სახლში საქართველოს პრეზიდენტმა ქართველი ხელოვანები, მეცნიერები და სამედიცინო სფეროს წარმომადგენლები შოთა რუსთაველის სახელობის პრემიითა და ეროვნული პრემიებით დააჯილდოვა. წარმატებული საქმიანობისთვის ქვეყნის პირველმა პირმა მათ მადლობა გადაუხადა.
"შოთა რუსთაველისა და ეროვნული პრემიები უაღრესად პრესტიჟული ჯილდოებია საქართველოში. ამ ჯილდოებს ბევრი ადამიანი იმსახურებს, თუმცა დღეს ყველას ვერ გადავცემთ. ამისთვის გული არავინ არ უნდა გაიტეხოს, რადგან სამომავლოდ ყველა ის ადამიანი მიიღებს, ვინც მას იმსახურებს. ადამიანებს პრემია მხოლოდ წარსულში გაწეული შრომისათვის არ უნდა მივანიჭოთ. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ბევრი მეცნიერი, კულტურის მოღვაწე თუ შემოქმედი დავაჯილდოვოთ იმისთვის, რასაც თითოეული მათგანი ამჟამად ქმნის," - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
საქართველოს პრეზიდენტმა ქართველი ხელოვანების დაჯილდოებისას, განსაკუთრებით ნიკოლოზ რაჭველის დამსახურება გამოყო.
"თქვენ იცით, რომ სპექტაკლს "ქეთო და კოტე" საქართველოს პატრიარქმა უწოდა „რევოლუცია მუსიკაში“. მართლაც, სადაც არ უნდა გაიმართოს ეს სპექტაკლი, ბილეთები ყველგან წინასწარ არის გაყიდული. ნიკოლოზ რაჭველის დამსახურებაა ის, რომ მან საოცრად კარგად შეძლო ამ უნიკალური ნაწარმოებისთვის თანამედროვე სულის შთაბერვა. ჩვენი მუსიკის ენა ესმის მსოფლიოს. სწორედ, დიდი ნიჭის გამო დაიმსახურა ნიკოლოზ რაჭველმა დღევანდელი ჯილდო," - განუცხადა შეკრებილ საზოგადოებას საქართველოს პრეზიდენტმა.
მიხეილ სააკაშვილმა კინოსა და მუსიკის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის რამდენიმე კინორეჟისორი და მუსიკოსი შოთა რუსთაველის სახელობის პრემიით დააჯილდოვა. ქვეყნის პირველმა პირმა მედიცინის ღვაწლმოსილი მუშაკებიც დააფასა და სამედიცინო ნაშრომთა ციკლის ავტორთა ჯგუფს ეროვნული პრემიები გადასცა. საქართველოს პრეზიდენტმა, ასევე, მადლიერება გამოხატა ტექნიკურ მეცნიერებათა დარგში მოღვაწე ინჟინერ-ინფორმატიკოსებისა და ტექნიკურ მეცნიერებათა დარგში ახალი მეტალურგიული ლექსიკონის ავტორთა ჯგუფის წევრების მიმართ და თთოეულ მათგანს სახელმწიფო ჯილდო გადასცა და აღნიშნა, რომ მათ დიდი დამსახურება აქვთ საკუთრი ქვეყნის წინაშე.