Google+

რელიზები

04.12.2011
საქართველოს პრეზიდენტის ინიციატივით სამეგრელოში ახალი ქალაქი ლაზიკა აშენდება

საქართველოს პრეზიდენტი დღეს ზუგდიდს ესტუმრა და დადიანების სასახლესთან შეკრებილ მოსახლეობას სიტყვით მიმართა. ადგილობრივებს პრეზიდენტმა ახალი ინიციატივა გააცნო, რომლის განხორციელებაზე მუშაობა უკვე დაწყებულია. მიხეილ სააკაშვილის თქმით, ანაკლიასა და ყულევს შორის დაფუძნდება ახალი ქალაქი, სახელწოდებით, ლაზიკა. გეგმის თანახმად, ლაზიკა დასავლეთ საქართველოს მთავარი სავაჭრო, ეკონომიკური და ბიზნესცენტრი გახდება, საქართველოსთვის კი, ის მთავარი ცენტრის ფუნქციას შეიძენს შავი ზღვისპირეთის მასშტაბით. პრეზიდენტის თქმით, 10 წელიწადში ლაზიკა თბილისის შემდეგ, სიდიდით მეორე ქალაქი იქნება, მინიმუმ, ნახევარ მილიონიანი მოსახლეობით. ქვეყნის პირველმა პირმა განაცხადა, რომ ამ ქალაქის მშენებლობასთან დაკავშირებით, უკვე დაწყებულია მოლაპარაკებები რამდენიმე მსხვილ საინვესტიციო ჯგუფთან აზიასა და ევროპაში. მიხეილ სააკაშვილმა ყველა ქართველს, მათ შორის, უცხოეთში წასულ მოქალაქეებსა და აფხაზეთიდან დევნილ ხალხს მოუწოდა, რომ  ახალი ქალაქის მშენებლობაში მიიღონ მონაწილეობა. მან ისიც აღნიშნა, რომ სამშენებლო სამუშაოები მომავალ წელს დაიწყება, რომელზეც რამდენიმე ათასი ადამიანი დასაქმდება. არქიტექტორებითვის კი, ლაზიკას მშენებლობასთან დაკავშირებით, უახლოეს მომავალში, კონკურსი მთელი მსოფლიოს მასშტაბით გამოცხადდება. 

გამოსვლისას, საქართველოს პრეზიდენტმა, ასევე, ზუგდიდის მასშტაბური რეკონსტრუქციის დაწყების შესახებ  ისაუბრა და მოსახლეობას ქალაქის რეაბილიტაციის პროექტის დეტალები გააცნო.  მიხეილ სააკაშვილის თქმით, სარეაბილიტაციო სამუშაოები ხვალიდან დაიწყება და მიზნად ისახავს იმას, რომ ზუგდიდი სამეგრელოს მთავარ ცენტრად გადაიქცეს. როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, იმის გათვალისწინებით, რომ მესტიასა და შავიზღვისპირეთში ტურისტული ინფრასტრუქტურა სწრაფად ვითარდება, ხოლო ტურისტულ ცენტრებთან დამაკავშირებელი გზები ამ რეგიონზე გადის, ზუგდიდი უმნიშვნელოვანესი და კომფორტული ქალაქი გახდება არა მარტო ადგილობრივი მცხოვრებლებისთვის, არამედ ტურისტებისთვისაც. 
მიხეილ სააკაშვილმა ფოთის, ბათუმისა და სვანეთის განვითარების შესახებაც ისაუბრა. მისი თქმით, სიღარიბის დაძლევისა და ოკუპირებული ტერიტორიების დაბრუნების ყველაზე სწორი და მარტივი გზა სწორედ ქვეყნის განვითარებაზე გადის. მისი თქმით, საქართველოს სჭირდება ნახტომი, რომელიც სწორად დაგეგმილი და კარგად გათვლილი აღმშნებლობის პირობებშია შესაძლებელი. 
დღესვე საქართველოს პრეზიდენტმა სამეგრელო-ზემო სვანეთის ახალ და ყოფილ გუბერნატორებთან ერთად,  ვერტმფრენიდან  ის ადგილები დაათვალიერა, სადაც ახალი ქალაქი გაშენდება. ზაზა გოროზიასა  და გურამ მისაბიშვილთან საუბრისას, მიხეილ სააკაშვილმა ქალაქის მნიშვნელობასა და იმ პროექტებზე ისაუბრა, რომელთა განხორციელებაც ლაზიკაში იგეგმება.  
 


ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (11)
2012 (12)
2011 (12)
2010 (12)
2009 (12)
2008 (12)
2007 (12)
2006 (12)
2005 (11)