საქართველოს პრეზიდენტმა პროფესიული კოლეჯის სამშენებლო სამუშაოებში პირადად მიიღო მონაწილეობა
საქართველოს პრეზიდენტმა გლდანში დღეს ახალი პროფესიული კოლეჯის მშენებლობის პროცესში პირადად მიიღო მონაწილეობა და იქ დასაქმებულ მუშახელთან ერთად ფიზიკური სამუშაო შეასრულა. მიხეილ სააკაშვილმა ბეტონის იატაკის დასხმის, არმატურის ბადის ქსოვის, ასევე, ბლოკებისა და სხვა სამშენებლო მასალის გადმოტვირთვის პროცესში მიიღო მონაწილეობა.
"მე ვთქვი, რომ თავად ვიქნები ამ ტექნიკური სასწავლებლის ხელმძღვანელი, მაგრამ მინდა, რომ მშენებლობის პროცესში ფიზიკურად მივიღო მონაწილეობა და მხოლოდ ამის შემდეგ გავხდე კოლეჯის ხელმძღვანელი. აქ არის თბილისის გული, რადგანაც ყველაზე დაჩაგრული რაიონები ყოველთვის იყო დედაქალაქის გარეუბნები, არადა სწორედ აქ არის ყველაზე მშრომელი ხალხი. ხალხს ყველგან უჭირს, გარეუბნებშიც და და ცენტრშიც, მაგრამ ეს, ამ მხრივაც განსაკუთრებული ადგილია. ეს ტექნიკური სასწავლებელი აქ საერთოდ შეცვლის სურათს. დღეს აქ ბეტონი დავასხით, რამდენიმე მანქანა ბლოკი გადმოვტვირთეთ და შედუღების სამუშაოებშიც ვმონაწილეობდი. ბევრი მოზარდიც შემოგვიერთდა, რომელთათვისაც სამაგალითოა ის, რომ ყველა შრომობს, მათ შორის, პრეზიდენტიც", - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
საქართველოს პრეზიდენტი მშენებლობაზე დასაქმებულ ადამიანებსაც ესაუბრა და აღნიშნა, რომ ეს ხალხი თავიანთი შრომით მრავალწევრიან ოჯახებს არჩენენ და, სწორედ, ამიტომ მშენებლობა საქართველოში კრიზისის პირობებშიც კი არ უნდა შეჩერდეს.
"ჩვენ უნდა ვისწავლოთ უფრო რაციონალური მშენებლობა, უფრო მეტი მშენებლობა უნდა გავაჩაღოთ და მეტი ხელფასიც უნდა ჰქონდეს ამ ხალხს. რასაკვირველია, ყველა ადამიანი მშენებლობაზე ვერ იმუშავებს, სამაგიეროდ, მომავალში ეს კოლეჯი ხალხს პროფესიული გადამზადების საშუალებას მისცემს. ჩემი ამოცანაა, რომ გაჭირვება სამუდამოდ დამთავრდეს საქართველოში. ჩვენი ბიუროკრატია დღე და ღამე უნდა ფიქრობდეს, თუ რა გაუკეთოს გლდანს - მის მიკრორაიონებში მცხოვრებ ხალხს, რადგან ყველაზე დიდი გაჭირვება, ყველაზე ცუდი ინფრასტუქტურა სწორედ ამ რაიონში იყო", - დასძინა საქართველოს პრეზიდენტმა.
მიხეილ სააკაშვილი მშენებლობაზე დასაქმებულ მოზარდსაც გაესაუბრა. გიორგი ჩიკვილაძე 9-სულიანი ოჯახიდან არის, რომელიც სოციალურად დაუცველთა კატეგორიას მიეკუთვნება. მასთან საუბრისას, მიხეილ სააკაშვილმა ყურადღება განათლების, კერძოდ, პროფესიული სასწავლებლების მნიშვნელობაზე გაამახვილა და აღნიშნა, რომ ახალი პროფესიების ათვისება და კვალიფიკაციის ამაღლება, ხალხს დასაქმების უფრო მეტ საშუალებას მისცემს.
„გიორგი ჩიკვილაძის ოჯახი, გლდანის მერვე მიკრორაიონში ქირაობს პატარა ბინას და მან აქ დაიწყო მუშაობა. გამოვკითხე, 9 სულიან ოჯახში უფროსი შვილია. მის მამას არასტაბილური სამუშაო აქვს - ავეჯს აკეთებს-ხოლმე. სოციალური დახმარების სახით რამდენიმე ათეულ ლარს იღებენ და ამით ირჩენენ თავს. დედამ ჩვენი დაზღვევის პოლისით ისარგებლა და მშობიარობის ხარჯები ამით დაფარეს, მაგრამ ეს, რა თქმა უნდა, საკმარისი არ არის. გიორგი უკვე 15 წლისაა და მშენებლობაზეა დასაქმებული. როდესაც ეს კოლეჯი გაიხსნება იქ უნდა მივიყვანოთ და ვასწავლოთ. აქ მას შეეძლება აითვისოს პროფესიები, რომელთა საშუალებითაც შეეძლება, 1000 ლარიანი სამსახური იშოვნოს და უფრო მეტი შემოსავალი გაუჩნდეს ოჯახს. აი, ეს არის ის გზა, რომლითაც ეს კონკრეტული ოჯახი სიღარიბის დაძლევას შეძლებს. ჩემთვის დიდი პატივი იყო გიორგის გაცნობა“, - აღნიშნა პრეზიდენტმა.
ახალ პროფესიულ კოლეჯში მსურველებს, მიუხედავად ასაკისა, ტექნიკური დარგების შესწავლის შესაძლებლობა ექნებათ, მათ შორის, მძიმე სამშენებლო ტექნიკის, ოპერატორის, ელექტრიკოსის, სამკერვალო ნაწარმის სპეციალისტის, ბუღალტრის და სხვა.
პროფესიული კოლეჯი საგანამანათლებლო პროგრამების შესაბამისი თანამედროვე მატერიალურ-ტექნიკური ბაზითა და საჭირო ინვენტარით აღიჭურვება, დაკომპლექტდება კვალიფიციური კადრებით, რომელთა შერჩევაც კონკურსის წესით მოხდება.
კეთილმოეწყობა ცენტრის მიმდებარე ინფრასტრუქტურაც, აშენდება საცურაო აუზი და სპორტული კომპლექსი, რომელიც ყველა მსურველისთვის იქნება ხელმისაწვდომი.
სამშენებლო სამუშაოებში მიხეილ სააკაშვილთან ერთად დღეს თბილისის მერი გიგი უგულავა და განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი მონაწილეობდნენ. კოლეჯის მშენებლობას საფუძველი პრეზიდენტმა 3 დეკემბერს ჩაუყარა და ის სექტემბერში გაიხსნება.