Google+

რელიზები

07.12.2011
საქართველოს პრეზიდენტი ევროპის სახალხო პარტიის ყრილობას ესწრება

საქართველოს პრეზიდენტი საფრანგეთში ევროპის სახალხო პარტიის პრეზიდენტის პირადი მოწვევით პარტიის ყრილობას დაესწრო. მიხეილ სააკაშვილმა დელეგატებს სიტყვით მიმართა. ქვეყნის პირველმა პირმა ყურადღება საქართველოს მიმართ განხორციელებულ აგრესიაზე, რუსეთის მიერ ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობასა და მისი მხრიდან საერთაშორისო სამართლის ნორმების დარღვევაზე გაამახვილა. მიხეილ სააკაშვილი ქვეყანაში განხორციელებულ წარმატებულ რეფორმებსა და საერთაშორისო ორგანიზაციების კვლევების საფუძველზე გაუმჯობესებულ რეიტინგებს შეეხო.  

გამოსვლისას, საქართველოს პრეზიდენტმა ქვეყნის ევროპულ მისწრაფებასა და ღირებულებებზე ისაუბრა და ევროპელ ლიდერებს საქართველოს მტკიცე მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. როგორც მან აღნიშნა, საქართველოს ევროპულ ტრანსფორმაციას ალტერნატივა არ გააჩნია და ევროინტეგრაციის პროცესში სხვა გეოპოლიტიკური არჩევანი არ აქვს.  

„მინდა ამ ხალხისა და ქართველი ერის სახელით მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ მარტენსს იმ სიტყვებისთვის, რომლებიც მან დღეს წარმოთქვა და ასევე იმ მტკიცე მორალური მხარდაჭერისთვის, რომელიც ევროპის სახალხო პარტიამ ბოლო წლებში აღმოგვიჩინა. ამის ბოლო და ნათელი დადასტურებაა ევროპარლამენტის რეზოლუცია, რომელიც მან  საქართველოსთან დაკავშირებით მიიღო და რომელიც ევროპის სახალხო პარტიის მხარდაჭერით შეიქმნა“, - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.  

თავის მხრივ, ვილფრიდ მარტენსმა, რომელმაც სახალხო პარტიის ყრილობა ოფიციალური მიმართვით გახსნა, ვრცლად ისაუბრა საქართველოსა და ევროპის საერთო ღირებულებებზე და ევროპელი ლიდერების სახელით, კიდევ ერთხელ გამოხატა სრული მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ.  

„საქართველო უკვე შემდგარი, მაგრამ ნაკლებად ცნობილი წარმატებაა. საქართველო 2008 წელს სასტიკი აგრესიის მსხვერპლი გახდა. ინტერვენცია მხოლოდ საფრანგეთის პრეზიდენტის ნიკოლა სარკოზის გადამწყვეტი ჩარევის შედეგად შეჩერდა. იმ დროს ბატონი სარკოზი მოქმედებდა როგორც ევროკავშირის პრეზიდენტი. ევროპის სახალხო პარტია საქართველოს და ქართველ მეგობრებს ყოველთვის უცხადებდა სოლიდარობას. ძვირფასო მიხეილ, ევროპის სახალხო პარტია იყო პირველი, ვინც დაგმო  პოსტკონფლიქტური სიტუაცია და ზუსტი ტერმინები შეარჩია ვითარების რეალობის გამოსახატად. ევროპის სახალხო პარტია იყო პირველი, ვინც ხმამაღლა განაცხადა, რომ საქართველოს ტერიტორიებზე ოკუპირებულ ზონებში არალეგალურად იმყოფებოდა რუსული ჯარი და მათი გაყვანა მოითხოვა. ევროპის სახალხო პარტია იყო პირველი, ვინც ამ ორ რეგიონში ეთნიკური წმენდა დაგმო. მოხარული ვარ, რომ სამი კვირის წინათ იმის მოწმე გავხდი, თუ როგორ დაგმო ევროპის პარლმენტმა თავისი რეზოლუციით საქართველოს ოკუპირებულ ზონაში არსებული ვითარება“, - განაცხადა ევროპის სახალხო პარტიის ლიდერმა.   

ევროპის სახალხო პარტიის 20-ე ყრილობის მუშაობა  მარსელში დღეს დაიწყო. ორი დღის განმავლობაში ლიდერები ევროპულ ღირებულებებსა და საერთო მისწრაფებებს განიხილავენ.  



ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (11)
2012 (12)
2011 (12)
2010 (12)
2009 (12)
2008 (12)
2007 (12)
2006 (12)
2005 (11)