Google+

რელიზები

01.06.2012
საქართველოს პრეზიდენტი ბათუმში ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ კონცერტს დაესწრო

საქართველოს პრეზიდენტი ლიტვის პრეზიდენტთან 2004-09 წლებში, ვალდას ადამკუსთან ერთად ბათუმის ხელოვნებისა და მუსიკის ცენტრში ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ კლასიკური მუსიკის კონცერტს დაესწრო, რომელშიც ქართველი და ლიტველი ახალგაზრდა შემსრულებლები იღებდნენ მონაწილეობას. მიხეილ სააკაშვილმა დამსწრე საზოგადოებას მიმართა, ბავშვთა დაცვის დღე მათ პირადად მიულოცა და საქართველო-ლიტვის მეგობრულ  ურთიერთობაზე ისაუბრა. კონცერტს საქართველოში ვიზიტით მყოფი თურქეთის ვიცე-პრემიერიც დაესწრო. სტუმრების პატივსაცემად ხელოვნებისა და მუსიკის ცენტრის ფოიეში, აჭარული ცეკვა შესრულდა.

„ბათუმში არის დიდი ტრადიცია, გვაქვს საუკეთესო სამუსიკო სასწავლებლები და გვყავს  საუკეთესო პედაგოგები. ძალიან ბევრი ცნობილი მუსიკოსი და შემსრულებელი სწორედ აქედან წამოვიდა და ეს არის ზუსტად ის, რასაც ჩვენ ვამბობთ და ვახორციელებთ ჩვენს ცხოვრებაში. ეს კონცერტი ტრანსილირდება ევროპის 27 ქვეყანაში. ეს ვალდას ადამკუსის, ჩვენი ძალიან დიდი მეგობრის და, მე ვიტყოდი, ჩვენი ისტორიის ნამდვილი გმირის დამსახურებაა. მან აქ ნიჭიერი ლიტველი ახალგაზრდები ჩამოიყვანა, ჩვენც დავახვედრეთ მათ ჩვენი ნიჭიერი ახალგაზრდები და ერთობლივად ვმართავთ ამ პატარა ვარსკლავების კონცერტს. 2008 წელს, როდესაც საქართველოს არსებობა საეჭვო გახდა; როდესაც ჩვენ ყველას, მათ შორის, აქ მყოფ ბავშვებს ართმევდნენ მომავალს; როდესაც საქართველოში შემოჭრილმა მტერმა განაცხადა რომ მისი მიზანია საქართველოს სრული განადგურება; როდესაც თბილისის ცენტრში მრავალრიცხოვან მიტინგზე რამდენიმე ასეული ადამიანი შეიკრიბა და მათ დაუმიზნეს  რაკეტები, რამდენიმე ევროპული ლიდერი ჩასხდა თვითმფრინავში და იმის მიუხედავად, რომ თვითმფრინავის ჩამოგდებით დაემუქრნენ, თუკი ისინი საქართველოს საჰაერო სივრცეს გადმოკვეთდნენ, მაინც გამოემართნენ თბილისის მიმართულებით. თვითმფრინავი აზერბაიჯანში  დაჯდა და იქიდან მანქანებით წამოვიდნენ ჩვენკენ. ისინი გვიან ღამით ჩამოვიდნენ, მივიდნენ იმ ხალხთან, რომელიც მათ სრულიად საქართველოდან ელოდებოდა და ამ რაკეტადამიზნებულ მიტინგს უძღვებოდნენ. მათ ერთმანეთს ჩაკიდეს ხელი და დადგნენ ცოცხალ ფარად საქართველოს თავისუფლების, დამოუკიდებლობისა და მომავლის გადასარჩენად. ეს იყო ის პერიოდი, როდესაც ჩვენი რამდენიმე თანამემამულე დაიმალა; ის პერიოდი, რომლის გადახედვასა და იმის თქმას ცდილობენ, თითქოს, არაფერი განსაკუთრებული არ მომხდარა. არადა, ქართველმა ხალხმა მაშინ წარმოუდგენელი გმირობა გამოიჩინა. იმ მტერმა, რომელიც მაშინ საქართველოს გასანადგურებლად შემოვიდა, მანამდე რამდენიმე წამყვან ევროპულ ქვეყანას გადაუარა და რამდენიმე საათში დაამხო იქაური მთავრობები. მან რამდენიმე საათში გაანადგურა ავღანეთის დამოუკიდებლობა... ის, რომ ჩვენმა პატარა ქვეყანამ შეძლო თავისი დამოუკიდებლობისა და თავისუფლების გადარჩენა, იმის მიუხედავად, რომ ჩვენი ტერიტორიის ნაწილი დღესაც ოკუპირებულია, უტყუარი საწყისია იმისა, რომ ოკუპაციაც დამთავრდება და უკეთესი დღეებიც დაგვიდგება. მთავარია შევინარჩუნოთ ჩვენი გამბედაობა, ჩვენი ერთად ყოფნის, ერთიანობის, ჩვენი უკეთესი მომავლის უსაზღვრო რწმენა. საქართველოს ყოველთვის ჰყავდა გმირები და მტრების გარდა, ყოველთვის  ჰყავდა უცხოელი მეგობრებიც. საქართველოსთვის ერთ-ერთი, მართლაც, უდიდესი პოლიტიკური მნიშვნელობის მეგობარი არის ლიტვის პრეზიდენტი. მან არა მხოლოდ ომის დროს გამოგვიწოდა ხელი, არამედ ომის შემდეგაც დიდი დახმარება გაგვიწია. ომის დაწყების შემდეგ რამდენიმე თვის განმავლობაში, იგი ერთპიროვნულად ბლოკავდა ევროკავშირის ყველა გადაწყვეტილებას (პატარა ქვეყანა ამას ვერასოდეს ვერ აკეთებს) ვიდრე რუსეთმა ნაწილობრივ მაინც არ აჩვენა, რომ რაღაცის შესრულება დაიწყო. თუმცა, რა თქმა უნდა, ეს ხელშეკრულება ბოლომდე დღესაც არ არის შესრულებლი და ისინი მაინც ჩვენს ტერიტორიაზე იმყოფებიან. იმის მიუხედავად, რომ მასზე დიდ ზემოქმედებას ახდენდნენ, ვალდას ადამკუსმა საკუთარი რეპუტაციის ფასადაც კი, ბოლომდე დაიცვა საქართველო და ამას აკეთებდა თავისი პრეზიდენტობის ვადის ბოლო დღემდე“, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

ბათუმის მუსიკისა და ხელოვნების ცენტრში გამართულ გალა კონცერტში მონაწილეობდა ბათუმის სახელმწიფო მუსიკალური ცენტრის სიმფონიური ორკესტრი დავით მუქერიას დირიჟორობით.  კლასიკური მუსიკის საღამო მიშელ სონისა და ელისო ბოლქვაძის  ორგანიზებით გაიმართა.



ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (11)
2012 (12)
2011 (12)
2010 (12)
2009 (12)
2008 (12)
2007 (12)
2006 (12)
2005 (11)