Google+

რელიზები

09.05.2012
საქართველოს პრეზიდენტმა ახალციხის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა

საქართველოს პრეზიდენტი დღეს სამცხე-ჯავახეთს ესტუმრა. ახალციხეში მან ის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა, რომლებიც უკვე ერთი წელია მიმდინარეობს. მიხეილ სააკაშვილი პროექტის დეტალებით დაინტერესდა და ინფორმაცია როგორც ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებისგან, ისე არქიტექტორებისგან მიიღო. ქვეყნის პირველი პირი იმ ადამიანებსაც გაესაუბრა, რომლებიც აღდგენით სამუშაოებზე არიან დასაქმებული. 

 „ეს საქართველოს მთავარი ტურისტული ადგილი იქნება. არაჩვეულებრივია მცხეთა, სასწაულია მესტია, ბევრი საუკეთესო ადგილი გვაქვს, მაგრამ ეს ისტორიული ქალაქი ტურისტების ინტერესის ცენტრი გახდება ყოველგვარი კონკურენციის გარეშე. ევროპის მასშტაბით მისი კონკურენტი რამდენიმე ადგილი თუ იქნება: დუბროვნიკი, ერთი-ორი ადგილი იტალიასა და ესპანეთში. ჩვენ ვერც კი ვაცნობიერებთ, რამდენად დიდი მასშტაბის ტურისტული სასწაული კეთდება აქ იმის მიუხედავად, რომ ზღვის კურორტი არ არის. ყველა გზა ახალციხესთან იკვეთება -აქ ჩამოსვლა შესაძლებელია აჭარიდან, სომხეთიდან, თურქეთიდან, ქუთაისიდან და, ფაქტობრივად, ცენტრი ხდება. ტრადიციულად, ამ რეგიონში ცხოვრობდა და დღესაც ცხოვრობს ყველაზე ღარიბი ხალხი. აქ მიმდინარე აღმშენებლობა სწორედ ამ პრობლემის დაძლევის გზაა. ამას, შესაძლოა, 7-10 წელი დაჭირდეს, მაგრამ აქამდე პერსპექტივა საერთოდ არ ჩანდა. სულ ვფიქრობდით, რა ეშველებოდა ახალციხეს, მაგრამ გამოსავალი სწორედ ესაა“, - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა და დასძინა, რომ ტურისტების რაოდენობის ზრდა სოფლის მეურნეობის სფეროსაც გამოაცოცხლებს, რადგან აქ სამჯერ-ოთხჯერ მეტი პროდუქციის შექმნა გახდება საჭირო.

რეაბილიტაციის პროექტის ფარგლებში, ისტორიულ უბანს „ახალი ციხე“, რომელსაც ტოლერანტობის სიმბოლოსაც უწოდებენ, პირვანდელი იერსახე დაუბრუნდება. დაწყებულია ეროვნული მნიშვნელობის ძეგლების რესტავრაცია-რეაბილიტაცია. განხორციელდება ძველი აბანოების, მეჩეთის, ჯაყელების სასახლის, ციტადელის რეკონსტრუქცია. რაბათის ტერიტორიაზე განთავსდება სასტუმრო, ქორწინების სახლი, სიყვარულის ხეივანი, წყლის კასკადები, საცურაო აუზები, ამფიტეატრი, ობსერვატორია და ა.შ. 

აღდგენით სამუშაოებზე 700 სპეციალისტია დასაქმებული, რომელთა შორის, ადგილობრივებთან ერთად სხვადასხვა რეგიონებიდან ჩამოსული ადამიანები არიან.

ამას გარდა, ქალაქში მალე გაიხსნება იუსტიციის სახლი, რომელიც გამორჩეული იქნება არქიტექტურული თვალსაზრისით, ასევე ფართოვდება გზა, შენდება ხორცის გადამამუშავებელი კომბინატი, სრულდება მექანიზაციის სერვისცენტრის მშენებლობა და სხვა. 



ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (11)
2012 (12)
2011 (12)
2010 (12)
2009 (12)
2008 (12)
2007 (12)
2006 (12)
2005 (11)